როგორ ეძებს საქართველოში მცხოვრები ნახევარდა რუსეთში თავის ნახევარძმას და რატომ უნდა ბებიას შვილიშვილის პოვნა
28 წლის ნინო გიორგის ასული წაქაძე ეძებს ნახევარძმას, ალექსანდრე გიორგის ძე წაქაძეს.
ისტორია: მე და მთელი ჩვენი ოჯახი ვეძებთ მამაჩემის პირველ შვილს, დაახლოებით 1978-1979 წლებში დაბადებულ ალექსანდრე გიორგის ძე წაქაძეს. ალექსანდრე დაიბადა და გაიზარდა მოსკოვში. მამაჩემი და ალექსანდრეს დედა დაქორწინებიდან მალე დაშორდნენ ერთმანეთს. მხოლოდ ამის შემდეგ მამამ ცოლად დედაჩემი შეირთო. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ საშას პოვნაში.
– ნინო, საინტერესოა, როგორ დაკარგეს მამათქვენმა და მისმა შვილმა ერთმანეთთან კონტაქტი. მამათქვენს თუ უძებნია თავისი პირველი შვილი?
– ჩვენი ისტორია ერთი შეხედვით ბანალურია. მამაჩემი დაიბადა და გაიზარდა ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს კიდეც მისი მეორე ოჯახი, ანუ ჩვენ. მამა მსახურობდა რუსეთში, სადაც გაიცნო კიდეც ალექსანდრეს დედა – 1951 წელს დაბადებული ნადეჟდა ალექსანდრეს ასული ბილაევა. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და მამამ ის საქართველოში ჩამოიყვანა. სამწუხაროდ, რუსმა პატარძალმა თავის სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა – ის ვერაფრით ვერ შეეჩვია აქაურობას და მამაც წინ ვერ აღუდგა. დაახლოებით 1978-1979 წლებში მოსკოვში ნადეჟდას გაუჩნდა ვაჟი, რომელიც არის მამაჩემის პირველი შვილი, ანუ ჩემი ნახევარძმა, ის დღემდე ჩვენს გვარს ატარებს. მამას თავისი უფროსი შვილი არ უნახავს. ამის შემდეგ მამამ შეირთო მეორე ცოლი – დედაჩემი და გავჩნდით მე და ჩემი და. დედამ თავიდანვე იცოდა ალექსანდრეს არსებობის შესახებ.
– მეორე ოჯახის შექმნის შემდეგ მამათქვენს თუ უცდია ალექსანდრეს ან დედამისის პოვნა და მათთან დაკავშირება?
– ნადეჟდას საქართველოდან წასვლა დიდი- წილად გამოწვეული იყო მისი მშობლების სურვილითაც, მათთვის ნადეჟდა ერთადერთი შვილი იყო და არ უნდოდათ, ასე შორს ჰყოლოდათ. მაგრამ, საქმე ისაა, რომ მამაჩემი 1982 წელს გარდაიცვალა – მაშინ ის უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ის ჯერ კიდევ 27 წლის იყო, (ტირის). მე მაშინ ახალი დაბადებული ვიყავი. დედასგან ვიცი, რომ მამა ალექსანდრეს ალიმენტებს უგზავნიდა, მაგრამ არ უნახავს, იცოდა მხოლოდ ბავშვობის სურათებით. უბრალოდ, ვერ მოასწრო, თორემ, ვფიქრობ, აუცილებლად ნახავდა შვილს. ბიძაჩემი (მამის ძმა) ჩადიოდა ხოლმე რუსეთში და მას უნახავს კიდეც ალექსანდრე, რომელიც იმ დროს პატარა იყო. საშას სურათებს ოჯახში რელიკვიასავით ვინახავთ, არ ვიცნობთ, მაგრამ გვიყვარს, ის ხომ ჩვენი სისხლი და ხორცია.
– თქვენ გარდა ვინმე თუ ეძებს რუსეთში მცხოვრებ ალექსანდრეს?
– ყველაფერი ამ ამბის შესახებ, ვიცი ბებიასგან – ცირასგან. ის ამჟამად უკვე 71 წლისაა, მაგრამ ძალიან მოწადინებულია, რომ იპოვოს თავისი შვილიშვილი. შვილის უეცარი სიკვდილის შემდეგ ეს ბებიასთვის დიდი სიხარულის მომტანი ამბავი იქნებოდა. ბებიასგან ვიცით, რომ ალექსანდრე დაიბადა მოსკოვში, ის იზრდებოდა როსიისკაიას ქუჩა ¹ 758-ში, ნამდვილად არ ვიცი, ცხოვრობს თუ არა ის დღესდღეობით იქ. დამოუკიდებლად ჩვენ მას ვერ ვპოულობთ.
– თუ ვიპოვით თქვენს ძმას, როგორ ფიქრობთ, სად ან როგორ მოხდება თქვენი შეხვედრა?
– ნეტავი ეს დღე დადგეს! არ ვიცი, ალბათ, ეს იქნება უდიდესი სიხარული მთელი ჩვენი ოჯახისთვის. სურვილი გვექნება, რომ ალექსანდრე ჩამოვიდეს ჩვენთან სტუმრად. ვფიქრობ, მასაც გაუხარდება, როდესაც გაიგებს, რომ ბებია და ნახევარდები ეძებენ.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.