კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მამაჩემს ჩემი
სასიდედრო შეუყვარდა

დედა ადრე გარდამეცვალა და მამამ და ბებიამ გამზარდეს. მამაჩემი საკმაოდ წარმოსადეგი მამაკაცი იყო, თან, პრაქტიკულად, ყველაფრით უზრუნველყოფილი და, იმის მიუხედავად, რომ მე ვყავდი (ანუ, შვილიანი იყო), ბევრი ქალი ეპრანჭებოდა. ცდილობდნენ, მისი გული მოეგოთ და ცოლად გაჰყოლოდნენ, მაგრამ მამას ამის გაგონებაც არ უნდოდა – ჩემს შვილს სახლში დედინაცვალს ვერ მოვუყვან და ბავშვობას ვერ გავუმწარებ, ისედაც დაჩაგრა ბედმა, დედა რომ არ ჰყავსო. მართლა თან მყვებოდა და ყველანაირად ცდილობდა, ობლობა არ მეგრძნო.

რომ წამოვიზარდე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რა მსხვერპლი გაიღო მამამ ჩემ გამო და სულ ვცდილობდი, მეც სიყვარულით გადამეხადა ამაგი. ბიჭობაში რომ შევედი, მაგარი ძმაკაცებიც გავხდით, ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით და ძმებივით უფრო ვიყავით, ვიდრე მამა-შვილივით. ბებოს ძალიან უხაროდა ჩვენი ასეთი ურთიერთობა, მაგრამ თავისი შვილი მაინც ძალიან ეცოდებოდა. ხშირად გამიგონია, როგორ ჩაილაპარაკებდა ხოლმე თავისთვის, – მოგიკვდეს დედა, როგორ უქალოდ დაიბერე თავიო. ცხადია, მთელი ამ წლების განმავლობაში მამა უქალოდ არ იქნებოდა, მაგრამ სახლში ქალი არასდროს მოუყვანია – ოჯახი წმიდათაწმიდად მიაჩნდა, მით უმეტეს, რომ იქ მე და დედამისი ვიყავით. ასეთი საქციელი ამორალობად მიაჩნდა. ამიტომ, ერთხელაც კი არ მომიკრავს ყური, რომ ცხოვრებაში ვინმე ქალი ჰყოლია.

უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, ია გავიცანი. დანახვისთანავე მივხვდი, რომ ჩემი ცოლი გახდებოდა. ერთი თვის შემდეგ ორივე დავრწმუნდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილი და დაქორწინება გადავწყვიტეთ. მე და იამ ყველა ტრადიციული წესი და ეტიკეტი დავიცავით: ჯერ მე მოვიყვანე სახლში და ჩემები გავაცანი, მერე კი იამ წამიყვანა თავისთან და დედა და უმცროსი და გამაცნო (იას მამა გარდაცვლილი ჰყავდა და დედამისი მარტო ზრდიდა ორ შვილს). მამამ ჩემი დაოჯახების შესახებ რომ გაიგო, ძალიან გაუხარდა, თან, იაც მოეწონა და, ერთი სიტყვით, ბედნიერებისგან დაფრინავდა. ჩემი საცოლის გაცნობის მეორე დღეს, მამამ გვერდით დამისვა და მორიდებით მითხრა, ჩვენ ხომ კაცები ვართ, თან – მეგობრებიც. ამიტომ, რაღაც მინდა გითხრა და, იმედია, გამიგებო. მე მაშინვე მივხვდი, საქმე მის პირად ცხოვრებას ეხებოდა და გამიხარდა კიდეც, რომ, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თავისთვისაც მოიცალა და წავახალისე – რაც არ უნდა მითხრა, ყველაფერში გაგიგებ და გვერდშიც დაგიდგები-მეთქი. მამა გამომიტყდა, რომ რამდენიმე კვირის წინ გაიცნო ქალი, რომელიც გულში ჩაუვარდა. რადგან შენ უკვე ცალკე ოჯახი გექნება, მთლად მარტო რომ არ დავრჩე, თუ წინააღმდეგი არ იქნები, გაგაცნობ და მეც მოვიწყობ ჩემს პატარა, მყუდრო კერასო. სიხარულით დავთანხმდი – მინდოდა, მამაც ყოფილიყო ბედნიერი. ამიტომ, დავთქვით დღე, როცა მამას სახლში უნდა მოეყვანა თავისი გულის რჩეული და ჩვენთვის გაეცნო. ეს დღეც დადგა და ვერც კი წარმოიდგენთ, რა დამემართა, როდესაც მამასთან ერთად ჩვენს სახლში იას დედა შემოვიდა. ისეთი უხერხული სიტუაცია შეიქმნა, ვერც კი აგიწერთ. თავიდან არ მინდოდა, ეს ამბავი იას გაეგო, მაგრამ დამალვაც არ შეიძლებოდა. ერთი სიტყვით, ყველაფერი თავდაყირა დადგა, რადგან იამ ძალიან მძიმედ გადაიტანა ეს ყველაფერი. უკვე ერთი თვე ხდება, რაც ეს კოშმარი მოხდა. ჩვენ კი ისევ დაბნეულები ვართ და გაურკვევლობაში ვიმყოფებით – აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ.

