მამათა შეგონებანი
გაბრიელ ეპისკოპოსი: მარხვა წმიდა იქნება არა მხოლოდ საჭმლის გამოცვლითა და მოკლებით, არამედ საქმის გამოსწორებითა და ყოფაქცევის გამოცვლით. საჭმლის მოკლება სულიერ გაღვიძებას შეეწევა; ნუ დაიჯერებთ, რომ კაცს გამძღარი სტომაქით ლოცვა და მონანიება შეუძლია. როცა მარხვისგან ხორცი ცოტაოდენ მოუძლიერდება, მაშინ სული თავისუფლდება და თავისი შემოქმედისადმი მიილტვის. ჭამისა და სმისგან მრავალი სნეულდება, გარნა მარხვისა და მოთმინებისაგან არც ერთი.
დიდმოწამე ვლადიმირი: ბავშვებში სიამაყესა და სიძუნწესთან ერთად ძალიან გავრცელებულია არანაკლებ საშიში ნაკლი – შური, ანუ ახლობლის მიმართ არაკეთილმოსურნეობა. შურიანი კაცი, მოწყენილია და იტანჯება, როცა მისი ახლობელი ბედნიერია, ხოლო გახარებულია მაშინ, როცა მას უჭირს. ასეთი საქციელი აღმაშფოთებელია განსაკუთრებით ბავშვებში.
იაონე სინელი: ამპარტავნება უარყოფაა ღმრთისა და მეგობრობაა ეშმაკებთან, შეურაცხმყოფელია კაცთა და დედაა განკითხვისა; ქებათაგანაა შობილი, სულის უნაყოფობის ნიშანია, ღმრთის შეწევნის განმაშორებელია, შეშლილობის წინამორბედია, ღმრთის მოწინააღმდეგეა და გმობის ძირია.
თეოფანე ნოვოზერელი: როგორ ვებრძოლოთ გარეშე აზრებს: ლოცვის ან სასულიერო თემაზე მსჯელობისას, ერიდეთ თქვენს გუნებაში გარეშე აზრების მოძალებას. უბრძანეთ მათ – „სახელითა უფლისათა კრულ გყოფ!“ და უკეთესი აზრი მყისვე დაგემორჩილებათ. იესოს ლოცვითა და პირჯვრის სახვით ადვილად გაძევდება ყოველი ძალა მტრისა.
პაისი მთაწმინდელი: ბოროტება ჩვენ შიგნითაა. ჩვენ არ გვაქვს სიყვარული, რადგან არ ვცნობთ ყველა ადამიანს ჩვენს ძმად და ვდუნდებით მათი ცოდვილი ცხოვრებით. ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთის ძმები, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი უფლის შვილია. თუ ნამდვილად გავაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენ ყველა ადამიანის ძმები ვართ, მაშინ გვეტკინება მათ გამო, ვინც ცოდვაში ცხოვრობს. და აი, მაშინ მათი ცოდვილი ცხოვრება არ გვაცდუნებს, არამედ, მათთვის ვილოცებთ.
მთავარეპისკოპოსი იოანე: სხეულიდან გასვლისთანავე სული აღმოჩნდება კეთილ და ბოროტ სულთა შორის და ჩვეულებისამებრ იგი მიისწრაფვის იმათკენ, რომელნიც მისთვის სულიერად მახლობელნი არიან. თუკი სხეულში ყოფნის დროს იგი ზოგიერთი მათგანის გავლენის ქვეშ იყო, მაშინ სხეულიდან გასვლის შემდეგაც იგი მათზე დამოკიდებული დარჩება, რაც არ უნდა საძაგელნი აღმოჩნდნენ ის სულები შეხვედრისას.
ეფრემ ასური: ჩვეულებრივ, როცა კაცზე იტყვიან, გონიერიაო, ამ სიტყვას არასწორი მნიშვნელობით ხმარობენ. გონიერი ის როდია, ვისაც ძველ ბრძენთა გამონათქვამები და ნაწერები დაუსწავლია, არამედ ჭეშმარიტად გონიერი ის ადამიანია, ვისაც სული აქვს გონიერი და ძალუძს სწორად განსაჯოს, რა არის კეთილი და რა – ბოროტი.
ტიხონ ზადონელი: ვიდრე გული განიწმინდება, მას ამსოფლიური სურვილები აქვს და ისინი მას „ახარებენ“. მაგრამ, განწმენდის შემდეგ გულს სწყინდება ამსოფლიური სურვილები, მათდამი სიძულვილს გრძნობს და მაშინ გული სულიერად ხარობს. ამგვარად, ამსოფლიურ სურვილთა ჩახშობით განიწმინდება გული.