როგორ გახდა ინგლისის დედოფალი ირაკლი მეგრელიშვილის კოლექციიდან ორი ნიმუშის მფლობელი და როგორ გაიცნო მან ფაბერჟეს შვილთაშვილი
ირაკლი მეგრელიშვილის კოლექცია უამრავ მშვენიერ და განუმეორებელ ნიმუშს ინახავს. ჩემზე და საერთოდ, პუბლიკაზე არაფერს ვიტყვი, ირაკლის კოლექციით თვით მსოფლიოში ცნობილი იუველირის, კარლ ფაბერჟეს შთამომავალი – ტატიანა ფაბერჟე აღფრთოვანდა. თუ რა პრიზი გადასცა ამ ქალბატონმა ირაკლი მეგრელიშვილს, მისი რომელი ნამუშევრები ეკუთვნოდა ინგლისის დედოფალ ელიზაბეთ მეორეს და რატომაა ამ კოლექციის ნიმუშები მსოფლიოში მიმობნეული, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ირაკლი მეგრელიშვილი: არ ვარ პროფესიონალი იუველირი, მოქანდაკე გახლავართ, დამთავრებული მაქვს აკადემია. ოთხმოცდაათიანი წლები რთული პერიოდი იყო ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში. როდესაც ძველი ყველაფერი დაიმსხვრა და ახალი ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული. ამ არეულ-დარეულობაში, სიცარიელეში მომიწია ძებნა ისეთი სპეციალობის, რომელიც ჩემს ოჯახს გამოადგებოდა.
– ასე შეისწავლეთ იუველირის პროფესია და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა?
– სწორედაც, ამ მიზნით, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ძირითად საქმიანობად მექცა, დამეთანხმებით, ეს ჩემს კოლექციასაც ეტყობა. ფიზიკოსმა თენგიზ ყანჩელმა მასწავლა ეს საქმიანობა. იგი ლაბორატორიის გამგე იყო მაშინდელ „გეპეიში“. თავისი საქმის მოყვარული, არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ. ფიზიკაც უყვარდა და ხელოვნების ეს დარგიც.
– ხშირია, როდესაც ფიზიკოსები ძალიან ახლოს არიან ხელოვნებასთან...
– ეს იმიტომ, რომ მათ ასოციაციური აზროვნება აქვთ. ახლოს არიან მხატვრებთან თავისი აზროვნებით ფიზიკოსები, მათემატიკოსები. სპორტთან კი – მოქანდაკეები.
– შემდეგ დაინტერესდით მინანქრით...
– ...იუველირის საქმიანობის შესწავლის შემდეგ დავინტერესდი მინანქრით. მაშინ აუთვისებელი იყო საქართველოში ეს საქმიანობა, უფრო სწორად დაკარგული იყო. ერთეულები ვმუშაობდით მხოლოდ. მე არ დავასახელებ მათ, მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ზაზა ლოდია იყო პიროვნება, რომელმაც აუცილებელი, საწყისი, საჭირო ცოდნა მომცა. შემდეგ ძირითადად წიგნებით შევისწავლე მინანქარი. წიგნებითა და ძალიან ბევრი ექსპერიმენტით.
– სულ რამდენი ნამუშევრის ავტორი ბრძანდებით ამჟამად?
– სიმართლე გითხრათ, არასოდეს დამითვლია, რამდენი ნამუშევრის ავტორი ვარ. ორ ასეულზე ნაკლები ნამდვილად არ იქნება, მეტი თუ არა.
– გაჩუქება შეგიძლიათ?