ჯაბა, 24 წლის.



პირადი ცხოვრება ვერ ავაწყვე

ნათქვამია, ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდეო. მე პირიქით დამემართა. თითქოს ბავშვობიდან ყოველთვის ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავი და ყველა მე შემომნატროდა, მაგრამ პირად ცხოვრებაში არ გამიმართლა. ხშირად მიფიქრია, ვინმემ ხომ არ დამწყევლა ან რომელიმე ჩემი წინაპრის ცოდვამ ხომ არ მიწია-მეთქი.

როგორც გითხარით, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში გავიზარდე და გარეგნობაც ისეთი მქონდა, ყოველთვის ვხვდებოდი ყურადღების ცენტრში. მაგრამ, საკმარისი იყო, ვინმეს სერიოზულად მოვწონებოდი ან მომწონებოდა, რომ აუცილებლად რაღაც გაუთვალისწინებელი და საშინელი ხდებოდა და ყველაფერი ჩაიშლებოდა ხოლმე.

სულ პირველად რომ შემიყვარდა ბიჭი, მეათე კლასში ვიყავი. მასაც ვუყვარდი და მოვილაპარაკეთ, სკოლას რომ დავამთავრებდი და უმაღლესში ჩავაბარებდი, მაშინ დავქორწინებულიყავით. ჩემი შეყვარებული ჩემზე შვიდი წლით უფროსი იყო, უმაღლესი დამთავრებული ჰქონდა და მუშაობდა კიდეც. ორივეს ოჯახი თანახმა იყო ჩვენს დაქორწინებაზე, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, ჩემი შეყვარებული ავარიაში დაიღუპა, რამაც ისე იმოქმედა ჩემზე, რომ კინაღამ ფსიქიატრიულში აღმოვჩნდი. მესამე კურსი რომ დავხურე, მეგობრის ოჯახში გავიცანი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც იმ დღესვე ამიხსნა სიყვარული და ხელი მთხოვა. რა თქმა უნდა, ასე ქუჩიდან ვერ გავყვებოდი, მიუხედავად იმისა, რომ მეც მომწონდა. ჩვენ თითქმის ოთხი თვე ვხვდებოდით და ამ ხნის განმავლობაში უკეთ გავიცანით ერთმანეთი. ოთოს არ დაუმალავს, რომ ცოლს იყო გაშორებული და ორი შვილი ჰყავდა. ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და ვუთხარი, აღარ შეგხვდები, არ მინდა, სხვის ცოდვაში ჩავდგა ფეხი-მეთქი. ოთომ მითხრა, შენ რა შუაში ხარ, სანამ გაგიცნობდი, უკვე ორი წლის გაყრილები ვიყავითო. მე მაინც თავს ვიკავებდი, მაგრამ ბოლოს მაინც დამითანხმა. ოთო და მისი მშობლები ჩვენთან რომ მოვიდნენ ხელის სათხოვნელად (ანუ, ნიშნობაზე) და ქორწილის დღეც დავთქვით, ერთი კვირის შემდეგ ვიღაც ქალმა დამირეკა და მითხრა, – ჩაგივარდა კოვზი ნაცარში, ლამაზო, ოთო თავის ცოლ-შვილს დაუბრუნდაო. ამ ელდამ ჩემი ცხოვრების კიდევ ორი წელი შეიწირა. ბიჭისკენ გახედვის მეშინოდა. მაგრამ ცხოვრება გრძელდება და დრო მეტ-ნაკლებად ყველაფერს აშუშებს. ორი წლის შემდეგ გამაცნეს ბიჭი, რომელიც, მართალია, მომეწონა, მაგრამ სიყვარული ამ გრძნობისგან შორს იყო. მიუხედავად ამისა, ისეთი დადებითი პიროვნება აღმოჩნდა, მივხვდი, რომ მასთან ბედნიერი ვიქნებოდი და ცოლობაზე დავთანხმდი, მაგრამ, სრულიად მოულოდნელად, უკურნებელი სენი აღმოაჩნდა და ოჯახმა გერმანიაში წაიყვანა სამკურნალოდ. ამ ამბიდან სამი წლის შემდეგ პირდაპირ მეგობრის ქორწილიდან გავყევი ორი-სამი საათის გაცნობილ კაცს, ვიფიქრე, სანამ მე რამეს მოვიფიქრებ და გადავწყვეტ, კიდევ რამე არ მოხდეს-მეთქი. ჩემი ქმარი რაიონიდან იყო ჩამოსული და თბილისში