კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ არ დაუკარგა ქალების მიმართ ინტერესი ცნობილი ადამიანების მეან-გინეკოლოგს და ვის ანდო მან საკუთარი ცოლი

26 წელია, რაც ზურაბ დარახველიძე ყველაზე საპატიო პროფესიას, სიცოცხლის დაბადებას ემსახურება და საყვარელ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით უძღვება – ცნობილ მეანს, 15 ათასზე მეტი მშობიარობა აქვს მიღებული. თუმცა, სამშობიარო ბლოკში შესვლისას, კვლავ ღელავს. ზურაბ დარახველიძის პაციენტთა შორის ცნობილი ქალბატონები და ქართველი ჩინოვნიკების მეორე ნახევრებიც არიან. ბატონმა ზურაბმა კარგად იცის ქალთა ენა და ხშირად მათი მესაიდუმლეც ხდება.

ზურაბ დარახველიძე: მეან-გინეკოლოგობა ისეთი პროფესიაა, რომელსაც შუალედური მდგომარეობა არ გააჩნია. ამ საქმეში ნელთბილად ვერ იქნები – ან უნდა იყო მეანი, ან გადახვიდე სხვა სფეროში და იმუშაო დღეგამოშვებით, ან მხოლოდ მაშინ, როცა სამუშაო განწყობა გაქვს. იმის მიუხედავად, რომ ეს არის ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმე, მისგან იღებ უდიდეს სიამოვნებას, როცა ხდები ახალი სიცოცხლის დაბადების დამსწრე და ეს უამრავი ადამიანის ბედნიერების სათავე ხდება, ამაზე დიდი განცდა, ალბათ, არ არსებობს.

– გახსოვთ, ის ემოცია, როდესაც თქვენი წყალობით პირველი სიცოცხლე გაჩნდა?

– პირველად სიმწრის ოფლი მაშინ მომივიდა, როდესაც დამოუკიდებლად ჩავიბარე მშობიარობა და ჩემს უკან აღარ იდგა ძლიერი, გამოცდილი ადამიანი. კლინიკური ორდინატურის და ასპირანტურის კურსი გავიარე ისეთ წარმატებულ კლინიკაში, როგორიც ჩაჩავას კლინიკაა. აქ გამოცდილ მეანებთან ერთად მიწევდა მუშაობა. როდესაც ორდინატურა დავამთავრე, განაწილებით მოვხვდი ქარელის რაიონულ საავადმყოფოში. მაშინ 25 წლის ვიყავი, სამშობიარო სახლის მთავარ ექიმს პასუხისმგებლობა ყველაფერზე მე მეკისრებოდა. მაშინ გავიარე დიდი პრაქტიკა – თავად ვიღებდი გადაწყვეტილებას, როგორ უნდა წარმემართა მშობიარობის პროცესი. ყველაფერი მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული. საკმაოდ დაძაბული წლები იყო, მაგრამ შობადობის ტემპი არ ვარდებოდა, წელიწადში 1 500-მდე მშობიარე გვყავდა. ჩემი პრაქტიკის განმავლობაში მქონდა მშობიარობის ექვსი შემთხვევა, როცა სამი ტყუპი დაიბადა. რაც შეეხება ემოციებს, იმის მიუხედავად, რომ დღეისთვის 15 ათასზე მეტი მშობიარობა მაქვს მიღებული და 4 000-5 000-მდე სხვადასხვა გინეკოლოგიური ოპერაცია გაკეთებული, როდესაც საოპერაციოში შევდივარ, მაინც ვღელავ. ვერც ერთი მეანი ამას ბოლომდე ვერ გადალახავსო, სულ მესმოდა ჩემი დიდი მასწავლებლის, გურამ გოცაძისგან. მეც ვფიქრობ, რომ მეანს ეს განცდა არ უნდა გაუნელდეს, რადგან პასუხისმგებლობა, რომელიც სიცოცხლის დაბადებას ახლავს, მშვიდად ვერ გამყოფებს. ექიმი ყველაზე დიდ შეცდომას მაშინ უშვებს, როცა გულგრილი და უყურადღებოა, არასდროს არ უნდა თქვა, რომ რაღაც ბოლომდე იცი, რადგან უცებ ისეთ წყალქვეშა რიფს შეიძლება, წააწყდე და ისე გაგირთულდეს ერთი შეხედვით უწყინარი სიტუაცია, რომ ვერც წარმოიდგენ.

– როგორც ამბობენ, მამაკაცი მეანი უფრო სანდოა, ვიდრე ქალიო, რატომ?

