რომელი მოქმედი კალათბურთელი ითვლება ყველაზე მაღალ მოთამაშედ NBA-ში და რამდენია ყველა დროის ყველაზე მაღალი კალათბურთელის – სუდანელი მანუტე ბოლის სიმაღლე
როგორც ვიცით, კალათბურთში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოთამაშის სიმაღლეს. მაღალ სპორტსმენს იოლად შეუძლია, მისწვდეს ფარს და ისე „ჩატენოს” ბურთი კალათში, რომ ამისთვის დიდი ნახტომის შესრულებაც არ დასჭირდეს. და მაინც, სიმაღლეს გადამწყვეტი მნიშვნელობა რომ არ აქვს კალათბურთში, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეები – მაიკლ ჯორდანი, ჯონ სტოქტონი, ალენ აივერსონი, ჯეისონ კიდი – სულაც არ გამოირჩეოდნენ გიგანტური მონაცემებით და, ამის მიუხედავად, მათ უდიდესი როლი შეასრულეს მსოფლიო კალათბურთის ისტორიაში. თუმცა მსოფლიოს საკალათბურთო მექაში, ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA-ში) ისეთი კალათბურთელები თამაშობდნენ, რომლებიც მაღალ მოთამაშეებს შორისაც კი გამორჩეულ ადგილს იკავებდნენ, ისინი ყველაზე მაღლები იყვნენ მაღლებს შორის. ამჯერად NBA-ს ისტორიაში ყველაზე მაღალი კალათბურთელების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, რომელთა სიმაღლის თვით გულივერსაც კი შეშურდებოდა.
პრისტ ლაუდერდეილი: სიმაღლე – 224 სანტიმეტრი, წონა – 147 კილოგრამი.
პრისტ ლაუდერდეილი 1996 წლის დრაფტის პირველ რაუნდში „ატლანტა ჰოუქსმა” აიყვანა. იმ წელს დრაფტზე ალენ აივერსონი, რეი ალენი, ჯერმეინ ონილი, შარიფ აბდულ-რაჰიმი და პრედრაგ სტოიაკოვიჩი მონაწილეობდნენ და ლაუდერდეილს ყურადღება ნაკლებად მიაქციეს. პირველ სეზონში პრისტმა არ გაამართლა და მომდევნო სეზონი მან „დენვერ ნაგითსში” დაიწყო, რაც მის კარიერაში უკანასკნელი აღმოჩნდა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. მისი შემდგომი კარიერა ნაკლებად წარმატებული გამოდგა: იგი ევროპის კონტინენტზე გადაბარგდა და სხვადასხვა დროს კვიპროსისა და ბულგარეთის ლიგებში ითამაშა, გარდა ამისა, პრისტმა საუდის არაბეთის, ირანისა და ჩინეთის საკალთბურთო ჩემპიონატებსაც გაუგო გემო და ამჟამად, 37 წლის ასაკში, სავარაუდოდ, უკანასკნელ სეზონს ატარებს ბულგარულ „ჩერნომორეც ბურგასში”.
რალფ სემფსონი: სიმაღლე – 224 სანტიმეტრი, წონა – 103 კილოგრამი.
გიგანტმა სემფსონმა თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი „ჰიუსტონ როკიტსში” გაატარა, სადაც ჰაკიმ ოლაჯუონთან ბრწყინვალედ იყო შეთამაშებული. ამ წყვილს ხუმრობით „ორ ცათამბჯენს” უწოდებდნენ. ამბობენ, რომ სემფსონს გაცილებით მეტისთვის შეეძლო მიეღწია, რომ არა მუხლის ტრავმა, რომელმაც მის კარიერას წერტილი დაუსვა. რალფ სემფსონი, მიუხედავად ხანმოკლე კარიერისა, „ჰიუსტონ როკიტსის” ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად ითვლება.
რიკი სმიტსი: სიმაღლე – 224 სანტიმეტრი; წონა – 110 კილოგრამი.
ჰოლანდიელი რიკი სმიტსი 1988 წელს „ინდიანა პეისერზმა” დრაფტზე მეორე ნომრად აიყვანა და ამ კლუბთან ერთად სმიტსმა NBA-ში 12 წელი გაატარა. კლუბის გულშემატკივრები მას მოფერებით „მფრინავ ჰოლანდიელს” უწოდებდნენ და საპასუხოდ სმიტსიც ფანტასტიკური თამაშების სერიას უძღვნიდა მათ. სმიტსი ერთხელ იყო მიწვეული NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში, სადაც ლეგენდარული სკოტი პიპენისა და მაიკლ ჯორდანის მხარდამხარ ითამაშა.
მარკ იტონი: სიმაღლე – 224 სანტიმეტრი; წონა – 130 კილოგრამი.
მარკ იტონი 80-იანი წლების საკალთბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი იყო, რომელსაც დღემდე ეკუთვნის NBA-ს რეკორდი ყველაზე მეტ დაფარებაში ერთ სეზონში. იტონი 12 სეზონის განმავლობაში „იუტა ჯაზის” შემადგენლობაში ირიცხებოდა და მუდამ იყო პირველი ხუთეულის წევრი. ამჟამად კალათბურთელი სარესტორნო ბიზნესით არის დაკავებული და ორ რესტორანს ფლობს სოლტ-ლეიკ-სიტიში.
სლავკო ვრანესი: სიმაღლე 229 სანტიმეტრი; წონა - 134 კილოგრამი.
