რამ არ ჩააგდო დეპრესიაში ნათია წიწილაშვილი და ვინ მოარტყა ტყვია თავში გიორგი მახარაშვილს
ყველაზე საყვარელი, ძალიან მაღალი და თბილი მომღერალი გიორგი მახარაშვილი რომ საოცარი ჟურნალისტია ამის შესახებ მკითხველმა უკვე იცის. ნათია წიწილაშვილთან ინტერვიუში მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს საქმეც გადასარევად გამოსდის და დიდი საახალწლო ვოიაჟის შემდეგ, შესაძლოა, პარალელური სამსახურიც ეძებოს.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია გიორგი მახარაშვილი
– გამარჯობა. აბა, როგორ ხარ, მითხარი?
– ძალიან კარგად.
– არადა, რომ მოხვედი, ეს სულ არ გეტყობოდა. დაღლილი ხარ?
– შეიძლება ითქვას, რომ დაღლილი ვარ, ოღონდ უსაქმურობით. ამ ეტაპზე არაფერს ვაკეთებ.
– რატომ აღარ არის თქვენი სერიალი?
– ზუსტად არ ვიცი. მიზეზებზე არ უსაუბრიათ. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ზაფხულში ბედნიერად წავედით დასასვენებლად, რაც კი ფული გვქონდა, დავხარჯეთ, გავერთეთ, ყველაფერი გავაკეთეთ და ჩამოვედით. ჩამოვედით და თბილისში სულ შემთხვევით, გავიგეთ, რომ სერიალი აღარ გაგრძელდებოდა.
– ახლა საინტერესო ჯერ არაფერი ჩანს? „ქასთინგზე” ვნახე შენი ფოტოები.
– არაფერი ჯერ. „ქასთინგში” ალბათ, სააგენტოს გულისხმობ. სააგენტოში მივედით, ატვირთეს ჩვენი ფოტოები და ახლა ველოდებით რაიმე შემოთავაზებას.
– ისეთი ხალხის ფოტოები იდო, მგონი, შენ უნდა აგირჩიონ. შენი მეუღლე რას აკეთებს, ვიცი, რომ ის ამ სერიალშია პირველივე დღიდან.
– მას, ჩემთან შედარებით, უფრო აქვს საქმე – ხან გახმოვანებებზე ურეკავენ, ხან კიდევ რაზე. მაგრამ, მას, რა თქმა უნდა, მეტი უნდა, რომ თავის პროფესიაში გააკეთოს. თუმცა, არ ეტყობა, რომ განიცდის – კი არ ვსხედვართ დეპრესიაში და მთელი დღე მოვთქვამთ. უბრალოდ, შიგნიდან ორივე განვიცდით და სურვილი გვაქვს, რაღაც გავაკეთოთ. თან, მარტო სერიალი არ არის, ბევრი სხვა რაღაცა აეწყო ერთმანეთს.
– სხვა, რითი ერთობი? დიასახლისობ?
– კი, ვდიასახლისობ, ვალაგებ და ვაკეთებ ყველაფერს, რაც არის თუ არა გასაკეთებელი.
– „ფეისბუქს” გულისხმობ?
– „ფეისბუქზე” უკვე ჩავატარე გენერალური „უბორკა” და მას შემდეგ კომპიუტერს არც მივკარებივარ. საშინლად მეშლება ნერვები. ამიტომ, გადავედი სახლის დღეში ოთხჯერ დალაგებაზე. სულ რაღაცას ვაკეთებ. თან, ჩვენს სახლში ძალიან ბევრი წვრილ-წვრილი ნივთია და წარმოიდგინე, მტვრის გადაწმენდის პროცესი. ყველა ნივთი სათითაოდ რომ უნდა გადმოდგა და მერე ისევ დააბრუნო თავის ადგილას.
– მერე დალაგებული არ მოეწონება შენს ქმარს, ამას აიღებს იქით დადებს და დაიწყება ისევ თავიდან.
– (იცინიან) არა, გიორგი უფრთხილდება ჩემს დალაგებულს. მაგრამ, კაი, დავალაგე და მერე რა უნდა ვქნა? ავურევ ისევ და, თავიდან ვალაგებ (იცინიან). სარეცხს ვრეცხავ ყოველდღე.
– საჭმელს თუ აკეთებ?
– რა თქმა უნდა. მართალია, დღეში ერთხელ, მაგრამ ვაკეთებ.
– აი, დღეს რა გაქვს სახლში?
– სხვათა შორის, დილიდან ისე გამოვიქეცი სახლიდან, რაღაც საქმეები მქონდა, რომ არაფერი გამიკეთებია. მივალ და პაწია ვახშამს მოვაწყობ.
