როდის ამჯობინებს ქალი სიყვარულს, უბრალო სექსს
ყველა ადამიანი თავად არის საკუთარი ბედის განმკარგავი. გადაწყვეტილების მიღებისას, შეგვიძლია, გავითვალისწინოთ რჩევა, სხვათა გამოცდილება, წიგნებიდან, ჟურნალებიდან, ფილმებიდან მიღებული შთაბეჭდილება, მაგრამ საბოლოოდ, მაინც გულის კარნახით ვმოქმედებთ. ვცდილობთ, გონებაც ჩავრთოთ ამ საქმეში, თუმცა ხან გამოგვდის ეს, ხან – არა. საკმაოდ რთულია, სტერეოტიპი სავალდებულო მოდელად გაიხადო. თუმცა, არსებობს რაღაც „სქემა“, რომელსაც მეტ-ნაკლებად მაინც ვითვალისწინებთ, თუნდაც, საზოგადოებრივ აზრს ვუწევთ ანგარიშს...
რაც შეეხება ბედნიერებას, ეს საკმაოდ ზოგადი ცნებაა, რომელიც ყველას თავისებურად ესმის. არ შეიძლება „ჩემი“ ბედნიერება შენთვისაც ბედნიერების მომტანი იყოს და პირიქით... რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა, კეთილდღეობა ბედნიერების განმსაზღვრელი ფაქტორებია, მაგრამ კიდევ რჩება ინტიმური, ძალიან პირადული ბედნიერება, რომელიც ყოველთვის ინდივიდუალურია.
მარიკო (34 წლის): ბედნიერება ინდივიდუალურია. ამას დამტკიცება აღარ სჭირდება. არც იმას სჭირდება დამტკიცება, რომ ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს. ამ თავისუფლებაში მე ვგულისხმობ არჩევნის უფლებას და მოქმედების თავისუფლებას. ვისაც როგორ მოსწონს, ისე უნდა იცხოვროს. რასაკვირველია, კანონის ფარგლებში. ამაზე არც არის ლაპარაკი.
– თქვენ ფიქრობთ, რადგან ადამიანურ ურთიერთობებს კანონმდებლობა ნაკლებად ეხება, ყველაფერი დასაშვებია...
– მე არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ ყველაფერი დასაშვებია. მაგრამ მარტო მე ვიცი, რა მჭირდება იმისთვის, რომ თავი კარგად ვიგრძნო. ანუ, ბედნიერებისთვის რა უნდა გავაკეთო, ამას ვერავინ მირჩევს. ვერც ვერავის მაგალითით ვიცხოვრებ. უკვე გავიარე ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი და ცრემლის მეტი, სხვა არაფერი მომიტანა. როცა ისე ვცხოვრობდი, როგორც საჭიროა, დარდით და ნერვიულობით ვკვდებოდი. ოღონდ მართლა. არასდროს მიგრძნია თავი კარგად მარტო იმიტომ, რომ ისე ვიქცეოდი, როგორც, თურმე, „ნორმალური“ ადამიანები იქცევიან. ამაზე ახლა უკვე ვიცინი. საერთოდ, რას ნიშნავს გამოთქმა: „ნორმალური ადამიანის საქციელი“. ვინ დაადგინა და გადაწყვიტა – როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა იქცეოდეს ნორმალური ადამიანი. საზოგადოება ძალიან ცდება, როცა ზედმეტ უფლებებს იღებს საკუთარ თავზე. ჩემი ცხოვრება ჩემი ცხოვრებაა და ვალდებული არ ვარ, ვინმეს შევუთანხმო – რას გავაკეთებ, როდის და როგორ. დიდი ხანი არ არის, რაც ამ დასკვნამდე მივედი. იყო დრო, სხვანაირად ვფიქრობდი, მაგრამ ეს ადრე იყო. სწორედ იმ დროის მერე მივხვდი, რომ სიყვარული „ბლეფია“.
– რას ნიშნავს, ბლეფია? თქვენ ფიქრობთ, რომ სიყვარული არ არსებობს?
