რატომ იმატებს ახალი წლის დღეებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი და როგორ ვუშველოთ გადატვირთულ კუჭ-ნაწლავს
ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად, იწყება იმაზე ფიქრი, თუ რა დავლიოთ და რა მივირთვათ, რომ დღესასწაული არ ჩაგვშხამდეს, ორგანიზმმა საკვებიცა და სასმელიც ნორმალურად შეირგოს და არც გადატვირთულმა კუჭმა შეგვიქმნას დისკომფორტი ამ სასიამოვნო დღეებში. რასაკვირველია, ქართველებს საახალწლო სუფრაზე, გოჭი, ინდაური, ქათამი, მწვადი თუ ათასგვარი თევზით და ნიგვზით მომზადებული კერძები უნდა გვქონდეს. ამასთანავე, არც ცხარე და მჟავე უნდა დავივიწყოთ, მას კი სასმელიც მივაყოლოთ და ტკბილეულითაც ჩავიგემრიელოთ პირი. მაგრამ, ამ ყველაფერს, თუ გადამეტებულად მივირთმევთ, მაშინ პრობლემას ნამდვილად ვერ ავცდებით. თუმცა, სუფრასთან კაცი არც დაავადებაზე ფიქრობს და არც იმ შედეგებზე, რაც მას სამომავლოდ მოსდევს. სამწუხაროდ, ბევრს საახალწლო სუფრის შემდეგ, სავალალოდ მძიმე დღეებიც უდგება. როგორც იტყვიან, პროცესი კარგია, შედეგი კი, არასასურველი. ბევრს სადღესასწაულო კერძების მირთმევის შემდეგ, უმწვავდება ქრონიკული დაავადებები, თავს ახსენებს ორგანიზმში მიმდინარე ფარული პროცესები და ასე შემდეგ. ხშირია ამ დროს პანკრეატიტის, ქოლეცისტიტის, შაქრიანი დიაბეტის და ასე შემდეგ, გამწვავება. როგორც ენდოკრინოლოგი მაკა კორინთელი ამბობს, სტატისტიკურად, სწორედ ახალი წლის დღეებში იმატებს ასევე, ინფარქტებისა და ინსულტების რიცხვიც. ასე რომ, ზედმეტმა საკვებმა და სასმელმა, შესაძლოა, საზეიმო განწყობა ჩაგიშხამოთ. თუ გსურთ, დაეხმაროთ ახალი წლის დღეებში საკუთარ ორგანიზმს, თავი დაიზღვიოთ დაავადებების გართულებისგან და სავალალო შედეგებს აარიდოთ თავი, აუცილებლად გაითვალისწინეთ სუფრის წესები, რაც უსაფრთხო და ჯანმრთელი საახალწლო განწყობის გარანტიაა.
– საახალწლოდ, ადამიანი ვერ აცდება ცხარე, ნიგვზიან, მწარე და ცხიმიანი კერძების მირთმევას. თქვენი, როგორც სპეციალისტის აზრით, რა უნდა გავითვალისწინოთ ამ მხრივ, რომ თავი ავარიდოთ მთელი რიგი დაავადებების გამწვავებას და საზეიმო განწყობა არ ჩაგვიმწარდეს?
– მართალია, სადღესასწაულო სუფრაზე უხვადაა წარმოდგენილი ცხიმიანი, ნიგვზიანი, ცხარე და მწარე საკვები. მათი მიღებისას კი, კუჭი საგრძნობლად იტვირთება. ამიტომ, კუჭი რომ არ გადაიტვირთოს, სასურველია, საკვები დოზირებულად მიირთვათ და არა გადამეტებულად. არ არის აუცილებელი ყველაფერი დააგემოვნოთ, რაც თქვენს წინ მაგიდაზე დევს და ათასგვარი ინგრედიენტითაა მორთულ-მოკაზმული, მადისაღმძვრელ-მაცდუნებლად. რასაკვირველია, საახალწლოდ მაგიდა სადღესასწაულოდ უნდა მორთოთ და მრავალფეროვანიც უნდა იყოს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ დროს ადამიანი ცდუნებას ვერ უძლებს და ზედმეტი საკვებით ტვირთავს კუჭს. თანაც, ეს ხდება არასასურველ დროს, გვიან ღამით. ეს, რასაკვირველია, არასასურველ შედეგსაც მოგვცემს და ეს არ უნდა დაივიწყოთ, როცა სუფრას მიუჯდებით.
