რატომ იწყება „ტრუფელის“ წიგნების ღირებულება ოთხნიშნა ციფრით და როგორ გახდა ქართველი მარიამ გირკელიძე „ტრუფელის“ ჯგუფის პირველი და ერთადერთი წევრი
სულ ახლახან ლიტერატურის მუზეუმში მოეწყო გერმანული ხელნაკეთი წიგნების – „ტრუფელის“ ჯგუფის გამოფენა, რომელიც ერთ კვირას გრძელდებოდა. მუზეუმის სამი საგამოფენო დარბაზის კედლებზე გამოფენილი იყო „ტრუფელის“ ჯგუფის მონაწილე ერთადერთი ქართველი მხატვრის – მარიამ გირკელიძის უაღრესად თანამედროვე ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა. ამის გამო დამთვალიერებელთა ნაკადი არ წყდებოდა გამოფენის დახურვის ბოლო წუთამდე, რაც იშვიათი მოვლენაა. საგამოფენო დარბაზის სტენდებში კი, მარის ხელნაკეთ წიგნებთან ერთად ეწყო 15 გერმანელი მხატვრის მიერ შექმნილი წიგნი-ორიგინალები. თბილისის სამხატვრო აკადემიისა და მიუნსტერის დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა მხატვარი მარი გირკელიძე ცდილობს, მხატვრობის ეს ორიგინალური დარგი საქართველოშიაც შემოიტანოს და დაამკვიდროს. სწორედ ამიტომ „ტრუფელის“ შემოქმედებითი გაერთიანების დამაარსებელი, პროფესორი შტამი დააინტერესა საქართველოთი, თბილისში ჩამოიყვანა და სწორედ მარისა და მისი ყოფილი პროფესორის – მიხაელ შტამის ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო ეს გამოფენა.
– მარი, გილოცავთ თქვენ და ამ გამოფენის ყველა წევრს ასეთ დიდ წარმატებას! ახლა კი მათთვის, ვინც ნაკლებად არის ინფორმირებული ამ გაერთიანების შესახებ და გამოფენაც ვერ დაათვალიერა, აგვიხსენით რა არის „ტრუფელის“ გამოცემა?
– „ტრუფელი“, როგორც შემოქმედებითი გაერთიანება, დაარსდა გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, როგორც ექსპერიმენტების სივრცე განსაკუთრებული წიგნების გასაფორმებლად. ეს იყო გერმანიაში, კერძოდ, მიუნსტერში, სპეციალური უმაღლესი დიზაინის სკოლაში, პროფესორ მიხაელ შტამის თაოსნობით. ასე შეიქმნა წიგნები, რომლებიც თავიანთი ტექსტებით, ილუსტრაციებით, გრავიურებით, ფოტოებით, გრაფიკითა და სხვა სტილური გადაწყვეტით ავტორის ფანტაზიის მრავალფეროვნებასა და ექსპერიმენტებისადმი სწრაფვას გამოხატავენ.
„ტრუფელის“ გამოცემებმა მალე მოიხვეჭა პოპულარობა. ეს წიგნები ძირითადად განსხვავდება თემატიკითა და შესრულების ტექნიკით. თითოეული მათგანი უნიკალურია თავისი ინდივიდუალობით.
– რომელი წიგნია, თქვენი აზრით, ყველაზე უცხო, განსხვავებული, ისეთი, როგორსაც დამთვალიერებელი, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა?
– ყველა წიგნი საინტერესო და განსხვავებულია.
– თქვენ რას იყენებთ თქვენი სათქმელის, განცდებისა და ინდივიდუალობის გადმოსაცემად?
– მე ჩემს სათქმელს ილუსტრაციით, ტიპოგრაფიით, ობიექტებით, ფოტოებითა და გრაფიკით გამოვხატავ.
– რომელ ლიტერატურულ ნაწარმოებებზეა შექმნილი პირადად თქვენი წიგნები?
– დანტეს „ინფერნო“ (ჯოჯოხეთი), სარტრის „ჩაკეტილი საზოგადოება“ – რაც იგივე ჯოჯოხეთია, ტენეს უილიამსის „ტრამვაი, სახელად „ნატვრა“, გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწინება“, სადაც 2008 წლის ომის თემა გამოვსახე, ბალზაკის „შაგრენის ტყავი“, გოეთეს ლექსები. ამ წიგნების თითოეული ფურცელი ხელოვნების ნიმუშია, რომელსაც დამოუკიდებელი მხატვრული ღირებულება აქვს. ისინი ცალკე ნაწარმოებებია. წიგნებთან ერთად ამ ვერნისაჟზე ჩემი ასეთივე სურათებიც იყო გამოფენილი.