– არა, მაგას არ ვფიქრობ. პირიქით, რომ არსებობს და ადამიანები მასზე დიდ იმედს რომ ამყარებენ, იმიტომაც არის „ბლეფი“.
– ალბათ, ბევრი არ დაგეთანხმებათ.
– ვიცი, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს და ამ დასკვნამდე კონკრეტული გამოცდილების შემდეგ მივედი. მეც ვიყავი შეყვარებული, მაგრამ სიყვარულმა ბედნიერება ვერ მომიტანა. იცით, როგორ მიყვარდა? – უანგაროდ და გულწრფელად. რომ იტყვიან, ყურებამდე ვიყავი შეყვარებული. თუმცა, ეს ჩემი სიყვარული „იმას“ თავში აუვარდა და საკუთარი გრძნობა უკან ძალიან ცუდად შემომიტრიალა. იმდენი ვინერვიულე, რომ ეტყობა, მაშინ საბოლოოდ დავკარგე სიყვარულის სურვილი. ხომ იცით, რაღაც ეტაპზე მიხვალ და მერე შეიძლება „გადაიწვე“. მე ვიყავი ასეთ ზღვრამდე მისული, მართლა ძალიან მიყვარდა და კარგა ხანს დაბრმავებული დავდიოდი. მერე უკვე აღმოვაჩინე, რომ არავის სჭირდებოდა ეს სიყვარული, თვალები ამეხილა. მივხვდი, ბედნიერებას იქ არ ვეძებდი, სადაც უნდა მეძებნა. გადაწყვეტილება მივიღე, ცოლად გავყოლოდი ადამიანს, რომელიც ჩემი სიამოვნებისა და კეთილდღეობისთვის იცხოვრებდა. მთავარი პრიორიტეტი ეს უნდა ყოფილიყო. დანარჩენისთვის კი, ყურადღება არ უნდა მიმექცია.
– დანარჩენი, ანუ...
– ანუ, მამაკაცის ასაკი. მისი გარეგნობა, ფიზიკური მონაცემები, ინტელექტი, რაღაც-რაღაცეების ნიჭი... ხვდებით ხომ, რასაც ვგულისხმობ.
– სიყვარულიც გამორიცხეთ?
– ჩემი მხრიდან – კი. მისი მხრიდან თუ იქნებოდა გრძნობა, მე საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა, მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ, არ ჰქონდა ამას მნიშვნელობა.
– თუ არ უყვარხარ ადამიანს, როგორ იზრუნებს და იფიქრებს შენს სიამოვნებაზე?
– რა პრობლემაა?! კარგი ოჯახის შესაქმნელად სულაც არ არის საჭირო სიყვარული. პირიქით, მე თუ მკითხავთ, ეს „გადარეული“ სიყვარული ხელსაც კი უშლის მაგ საქმეს. სიყვარული ხომ გონებას ახშობს. ემოციების კარნახით აშენებული ოჯახი კი ისეთი არ არის, როგორც გონებით აგებული. მე არ ვამბობ, რომ მეუღლეებს ერთმანეთი უნდა სძულდეთ, არანაირად. მაგრამ, პატივისცემა ერთმანეთის მიმართ და ერთმანეთის გაგების სურვილი, აბსოლუტურად საკმარისია. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან კარგი ოჯახი გვაქვს, სტაბილური და მშვიდი. ყოველთვის ყველაფერში ვუდგავარ გვერდით და მის ინტერესებს „ხმალამოღებული“ დავიცავ. მან ეს იცის. ჩვენ გვაქვს ფასეულობები, რომლებიც გვაერთიანებს და ეს სიყვარულზე ძლიერია. მე ბევრი ახლობელი მყავს, ოჯახი სიყვარულით რომ აქვთ შექმნილი და ვერავითარ უპირატესობას ვერ ვხედავ, ჩემთან შედარებით. უფრო პირიქით არის, მე გაცილებით უკეთესი ურთიერთობა მაქვს ქმართან. იდეალური ფორმულა შევიმუშავე ბედნიერებისთვის – სტაბილურობის განცდა ქმართან და სექსი, წმინდა ფიზიკური სიამოვნება – სხვასთან.