– თუ მაინც გვძლია ცდუნებამ და გადავაჭარბეთ, ეს რა გართულებებს იწვევს?
– თუ გადააჭარბეთ იმ რაოდენოობის საკვების მიღებას, რაც წესით დღე-ღამის განმავლობაში უნდა მიირთვათ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ცხიმიანი საკვები იქნება, თევზეული, ტკბილეული თუ შემწვარ-მოხრაკული, ეს გამოიწვევს ცხიმოვანი, ლიპიდური ცვლის დარღვევას. ეს კი იწვევს საერთო ქოლესტერინის, კერძოდ, ტრიგლიცერიდების დონის მატებას სისხლში და სხვა გართულებებს. ლიპიდური ცვლის დარღვევა კი იწვევს სისხლძარღვოვან გართულებებს, რაც განაპირობებს არტერიული წნევის მატებას და მასთან ერთად, ინფარქტისა და ინსულტის დიდ რისკს. სტატისტიკურად დადგენილია, რომ სწორედ ახალი წლის დღეებშია ყველაზე მეტი მიმართვიანობა კარდიოლოგიურ და ენდოკრინოლოგიურ სტაციონარებში. ამიტომ, როგორც სპეციალისტი, გირჩევთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, სწორედ ახალი წლის დღეებში გაუფრთხილდეთ სიცოცხლეს.
– ამ დროს ბევრ ალკოჰოლურ სასმელსაც იღებს ორგანიზმი. ეს რა საფრთხეს გვიქმნის?
– მართალია, საკვებთან ერთად, ხდება ბევრი ალკოჰოლისა და ზოგადად, სითხის მიღება. ესეც არტერიული წნევის მომატების მიზეზია. საახალწლო დღეებში ადამიანი ბევრ მარილიან კერძს, მჟავესა და ცხარეს მიირთმევს, მამაკაცები კი განსაკუთრებით უზომოდ მოიხმარენ ალკოჰოლურ სასმელებს. ეს ყოველივე იწვევს სისხლძარღვების გადატვირთვას, რის შედეგადაც იწყება ჰიპერვოლემია, რომელიც იწვევს თავის მხრივ, არტერიული წნევის მკვეთრ მატებას. ყველას ვურჩევ, თუ ჯანმრთელობა აღელვებს, თავი შეიკავოს ზედმეტად მარილიანი, ცხარე და მწარე საკვებისა და გადაჭარბებული ალკოჰოლის მიღებისგან. ამით ნუ შეიქმნით პრობლემას სადღესასწაულოდ. ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს და იმყოფება ინსულინოთერაპიაზე, იტარებენ სხვადასხვა მედიკამენტურ მკურნალობას ან იცავენ ამ დაავადებისთვის საჭირო დიეტას, ნუ მიიღებს დიდი რაოდენობით გოზინაყს, შოკოლადს ან ჩურჩხელას. ეს ტკბილეულია და ეკრძალებათ ამ დაავადების გამო, რადგან ახალი წლის შემდეგ შესაძლოა, პრობლემა შეექმნათ. ამ დროს ხშირია პრეკომატოზული და კომატოზური მდგომარეობები. ეს კი გამოიხატება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მატებით, რაც იწვევს წყურვილის შეგრძნებას, შარდვის გახშირებას, კანის სიმშრალესა და შესაძლოა, გონების დაბინდვასაც. სწორედ ამ სიმპტომებს მიჰყავს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანი კომატოზურ და პრეკომატოზურ მდგომარეობამდე. ამ მხრივ, მათ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ დაავადებისა და საერთოდ ჯანმრთელობის მიმართ.
– დამეთანხმებით, რთულია, ახალ წელს ნიგვზიან კერძებს არ გაუსინჯო ადამიანმა გემო და მათი მიღებისგან თავი შეიკავო. კერძოდ, რომელ დაავადებებს ამწვავებს დიდი რაოდენობით ნიგვზიანი კერძების დაგემოვნება და როგორ დავიცვათ თავი არასასურველი შედეგებისგან?