– ალბათ, არ ეწყინებათ ჩემს კოლეგა ქალბატონებს, რადგან ამას თავადაც ხშირად აღიარებენ, რომ ეს პროფესია იმდენ დატვირთვას, ფიზიკურ სიძლიერესა და შრომას მოითხოვს, რომ უფრო მამაკაცურია. ქალს მაინც უჭირს გადაბმული ღამისთევები და ფიზიკური დატვირთვა. მე ვფიქრობ, რომ მეან კაცს ქალების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ვიცი, საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, თითქოს მეან-გინეკოლოგს ქალბატონების მიმართ ინტერესი გაუნელდება, რადგან სულ ქალებთან აქვს საქმეო. ეს მცდარი მოსაზრებაა (იცინის). ჩვენთვის ქალბატონი ისეთივე მომხიბვლელი, ლამაზი და საინტერესოა, როგორც სხვა პროფესიის წარმომადგენლისთვის. თუმცა, ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ქალის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ვიდრე ნებისმიერ სხვას. ხანდახან ქალს ისეთი რამ შეიძლება შევამჩნიოთ, რაზეც თვითონაც ამბობენ, რომ ეს არც ერთ სხვა მამაკაცს არ შეუნიშნავს მათში. როგორ იქცევა ქალი ყველაზე რთულ სიტუაციაში, მისი ხასიათის ერთგვარი ბარომეტრია. ხანდახან აღტაცებაში მოვდივარ ზოგიერთი ქალის საქციელით, რომელიც უძლებს დიდ ტკივილს, ემოციურ დატვირთვას, იმის გამო, რომ შვილს რამე არ ავნოს. ასეთი ქმედების გამოვლენის საშუალება მამაკაცს ჩვეულებრივ ცხოვრებაში შეიძლება არც კი მიეცეს, იმის მიუხედავად, რომ კაცებს ნამდვილად არ გვაქვს იოლი ცხოვრება. არიან ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც ტკივილის გამო არაფერი აღარ უნდათ. სწორედ ასეთ დროს სჭირდება ექიმს ნებისყოფა, პაციენტს რომ დაუყვავებ, ამას არასდროს არ დაივიწყებს. მეორე დღეს ბოდიშებსაც იხდიან ხოლმე. თუმცა, მე კარგად მესმის მათი განცდა.

– როგორც ჩანს, ქალების ისეთი საიდუმლოებებიც იცით, რაც მათმა მეუღლეებმაც არ იციან.

– ასეთებიც ხდება. ჩემი და პაციენტების ურთიერთობა კონფიდენციალურია და მე ყოველთვის ვიცავ ამ წესს. არის სიტუაციები, რომელიც მომავალმა დედამ აუცილებლად უნდა გაუმხილოს ექიმს. ამაზე შესაძლოა, მეუღლესთან არც არასდროს ისაუბროს. ასეთ დამოკიდებულებას ბევრი ოჯახი შეუნარჩუნებია, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია.

– თქვენ ვის ანდობთ თქვენთვის ყველაზე ძვირფას ქალებს?

– ჩემი დაც და მეუღლეც ბატონმა გურამ გოცაძემ ამშობიარა. მეც ისეთივე ადამიანი ვარ, როგორც ყველა ჩვენგანი – ჩემი ემოციებით და სტრესებით. ჩვენს საქმეს სჭირდება პროფესიონალიზმი და გარკვეულად ცივი გონება. როცა ექიმში ემოციები ჭარბობს, შეცდომის დაშვების ალბათობაც იზრდება. ამიტომაც, ვერ ვანდე ჩემი მეუღლე საკუთარ თავს (იცინის). მე და ჩემს მეუღლეს ორი შვილი გვყავს. ისინი უკვე დიდები არიან. როცა დაიბადნენ, მაშინ არ იყო დაშვებული მეუღლის ყოფნა სამშობიარო ბლოკში, რაშიც ცუდი ნამდვილად არაფერია. მე დავესწარი ჩემი შვილების დაბადებას, მაგრამ როგორც ექიმს, მშობიარობის პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია.

– ბოლო პერიოდში, თქვენ ცნობილი ქალბატონების მეანად მიიჩნევით და ბევრი მათგანი ამშობიარეთ. რატომ მოდიან ისინი თქვენთან?

