გასკოინის ლოთური შოუ გრძელდება
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა პოლ გასკოინი, ანუ უბრალოდ „გაზა“, როგორც მას ქომაგები უწოდებენ, ისევ სკანდალში გაეხვია. სკანდალს კი კვლავ ალკოჰოლის სუნი უდის. ექს-ფეხბურთელი და გამოუსწორებელი ლოთი გასკოინი პოლიციამ ჯერ კიდევ 8 ოქტომბერს დააკავა სპორტული ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის ფაქტზე. სასამართლომ კი ახლახან გამოუტანა „გაზას“ განაჩენი და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, ჯორჯ ბესტის გარდაცვალების შემდეგ, პლანეტის ყველაზე ცნობილი ლოთი-ფეხბურთელის ტიტულის მფლობელ გასკოინს სამი წლით ჩამოერთვა ავტომობილის მართვის უფლება. მასვე დაენიშნა ალკოჰოლური მიდრეკილებისგან განკურნების სავალდებულო კურსი. თუმცა, დალევას რომ გასკოინი თავს არ დაანებებს, ყველამ კარგად იცის. თვითონ ფეხბურთელი აცხადებს, რომ ალკოჰოლის მიღებას მას მის სხეულში დასახლებული დემონი აიძულებს.