კი არა, იმ თავის რაიონშიც აღარ ჰქონდა სახლი. ამიტომ, ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. თავიდან კარგად იქცეოდა, სულ თვალებში მიყურებდა, მერე კი, ყველას ნდობა რომ მოიპოვა, „აიწყვიტა“ ყველანაირი გაგებით: ქალები, ქეიფი, ძმაკაცები... ბოლოს პრეტენზიებიც გაუჩნდა – კარზე გარედან მამაშენის გვარი რომ აწერია, მე რა, კაცი არ ვარ, თუ ამ სახლში არ ვცხოვრობო. მერე თავისი და და სიძე მოძებნა, რომლებიც ჩემ გაცნობამდეც კი რამდენიმე წელი არ იცოდა, სად იყვნენ და ჩვენს ბინაში ჩაასახლა სამი შვილით – ქირა რატომ უნდა იხადონ, როცა მე ამხელა ბინაში ვცხოვრობო. მერე ვიღაც თავის მეგობარს საკმაოდ სოლიდური თანხის სესხებისას შუაში ჩაუდგა, იმან ვალი ვერ დააბრუნა და, ამას რომ დაეკისრა, მამაჩემს ესესხა – ის კაცი მომაშორებინე და სამ თვეში დაგიბრუნებო. მამას ამდენი ფული არ ჰქონდა და ვიღაც თავის თანამშრომელს გამოართვა სამი თვით, მაგრამ, ჩემს ქმარს არც უფიქრია იმ თანხის დაბრუნება და სახლიდან ძვირფასი ნივთები გავყიდეთ, რომ ვალი გადაგვეხადა. მას კი უხერხულადაც კი არ უგრძნია თავი. ჩემს მშობლებს უკვე ვატყობდი, გაძლებაზე იყვნენ, თან, ჩემი მულის შვილებმა მთელი სახლი ყირაზე დააყენეს და ყველაფერს ამტვრევდნენ. ერთი სიტყვით, ოჯახი საგიჟეთს დაემსგავსა. ერთ დღეს კი, ისე, რომ არავინ ვიცოდით, კარზე ვიღაც მაკლერი მოვიდა ახალგაზრდა ქალ-ვაჟთან ერთად – ბატონმა გელამ (ჩემმა ქმარმა) გამოგვგზავნა ამ მისამართზე და გვითხრა, ბინას ვყიდიო. ეს კი უკვე ბოლო წვეთი აღმოჩნდა, მით უმეტეს, როცა მამაჩემმა გაიგო, რომ ჩემი ქმარი ბაბუაჩემის დანატოვარი ბინის სამ ნაწილად „დახურდავებას“ აპირებდა ერთოთახიანი – დედაჩემსა და მამაჩემს, ოროთახიანი – ჩვენ (რადგან ორნი ვიყავით და შვილები არ გვყავდა), სამოთახიანი კი – ჩემს მულს. ეს რომ გაიგო მამაჩემმა, ვეღარ ვაბამდით, ისეთ დღეში ჩავარდა. ის მაკლერი ხომ კინწისკვრით გააგდო თავისი კლიენტებიანად. მერე შევარდა ჩვენს საწოლ ოთახში, მეც შემიყვანა და მიბრძანა, სასწრაფოდ ჩამელაგებინა ჩემი ქმრის პირადი ნივთები და ჩემოდნები პირდაპირ ქუჩაში გადამეყარა. შენ თუ ვერ შეელევი შენს ნაძირალა და გათახსირებულ ქმარს, თუ გნებავს, თან გაჰყევი, მაგრამ, იცოდე, ჩემს სახლში ფეხს აღარ დაადგამო. მე ხმა არ ამომიღია, ისე ჩავალაგე გელას ნივთები, დავურეკე მის ძმაკაცს და ვთხოვე, სასწრაფოდ მოსულიყო. მერე მას მოვუყევი აბსოლუტურად ყველაფერი და ვთხოვე, ეს ჩემოდნები გელას წაუღე და უთხარი, ხვალ გაყრაზე შემაქვს განცხადება-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, გელას მოშორება ისე არ გაგვჭირვებია, როგორც მისი დის ოჯახის – ცოცხალი თავით არ მიდიოდნენ. ამ ბინიდან ფართი გვეკუთვნისო, გაჰკიოდნენ. ბოლოს პოლიციამ, როგორც იქნა, გამოასახლა. ამ ამბიდან ერთი წელი არ იყო გასული, რომ ნათესავებმა ვიღაცა კაცის გარიგება დააპირეს, მაგრამ, ისე ვარ შეშინებული, არ არსებობს ოდესმე კაცზე ან გათხოვებაზე ვიფიქრო. სიმართლე გითხრათ, უკაცოდ უფრო მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ თავს.