– ვერ გავიგე?!
– გაუგებარი რა არის? სტაბილურობა ძალიან კარგია და აუცილებელი, მაგრამ ზოგჯერ ადრენალინიც საჭიროა. ცხოვრებაში ოქროს პრინციპი მაქვს: „აქ და ახლავე“. არავითარი შორს მიმავალი გეგმები. მამაკაცით უნდა გაერთო და მორჩა. საკმარისია, მათ რაიმე უპირატესობა მიანიჭო, მაშინვე თავში აუვარდებათ. ჰგონიათ, რომ რაღაცას წარმოადგენენ. ქალების პრობლემა, იცით, რა არის? – ძალიან ნაკლებად სცემენ პატივს საკუთარ პერსონას. უმრავლესობას სჭირს ეს უბედურება. დიახ, უბედურება. სხვას ვერაფერს დავარქმევ. რატომ უნდა დააყენო ვიღაც საკუთარ თავზე მაღლა. მე ამ პოზიციაზე მარტო საკუთარ შვილს თუ „ავწევ“. შვილიც, იმიტომ რომ ის შენი სისხლისა და ხორცის ნაწილია. ანუ, იგივე შენ ხარ. ამაზე არც არის ლაპარაკი. შვილისთვის სიცოცხლესაც დაუფიქრებლად მივცემ. მაგრამ როცა საქმე ურთიერთობას ეხება, მით უმეტეს, ქალისა და კაცის ურთიერთობას, ამ შემთხვევაში, მსხვერპლშეწირვის დიდი წინააღმდეგი ვარ. მაინც არავინ დაგიფასებს და არავინ დაინახავს ამას. ზურგი სიყვარულს იმიტომაც შევაქციე, რომ დავინახე, სულ ტყუილად ვათენებდი ღამეებს ტირილში. ისე, ერთხელ უნდა გამოსცადო ეს საკუთარ თავზე, რომ ჭკუა ისწავლო. სერიოზულად ვამბობ. მე კარგი გაკვეთილი რომ მივიღე, გონზეც მოვედი. იმის მერე ავაწყვე ჩემი ცხოვრება კარგად. ახლა მე ყველაფერი მაქვს, რაც ქალს ბედნიერებისთვის სჭირდება. მყავს ქმარი, ოჯახი, შვილი... მეგობრები, რომლებისთვისაც ხშირად „მაშველი რგოლი“ ვარ...
– ქმარს, ალბათ, ძალიან უყვარხართ და დარწმუნებულია თქვენს ერთგულებაში.
– მერე, ვარ კიდეც მისი ერთგული. თქვენ რა გგონიათ, სექსი სიყვარულის გარეშე, გრძნობის გამოკლებით, არაფერი არ არის, გარდა წმინდა ფიზიკური სიამოვნებისა. მე საყვარელი კი არ მყავს, უბრალოდ, ხანდახან, ვალდებულებების გარეშე, სექსი რელაქსაციის იდეალური საშუალებაა. სულ ეს არის. ჩემი ქმრის გრძნობებზე კი არ ვილაპარაკებ. ეს მისია, მისი პირადია და თავად იცის, რად უღირს.
– ანუ, მან იცის, თქვენი „რელაქსაციის მეთოდის“ შესახებ?
– მე არ ვიცი, რა იცის მან? ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად ვაშენებთ ჩვენი შვილის და ჩვენს მომავალს. ამ გზაზე კი ვინ საით გადაუხვევს რამდენიმე საათით, არც ერთი არ ვკითხულობთ. ცოლქმრობა არ ნიშნავს იმას, რომ ერთიც და მეორეც მთლიანად „გაიხსნას“ და „გაიშიფროს“. შენი „ტერიტორია“ უნდა გქონდეს, რომელიც ხელშეუხებელი და დაცული იქნება. თქვენ, ალბათ, არ დამეთანხმებით. კიდევ ბევრი იტყვის, რომ მე უზნეო ვარ. მაგრამ, ნამდვილად არ არის ასე. გაგეცინებათ, მაგრამ მე ერთგულება ცოტა სხვანაირად მესმის. ჩემს ქმარს შეუძლია, ყველაფერში ჰქონდეს ჩემი იმედი. მან ეს იცის. ნურც ისე იფიქრებთ, რომ პარტნიორებს ქუჩა-ქუჩა დავეძებ. უბრალოდ, როცა მომენტი ჩამივარდება, სიამოვნებაზე უარს არ ვამბობ.