– ოჯახიდან ისე გამოხვედი, რომ საჭმელი არ დატოვე (იცინიან)?! მანდილოსანმა ეს როგორ ქენი?
– სახლში ყოველთვის არის რაღაც. თუ მოგშივდა, ცარიელი მაცივარი არ დაგხვდება.
– გუფთა არ გეშლება?
– რა სისულელეა, როგორ მკადრებ! წვნიანიც ვიცი და მშვენივრად გამომდის დიდი გუფთები ტომატში. ჯერ არც ერთი არ დაშლილა. ხომ გეუბნები, ყველაფერი ვიცი-მეთქი. ნებისმიერ კერძს გაგიკეთებ. ჩემნაირი რძალი მეორე არ დადის.
– მეც შენნაირი გოგო უნდა ვიპოვო. როგორ გაუმართლა გიორგის, ხედავ?! ყველაზე მაგრა „მევასება” გუფთა ჩაშლილი რომ არ არის (იცინიან). თან, მოხვალ სახლში და მაგიდაზე დაგხვდება.
– ჩვენს შემთხვევაში, გიორგის ცხელ-ცხელი მაგიდაზე არ ხვდება, პროცესში იღებს მონაწილეობას. ქმარი ექვს საათზე სამსახურიდან მოდის და ექვსს რომ სამი წუთი დააკლდება, თეფშზე სადილს ასხამ, ასე არ არის. გიორგი არ მუშაობს და კეთების პროცესშივე მიირთმევს ყველაფერს (იცინიან).
– სერიალის სხვა მსახიობებთან ისევ ძველებურად ხართ თუ დაიშალეთ?
– არ დავშლილვათ, უბრალოდ რაღაცეები შეიცვალა და ეს ნორმალურიცაა. პავილიონში ერთმანეთს ყოველდღე ვნახულობდით და მას შემდეგაც დილიდან დაღამებამდე ერთად ვიყავით. ამიტომ, ძალიან იშვიათად, რომ სტუმრად სახლში ჩემთან მოსულიყვნენ ან მე მათთან წავსულიყავი. მაგრამ, რომ დამთავრდა სერიალი, ძალიან ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან, თან მარტო ვცხოვრობთ და სულ ერთად ვიყავით. მაგრამ ნელ-ნელა მაინც დავიფანტებით ალბათ. ყველა თავის გზას იპოვის.
– რითი ერთობი, მაინც არ მითხარი.
– მეგობრებთან ერთად ხან სად დავდივართ, ხან სად. გართობის რა საშუალებაც არსებობს თბილისში იმით ვერთობით. თავს ვირთობთ.
– შვილი გყავთ?
– ჯერ არა და ამ პერიოდში, არც ვფიქრობთ ამაზე. კი მეუბნებიან, რომ სულ შეცვლის ყველაფერს, უფრო მეტი სტიმულია და ყველაფერი თავიდან დაიწყებაო, მაგრამ მაინც არ მინდა, ასე მოუმზადებლად გავაჩინო ბავშვი. არც ერთი არ ვმუშაობთ და მშობლების იმედად, ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ. მინდა, ცოტა მომზადებული ვიყო იმისთვის, რომ არაფერი მოაკლდეს.
– რა გკითხო, ცოტა რომ გაგამხიარულო?! რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი სერიალიდან-მეთქი ვერ გკითხავ, სერიალი სულ კურიოზი იყო (იცინიან), სულ რამდენიმე სერია მაქვს ნანახი თქვენი და ყველაზე მეტად მყუდრო „მევასებოდა”. სახლში ეგრე მომწონს სიარული, როგორც მყუდრო დასეირნობდა. სერიალში ხშირად ჩხუბობდნენ ხოლმე შენი და შენი ქმრის გმირები?
– უფრო ბოლოსკენ. თავიდან ნინი – საყვარელი და ტკბილი გოგონა ვიყავი, მეორე სეზონში რაღაცნაირი „სვეტსკი”, „სტერვაჩკა”, ცოტა მოდებილო გამხადეს. თვითონ რომ უფრო მეტი ფული აქვს, ვიდრე ქმარს და ამას თავზე ახვევს, საშინლად პრეტენზიული და სულ უკმაყოფილოა.
– მოკლედ კურიოზზე ვერ შევთანხმდით. არადა, როგორ მიყვარს, რაღაც სასაცილოს რომ ყვებიან, არავის არ ეცინება და საბოლოო შეფასება – აუ, მოსაყოლად არაფერია, იქ უნდა ყოფილიყავი, იქ ამბავი ატყდა (იცინიან)?!
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნათია წიწილაშვილი
– აბა, შენ მომიყევი, რას აკეთებ?
