რომელ ავტომარკას აქვს ყველაზე ძლიერი სიჩქარეთა კოლოფი და რომელს – ყველაზე პრობლემური
მართვის სიჩქარეთა კოლოფი ის დეტალია, რომელიც არცთუ ისე იშვიათად ფუჭდება და რაც მთავარია, შესაკეთებლად ხშირად ძრავაზე ძვირიც კი ჯდება. რომელ მოდელს აქვს ყველაზე გამძლე და სუსტი კოლოფი, რა განსხვავებაა მათ შორის და როგორ მოვუფრთხილდეთ სიჩქარეთა კოლოფს, ამაზე მევლუდ მელაძე ისაუბრებს: ავტომობილში სიჩქარეთა კოლოფის მნიშვნელობაზე უკვე ვისაუბრეთ. ანუ, მისი სიავკარგე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი ავტომობილის არჩევისას, მისი ეკონომიურობის, ძრავას სიმძლავრისა და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინების დროს, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, სიჩქარეთა კოლოფის გამძლეობას. თოთქოსდა, რა არის სიჩქარეთა კოლოფი – კბილანების გროვა ერთ კოლოფში, მაგრამ სხვაობა მათ შორის, ძალიან დიდია. შედარებას დავიწყებდი „ბეემვეს“ სიჩქარეთა კოლოფიდან. მართალია, ზოგადად, „ბეემვეს“ შეიძლება ძალიან ბევრი უარყოფითი აქვს, მაგრამ შეუდარებლად ძლიერია მისი სიჩქარეთა კოლოფი. მით უმეტეს, რომ „ბეემვეს“ მოდელებს ძრავაც ძალიან ძლიერი აქვს და ძალიან დიდია ალბათობა, სიჩქარეთა კოლოფი ხშირად გამოვიდეს მწყობრიდან, მაგრამ, სინამდვილეში, პირიქით ხდება. ის ამასაც უძლებს და ძალიან დიდხანსაც მუშაობს. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ „ბეემვეს“ განსაკუთრებულად, მაგრამ ზოგადად, უკანა წამყვანი თვლებით აღჭურვილ ავტომობილებს, გაცილებით მდგრადი სიჩქარეთა კოლოფი აქვს.
– და რა არის ამის მიზეზი?
– მიზეზი ის არის, რომ სიჩქარეთა კოლოფის შიდა მოწყობილობა გრძივად და მარტივად არის განლაგებული. ანუ, ის დაწოლას ერთი მხრიდან იღებს და გადასცემს გრძივად განლაგებულ მეორე ნაწილს, რის შემდეგადაც ბრუნვა გადაეცემა თვლებს. შესაბამისად, უკანა წამყვანის სიჩქარეთა კოლოფი გაცილებით გამძლეა. ამ კატეგორიაში გადის „მერსედესის“ სიჩქარეთა კოლოფიც, რომელიც ასევე ძალიან მძლავრია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ლოგიკური დასკვნა გავაკეთოთ, რომ წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილ მოდელებს შედარებით სუსტი კოლოფი აქვს. წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილი მოდელების სიჩქარეთა კოლოფის სისუსტეს განაპირობებს ის, რომ ბრუნვა არ გადაეცემა გრძივად. ძრავის ნაწილში არის ერთი დეტალი, ხოლო მეორე დეტალი მის ქვემოთაა განთავსებული, რომელიც ასევე ხიდის, ანუ რედუქტორის ფუნქციას ითავსებს. მათ ცალკე თვლებზე უნდა იმოქმედონ ბრუნავი მომენტით და შემდეგ თვლები მოვიდნენ ბრუნვაში. თუ უკანა წამყვანს ჯერ სიჩქარეთა კოლოფი აქვს და მერე მოდის ეგრეთ წოდებული რედუქტორი, რომელიც ანაწილებს მბრუნავ მომენტს