როგორ ეხვეოდა პარიზში საინტერესო ამბებში ანა კოვაჩი და როგორ გახდა ის ანგელოზი და ტყის დედოფალი
პარიზში სამთვიანი ცხოვრებისა და მუშაობის შემდეგ, სულ ახლახან ანა კოვაჩი საქართველოში ცოტა ხნით დაბრუნდა. თუმცა, იანვარში კვლავ აპირებს ევროპაში სამუშაოდ წასვლას. ანა პარიზიდან კიდევ უფრო გალამაზებული, დახვეწილი ჩამოვიდა და ერთი შეხედვით, ნამდვილ ფრანგს – „პარიჟანკას“ ჰგავს.
ანა კოვაჩი: იანვარში, ახალი წლების შემდეგ, მივფრინავ გერმანიაში, ბერლინის „ფეშენ- ვიქზე“ ვიქნები ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ იქიდან მივფრინავ პარიზში, სადაც სამი თვე ვიცხოვრებ, ვიმუშავებ და შემდეგ უკვე წავალ ლონდონში. პარიზში სამოდელო სააგენტო „ანჯელს ენდ დემონთან“ ვთანამშრომლობდი. ხოლო ლონდონში „ელიტში“ ვიმუშავებ. თითქმის ერთი წელი დაგეგმილი მაქვს. მიხარია, რომ წინასწარ ვიცი, სად მომიწევს ცხოვრება და მუშაობა. პარიზში ჩემი სააგენტო ძალიან მიყვარს, საოცრად ყურადღებიანი ხალხია. უნდა გამოვფრენილიყავი პარიზი-მიუნხენი-თბილისის რეისით, ჩემმა „ბუქერმა“ მითხრა, თუ რამე პრობლემა შეგექმნება, დაგვირეკე და წამოგიყვანთო. აეროპორტში რომ მივედი, ფრენა გადაიდო და ვარშავაში უნდა გადავფრენილიყავი. ჩემმა „ბუქერმა“ იცოდა, რომ ფრენა გადაიდო და ვერ მიხვდა, სად წავედი, გაგიჟებული იყო. აეროპორტში დაიწყო თურმე რეკვა. „ინფორმეიშენზე“ აცხადებდნენ ჩემს სახელსა და გვარს, ხუთასჯერ გამოაცხადეს, დაფაზეც ეწერა ჩემი სახელი, ერთი კაცი გამოვიდა და მე მეძებდა. არ მესმოდა, მაღლა ვიყავი, ბოლოს, როგორც იქნა, იმ კაცმა მიპოვა და მაშინვე ტელეფონი მომაჩეჩა, რომ ჩემს „ბუქერს“ დავლაპარაკებოდი. 5 საათი ვიჯექი აეროპორტში და ყოველ ნახევარ საათში მირეკავდა, როგორ ხარო, თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინაც დამირეკა.
– დამეთანხმები, ის, რომ მოდელმა ერთწლიანი სამუშაო მოიპოვოს, არცთუ ადვილია.
– ძალიან აფასებენ იმას, თუ როგორი გოგონაა, როგორი ადამიანი, მეგობარი. როგორ დადის სხვა გოგონებთან ერთად ქასთინგებზე, როგორია მუშაობის დროს, სააგენტოში როგორ იქცევა – ყველაფერს ითვალისწინებენ. შენ რომ კარგად იქცევი, მერე ისინიც ცდილობენ, დაგეხმარონ. პარიზში მეორედ რომ ვიყავი, გოგონებთან ერთად ვცხოვრობდით – ერთი იყო ალბანეთიდან, მეორე – სერბიიდან. მესამედ რომ ვაპირებდი ჩასვლას, ყველას ერთად გვიწევდა წასვლა და ჩვენს „ბუქერს“ წინასწარ ვთხოვეთ, იქნებ კიდევ ერთად ვიცხოვროთო. ისე გააკეთა, რომ სააგენტოს ორსართულიან სახლში მე, ეს ორი გოგო და კიდევ ერთი რუსი გოგონა ვცხოვრობდით. იციან, რომ რუსულად ვლაპარაკობ, ამიტომ ისეთ გოგონებს მიგზავნიან, ვინც რუსული იცის.
– ფრანგებმა ფრანგს დაგამსგავსეს.