ჩერნოგორიელი სლავკო 2003 წლის დრაფტზე აიყვანა „ნიუ-იორკ ნიქსმა”, რომელმაც იგი „პორტლანდ თრეილ ბლეიზერსში“ გაანათხოვრა, სადაც მან ერთ სეზონში მხოლოდ სამი წუთი გაატარა მოედანზე. საინტერესოა ასევე, რომ ვრანესს მხოლოდ ათდღიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული პორტლენდულ კლუბთან. NBA-ში ჩატარებული ერთი მატჩის შემდეგ, სლავკო ევროპაში დაბრუნდა და კარიერა ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში” განაგრძო. ამჟამად კი იგი რუსეთის სუპერლიგაში, ყაზანის „უნიქსში” ირიცხება.
ჩაკ ნევიტი: სიმაღლე – 229 სანტიმეტრი; წონა – 113 კილოგრამი.
ჩაკ ნევიტი არასდროს ითვლებოდა წამყვან მოთამაშედ თავის კლუბებში. მან თითქმის ყველა ბობოლა კლუბში: „ჰიუსტონ როკიტსში”, „ჩიკაგო ბულზში”, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსსა” და „სან ანტონიო სფურზში” ითამაშა, თუმცა, ძირითადად შეცვლებზე შედიოდა და ისიც მატჩის ბოლოს, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ამჟამად ნევიტი ნიუ-იორკში ცხოვრობს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ „აიტიშნიკად” ითვლება.
შონ ბრედლი: სიმაღლე – 229 სანტიმეტრი; წონა – 125 კილოგრამი.
გერმანული წარმოშობის ბრედლიმ შთამბეჭდავი კარიერა აიწყო NBA-ში, იგი 12 სეზონის განმავლობაში სამ სხვადასხვა კლუბში ირიცხებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ითვლებოდა ლიდერად, მის თამაშს მაინც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ბრედლი მოედანს გარეთაც ცნობილი პიროვნება იყო და 1996 წელს გამოსულ ფილმში „სფეის ჯემი”, სადაც მთავარ როლს მაიკლ ჯორდანი ასრულებდა, მან ლარი ჯონსონთან, პატრიკ იუინგთან და ჩარლზ ბარკლისთან ერთად, მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა.
იაო მინგი: სიმაღლე – 229 სანტიმეტრი; წონა – 141 კილოგრამი.
პლანეტის ყველაზე ცნობილმა ჩინელმა კალათბურთელმა, იაო მინგმა, კარიერა 2002 წლის დრაფტის შემდეგ დაიწყო: იგი კლუბმა „ჰიუსტონ როკითსმა” პირველ ნომრად აიყვანა და მას შემდეგ იგი ამ კლუბის წევრია. იაო ერთადერთი კალათბურთელია ამ სიიდან, რომელიც დღემდე თამაშობს NBA-ში. საინტერესოა, რომ იაო მინგი იმ წელს იყო წარდგენილი დრაფტზე, როდესაც ჩვენებური ნიკოლოზ ცქიტიშვილი მეხუთე ნომრად აიყვანა „დენვერ ნაგითსმა”, თუმცა, იაოსგან განსხვავებით, ცქიტიშვილს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კარიერა არ აეწყო.
გეორგე მურეზანი: სიმაღლე – 231 სანტიმეტრი; წონა-143 კილოგრამი.
რუმინელი გეორგე მურეზანი NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კალათბურთელია. იგი „ვაშინგტონ ბულეთსსა” და „ნიუ-ჯერსი ნეთსში” თამაშობდა და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა მუდმივმა ტრავმებმა მას ხელი შეუშალეს. მურეზანის მშობლები საშუალო სიმაღლის ადამიანები იყვნენ და მისი სიმაღლეში ზრდა ჰიპოფიზის ანუ თავის ტვინის ქვედა დანამატის (რომელიც ზრდის ჰორმონებზეა პასუხისმგებელი), ანომალიით იყო გამოწვეული. 1998 წელს გეორგე მურეზანმა ჰოლივუდელ ვარსკვლავებთან – ბილი კრისტალთან და კეტლინ ქუინლანთან ერთად ითამაშა კომედიურ ფილმში – „ჩემი გოლიათი”.
მანუტე ბოლი: სიმაღლე – 231 სანტიმეტრი; წონა – 102 კილოგრამი.
მურეზანის გამოჩენამდე სუდანელი მანუტე ბოლი NBA-ს ისტორიაში ყველაზე მაღალ ცენტრად ითვლებოდა. ბოლი ამბობდა, რომ მის გვარში ყველანი ორმეტრიანები იყვნენ, მისი ბაბუას სიმაღლე კი 2 მეტრი და 36 სანტიმეტრი იყო. ბოლის ათივე შვილის სიმაღლე ასევე აღემატება 2 მეტრს. მანუტე ერთადერთი კალათბურთელია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში, რომელსაც თავის კარიერაში უფრო მეტი დაფარება ჰქონდა, ვიდრე კალათში ჩაგდებული ბურთი. 1988 წელს მანუტე NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ კალათბურთელთან – მაგსი ბოგუესთან ერთად, „ვაშინგტონ ბულეთსში” თამაშობდა და მათი ორივესი ერთად გამოჩენა დარბაზში ოვაციებს იწვევდა მაყურებლებში. 2010 წლის ივლისში მანუტე ბოლი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა და დაკრძალვის ხარჯები NBA-ს მფლობელებმა გაიღეს.