ლალი, 35 წლის.



ჩემი და ქმარს ეყრება

ჩემი და ქმარს ეყრება, რის გამოც სიძის მთელი ნათესაობა აღშფოთებულია. საქმე ისაა, რომ ჩემი სიძე, როგორც იტყვიან, „მოგულავე“ კაცია. ხუთი წელია, რაც ცოლი შეირთო და თვე არ გავა, ვინმე ქალს არ აეკიდოს. ვიღაც ბანძების გამო რამდენჯერმე სახლიდანაც წავიდა, მაგრამ ერთ-ორ კვირაში ისევ უკან ბრუნდებოდა ჯიბეგაფხეკილი და კუდამოძუებული. ეს ჩემი ტუტუცი და კი, ყველაფერს პატიობდა და ურიგდებოდა. პირველად რომ წაბრძანდა ჩემი სიძე და მერე უკან დაბრუნდა, ყველამ ახალგაზრდულ გატაცებად თუ რაღაც ამდაგვარად ჩაუთვალა (მათ შორის, ჩემმა დამაც) და, მიუხედავად იმისა, რომ მისი ასეთი საქციელი ცოლსაც და შვილსაც დიდი ნერვიულობის ფასად დაუჯდა, ჭკუა ვერ ისწავლა. რადგან ყველაფერი აპატია ცოლმა, იფიქრა, კარგი ყოფილაო და რამდენიმე თვის შემდეგ იგივე გაიმეორა. მაშინ კი ვუთხარი ჩემს დას, თუ დროზე არ დასვამ შენს ქმარს თავის ადგილზე, იცოდე, შეგიწირავს-მეთქი. ამ სულელმა კი ტირილი დაიწყო და მითხრა, რა ვქნა, მიყვარს და არ შემიძლია, მაგის გარეშე ცხოვრება, ასჯერ რომ მიღალატოს, ასჯერვე ვაპატიებო. მაგრამ, ღალატიც არის და ღალატიც! აღარც ცოლ-შვილის ერიდება, აღარც თავისი მშობლების. მეზობლები ჩემს დას ზურგს უკან დასცინიან – ქმარი თავზე უშვრება (ბოდიშს ვიხდი უზრდელობისთვის), ის კი არც იმჩნევსო. ეს იდიოტი კაცი ვინმე ნორმალურ ქალთან რომ იჭერდეს საქმეს, კიდევ გავამართლებდი, ვიტყოდი, სხვა ქალი შეუყვარდა და რა ქნას-მეთქი, მაგრამ, ისეთ ქუჩის ქალებთან დაძვრება, თავმოყვარე კაცი მათკენ არც გაიხედავს. ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა, ჩემი თვალით დავინახე, შენმა სიძემ ცირკთან გააჩერა მანქანა, ვიღაც ორი მეძავი ჩაისვა და წავიდაო. მაშინ ახალი დაბრუნებული იყო ერთ-ერთი „პაბეგიდან“ და ჩემს დას ეგონა, რადგან კიდევ ვაპატიე, გვერდზე აღარ გაიხედავსო, მაგრამ... ეს ამბავი რომ გავიგე, იმ დღესვე მივედი ჩემს დასთან და ვუთხარი, ასე