– გაფრთხილებთ, რომ დიდი რაოდენობით ნიგვზიანი კერძების მირთმევა იწვევს, ძირითადად, ქრონიკული ქოლეცისტიტისა და გასტრიტის გამწვავებას. ამ დროს ადამიანს ეწყება კუჭის არეში და მარჯვენა ფერდქვეშ ტკივილი, გულძმარვა, ბოყინი. ნიგვზიანი კერძები, მონელების მხრივ, მძიმეა, ასევეა ტკბილეული და ცომეულიც. ამიტომ, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აწუხებს, სასურველია, მიირთვას მოხარშული ხორცი, თევზეული, მცენარეული ზეთით შეკაზმული სალათები. ასევე, ამ დაავადებების მქონე პირები უნდა ერიდონ ცხარე, მჟავე, მწარე, მაიონეზიან და ტომატიან კერძებს. მაგრამ, მესმის, ძნელია ახალ წელს თავი შეიკავო რომელიმე კერძის დაგემოვნებისგან და სულ გადაგავიწყდება დაავადება და მისი შედეგები. თუ ზედმეტად გადაიტვირთეთ კუჭი, მაშინ აუცილებელია, ორგანიზმს ერთი განტვირთვის დღე მოუწყოთ და მთელი დღის განმავლობაში ჭამოთ ერთი კოლოგრამი ხილი, ხუთასი გრამი ხაჭო ან მოხარშული ხორცი, სვათ უშაქრო ჩაი და მინიმუმ, ორი ლიტრი მინერალური და ონკანის წყალი. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ამას, აუცილებლალდ უნდა დააყოლოთ ერთი აბი პოლივიტამინი.
– განტვირთვის დღის მოწყობა, განსაკუთრებულად ვისთვის არის აუცილებელი ახალი წლის დღეებში?
– განტვირთვის დღე სასურველია იმ ადამიანებმა მოუწყონ საკუთარ ორგანიზმს, ვისაც ჭარბი წონის პრობლემა აწუხებს. მაგრამ, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა. მაგალითად, თუ ადამიანს წნევა აწუხებს, განტვირთვის დღეს უნდა ჭამოს უმარილო საკვები. როცა ასე იქცევით და უმარილო საჭმელს მიირთმევთ, თან აყოლებთ სითხეს, ეს მოქმედებს, როგორც შარდმდენი საშუალება. ამ დროს იწყება ორგანიზმიდან წიდების გამოდევნა. მაგრამ, თუ მარილიან საკვებს მიირთმევთ და ზედ სითხესაც აყოლებთ, ამ დროს იწყება სისხლძარღვების გადატვირთვა, შეშუპება და წნევის მკვეთრი მატება. ამიტომ, არ შეიძლება ინსულტიანმა, ინფარქტგადატანილმა ან წნევიანმა ადამიანმა მიიღოს დიდი რაოდენობით მარილიანი საკვები და ზედ სითხეც მიაყოლოს. თუ დიდი რაოდენობით საკვები მიიღეთ და მონელება გიჭირთ, მაშინ მიიღეთ ფერმენტი, მაგალითად, როგორიცაა ფესტალი, მეზიმფორტე, პანზინორმი, პანკრეატინი და ასე შემდეგ. გართულების დროს კი აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. კიდევ ვამბობ, ძნელია ახალი წლის დღეებში ადამიანმა თავი შეიკავოს შემწვარი თუ მოხრაკული, ნიგვზიანი თუ ცხარე-მჟავე საკვებისგან, მაგრამ თუ იცით, რომ ეს სადღესასწაულო განწყობას ჩაგაშხამებს, მაშინ თავი შეიკავეთ, სხვა გზა არ გაქვთ. თუ თორმეტგოჯა ნაწლავი, ან ნაღვლის ბუშტი გაწუხებთ, მაშინ ნიგვზიან კერძებს მოერიდეთ, ასევე ცხიმიან ხორცს, მჟავეს, ცხარეს, მარილიანს და ალკოჰოლისგანაც შეიკავეთ თავი. მართალია, ახალ წელს ყველას გვინდა, ახლობლების წრეში ქეიფი და დროსტარება, მაგრამ თუ ზომას გადავალთ და ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს შევიქმნით, მგონი, არ არის კარგი და ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, სანამ სავალალო შედეგს მოვიმკით.
ე