– მიხარია, რომ „ფეისბუქი” ასეთი საინტერესო გახდა. იქვეა „სკაიპიც” და მეილიც. ანუ, ყველაფრის ერთად გახსნა არ მოგიწევს. მთელი კომპიუტერი „ფეისბუქი” იქნება და „ვინდოუსის” ნაცვლადაც „ფეისბუქი” დაეწერება.
– ეს „ტვიტერი” რა არის, შენ ხომ მაინც არ იცი? შევედი და ვერაფერი გავიგე.
– ვერც მე. ერთხელ ვიყავი, დავრეგისტრირდი, რაღაცეები დავწერე და მეორე დღეს უკვე თავისით იყო შეცვლილი ყველაფერი. საერთოდ, „ფეისბუქის” მაგვარი საიტების დიდი რაოდენობა შეიქმნა. მაგარი კონკურენციაა. საერთოდ, მთელ ჩემს კომპიუტერს შეადგენს „იაჰუ”, „ფეისბუქი” და „იუთუბი”. სიგიჟემდე მიყვარს „იუთუბი”.
– კარგი, მოვეშვათ ამ ტექნოლოგიურ სამყაროს. სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, შეყვარებული ახსენე. მოგვიყევი, ვინ არის, ვიცნობთ თუ არა და რა გეგმები გაქვს, ზოგადად – როგორც მასთან დაკავშირებით, ისე შემოქმედებაში.
– შემოქმედებით დავიწყებ. პატარ-პატარა კონცერტები მაქვს „პურპურში“ და ასეთ ბარებში. მქონდა კონცერტი კლუბ „33ა-ში”. ვიყავი „ქართულ ხმებში“, შემდეგ კვარტეტში, რომელიც რაღაც-რაღაც მიზეზების გამო დაიშალა. მაგრამ, ახლა ვაკეთებ ახალ ტრიოს, რომლის შესახებაც სულ მალე გაიგებთ. რაც შეეხება პირადს, ამ მიმართულებითაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ორივე ცხოვრებაში – შემოქმედებითშიც და პირადშიც, გადასარევად ვარ.
– გოგო ვინ არის, არ გვითხარი.
– გოგო არის ძალიან საყვარელი, მოდელი. ყოველთვის ისე ვიყავი მოდელების მიმართ განწყობილი – ჰაერში რომ ბატები დაფრინავენ ისე არიან, შეგიძლია, ესროლო და ჩამოაგდო. მაგრამ, თურმე ასეც არ ყოფილა. „ფეშენ ვიქებიც” იმის გამო არ მიყვარდა, რომ არ მივსულიყავი, შემთხვევით არ გამესროლა და რომელიმე არ ჩამომეგდო. მაგრამ, იქ არ წავედი და ისე ჩამოვაგდე.
– ანუ, კომფორტულად ხარ და ოჯახზე არ ფიქრობ.
– რა დროს ჩემი ცოლია, პატარა ვარ ჯერ. „პატარა გოგოო, პატარა ბიჭი, დღეს არ არიან ერთად...” ვინ მღეროდა ამას, აღარ მახსოვს. (იცინიან).
– რამდენი გასროლა დაგჭირდა?
– არ დამითვლია. არა, მგონი, საერთოდ არ გამისვრია ჰო, იცი?! არა, ახლა აშკარად „გავიბლატავე” (იცინიან). ორმხრივი სროლა იყო, ერთი სიტყვით, პირდაპირ თავში მომარტყა და იმხელა თმა მაქვს, ვეღარაფერი მოვუხერხე, აღარ მიდის.
– გამოვიდა, რომ არ გვიმხელ, ვინ არის შენი შეყვარებული. კარგი, დავანებოთ ამას თავი. მოდის ახალი წელი...
– ჩემთან უკვე ერთ თვეზე მეტია, ახალი წელია. თავისუფლების მოედანზე, ჯერ კიდევ რომ ცხელოდა, მაშინ დადგეს ნაძვის ხე (იცინიან). რომ ვიყურები გარეთ, მგონია, რომ ახლა მაშხალებსაც გაისვრიან.
– ძალიან მომწონს ეს განათებები. ჭაღები ვაკეში გადაკიდეს და სახლიდან რუსთაველზე რომ მოვდივარ, თავზე მტრედები და ფიფქები მაქვს. მოკლედ, მოდის ახალი წელი. ყოველთვის მიყვარს ამ დღესთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული გეგმების დასახვა. ზუსტად უნდა ვიცოდე, სად მივდივარ, თორემ თუ არ დავგეგმე, ბოლო წუთს ყველაფერი ირევა – ვარ სახლში და მოდიან სტუმრები. ან, პირიქით, მე მივდივარ სადღაც და მთელი ღამე ოჯახიდან ოჯახში გადავდივარ – კაი ოთხმოცი წლის ქალივით დავჯდები, ლიქიორს მოვწრუპავ, დაქალს გოზინაყს მივაწვდი და იქით, კაცები ნარდს თამაშობენ. (იცინიან). „ამარეტო” ლიქიორი რომ იყო, შენ არ გემახსოვრება, პატარა ხარ! მოკლედ, შენ რას აპირებ?