და ასე იყო და, თავმოყვარეობა თუ არ გაქვს, იმის მაინც გეშინოდეს, იმ ქუჩის ქალებისგან რამე არ აიკიდოს და შენ და ბავშვს არ გადაგდოთ-მეთქი. რა თქმა უნდა, არ დაიჯერა – იმ შენს ნაცნობს ვიღაცაში შეეშალაო, – მითხრა. მაგრამ, ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ჩემი ნათქვამი აუხდა ჩემს დას – ქმარმა ვენერიული დაავადება აჰკიდა და ახლა მთელი წელი უნდა იმკურნალოს. კიდევ კარგი, ბავშვს არაფერი გადაედო, ან, სულაც, შიდსი არ მოიტანა სახლში. როცა ექიმმა უთხრა, რაც სჭირს, ამას კი ვეღარ გაუძლო ჩემმა დამ და მიხვდა, რომ ვერანაირი პატიება ვერ გამოასწორებდა მის გარეწარ ქმარს. როგორც იქნა, გადაწყვიტა, გაყრაზე შეეტანა განცხადება. ამას, ცხადია, დედამთილ-მამამთილის საშინელი რეაქცია მოჰყვა – ვის ქმარს არ „უგულავია“, მაგრამ ქალს ოჯახი მაინც შეუნარჩუნებიაო. ჩემს დას რცხვენოდა, გაემხილა, რაც დამართა ქმარმა, მაგრამ, იძულებული გახდა და მამამთილს უთხრა, რაც მოხდა. ის ნამდვილად არ მოელოდა შვილისგან ასეთ საზიზღრობას, შეუვარდა ოთახში და ამხელა კაცი დაალილავა, ისე სცემა მთელი ოჯახის თვალწინ. დედამთილმაც ხმა ვეღარ ამოიღო, თუმცა მერე ზურგს უკან მაინც ჩემს დას ამტყუნებდა – კარგ ცოლს ქმარი ცხრაჯერ არ გაექცევაო.

ასე იყო თუ ისე, ჩემმა დამ მტკიცედ გადაწყვიტა გაყრა და განცხადებაც შეიტანა. რამდენიმე დღეში სასამართლო პროცესი იქნება. ჩემი ყოფილი სიძე და დედამისი, იმ იმედით, რომ, იქნებ, ჩემმა დამ განცხადება უკან გამოიტანოს, დღეში ასჯერ რეკავენ და ეუბნებიან, თუ გაეყრები, არც შენ და არც ბავშვს, კაპიკის საღირალს არაფერს მოგცემთო, მაგრამ, არაფერი გამოუვათ. არავის სჭირდება მაგათი ქონება, ჩვენ ჩვენიც საკმარისი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, ერთ ბავშვს როგორმე გავზრდით ისე, რომ არც მოშივდეს და არც შესცივდეს. ჩემს ყოფილ სიძეს კი ვურჩევ, დაივიწყოს ამათი სახელიც კი, თორემ, რაც დაემართება, მერე თავის თავს დააბრალოს.