– „მომენტი“ როგორ „ჩაგივარდებათ“ ხოლმე?
– ხან როგორ, ხან როგორ... როგორც უკვე გითხარით, საყვარელი არ მყავს. ეს საშინელებაა. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები „საყვარლის ინსტიტუტს“, როგორც ქალის, ასევე კაცის მხრიდან. ეს მარაზმი სნობიზმის ერთ-ერთი გამოხატულებაა და შეუძლებელია, ნორმალური ადამიანი შეეგუოს ამას, რომ მის პარტნიორს თანამოაზრე და თანამოზიარე კიდევ ჰყავდეს სხვა. ჩემთვის ეს კატასტროფაა. ფიქრით და გონებით მთლიანად ქმართან ვარ. აი, როცა ეს გაიყოფა სხვა კაცთან, მაშინ ვიქნები მოღალატე.
– უცნაური ლოგიკაა?
– თქვენთვის არის უცნაური, თორემ ჩემთვის ძალიან ნორმალური ლოგიკაა. ამიტომ, არ ვეკარები სიახლოვეს ცოლიან კაცებს. აგრესია მაქვს მათ მიმართ.
– იქნებ ისინიც „რელაქსაციის“ იმ ფორმას მიმართავენ, როგორსაც თქვენ.
– მიმართონ, ბატონო, მაგრამ ნუ შეფუთავენ ამას „სიყვარულის გარსში“ და ნუ შეეცდებიან, ისე მოგაჩვენონ თავი, რომ არ გაუმართლათ ცოლთან. ამ დროს სახლში, სწორედ იმ ცოლებთან ცუგოსავით აქიცინებენ კუდებს და გული უსკდებათ შიშით, ჩვენი „ცელქობის“ ამბავი არ გაიგონო. თუ ჩემი ქმარი ზოგჯერ ვიღაცასთან გაერთობა და იქ თავისი ფიქრის, გულის ნაწილს არ დატოვებს, ეს არ არის პრობლემა.
– ვეჭვობ, თქვენი მეუღლე იზიარებდეს ამ მოსაზრებას.
– რატომ გგონიათ?! მართალია, მე არ ვიცი, იზიარებს თუ არა, ამ საკითხზე ჩვენ არ ვლაპარაკობთ. რა საჭიროა. ვცხოვრობთ მშვენივრად. ურთიერთობაში პრობლემები არ გვაქვს.
– ალბათ, არ იცის თქვენი „რელაქსაციის“ თაობაზე.
– ხომ გითხარით, არ ვიცი-მეთქი. რატომ უნდა ვქექო იქ, სადაც არაფერი მესაქმება. რა მეტიჩრობაა. რაში მჭირდება. თქვენ უბრალოდ, არ იცით, როგორ ვართ ჩვენ ერთად. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ფორმალურად კი არ ვართ ერთად, მართლა უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. ბევრი ცოლ-ქმარი ინატრებდა – აი, ისეთი ცოლ-ქმარი ერთმანეთის ერთგულებაზე თავს რომ დებენ და საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს. მე ვფიქრობ, სწორედ ეს არის საშინელება და არა ის, რასაც მე ვაკეთებ.
– თქვენ ქმარს არ ღალატობთ?
