როგორ ითამაშა სიკვდილის წინ ედიშერ მაღალაშვილმა სცენაზე და როგორ შეასრულებდა, მისი აზრით, დე ნირო მის როლს
ედიშერ მაღალაშვილი ექვსი წლის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ამ ადამიანის მიერ განსახიერებული ყველა პერსონაჟი უარყოფითია, თუმცა, მაყურებლისთვის საოცრად საინტერესოა. ამას ძალიან განიცდიდა და ამიტომაც ბოლო დროს უარი თქვა კინოში გადაღებაზე. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ დიდხანს გვემახსოვრება, როგორც კარგი მსახიობი, სათნო ადამიანი და უბრალოდ, სიმპათიური მამაკაცი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში თეატრის სცენიდან და ეკრანიდან ყველას სიამოვნებას გვგვრიდა. მისი ცხოვრების ფურცლები ძალიან სადა და მოკრძალებულია, თუმცა თქვენთვისაა დაწერილი. ბატონი ედიშერის შესახებ მისი შვილი გიორგი მაღალაშვილი გიამბობთ.
– ბატონი ედიშერი ერთი შეხედვით მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. გვიამბეთ, როგორი იყო ცხოვრებაში?
– მამა სულაც არ იყო მკაცრი და ხისტი. საკმაოდ რბილი და ადვილად სამართავი ადამიანი გახლდათ. თავისი ცხოვრების წესი ჰქონდა, რომელსაც არასდროს ღალატობდა. ვიცოდი, რომ უპარტიო იყო (საბჭოთა ეპოქაში მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანების უმრავლესობა კომპარტიის წევრი იყო, – ავტორი). ვიღაცამ თავის პარტიაში შესვლა შესთავაზა და ამაზე განრისხდა. მიაჩნდა, რომ ადამიანი საკუთარ არჩევანში თავისუფალი უნდა იყოს და არაფერი ზღუდავდეს. ასეთ შემთხვევაში თუ გამოხატავდა სიფიცხეს. სხვათა შორის, დედის უფრო გვეშინოდა, ვიდრე მისი. დედა, ნატალია ყავრიშვილი მამას სერიოზულად მართავდა, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. მან მამას გამო თავის კარიერაზე თქვა უარი. არადა, არაჩვეულებრივი პიანისტი იყო და დიდი გეგმები ჰქონდა. კონსერვატორიაში პატარა ჯგუფი ჰყავდა აყვანილი და მათ ასწავლიდა. მამას მისთვის არაფერი დაუშლია, პირიქით, სულ ეუბნებოდა – შენს საქმეებსაც მიხედე, ერთი კონცერტი გააკეთეო.
– როგორია მათი შეუღლებისა და თანაცხოვრების ისტორია. ცნობილია, რომ მამათქვენს ძალიან უყვარდა მეუღლე. თუმცა, როგორც პოპულარულ და სიმპათიურ მამაკაცს, ალბათ, თაყვანისმცემელი ქალებიც ბევრი ჰყავდა.
– დედაც ლამაზი ქალი გახლდათ. ერთმანეთი ოპერაში გაუცნიათ. მამას ძალიან მოსწონებია და თურმე გასაქანს აღარ აძლევდა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ოჯახში, მათ შორისაც ხდებოდა ხოლმე პატარა უთანხმოებები. დედა ოჯახის მმართველი იყო და მამა ყველანაირ ოჯახურ საქმეს ჩამოშორებული ჰყავდა. მართალია, მამა ლამაზი კაცი იყო, თუმცა არც ისე ტანადი, როგორც ეს ეკრანიდან ჩანდა. ბავშვობაში ცხენოსნობაზე უვლია და ამის გამო ცოტა დაგრეხილი ფეხები ჰქონდა. არასოდეს გამიგია, ვინმე ქალთან რაღაც ურთიერთობა ჰქონოდა. იყვნენ ვიღაცეები, სახლში გამუდმებით რომ რეკავდნენ, წერილებს აგზავნიდნენ. მამა ამაზე სიცილით კვდებოდა. მოსწონდა პოპულარობა. ერთხელ სოფელში ვიყავით სტუმრად. ნარდი გამომიტანეს, რომლის ერთ მხარეზე მამა ეხატა, მეორეზე – ლია ელიავა. ახალგაზრდობაში ის, პრაქტიკულად, უკონკურენტო მსახიობი იყო. სოფელ მელაანში ერთ ოჯახში სტუმრად დავდივარ. ორი ოთახის კედლები სულ მამას სურათებით აქვთ გაფორმებული.
