ამერიკის მრეწველობა 2011 წლისთვის აღდგება
ამერიკის ეკონომიკის აღდგენის პროცესი 2011 წელს დაჩქარდება და ამის ერთ-ერთი მიზეზი სამრეწველო სექტორში აქტივობის მატება იქნება, – აცხადებენ ამერიკის მიწოდების მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლები. როგორც მოელიან, სამრეწველო სფეროში გაყიდვები 5,6 პროცენტით გაიზრდება, შემოსავლები კი – 7,9 პროცენტით. ამერიკელი ბიზნესმენები იმედოვნებენ, რომ 2011 წელს გაყიდვების მოცულობა გაიზრდება და ამ სფეროში ახალი მოწყობილობების შესასყიდად ინვესტიციების გაზრდასაც ვარაუდობენ. ამერიკის მიწოდების მართვის ინსტიტუტმა სამრეწველო და არასამრეწველო სექტორის კომპანიების მენეჯერები გამოკითხა. გამოკვლევის თანახმად, მრეწველობის 16 სფეროში, მათ შორის, მეტალურგიაში, ლითონის გადამუშავებაში, ნავთობისა და ქვანახშირის მოპოვებაში, ქიმიურ მრეწველობასა და მანქანათმშენებლობაში ვითარება გაუმჯობესდება. ამერიკის მრეწველობაში გამოცოცხლება 2010 წლიდან გახდა შესამჩნევი. თუ 2010 წლის აპრილში საწარმოები არსებული სიმძლავრეების 72,8 პროცენტის გამოყენებით მუშაობდნენ, შემოდგომაზე ამ მაჩვენებელმა 80 პროცენტს მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის პერიოდში მრეწველობის რამდენიმე დარგში, მათ შორის, მეტალურგიის სფეროში არსებული სიმძლავრეების მხოლოდ 50 პროცენტს იყენებდნენ. ამერიკის სამრეწველო სექტორში ვითარების გაუმჯობესებას, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა 2008 წლის გლობალური კრიზისისას, ექსპორტის მოცულობის ზრდაც შეუწყობს ხელს.