რომელი აზიელი მილიარდერი მოხვდა ყველაზე გულუხვი მილიარდერების რეიტინგში და რამდენი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე ნიუ-იორკის მილიარდერ მერს
ჟურნალ „ფორბსის” მიერ შედგენილ „ყველაზე გულუხვი ფილანტროპების“ რეიტინგში წელს 14 მილიარდერი მოხვდა და თითოეულ მათგანს ქველმოქმედებაზე დახარჯული აქვს ერთ მილიარდ დოლარზე მეტი. საინტერესოა, რომ ამ 14-იდან, მხოლოდ 11 არის 2010 წლის მილიარდერთა რეიტინგის მონაწილე, დანარჩენი სამი კი მულტიმილიონერია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ სახელზე არანაკლები შემოწირულობა ფიქსირდებოდა, ისინიც რეიტინგში მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის შემდგენლებმა გაითვალისწინეს მხოლოდ გამჭვირვალე და შემდგარი შემოწირულობები, ხოლო საიდუმლო და სხვა სახის ოფიციალურად დაუზუსტებელ შემოწირულობათა რაოდენობა გათვალისწინებული არ იყო. „ფორბსის” ანალიტიკოსთა კვლევით დადგინდა, რომ მილიარდერთა უმეტესობა, რომლებიც ქველმოქმედებაში დიდძალ თანხებს ხარჯავენ, წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ „სელფ-მეიდ” მილიარდერთა კატეგორიას, ანუ თავიანთი კაპიტალი მათ თვითონ შექმნეს. ერთადერთი მილიარდერი, რომელმაც თავისი კაპიტალი მემკვიდრეობით მიიღო, შვეიცარიელი შტეფან შმიდჰეინია. აგრეთვე, თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ 14-დან 10 „ყველაზე გულუხვი მილიარდერი” ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამერიკაში პლანეტის მილიარდერთა 45 პროცენტი ცხოვრობს, რიცხვი შემაშფოთებელია. ყველაზე „ნაკლებად გულუხვ” კონტინენტად კი, აზია ითვლება, სადაც მხოლოდ ერთი ქველმოქმედია, რომლის შემოწირულობა ერთ მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ბილ გეითსი – 28 მილიარდი ამერიკული დოლარი
პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი და „მაიკროსოფტის” დამაარსებელი ბილ გეითსი ყველაზე გულუხვ და ხელგაშლილ მილიარდერად ითვლება. მისი შემოწირულობების საერთო თანხა 28 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც „ბილ ენდ ელინდა გეითს ფაუნდეიშენი” ეწოდება, უმსხვილესია ფულადი დახმარებების გაწევის მხრივ. ყოველწლიურად იგი 3 მილიარდამდე დოლარს რიცხავს მსოფლიოს სხვადასხვა საქველმოქმედო პროგრამაში. ფონდი სპეციალიზებულია შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლაში. აღსანიშნავია, რომ ბილ გეითსს დადებული აქვს ფიცი, რომ თავისი კაპიტალის ნახევარს მომავალში ქველმოქმედებას მოახმარს და იმავეს გაკეთებას იგი ყველა მილიარდერს მოუწოდებს.
ჯორჯ სოროსი – 7,2 მილიარდი ამერიკული დოლარი
სოროსის ფული ნაწილდება სხვადასხვა სფეროზე, დაწყებული კალიფორნიული კლინიკებით და დამთავრებული სამეცნიერო კვლევებით რუსეთში. ჯორჯ სოროსი არც პოლიტიკურ პროცესებს ივიწყებს და მისი უშუალო დაფინანსებით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უამრავი პროექტი ხორციელდება. სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება” მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ფუნქციონირებს და მხოლოდ გასულ წელს ორგანიზაციამ ქველმოქმედებაზე 540 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
გორდონ მური – 6,8 მილიარდი ამერიკული დოლარი
მეცნიერი და კომპანია „ინტელის” დამაარსებლის, გორდონ მურის საქველმოქმედო ხარჯი 6,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ყველაზე დიდი შემოწირულობა მან 2000 წელს განახორციელა, როდესაც ფონდ „გორდონ ენდ ბეტი მურს” 6 მილიარდის ღირებულების აქციები შესწირა. ეს ორგანიზაცია ძირითადად მეცნიერებასა და ეკოლოგიურ ინიციატივებს ემსახურება (მათ შორის ჯუნგლების გადარჩენას სამხრეთ ამერიკაში). ფონდის კიდევ ერთი მიმართულება, მედდების მომზადების კურსია.