– მე ამ შეკითხვაზე ასე გიპასუხებდით: დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს ქმარს თქვენთვის არ უღალატია? ჯერ ის უნდა ვთქვათ, რა არის ღალატი. მის არსს უნდა ჩავწვდეთ და გავაცნობიეროთ. თუ ღალატი ჰქვია სიტუაციიდან გამომდინარე, შემთხვევით კავშირს, მაშინ აბსოლუტურად ყველანი მოღალატეები ვყოფილვართ, იშვიათი გამონაკლისების გარდა. გესმით, ხომ, რასაც ვამბობ? მგონი, არ არის რთულად აღსაქმელი. მე ძალიან ბევრი ქალისგან მომისმენია, მთავარია, ჩემს ქმარს საყვარელი არ ჰყავდეს და თუ სადღაც, ერთხელ ვიღაცას „წაიხმარს“, არა უშავსო. ანუ, ეს არ არის ღალატიო.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ქალები და კაცები ერთმანეთისგან არ განვსხვავდებით?
– არა. რატომ განვსხვავდებით? ერთნაირად გვცივა, ერთნაირად გვშია, ერთნაირად გვწყურია, ერთნაირი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები გვაქვს. სექსიც ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა. ხომ მეთანხმებით? მაგრამ, ფიზიოლოგიიდან გამომდინარე, ანუ მარტო ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებით ადამიანთან ვერ იცხოვრებ. ეს უკვე სულ სხვა სფეროა. ჩემი ქმარი ის ადამიანია, ვისთან ერთადაც მინდა, რომ ვიცხოვრო. ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით.
– და... მხოლოდ სექსში გაქვთ აცდენა...
– არ გინდათ ირონია. მე მესმის თქვენი და არანაირად არ ვბრაზობ. რა სისულელეა. ჩემი ნებით მოვედი თქვენთან სასაუბროდ და ვხვდები, გიკვირთ კიდეც ჩემი საქციელი.
– გულახდილად გეტყვით, რომ მიკვირს.
– (იცინის) და არა მარტო ეს საქციელი გიკვირთ. ხომ მართალი ვარ? მაგრამ, რას გეტყვით, იცით? მე პიროვნება ვარ, ამ სიტყვის სრული გაგებით და კარგი გაგებითაც. ჩემი ქმრის თმის ღერი მირჩევნია ყველა მამაკაცს ერთად და ცალ-ცალკეც. ძალიან ბევრი რამის გაკეთება შემიძლია მისი ინტერესებისთვის. რაღაც ეტაპზე ამ ჩემს „რელაქსაციაზეც“ უარს ვიტყვი, როცა ფიზიოლოგია არც ისე აქტუალური იქნება. მე ახლა უკვე სხვა პრიორიტეტული ფასეულობები მაქვს. ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს და ისე განმსაჯოს მერე. არავის ვეომები და მინდა, ჩემს ცხოვრებაშიც არავინ ჩაერიოს.
– ახლა მივხვდი, ეს ჩვენი საუბარი ვიღაც-ვიღაცეებისთვის გაფრთხილებაა.
– შეგიძლიათ, ასეც იფიქროთ. არ არის პრობლემა. მე მაქვს ჩემი ცხოვრება, არავის ვუშლი ხელს. არავის ქმარს არ ვეხები. ყველა მშვიდად იყოს (იცინის). მოდი, ნუ დავაკონკრეტებთ ამ თემას. ჩემს ცხოვრებაზე რაც გინდათ, მკითხეთ. მგონი, საინტერესო რესპონდენტი ვარ. რაც მთავარია, განსხვავებული. განსხვავებული იმიტომ, რომ ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ. არ მიმაჩნია, რომ რაღაც საშინელებას ვაკეთებ და იმიტომ. ბევრი ფიქრობს ჩემნაირად და ბევრსაც ენდომება, მომბაძოს, მაგრამ ყველას არ შეუძლია, ისე იცხოვროს, როგორც თავად უნდა; ის აკეთოს, რაც მართლა უნდა. ამას გამბედაობა სჭირდება და კიდევ ფაქტების, მოვლენების სწორად შეფასება. მე ძალიან საღად ვაზროვნებ და ვმოქმედებ. არა მგონია, რამე შემეშალოს.