– მე პირიქით, არაფერს ვგეგმავ ხოლმე, მაგრამ წელს, პირველად მოხდა ისე, რომ უკვე გარკვეული მაქვს, სად გავატარებ ახალ წელს. ამ ბოლო დროს მეგობრებს შეგვიყვარდა, უცებ გადავწყვეტთ და სადმე შორს მივდივართ. თუ შეიძლება, რომ ორი თვე კარგად დაისვენო საქართველოში, გვირჩევნია, ერთი კვირით უცხოეთში წავიდეთ, აქაურობას ცოტა ხანს მოვწყდეთ. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. დეკემბრის პირველ რიცხვებში კრაკოვში ვიყავი, რატომ? არ ვიცი. უბრალოდ, ჩავედი, ვნახე, დავათვალიერე და წამოვედი. ახალ წელს კი, კანში ვაპირებ წასვლას.
– ვაიმე, რა მაგარია!
– ახალი წლის სახლში შეხვედრას, უკვე სამი წელია, ვეღარ ვახერხებ. არადა, ადრე ყოველთვის სახლში ვხვდებოდი და სადმე მერე მივდიოდი ღამით. მაგრამ, ვინაიდან სხვა ქვეყანაში ვიქნები, მხოლოდ ტელეფონით შევძლებ მილოცვას.
– თოვლიან ადგილას მიდიხარ ხოლმე, თუ გიყვარს, ახალი წელი სიცხეში, აუზში, სადმე თბილ ქვეყანაში გაატარო?
– არა, ახალ წელს უნდა ციოდეს. საფრანგეთში საკმაოდ ცივა, მაგრამ არა მგონია, ნიცაში ძალიან დიდი თოვლი იდოს. უბრალოდ, ეციება. ასეთი ტურნე გვაქვს – ნიცა, კანი, პარიზი. სამი კვირა უნდა ვიყოთ და თითო-თითო კვირა დავრჩეთ ამ ქალაქებში.
– ყველაზე მაგარი ახალი წელი გექნება და ოცდათერთმეტ დეკემბერს სად იქნები?
– ალბათ, კანში. პარიზში არ მინდა ოცდათერთმეტში. წარმომიდგენია, რა იქნება. ზუსტად ისე ვიდგები ეიფელთან, როგორც ჩვენთან ადრე „ნაით ოფისში” იდგა ხალხი – რომ ვერ გაინძრეოდი. თან, ფოტოს გადავიღებ, ეიფელი როგორ მიდევს ხელისგულზე (იცინიან). ამიტომ, ჯობია კანში ვიყო და ვნახო, იქ რა ხდება.
– გადასარევი გეგმები გქონია, ჩემო კარგო. არადა, სულ არ ვგეგმავო, რომ გეკითხა.
– არ ვგეგმავ ხოლმე, წელს მოხდა ასე.
– ძალიან ძვირი ჯდება ეს სიამოვნება?
– სხვათა შორის, ბევრი არა. ყოველდღე თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც რეკავს ვიღაც და სადღაც მპატიჟებს. ამ შემთხვევაშიც ასე გამოვიდა, მპატიჟებენ.
– შენი შეყვარებული შენს გარეშე შეხვდება ახალ წელს?
– იცი, რა არის, ისიც პარიზში იქნება იმ პერიოდში. მაგრამ, ზუსტად არ ვიცი, მოვახერხებთ თუ არა ახალი წლის ერთად შეხვედრას. ისე, ორივეს ძალიან გვინდა, ერთად ვიყოთ. დებილი უნდა ვიყო, რომ არ მინდოდეს.
– დიდი ჩანთით მოხვედი. სად მიდიხარ?
– აუზზე. ცოტა ხნის წინ თითქოს ვარჯიში დავიწყე. რომ გითხრა, ძალიან ჯანსაღ ცხოვრებას ვეწევი-მეთქი, არა, მაგრამ, ვცდილობ.
– ესე იგი, ვარჯიშობ, მოგზაურობ...
– ვწვალობ, ვერთობი, ვმღერი, ვსვამ... რა ჯობია, მეგობრებთან ერთად სადმე ქეიფს, გიტარაზე რომ ჩამოკრავ და იმღერებ. მოკლედ, წინასწარ გილოცავთ ახალ წელს!