– ვინ გამოთქვამს ამ წიგნების შეძენის სურვილს?
– ძირითადად ამ წიგნებს ყიდულობენ კოლექციონერები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები. მინდა გითხრათ, რომ ამგვარი წიგნი ძვირი ღირს, რადგან ის „უნიკატია“ და ფასდება როგორც ხელოვნების ნიმუში.
– ანუ, ფუფუნების საგანია?
– ხელოვნება საერთოდ არის ფუფუნების საგანი. „ტრუფელის“ გამოცემების ღირებულებას რაც შეეხება, ოთხნიშნა ციფრით იწყება. ევროპაში და, კონკრეტულად, გერმანიაში, ძალიან აფასებენ ამ გამოცემებს. რაც შეეხება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც მოსწონს და თავს უფლებას ვერ აძლევს, მთლიანი წიგნი შეიძინოს, ცალკეულ ფურცლებს ყიდულობს. ასეთი ფურცლები დამოუკიდებელი ნაწარმოებებია.
მნიშვნელოვანია, რომ ამ წიგნებისა და საქართველოში მოწყობილი ამ გამოფენის შესახებ მომავალში ფილმი შეიქმნება.
– „ტრუფელის“ გამოცემების სამშობლო გერმანიაა, კერძოდ კი – მიუნსტერის სპეციალური უმაღლესი სკოლის დიზაინის ფაკულტეტი, სადაც თქვენ სწავლობდით. როდის დაინტერესდით ამგვარი წიგნების შექმნით?
– დავიწყოთ იმით, რომ გავიზარდე მხატვრისა და ლიტერატორის ოჯახში, ამ მიმდინარეობაში კი ორი რამ ერთდროულად დევს, და ჩემთვის ორივე ძალიან ახლობელი და საინტერესოა. მიუნსტერის უმაღლეს სკოლაში დიზაინის ფაკულტეტი 2008 წელს დავამთავრე. მანამდე თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული გახლდით. უკვე 11 წელია, რაც გერმანიაში ვცხოვრობ და ვმუშაობ როგორც მხატვარი და ილუსტრატორი და, მინდა გითხრათ, მრავალი ბარიერის გადალახვის შემდეგ, კმაყოფილი ვარ ჩემი საქმიანობით. ერთადერთი ქართველი ვარ იმ ჯგუფში, რომელმაც „ტრუფელის“ წიგნების გამოცემებით გაითქვა სახელი – ჩვენ შორის ჩემ გარდა ყველა გერმანელია.
– გარდა „ტრუფელის“ წიგნების შექმნისა, კიდევ რა სფეროში მოღვაწეობთ?
– ყოველგვარ სფეროში, რაც ხატვასთანაა კავშირში. მაგალითად, ვარ დიზაინერი, ვმუშაობ ტიპოგრაფიაზე, ვფლობ წიგნის გაფორმების ხელოვნებას, ფერწერას, ფოტოგრაფიას, ვმუშაობ კედლის გაფორმებაზე.
– თბილისში დიდი ხნით ხართ ჩამოსული?
– გამოფენისთვის ჩამოვედი.
– კმაყოფილი ხართ გამოფენით და იმით, თუ როგორ აღიქვა ქართველმა დამთვალიერებელმა ხელოვნების ეს ახალი და თანამედროვე დარგი?
– ეს თვითონ დამთვალიერებელს უნდა ჰკითხოთ.
– სამომავლო გეგმებზეც გვითხარით ორიოდე სიტყვა.
– სამომავლო და ერთადერთი გეგმა – ხელოვნების კეთებაა. სულ ახლახან გამოვიდა დიდი ფორმატის, კედლის თეატრალური კალენდარი (14-გვერდიანი), რომელიც გავაფორმეთ მე და ჩემმა კოლეგამ. ეს კალენდარი მთელ გერმანიაში იყიდება. ნოემბერში მონაწილეობას ვიღებ ვენის ტრიენალეში, რომელიც წელიწადში ერთხელ ეწყობა. ნამუშევრები მასში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა მსოფლიოს მასშტაბით. ჩემმა ნაწარმოებებმა შესარჩევი კონკურსი უკვე გაიარა. ტრიენალეში მონაწილეობისთვის უკვე მზად ვართ.
– თქვენ ამ ტრიენალეს მონაწილე ერთადერთი ქართველი ხართ?
– დიახ.
– წარმატებებს გისურვებთ!