სულ პატარა ვიყავი, როცა მამამ თბილისში ჩამოსული ინდოელი კინოვარსკვლავები – რაჯ კაპური და რიტა სახლში დაპატიჟა. რაჯ კაპურს კისერზე შევაჯექი, არ ჩამოვდიოდი.
მამას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა რამდენიმე მსახიობ ქალთან, ასევე გოჩა აბაშიძესთან, რომელიც, მახსოვს, სულ ხელში მათამაშებდა. ერთი პერიოდი მეჩნიკოვის ქუჩაზე ვცხოვრობდით, მარჯანიშვილის თეატრთან ორას მეტრში. სპექტაკლის შემდეგ ყველა ჩვენთან მოდიოდა და დიდი მხიარულება იყო. მარჯანიშვილის თეატრს თავისი ფეხბურთის გუნდი ჰყავდა, სადაც მამაც თამაშობდა. მეც დავყავდი და მავარჯიშებდა. როცა მეგობრებთან ერთად სადმე, წვეულებაზე მიდიოდა, მოგვკიდებდა ხელს ბავშვებს და თან დავყავდით, გვასწავლიდა სუფრასთან მოქცევის წესს, კულტურას. დროსტარება მის თაობას ბევრად განსხვავებული ჰქონდა. მამას ყოველთვის ჩამოსდიოდა კახეთიდან წარაფის ღვინო. ერთხელ მან და მისმა მეგობრებმა ბევრი დალიეს. მერე, ყველა რომ წავიდა, მამაჩემი იდგა და მთელი ღამე ვიღაცას კარს უღებდა და შინ ეპატიჟებოდა – მობრძანდით, დაბრძანდით, მიირთვით... ძლივს დავაძინეთ. ბადრი კობახიძე და რამაზ ჩხიკვაძე იმ საღამოს ტროლეიბუსით წასულან და მეორე დღეს ბადრი გვიყვებოდა, მთელი გზა რამაზი ტროლეიბუსში, ვიღაცას ეპატიჟებოდაო. მამაჩემმა ამაზე ბევრი იცინა. მერე დედამ უთხრა, – რა გაცინებს, წუხელ შენც იგივე არ დაგემართაო. იმის შემდეგ იმ ღვინოს თავაზიანი ღვინო დაარქვეს.
ერთხელ, თურმე, ბადრი და მამაჩემი ტელევიზორში ფიგურულ სრიალს უყურებდნენ. ძალიან ლამაზი ჩეხი მოციგურავე იყო, ჰანა მაშკოვა. მამამ თქვა – ნეტავ, ახლა ამასთან „პროიზვოლნი“ პროგრამა „მაკატავაო“. ეს დედაჩემმა გაიგო და უთხრა: „შენ ჯერ „ობეზატელნი“ შეასრულე და მერე იფიქრე „პროიზვოლნიზეო“.
– ცხოვრებაში ყველას თავისი დიდი და პატარა დარდი აქვს. რას განიცდიდა ყველაზე მეტად ბატონი ედიშერი?