უორენ ბაფეტი – 6,7 მილიარდი დოლარი
თავდაპირველად უორენ ბაფეტს, გეითსის მსგავსად, საკუთარი სახელობის საქველმოქმედო ფონდის გახსნა ჰქონდა განზრახული, რომლის ანგარიშზე ის, სიკვდილის შემდეგ მთელი თავისი კაპიტალის გადარიცხვას გეგმავდა, თუმცა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ბაფეტმა გადაიფიქრა და 2006 წელს ბილ გეითსის ფონდთან დაიწყო თანამშრომლობა. მომდევნო ოცი წლის განმავლობაში უორენ ბაფეტმა ფონდში 30 მილიარდი დოლარი უნდა გადარიცხოს. დაპირებული თანხიდან 6,4 მილიარდი უკვე გადარიცხულია.
ელი ბროუდი – 2 მილიარდი დოლარი
თავისი ფილანტროპიული ინიციატივებით ბროუდს გადაწყვეტილი აქვს, განახორციელოს უფასო განათლების პროგრამები ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში. გარდა ამისა, ბროუდი, რომელმაც დიდძალი კაპიტალი სამშენებლო და სადაზღვევო ბიზნესით შეაგროვა, ხელოვნების მუზეუმებსა და გენური ინჟინერიის კვლევის ცენტრებს ეხმარება.
ჯეიმს სტაუერსი – 1,9 მილიარდი დოლარი
„ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგიდან სტაუერსი ჯერ კიდევ 2000 წელს გამოვარდა, რადგან მთელი თავისი ქონება ქველმოქმედებაში ჩადო. მისი დაფინანსებით კანზასის უნივერსიტეტში განხორციელდა გენეტიკური კვლევების მთელი პროგრამა. ინსტიტუტი ასევე დაკავებულია ისეთი მძიმე დაავადებების შესწავლით, როგორიცაა დიაბეტი, კიბო და გულის მანკი.
ჰერბერტ სანდლერი – 1,5 მილიარდი დოლარი
თავისი ბიზნესაქტივები სანდლერმა ჯერ კიდევ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე გაყიდა და მას შემდეგ მისი ძირითადი საქმიანობა ქველმოქმედებაა, მთავარი „საქველმოქმედო ექსპერიმენტი” კი – დამოუკიდებელ ჟურნალისტურ გამოძიებებში თანხების ჩადება. გარდა ამისა, სანდლერი ასპონსორებს სამედიცინო სფეროს და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფს.
მაიკლ ბლუმბერგი – 1,5 მილიარდი დოლარი
ნიუ-იორკის მოქმედი მერი ძირითადად საოჯახო საქველმოქმედო ფონდებს უწევს სპონსორობას. ბილ გეითსის ფონდთან ერთად, იგი წელიწადში 500 ათას დოლარზე მეტს ხარჯავს მწეველობასთან ბრძოლაში. ბლუმბერგის თქმით, პოლიტიკური კარიერის დასრულებისთანავე, სიკვდილამდე, თავის 16-მილიარდიან ქონებას მთლიანად ქველმოქმედებას შესწირავს.
ლი კა შინი – 1,5 მილიარდი დოლარი
აზიის ერთადერთი ფილანტროპი-მილიარდერი, ლი კა შინი, თანხებს ძირითადად კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამებს ახმარს. თავის ფონდს იგი „მესამე შვილად” მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მომავალში ქველმოქმედებაზე გაცილებით მეტს დახარჯავს.
დიტმარ ჰოპი – 1,25 მილიარდი
დოლარი
გერმანელი მილიარდერი და სოფტ-კორპორაცია „საპ-ის” დამფუძნებელი, თანხებს ბავშვთა დაავადებებისა და კიბოს შესწავლის ცენტრებში რიცხავს.
მაიკლ დელი – 1,2 მილიარდი დოლარი – უსახლკარო ობოლი ბავშვების დახმარების ფონდი.
კლაუს შირი – 1,1 მილიარდი დოლარი – ასტრონომიის, მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კვლევების ფონდი.
სტეფან შმიდჰეინი – 1 მილიარდი დოლარი – სოციალური პროგრამების დაფინანსება ლათინურ ამერიკაში.
ტედ ტერნერი – 1 მილიარდი დოლარი. ტერნერი პირველი ადამიანია პლანეტაზე, რომელმაც ქველმოქმედებას ერთი მილიარდი დოლარი შესწირა.