სტალინმა საქართველოში „შავი ოქროს“ შენახვა ბრძანა
„სტალინი ბელადად და მხედართმთავრად არავის შეუქმნია, ის თვითონ გახდა ასეთი, უნიკალური ტალანტისა და ზეადამიანური შრომისმოყვარეობის წყალობით. მე ვამაყობ, რომ ეს ფენომენი მსოფლიოს ჩემმა პატარა სამშობლომ – საქართველომ აჩუქა. როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, კარდელ ჰელის სიტყვები მახსენდება, რომელმაც თქვა, სტალინის მსგავსი მოღვაწე ხუთას წელიწადში ერთხელ იბადებაო. იულიუს კეისარზე, ალექსანდრე მაკედონელზე და ნაპოლეონზე ამბობდნენ, რომ ასეთი გენიოსები საუკუნეში ერთხელ იბადებიან. შემდგომი ხუთასი წელიც გავა და სამყარო უდიდეს ქარტეხილებს გადაიტანს. არ იქნებიან ავტორიტეტები, რომლებიც არიან დღეს, მრავალი ფორმაცია და სისტემა განიცდის კრახს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომი და ტიტანი გენერალისიმუსი დავიწყებას არ მიეცემა.“
აკაკი მგელაძე („სტალინი – ისეთი, როგორსაც ვიცნობდი“. თბილისი, 2001 წელი).
აკაკი მგელაძე 1936 წლისთვის კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და კომუნისტური პარტიის ცეკას ბიუროს წევრობის კანდიდატი იყო. იგეგმებოდა ღონისძიებები საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 15 წლისთავთან დაკავშირებით. სტალინმა სამშობლოში გამგზავრება, მიღებული ინფორმაციის გამო, სულ ბოლო მომენტში გადაიფიქრა. მარშრუტში ბათუმის მონახულებაც შედიოდა. ბელადის ლიკვიდაციის შესახებ მოსული ინფორმაციის მიხედვით, სპეციალური ვაგონი სწორედ ქალაქის მისადგომებთან უნდა აფეთქებულიყო. ინფორმაცია პირადად სტალინის მისამართზე მივიდა პარიზში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალისგან, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ბელადმა თბილისში საპატიო დელეგაცია გამოგზავნა: ვოროშილოვი, მოლოტოვი და, რა თქმა უნდა, ბერია, რომელსაც აღნიშნული ინფორმაცია ძირფესვიანად უნდა შეესწავლა. ბუნებრივია, ლავრენტი პავლეს ძე დავალების შესრულებას გულმოდგინედ შეუდგა – ამ მარშრუტით ხომ თავადაც უნდა ემგზავრა: ჯერ კიდევ მოსკოვიდან გაცემული განკარგულების და, შემდეგ – ადგილზე მუშაობის შედეგად, ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩენილ და გაუვნებელყოფილ იქნა, შემდეგ კი რკინიგზის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს და დახვრიტეს. საშინელი წამების მიუხედავად, ისინი უარყოფდნენ რამე კავშირს ამ საქმესთან და ამბობდნენ, რომ ნამდვილი დამნაშავეები არ დასჯილან. ამ ამბავს პომპეზურად მოწყობილ საზეიმო ღონისძიებებზე გავლენა არ მოუხდენია. თბილისის რკინიგზის სადგურზე პოლიტბიუროს წევრებს ხალხმრავალი დახვედრა მოუწყეს, რასაც ბანკეტი მოჰყვა, მეორე დღეს 24 თებერვალს, საიუბილეო სესია გაიმართა ოპერის თეატრში, რომელსაც ყველა საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენელი დაესწრო. 25 თებერვალს ქართული სამხედრო შენაერთების აღლუმი გაიმართა, რომელიც თავად ვოროშილოვმა მიიღო. მას აშკარად ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო. ამის შემდეგ ვოროშილოვმა და ბერიამ გეზი დასავლეთ საქართველოსკენ აიღეს და ბათუმსაც ესტუმრნენ, სადაც ნავთობის წარმოების საკითხზე ადგილობრივ ადმინისტრაციასთან ჰქონდათ შეხვედრები. ბოლოს საპატიო სტუმრები მცხეთას ეწვივნენ. იქაც დატკბნენ არაჩვეულებრივი ქართული სტუმართმოყვარეობით და სპეცმატარებელმა მოსკოვისკენ აიღო გეზი. ბაქანზე მათ უამრავი ხალხი აცილებდა.