– ამასთან დაკავშირებით სულ საინტერესო ამბებში ვეხვეოდი. ბევრი ფრანგი მეგობარი მყავს. ერთ-ერთის დაბადების დღეზე ვიყავით. ერთ გოგონას რუსულად დაველაპარაკე, არ მიცნობდა და გაშტერებულმა დამიწყო ყურება და თან, ინგლისურად თქვა, ეს რას მოვესწარი, ფრანგი რუსულად ლაპარაკობსო. თმა რომ შემჭრეს, სტილი შემიცვალეს, უფრო დავემსგავსე ფრანგს. ჩემი „ბუქერი“ რომ მხედავდა, სულ ამბობდა, რამსიგრძე თმა გაქვსო და ერთ დღესაც მითხრა, უნდა შეიჭრაო. შემომთავაზეს დამოკლება და „ჩოლკის“ შეჭრა. თავიდან დამენანა, მაგრამ მერე მომეწონა, თან კლიენტებს მოსწონთ და სააგენტოშიც ამაყობენ, რომ ფრანგს ვგავარ. ქასთინგებზეც ყველას ფრანგი ვგონივარ, რომ შემომხედავენ, მაშინვე ფრანგულად იწყებენ საუბარს და მე ვეუბნები, თუ შეიძლება, ინგლისურად დამელაპარაკეთ-მეთქი. საერთოდ, ქასთინგებზე ძალიან სასაცილო სიტუაციები ხდება. ერთხელ მივედი ქასთინგზე, ძალიან ბევრი ბავშვი დამხვდა, გოგონა-მოდელები ჩემზე უფროსები იყვნენ. ვიფიქრე, აქ რატომ ვარ-მეთქი. მაგრამ დაველოდე ჩემს რიგს. კლიენტმა აიღო ჩემი „ბუქი“, შემომხედა, დახედა ფოტოებს და მეუბნება, უკაცრავად, ასეთი დიდი ბავშვი არ შეგვიკვეთავსო. თურმე, ფოტოებისთვის სჭირდებოდათ – დედა, მამა და შვილი. ჩემი ფოტოები რომ ნახა ინტერნეტში, იფიქრა, რომ ასაკით დიდი ვიყავი, დედის როლზე ვჭირდებოდი, მაგრამ რომ შემომხედა, მიხვდა, არ გამოვდგებოდი ამ როლზე. ბოდიში მომიხადა, ჩემი შეცდომა იყოო. სხვათა შორის, ძალიან მოსწონთ საქართველოში, „კიკალას სტუდიაში“ გადაღებული ერთი ფოტო, რომელიც „ბუქში“ მიდევს და საფრანგეთში დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემი სავიზიტო ბარათი. მერე, თმა რომ შემჭრეს, გამოცვალეს, მაგრამ ეს დატოვეს, იმიტომ რომ ძალიან უყვართ. კლიენტები სულ მეკითხებიან, სად არის გადაღებული, ვინ გადაგიღოო და მეც ვეუბნები, რომ საქართველოშია გადაღებული.
– როგორ ცხოვრობდი პარიზში, როგორი დღის რეჟიმი გქონდა?
– ყოველდღიურად დავდიოდი ქასთინგებზე, მქონდა სხვადასხვა სამუშაო. ისევ ვითანამშრომლე „ლანვინთან“. ძალიან საინტერესო სამუშაო მქონდა ჟურნალ „ფორდისთვის“, რომელიც ლოს-ანჯელესში გამოდის. ჩამაცვეს ჟან პოლ გოტიეს მიერ კრისტიან დიორისთვის გაკეთებული კაბა, რომელიც 10 წლის წინ შექმნა. ძალიან ცნობილი კაბაა, ოტ-კუტიურია და პიეროს კაბას ჰგავს. ფეხზე ჩამაცვეს ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, თან პატარა მქონდა და ძლივს დავდიოდი. კაბა ათ კილოგრამს იწონიდა, ბევრი რაღაც ჰქონდა, ფეხსაცმლის ქუსლი კი 18 სანტიმეტრი იყო. სახე მთლიანად თეთრად შემიღებეს, ლოყებზე, შუბლზე ყვითელი, წითელი, შავი რგოლები დამახატეს, თვალები ჩამიშავეს. კაბა კრისტიან დიორის მუზეუმში ინახება. 