– თბილისი, ხომ იცით, პატარა ქალაქია და სახელი გაუვარდაო, ხომ გაგიგონიათ, ასეა ჩვენი საქმეც (იცინის). ადამიანები მეანს ირჩევენ, უპირველესად, ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, მერე ერთმანეთს უყვებიან საკუთარ ამბებს და ასე... მე ვამშობიარე: მარიკა ვერულაშვილი, თიკა ფაცაცია, ეკა ბესელია, ეკა მამალაძის რძალი, ლალი ტოტიკაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, ვანო მერაბიშვილის მეუღლე, ბაკურ კვეზერელის მეუღლე. ჩემთან მოიყვანეს თავიანთი მეუღლეები ჩემმა მეგობრებმა – კობა სუბელიანმა და დათო საგანელიძემ. მე ჩემს პროფესიულ ვალს ერთნაირად ვიხდი პოზიციისა და ოპოზიციის წარმომადგენელთან. მათი პოლიტიკური ორიენტაცია ჩემს საქმიანობაზე არ მოქმედებს.

– ცნობილი პაციენტები მეან-გინეკოლოგთან ჭირვეულები არ არიან?

– არა, ისინი კარს მიღმა ტოვებენ საკუთარ ამბიციებს, პრეტენზიებს, კაპრიზებს (იცინის). მათი მთავარი მოტივაციაა, რომ მათი და მათი შვილების ჯანმრთელობა საიმედო ხელში იყოს. სამშობიარო ბლოკში ისინი არიან ჩვეულებრივი პაციენტები, არ აკლიათ პასუხისმგებლობა საკუთარი შვილების მიმართ. ასეთივე პასუხისმგებლობით გამოირჩევიან ჩემი პაციენტების ქმრებიც. კობა სუბელიანი ორივე ბავშვის გაჩენას დაესწრო, ლამის ხელებში გვივარდებოდა. ვიცი, რომ სანამ ხუთ ბავშვამდე არ მივა, გაჩერებას არ აპირებს. ძალიან ყურადღებიანი მეუღლე და მამა აღმოჩნდა დათო საგანელიძე. ხანდახან ქმრებს უფრო მეტი შეკითხვა უჩნდებათ, ვიდრე ცოლებს. მაქსიმალურად ვცდილობ, მათი ყველა ინტერესი დავაკმაყოფილო, იმდენ შეკითხვას მისვამენ, სანამ ამომწურავ პასუხს მიიღებენ. მშობიარობამდეც მაქვს ხოლმე „მოლაპარაკებები“ მამებთან. მათ, რა თქმა უნდა, აინტერესებთ, ვის ანდობენ საკუთარ ცოლ-შვილს. რამდენიმე ცნობილ ადამიანთან იმის ახსნაც დამჭირდა, რომ სამ წელიწადში ხუთი ბავშვის გაჩენა არ შეიძლება და ცოლს შესვენება სჭირდება (იცინის).

– არ ურჩევნიათ, ცოლებთან გაარკვიონ ეს ამბავი?

– ისეთი შემთხვევაც იყო, თვითონ მეუღლემ მითხრა: ჩემს ქმარს უთხარით, რომ ერთი წელი შვილის გაჩენა არ შემიძლიაო. ასეთ დროს ყოველთვის ქალის მხარეს, მათ ბანაკში ვარ. კარგი მოსავალი რომ მოვიდეს, ნიადაგმა ხომ უნდა დაისვენოს? (იცინის) როდესაც საქმე გაქვს ცნობილ ადამიანთან, რომელსაც საზოგადოება პატივს სცემს, ეს ექიმს ტვირთავს ქვეცნობიერად, რომ მცირედიც არ შეეშალოს. მაგალითად, მარიკა ვერულაშვილს შეექმნა მცირე პრობლემა, რომელიც მალევე გამოსწორდა. ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოვჩნდით თიკა ფაცაციასთან. დაგეგმილი გვქონდა, რომ მას ფიზიოლოგიურად უნდა ემშობიარა, მაგრამ ბოლო მომენტში, გადავწყვიტეთ, მისთვის საკეისრო კვეთა ჩაგვეტარებინა… სამშობიარო ბლოკში ყველა პაციენტი თანასწორია. არც ერთი ცნობილი პაციენტის ხარჯზე, არც ერთი ჩემი რიგითი პაციენტი არ დაზარალებულა.

– ბედნიერი მამები მადლიერებას როგორ გამოხატავენ?

– თბილი სიტყვებით. ვანო მერაბიშვილმა ყურადღების ნიშნად „ბლექბერის“ მარკის ტელეფონი მაჩუქა, რაზედაც მეხუმრებიან ხოლმე: ამ ტელეფონით ბევრი ლაპარაკი არ შეიძლებაო (იცინის). ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ის ნდობაა, რომელსაც ჩემი პაციენტები გამოხატავენ. ეს ექიმისთვის ყველაზე მაღალი წოდებაა.




скачать dle 11.3