რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს „ტოიოტა“ და როგორც მითხრეს, ის დიდი ბრუნვისთვის არ ვარგა. რატომ? რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: საერთოდ, ძრავებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შიდა დეტალების ბალანსს და წონას. მაგალითად, ავიღოთ ქაღალდისა და ტყვიისგან ჩამოსხმული რგოლები, ორივეს გავუყაროთ ღერძი და დავატრიალოთ. რა თქმა უნდა, ქაღალდიც უფრო სწრაფად დატრიალდება. ის შეიძლება, მალე დაგვეხეს, მაგრამ თუ კარგად დავატრიალეთ და რგოლიც იდეალური ფორმის იქნება, ის ძალიან დიდხანს იტრიალებს და არ დაზიანდება. მაგრამ, თუ ვერ დავატრიალებთ იდეალურად და თან ქაღალდის რგოლს ცალ მხარეს სიმძიმეს დავკიდებთ, ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან მალე გაფუჭდება. მძიმე ბურთს მაშინვე სწრაფად ვერ დავატრიალებთ, მაგრამ შეგვიძლია, ნელ-ნელა მოვუმატოთ სიჩქარე და თან, დიდხანს ვატრიალოთ ისე, რომ არ დაზიანდეს. სწრაფბრუნვადი ძრავების მთელი პრინციპიც ესაა. ნელაბრუნვადი ძრავები, ისევე როგორც „ტოიოტა“, მძიმე დეტალებისგან შედგება და საკმაოდ კომფორტული სატარებელია. ანუ, ნაკლებად მკვეთრ მანევრებს აკეთებს, შენელებისთვის თავის მასას იყენებს. რბილად ჩერდება და იძვრება. ის მკვეთრ გადასვლებს არ აკეთებს და გათვლა კომფორტულობაზეა. მაგრამ, შესაბამისად, მაღალ ბრუნს ვერ აღწევს, რადგან მძიმე ლითონითაა ნაკეთი. აბსოლუტურად პირიქით ხდება მაღალბრუნვიანი ძრავების შემთხვევაში. მაგალითად, „ჰონდას“, შემთხვევაში, გაზს რომ ფეხს მივაჭერთ, ის მკვეთრად ჩქარდება. ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტს გვიქმნის თუ სპორტულ რეჟიმში სვლა არ გვინდა და იგივეს ვგრძნობთ გაზიდან ფეხის აღებისას, ის ძალიან მკვეთრად ჩერდება. ეს სალონში ნჯღრევასაც კი იწვევს, მაგრამ, სამაგიეროდ, მაღალბრუნიანია.
კითხვა: მყავს ავტომობილი „სუბარუ“, რომელსაც მაღალი ხარისხის ბენზინი – „სუპერი“ სჭირდება. იქნებ, რეკლამის გარეშე მითხრათ, ბენზინის რომელ შემომტან კომპანიას აქვს ყველაზე მაღალი ხარისხის „სუპერი“?
პასუხი: სპორტსმენები მუდმივად მაღალი ხარისხის საწვავის ძიებაში ვართ. თუ სხვა ავტომობილებზე ცუდი ხარისხის ბენზინის გავლენა გარკვეული პერიოდის შემდეგ იჩენს თავს, სპორტულ რეჟიმში შესაძლოა, რამდენიმე წუთში დაგვეწვას ძრავები. ამიტომ, სულ ეს პრობლემა გვაქვს. საკმაოდ კარგი იყო „ეკოს“ მაღალი ოქტანობის საწვავი, 100-ს რომ ვეძახდით. მაგრამ, რაღაც პრობლემების გამო, ამ ხარისხის ბენზინი აღარ აქვთ. ანუ, მის მიმართ პირიქით პრეტენზია გაჩნდა, რადგან დაბალი ოქტანობის ძრავებში ასხამდნენ, რაც არ შეიძლებოდა და ძრავები დაწვეს. აქ „ეკოს“ ბენზინი არაფერ შუაში იყო. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, საუკეთესოა „რომპეტროლის“ „სუპერი“. ბევრი ძიების შემდეგ, მან თვითონ მოგვაგნო და დღეს ჩვენ შეჯიბრებებზე მხოლოდ მაღალი ოქტანობის „სუპერს“ ვასხამთ. ნამდვილი „სუპერი“ დანამდვილებით გეტყვით, რომ „რომპეტროლს“ აქვს.