და თვლებისკენ უშვებს, წინა წამყვანის შემთხვევაში, ეს ყველაფერი ერთად არის განთავსებული. ანუ, კიდევ უფრო, გასაგები რომ იყოს – ის მბრუნავ მომენტს უშვებს არა გრძივად, არამედ რამდენიმე დეტალზე ერთად გადააქვს და მერე უნდა მიაწოდოს თვლებს. თან, ეს ყველაფერი განთავსებულია ერთ კოლოფში და დეტალებზე დაწოლა სხვადასხვა კუთხით ხდება – ბევრი საკისარი, ეგრეთ წოდებული „პაჩებნიკია“ განთავსებული, რომლებზეც სხვადასხვა მანევრის დროს, სხვადასხვა კუთხით ხდება დაწოლა. შესაბამისად, მისი მწყობრიდან გამოყვანა ადვილია. მაგრამ ისე არ იფიქროთ, რომ წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილი ყველა მარკა ცუდია. აქაც არის განსხვავება. ზოგი მოისუსტებს და ზოგი კი მაინც ახერხებს, შედარებით მძლავრი სიჩქარეთა კოლოფი ჰქონდეს. გარდა ამისა, არის კიდევ ოთხივე წამყვანი თვლით აღჭურვილი ავტომობილები. ეს, თავისთავად, უფრო რთული შემთხვევაა, რადგან ბრუნვაში გაცილებით მეტი დეტალი უნდა მოვიდეს და სიჩქარეთა კოლოფს კიდევ უფრო ფაქიზი მოპყრობა სჭირდება.
– იქნებ, მარკების მიხედვით დავასახელოთ?
– სიჩქარეთა კოლოფი წინა წამყვანებიდან ძალიან სუსტი აქვს ფრანგულ მარკებს, როგორიცაა: „პეჟო“, „სიტროენი“, „რენო“. მეორე რიგში, მით უმეტეს საქართველოს პირობებისთვის, ალბათ, დავაყენებდი გერმანულ მოდელებს, რომლებსაც სიჩქარეთა კოლოფთან ბევრი პრობლემა ექმნებათ. ბოლოს კი, წინა წამყვანებს შორის დავასახელებდი იაპონურ ავტომწარმოებლებს, რომლებსაც შედარებით, ყველაზე გამძლე კოლოფი აქვთ. მათ შორისაც თუ მოვახდენდით კლასიფიკაციას, საუკეთესო კოლოფებს ქმნის „ჰონდა“, მერე – „ტოიოტა“ და დანარჩენები შემდეგ მოჰყვებიან. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, კორეული მარკები, სიჩქარეთა კოლოფის ხარისხით ფრანგულს ჯობია.
– რატომ? ხომ შეიძლება, ყველა წინა წამყვანს ერთნაირი სიჩქარეთა კოლოფი ჰქონდეს?
– არა, ფრანგული მარკების შემთხვევაში, დახრის კუთხეს ცვლიან ისე, რომ დატვირთვის დროს, დაწოლა სწორედ ისეთ დეტალზე მოდის, რომელიც იოლად ფუჭდება. ამის ახსნა ცოტა რთულია, მაგრამ დამიჯერეთ, ასეა. ამასთან, ლითონის ხარისხიც ძალიან ცუდია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც სუსტია. პირიქით, შეიძლება, ძალიან მაგარი და ხისტი დეტალი იყოს, მაგრამ კოლოფში არ იმუშაოს, ან სწორედ ამიტომ გაფუჭდეს. კიდევ სხვა მიზეზებიც არის თუ რატომ არის ის სუსტი, მაგრამ ყველა მიზეზის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ერთს გეტყვით, ზოგიერთი, მაგალითად, ფრანგული მოდელები, ისეა გაკეთებული, რომ გარედან კოლოფზეც კი მოდის დარტყმები. მაგალითად, „სიტროენი“ ისეთ სიტუაციაში ფუჭდება, რომ ვერაფრით გამოიცნობთ მიზეზს. რაც შეეხება ოთხივე წამყვანს, მათ შორის სიძლიერით უბადლოა „აუდი“.