შავი ოქრო
1939 წლის დეკემბერში „საქნავთობის“ გენერალური დირექტორი აკაკი მგელაძე ბელადმა თათბირზე დაიბარა. ნავთობის მრეწველობის საკავშირო კომისარიატს ნავთობის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები უნდა განეხილა. თათბირს მოლოტოვი, ბერია და ვოზნესენსკი ესწრებოდნენ. მონაწილეობდნენ წარმომადგენლები ყველა რესპუბლიკიდან. სტალინმა მსგავსი შეკრებებისთვის დამახასიათებელ ყოველგვარ ფორმალობას გვერდი აუარა, პირდაპირ საქმეზე გადავიდა და იკითხა, თუ რა უშლიდა ხელს მუშაობაში მენავთობეებს და რა იყო საჭირო ნავთობის წარმოების ხარისხის ასამაღლებლად. ყველამ ერთხმად თქვა, რომ მილების ნაკლებობა სერიოზულად ართულებდა საქმეს. სტალინმა მაშინვე დარეკა შავი მეტალურგიის სახალხო კომისართან, რომელიც იმ დროს ადგილზე არ იმყოფებოდა. შემდეგ ბერიას მიუტრიალდა და უთხრა, ჩაინიშნე და დაიმახსოვრე, რომ საკავშირო თათბირის მიმდინარეობის დროს თევოსიანი სამსახურში არ არისო. ათ წუთში მინისტრი მოვიდა და ოროსანი ბავშვივით კუთხეში დადგა.
– როგორ ფიქრობ, თევოსიანო, რატომ შევიკრიბეთ აქ ამდენი უსაქმური ადამიანი? – იკითხა ბელადმა.
– საკავშირო თათბირია, – ძლივს ამოღერღა მინისტრმა.
თათბირის მონაწილეებმა თავი ვერ შეიკავეს და სიცილი აუტყდათ. სტალინსაც გაეღიმა, მაგრამ შემდეგ კვლავ მინისტრს მიმართა:
– თქვენ სამედიცინო დახმარება გჭირდებათ, მეტალურგო! გიმეორებთ შეკითხვას: რა გვჭირდებოდა ჩვენ, აქ შეკრებილ ხალხს?
ამჯერად თევოსიანი მიხვდა, რას ეკითხებოდა ბელადი. სანავთობო მილების დეფიციტის პრობლემასთან დაკავშირებით მას მოხსენებაც ჰქონდა მომზადებული და კაბინეტში ედო, მაგრამ, ამის მიუხედავად, ბელადს უპასუხა, რომ მილების პრობლემას მოხსნიდა. სტალინმა თვალი თვალში გაუყარა და უთხრა, რომ შავ მეტალურგიაში არსებობს გარკვეული სიძნელეები, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ ყველაფერს იღონებდა მათ დასაძლევად. ბელადი თათბირის წევრებისკენ მიბრუნდა და თქვა:
– მილების საკითხი გადაწყვეტილია, მაგრამ ახლა ეს კაცი მილში რომ აპირებს გაძრომას, თქვენ მომახსენეთ, ამხელა ბუნებრივი რესურსების ქვეყანას, ნავთობის წარმოებაში სხვები რატომ ასწრებენო. მორიგეობით იმართლებდნენ თავს აზერბაიჯანის, გროზნოს, მაიკოპის, ციმბირისა და სხვა ტრესტების ხელმძღვანელები. შემდეგ საქართველოს წარმომადგენლის ჯერიც დადგა. ვოლკოვი რატომ არ აქტიურობსო, – თქვა სტალინმა (მგელაძეს ხანდახან ასე მიმართავდა ხუმრობით). ბატონმა აკაკიმ მისთვის დამახასიათებელი სიდარბაისლით ბევრი ისაუბრა დაზვერვით სამუშაოებზე, თითოეული მეტრის გაბურღვითი სამუშაოების თვითღირებულებაზე და სხვა. შემდეგ თქვა, რომ ნავთობის მინიმალური ოდენობა – დღე-ღამის განმავლობაში ტონა, ტონა-ნახევარი კარგა ხანია, რაც ამაღლდა, მაგრამ სერიოზულად დგას მისი და საწყობების პრობლემა რეზერვუარების უქონლობის გამო და დარჩენილი ნავთი ღია ორმოებში იღვრებაო. სტალინი