10 წლის წინ ამით გააკეთეს შოუ და ახლა ჩემთვის გამოიტანეს და ჩამაცვეს. ძალიან ძვირად ღირებული კაბაა. ფოტოსესიები სტუდიაში გვქონდა, ძლივს დავდიოდი, მარტო ვერ ჩაიცვამდი. ვიდექი თოჯინასავით, რასაც მეუბნებოდნენ, იმას ვაკეთებდი და მაცმევდნენ. ძალიან ლამაზი ფოტოები გამოვიდა. თუმცა, ვერც მიხვდება ადამიანი, რომ მე ვარ. ამხელა კაბაში მხოლოდ თავი მიჩანს. ტყეში მქონდა კიდევ გადაღება ჟურნალისთვის. პარიზის იქით, შორს წამიყვანეს, უღრან ტყეში. პირველად ვიყავი ტყეში, ძალიან მომეწონა. მიღებდნენ ფოტოებს, თითქოს ტყის დედოფალი ვიყავი. სხვადასხვა ბრენდის სამოსი მეცვა – გახეულები, ხელში ჯოხი მეჭირა. უნდა მეხტუნავა, მერბინა, რაღაცეებზე უნდა ავმძვრალიყავი. „ფეშენ“ გადაღება იყო, ძალიან ლამაზი, საინტერესო. საერთოდ, ძრომიალი არ მეხერხება, მაგრამ როლში შევედი, ბევრი ვიცინე, კარგად გავერთე გადაღებაზე. საბოლოოდ ძალიან კარგი ფოტოები გამოვიდა. ბოლო გადაღება მქონდა პარიზში, სტუდიაში, ოღონდ გერმანული ჟურნალისთვის. „ელისაბის“ ტანსაცმელი მეცვა, ძველი სტილის კაბები იყო. ვითომ 80-90-იანი წლების გერმანელი ვარ, ძველი ფოტოები ჰქონდათ მოტანილი და იმის მიხედვით მიღებდნენ.
– ალბათ, ძალიან ძნელია სიცივეში, თოვლში მთელი დღე ქასთინგებზე სირბილი?
– სიცხეს ჯობია. ზაფხულში, სააგენტოში გვირიგებდნენ წყალს, შაქარს, კანფეტებს, რომ ცუდად არ გავმხდარიყავით. ახლა უფრო ჩაის გვასმევენ. ისეთ ადგილას ვცხოვრობ, რომ ქასთინგები ძირითადად ჩემს ირგვლივ იყო და ფეხითაც შემეძლო წასვლა. თან, გოგონებიც მიმყავდა. უკვე ისე ვისწავლე ყველაფერი, რომ ყველა მე მეკითხებოდა, ეს სად არისო.
– რატომ ჰქვია სააგენტოს „ანგელოზები და დემონები“?
– ანგელოზები – გოგონები ვართ, დემონები – ბიჭები, იმიტომ რომ სააგენტოში ბიჭებიც გვყავს. ისინი სხვაგან ცხოვრობენ, თავისი აპარტამენტები აქვთ. მაგრამ, მათთან ერთად ბევრჯერ გვქონია გადაღება, ჩვენება და ვცდილობთ, ერთად წავიდეთ სადმე, ვმეგობრობთ.
– როგორ ხვდებიან მშობლები შენს გრძელვადიან გამგზავრებებს?
– ამ ჩამოსვლაზე დედაჩემს გადასარევი რეაქცია ჰქონდა. ღამის 2 საათზე დავადექი, ეძინა, არ მელოდებოდა და სრული შოკი მიიღო. ვიფიქრე, მიუნხენიდან დავურეკავ-მეთქი, მაგრამ რომ გამგზავნეს ვარშავაში, 12 საათი იქ მომიწია ლოდინი, აღარ დამირეკავს. ვარშავიდან კიევში გადავფრინდი, ჩემი ძმის ცოლი დამხვდა – იქ ცხოვრობს ჩემს ძმასთან ერთად. ისეთი ნომერი მქონდა, ყველგან ირეკებოდა. დედაჩემმა რომ დამირეკა, ჩემს ძმასთან ვიყავი და ვუთხარი, პარიზში ვარ-მეთქი და მერე 2 საათში ჩამოვფრინდი. ღამე მივედი სახლში. კარი გავაღე, შევედი, ვაბრახუნე და ვერაფერი გაიგო. ბოლოს გავაღვიძე და მეუბნება – უი, შენო, ადგა, გაიარ-გამოიარა და 10 წუთის მერე მიხვდა, რომ მე ვიყავი. ვაიმე, ანაო, – ჩამეხუტა, თან მეკითხებოდა, აქ საიდანო. ვერ წარმოიდგინა, ასე უცებ როგორ აღმოვჩნდი საქართველოში. ძალიან გაუხარდა, მაგრამ რომ გაიგო, 6 თვით მივდივარ, ცოტა ანერვიულდა, განიცადა. თუმცა, ხელს მიწყობს, უხარია ჩემი წარმატებები.