– ადამიანის პროფესიაში ხდება ისე, რომ იქმნება ნივთი, რომელიც შენი განვითარების ერთ-ერთი საფეხურია. ამ ნივთის გაყიდვა და გასხვისება ძალიან რთულია. საერთოდ, უთქვამთ გამოჩენილ მხატვრებს, რომ ჯობია, რასაც აკეთებ, ის გაყიდო. ის ნივთი დაკარგული არ არის. გაცემული ნივთი, თავისი აურით და ყველაფრით კავშირშია შენთან, რაც არ უნდა მოხდეს. ისე როგორც შვილი მიდის მშობლისგან და ცალკე დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. ისინი ხომ მაინც ყოველთვის კავშირში რჩებიან ერთმანეთთან. ასეა მხატვრებშიც. თუმცა, არის საყვარელი ნივთებიც, რომელთაც, მე ვერასდროს გავყიდი.
– გამოფენებზეც გვესაუბრეთ.
– 1998 წელს მიწვეული ვიყავი ოქსფორდში გამოფენაზე, სადაც ოცდაათი ნამუშევარი წარვადგინე. შემდეგ 2000 წელს ბილბაოში მქონდა გამოფენა, ესპანეთში, სადაც 25 ნამუშევარი წარვადგინე. მაშინ ძალიან პროდუქტიული მუშაობა იყო და ნივთები მართლა პოულობდა თავის მფლობელს.
– რადგან ამბობთ, რომ ნებისმიერი გასხვისებული ნივთი კოლექციიდან მაინც მუდამ კავშირშია მის შემქმნელთან, მაშინ შეიძლება, თამამად ვთქვათ, რომ თქვენი კოლექცია მსოფლიოში ყოფილა გაბნეული...
– შეიძლება, ასეც ითქვას. ასე მიწევს.
– რა მასალით მუშაობთ?
– ძირითადად ვმუშაობ ვერცხლზე, ოქროსა და მინანქარზე. ეს გულქანდაა, მაგრამ ამავე დროს არის მოქმედი მიკროსკოპი, რომელიც საჩუქრად გადასცეს ერთ-ერთ წარჩინებულ მიკრობიოლოგ ქალბატონს. ეს მიკროსკოპი მოქმედია, რომელიც ადიდებს 150-ჯერ. ეს კი „ბროწეულია“. არქაული ქართული ბროწეული არსებობს, რომელსაც ცხენებს კიდებდნენ ხოლმე. ამის მიხედვით, ჩემი ასოციაციით, ახალი ვარიანტი გავაკეთე. 2003 წელს საქართველოს ელჩმა ინგლისში, თემურ მამაცაშვილმა პირადად გადასცა ჩემი ორი ნამუშევარი – „ევროპა“ და „იკაროსი“ ინგლისის დედოფალს ელიზაბეთ მეორეს. 2007 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ინტრონიზაციის 30 წლისთავს მივუძღვენი „ათწლეულთა გზაჯვარედინი“. მეორე ნამუშევარი, რომელიც პატრიარქს მივუძღვენი არის „ღვთისმშობლის პანაღია“.
– ცნობილი იუველირის, კარლ ფაბერჟეს შთამომავალი როგორ დაინტერედა თქვენი კოლექციით?
– 1997 წელს „ფიდეს“ პრეზიდენტმა კირსან ილიუმჟინოვმა დააწესა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის მსოფლიო ოლიმპიური საჭადრაკო თასი. მე გახლავართ მისი ავტორი. საკმაოდ დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს თასი საინტერესო და კარგი გამოსულიყო. სამი თვის განმავლობაში ვმუშაობდი მასზე. სწორედ ეს თასი უნახავს ტატიანა ფაბერჟეს უკრაინაში, ვალენტინ სკურლოვთან ერთად. ამის შემდეგ მომძებნეს მე. უფრო სწორად, ჯერ ჩემი ნამუშევრები გაიცნეს, მოხდა შეფასება. შეაფასა თვითონ ტატიანა ფაბერჟემ.
– ახლა იმ ჯილდოზე ვისაუბროთ, რომელიც მან გადმოგცათ?
– ფაბერჟეს ჰყავდა ხელოსნები, რომლებიც მის იდეას ახორციელებდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო პერხინი, რომლის ჯილდოთიც გამოჩენილ, ნოვატორ იუველირებს აჯილდოვებენ. ეს ჯილდო ფაბერჟეს დაწესებულია. პრიზი სულ 150 ადამიანს გადაეცა მსოფლიოში.