იზა, 37 წლის.



შეყვარებულმა ძმობა შემომფიცა

მე და თაკო ერთად გავიზარდეთ, თან მეზობლებიც ვართ და, აქედან გამომდინარე, ბავშვობიდან ყოველდღე ერთად ვართ. თაკოს ჰყავს ჩვენზე ხუთი წლით უფროსი ძმა, გიგა, რომელიც 10 წლის ასაკიდან მიყვარს. შეიძლება, გაგიკვირდეთ, ასეთ ასაკში სიყვარული არ არსებობსო, მაგრამ, ნამდვილად ასე იყო. თუმცა, თავიდან ამას ვერ ვაცნობიერებდი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, ცოტა რომ წამოვიზარდე. ახლა მე 20 წლის ვარ, გიგა – 25-ის. მე და თაკო ისევ ძველებურად ვმეგობრობთ, მაგრამ მათთან ისე ხშირად აღარ დავდივარ, რადგან ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა გიგა სახლში მხვდება ხოლმე.

თაკო ხვდება, რაც მემართება, მაგრამ არაფერს მეუბნება, რაც, ჩემი აზრით, იმას ნიშნავს, რომ გიგას არ მოვწონვარ. რომ მოვწონდე, ეს თაკოსაც ეცოდინება და რაღაცნაირად შემაგულიანებდა. არ ვიცი, იცის თუ არა თავად გიგამ, რა დღეშიც ვარ, მაგრამ გარეგნულად არაფერს იმჩნევს, ისევ ისე მექცევა, როგორც წლების წინ, როცა მოკლე კაბებით დავრბოდით. მე მაინც შინაგანად სულ მქონდა იმედი, რომ ადრე თუ გვიან გიგა ჩემში ქალს დაინახავდა. სხვა თვალით შემომხედავდა, მაგრამ, ამ რამდენიმე დღის წინ, თაკოს დაბადების დღეზე რომ მივედი, გიგა იყო თამადა, საკმაოდ დალია და ჩემი სადღეგრძელო ისე შესვა, დავრწმუნდი, არასდროს შევუყვარდებოდი: ჯერ მაქო და მადიდა, მერე კი გამოაცხადა, ირმა (ანუ – მე), თაკოსთან ერთად, ჩემ თვალწინ გაიზარდა და ჩემს მეორე დად მიმაჩნიაო. მერე მოვიდა, გადამკოცნა და მითხრა – შენც ძმად მიგულე და, თუ რამე დაგჭირდა ან გაგიჭირდა და მე კი არა, სხვას მიმართე, იცოდე, მაგრად მეწყინებაო. ასე შემომფიცა ძმობა ბიჭმა, რომელიც ამდენი წელია, მიყვარს. მე სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა, გიგას კი ეგონა (და სხვებსაც), გული ამიჩუყდა, გულში ჩამიკრა და თავზე მაკოცა – კარგი, დაწყნარდი. რაც ახლა გითხარი, ჩემი სიცოცხლის ბოლომდე იქნებაო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა. ძლივს შევიკავე თავი, ხმამაღლა რომ არ ავტირებულიყავი. თაკოს რომ გადავხედე, მოწყენილი შესცქეროდა ძმას და მივხვდი, რომ მხოლოდ თაკომ ჩაიხედა ჩემს გულში, მაგრამ დამინდო და ხმა არ ამოუღია არც მაშინ და არც შემდეგ.

აი, ასეთ დღეში ვარ ახლა. ძალიან მინდა, გიგა გადავიყვარო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამომდის.

ირმა, 20 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3