გულისყურით უსმენდა, მაგრამ აქ შეაჩერა და ჰკითხა, რა რაოდენობით ხდებოდა ნავთობის მოპოვება საქართველოში. მგელაძემ უპასუხა, რომ დღე-ღამეში 139 ტონა, რაც ცოტააო. სტალინმა გაიცინა და თქვა, ამ რაოდენობის გამო ინგლისელები და ფრანგები ერთმანეთს დაერეოდნენო. გარდა ამისა, საფუძვლიანად მიმოიხილა საერთო მდგომარეობა და აღნიშნა, რომ ბათუმში რევოლუციური საქმიანობის დროს ნავთობის თემა შესწავლილი აქვს. იცის, რომ ქართულ ნავთობს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთის უზრუნველყოფაც შეუძლია და თურქეთშიც შეიძლებოდა მისი გატანა, მაგრამ, რაღაც მომენტში, როგორც აკაკი მგელაძე იხსენებს, დაფიქრდა და თქვა, რომ სიმძლავრეების გაზრდა აუცილებელი არ არის, რადგან ნავთობი არსად დაიკარგება, ოქროს, შავიც რომ იყოს, შენახვა უნდა და ყურადღების გამახვილება ისევ არსებულ ხარისხზე აჯობებსო.
P. S. სტალინის სიკვდილის შემდეგ, როცა მისი სარკოფაგი მავზოლეუმში დადგეს და სამგლოვიარო მიტინგიც დასრულდა, ლავრენტი ბერიამ კრემლში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი აკაკი მგელაძე გამოიძახა. რესპუბლიკის ლიდერი გააოცა მისმა საუბარმა, რადგან უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელისგან ყოველთვის სტალინის ქება-დიდების სიტყვები ესმოდა, ახლა კი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა მას. ვიზიტის მიზანი, როგორც გაირკვა, ძველი, სტალინური კადრების შეცვლა იყო. ამ საქმეში ხრუშჩოვმა, მალენკოვმა და ბერიამ თავი მართლაც გამოიჩინეს. საქართველოს საკითხი, ბუნებრივია, თავად ლავრენტი ბერიამ აიღო საკუთარ თავზე, რის განხორციელებასაც განსაკუთრებული მონდომებითა და გულისხმიერებით შეუდგა. მცირე დროის განმავლობაში თითქმის მთელი ქართული პარტიული აქტივი გამოიცვალა და აკაკი მგელაძის ჯერიც დადგა. ბერიამ მას საბჭოთა ჩეკისტების თითქმის მთელი აპარატი მიუსია, შეუთითხნეს მაკომპრომეტირებელი მასალები, ხელმძღვანელობას ჩამოაშორეს და ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობიდანაც გაიყვანეს. მგელაძისთვის სანდო წყაროებიდან მალევე გახდა ცნობილი, რომ მისი პოლიტიკური განადგურების გარდა, ფიზიკური ლიკვიდაციაც იგეგმებოდა. სტალინის გაზრდილი „ვოლკოვი“ არ შეუშინდა განსაცდელს, არ დაიბნა – დაწვა ჩანაწერები, რომლებშიც ისეთი ეპიზოდები იყო დაფიქსირებული, რომლის გახსენებასაც ბერია, ხრუშჩოვი და მალენკოვი არ აპატიებდნენ. არც შემცდარა, რადგან მას ჩეკისტები სახლში მალევე „ესტუმრნენ“, ჩხრეკა ჩაუტარეს, პირადი იარაღი და სხვადასხვა ნაჩუქარი ნივთებიც ჩამოართვეს და, როცა მამხილებელი ვერაფერი აღმოუჩინეს, სახლში ჯდომა ურჩიეს. მისი შინაპატიმრობის დროს მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა. უმაღლეს ეშელონებში ხელისუფლებისთვის ბრძოლამ მწვავე ხასიათი მიიღო, რაც ბერიას განადგურებით დასრულდა.
ბატონი აკაკი მემუარებში არ მალავს, რომ გაუმართლა.