– როდის გადმოგცეს ეს პრიზი?
– 2010 წლის 15 ნოემბერს, თვითონ კარლ ფაბერჟე ფრანგი გახლდათ, და ჰუგენოტი იყო. მოგეხსენებათ, ჰუგენოტები განიცდიდნენ დევნას და ფაბერჟეები გამოიქცნენ სხვა ჰუგენოტებთან ერთად. ბევრი სირთულის შემდეგ, ჩამოვიდნენ რუსეთში.
– რუსეთში როგორ ცხოვრობდნენ?
– მათ თავიდანვე საიუველირო პროფილი არ ჰქონდათ, როგორც ყველა ფაბერჟეებმა, მათაც ძიებით დაიწყეს. კარლ ფაბერჟემ სპეციალური განათლება მიიღო ამ დარგში – ჯერ რუსეთში, შემდეგ გერმანიაში გააგრძელა სწავლა. დროთა განმავლობაში ფაბერჟე გახდა იმ რანგის იუველირი, რომელიც იმპერატორის დაკვეთებზე მუშაობდა. დაუახლოვდა მეფის კარს. ის ძალიან დიდ დაკვეთებს ასრულებდა. ძირითადად, ეს იყო იარაღის შემკობა, გალამაზება. შემდეგ წარმოიშვა იდეა ცნობილი ფაბერჟეს კვერცხების შესახებ. ცნობილია, რომ ფაბერჟეს ყოველი კვერცხი სიურპრიზს შეიცავდა. როგორც ახლა „კინდერ“ შოკოლადებშია. ეს ფაბერჟეს იდეაა. ფაბერჟეს კვერცხები მეფის ოჯახის წევრებისთვის იქმნებოდა. ერთ-ერთ კვერცხში რკინიგზაა, მეორეში – იახტა....
ფაბერჟე იყო შეუდარებელი იდეისა და გაქანების პიროვნება, რომელიც მხოლოდ საიუველირო საქმეში არ იყო განუმეორებელი, ის ძალიან ბევრ ტექნოლოგიურ საკვანძო საკითხში ერკვეოდა. მისი ყოველი საიუველირო ნაშრომი ამის დასტურია. ფაბერჟე არასოდეს მეორდება. მე ის მომწონს ფაბერჟეში, რომ მარტო იუველირი კი არა, ნოვატორია.
ფაბერჟეს ოჯახის ისტორია ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ცუდად წავიდა. საერთოდ, დაიფანტა მისი ძალიან დიდი კოლექცია, კომუნისტებმა გააპარტახეს. არ დატოვეს არაფერი. ბევრი ნივთი გაიყიდა. ფაბერჟეს შთამომავლობაც გაიფანტა. ერთ-ერთი მათგანი დაბინავდა შვეიცარიაში. მათ შორისაა ტატიანა ფაბერჟე. ის კარლ ფაბერჟეს შვილთაშვილია. ტატიანას ბებია მუხრანელი ბაგრატიონი იყო. ტატიანა ერთადერთია, რომელმაც გააგრძელა წინაპრის საქმიანობა. გახდა საიუველირო ნაწარმის დიზაინერი.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– გარდა იმისა, რომ ხელოვანს და ოსტატს ცხოვრების განმავლობაში მუდამ უწევს ნამუშევრების კეთება, არის მიდგომა, როდესაც გაიძულებენ აკეთო ის, რაც უნდა სხვას, ანუ პუბლიკას, დამკვეთს; ანდა, აკეთო ის, რაც მოგწონს და ცდილობ, საკუთარი სტილით ხალხს მისცე მიმართულება, თუ რა უნდა მოეწონოს. ეს კოლექცია ამის მაგალითია და ამიტომაც, ჩემი კოლექციის ნიმუშები შექმნილია ჩემი აზროვნებით, ჩემი მიმართულებიდან და გემოვნებიდან გამომდინარე.