ევროპა ფინანსური დანაშაულისთვის სასჯელს ამკაცრებს
ევროპა ფინანსური დანაშაულისთვის სასჯელს ამკაცრებს
ევროკომისარს ფინანსურ საკითხებში – მიშელ ბარნიეს მიაჩნია, რომ ევროპული ქვეყნების ფინანსურ კანონმდებლობებს შორის არსებული მკვეთრი სხვაობა, მთელი რეგიონის ფინანსური სექტორის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ბარნიე საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის უნიფიცირების წინადადებით გამოდის. ამერიკისგან განსხვავებით, ბევრი ევროპული ქვეყანა დღემდე ეწინააღმდეგება ისეთი დანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრებას, როგორიცაა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა საიდუმლო ინფორმაციის გამოყენებით. „რეფორმა ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით. ფინანსური დანაშაულისთვის სასჯელი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. აუცილებელია ფინანსური ბაზრებისთვის საერთო პირობები ჩამოყალიბდეს. ტრეიდერებმა და ხელმძღვანელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი თავს ვერ აარიდებენ სასჯელს იმ ფინანსური დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს“, – განაცხადა ევროკომისარმა. მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ ამერიკულმა „გოლდმან საჩმა“ ერთ-ერთ ბრიტანულ ბანკს 17,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი მხოლოდ იმიტომ გადაუხადა, რომ დაავიწყდა რეგულატორი გაეფრთხილებინა მის წინააღმდეგ ამერიკის ხელისუფლების მიერ აღძრული საქმის შესახებ. შედარებისთვის, ანალოგიური დანაშაულისთვის ლიტვაში მაქსიმალური ჯარიმა 150 ათასი ევროა.