– თავისი გულის ნადებს არავის უმხელდა. დედა რომ ჰკითხავდა, რაშია საქმეო, ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს იღებდა – არაფერიაო. მერე ვიგებდით ამბებს. მარჯანიშვილის თეატრიდან მისი წამოსვლა შემთხვევით არ მომხდარა. პირდაპირ უთხრეს – ყველაფერს შენ თამაშობ და ეგრე სად არისო. მაშინ მამამ თქვა: თუ გინდათ, წავალო. ძალიან კარგიო და რუსთაველის თეატრში წავიდა. ბავშვობიდან ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მარჯანიშვილის თეატრში უფრო გულჩათხრობილი კოლექტივი იყო. იმის გამო, რომ მამას, პრაქტიკულად, წამყვანი და წარმატებული როლები ჰქონდა, თან კინოშიც იღებდნენ, ვითომ ეძმაკაცებოდნენ, მაგრამ, თურმე, გულის სიღრმეში ბოღმა ჰქონდათ. ორი შვილი ვყავდით და უნდა გავეზარდეთ. რეპეტიციებიდან ჯერ გადაღებებზე, მერე გახმოვანებაზე გარბოდა. მაშინ ამოვისუნთქეთ, როცა „მოსფილმის“ ორსერიან ფილმში სერგო ორჯონიკიძე ითამაშა. ყოველ გადასაღებ დღეს ორმოცდაათ მანეთს უხდიდნენ. მაშინ რას ნიშნავდა ეს ფული, იცით. ბინაც გაარემონტა და ორი მანქანაც იყიდა, რომლებიც ბოლოს მე დავამტვრიე. სადმე რომ წავიდოდა, ავტოფარეხს ვაღებდი და გამომყავდა. რომ ჩამოვიდოდა, დამტვრეულს ვახვედრებდი, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, არაფერს მეუბნებოდა. ძალიან მოწესრიგებული ადამიანი იყო ყველა თვალსაზრისით. პეწიანად ჩაცმა უყვარდა. სარკესთან ორი საათი ტრიალებდა, სანამ სახლიდან გავიდოდა. თუ შარვალზე ზოლი სხვანაირად იყო დასმული, დედას ამაზე საყვედურობდა. თუმცა, როცა დედას არ ეცალა, ამ ყველაფერს თვითონაც უკეთესად აკეთებდა. ოჯახში აბსოლუტურად ყველაფერი ეხერხებოდა. ხელოსანი მის ხელში უბედური იყო, რადგან აქეთ ასწავლიდა ყველაფერს. მთელი განცხრომა იყო მისთვის მანქანის ხელოსნებთან ურთიერთობა. ეზოში თუ უბანში ყველასთვის ედიშერა იყო.
– შვილებმა რატომ არ აირჩიეთ მამის გზა, მსახიობობა?
– პროფესიით ექიმი-ნეიროქირურგი გახლავართ. სარეჟისოროზე მინდოდა ჩაბარება. მამამ მიშა თუმანიშვილთან მიმიყვანა. ბატონი მიშა დიდხანს მიხსნიდა, თუ როგორ უნდა ვიფრინო. მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ იყო რეჟისორობა. მამას არ უნდოდა, თეატრალურში ჩამებარებინა და ბატონ მიშასთან იმ მიზნით მიმიყვანა, ეგება, გადაათქმევინოსო. ჩემი ძმა კი, რაღაც პერიოდი, მსახიობობდა. მერე ისიც მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და თავი მიანება.
– თავის განვლილ ცხოვრებაზე თუ გიყვებოდათ რამეს?
– მამა დაუხვრიტეს და ეს ბოღმა წლების განმავლობაში კლავდა. მეგობრები ჰყავდა „სუკში“, რომლებმაც, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა, მამამისის სიკვდილის წინ დაწერილი წერილები წააკითხეს. პაპაჩემი სამჯერ ჩამოუხსნიათ თოკიდან. ბოლოს მაინც ასეთი რამ მოხდა. ერთ-ერთ წერილში წერს – დამნაშავე არ ვარ, რაღაც შეცდომააო.
მამას ქრონიკული პნევმონია ჰქონდა. ყოველი ზამთარი მისი ფილტვების ანთებით მთავრდებოდა. თეატრში გათბობა არ ჰქონდათ და სახლში რომ მოვიდოდა, ანტიბიოტიკებს ვაძლევდი. რამდენჯერმე რეანიმაციაში მოხვდა. ბოლოს კუჭიდან სისხლდენა დაეწყო და ძალიან სწრაფად დაიღუპა. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მოტყდა. დედა მას პატარა ბავშვივით უვლიდა, ცივ ნიავს არ აკარებდა. მერე ჩემმა მეუღლემ ითავა მისი მოვლა-პატრონობა, მაგრამ რასაც დედას ხელიდან შეჭამდა, იმაზე ჩემი მეუღლისთვის შეეძლო ეთქვა – ამას არ ვჭამო. ალბათ, იმიტომ, რომ ერიდებოდა.
– რა შეგიძლიათ, გაიხსენოთ ფილმებიდან, რომელშიც ის თამაშობდა – „ჩრდილი გზაზე“, „გაზაფხული საკენში“...
– ფილმში „გაზაფხული საკენში“, სადაც ლიანა ასათიანთან ერთად თამაშობს, ბოლო სცენაა, კავკასიის მთებში არიან და ლიანას ეუბნება – ამ მთების იქით რუსეთია, რუსეთში – ქალაქი მოსკოვში, მოსკოვში – კრემლი, კრემლში სტალინი ზის და მე შენ მიყვარხარო. ამაზე მითხრა: ერთი მითხარი, დე ნირო თუ ითამაშებდა ამ როლს. ქალთან ვზივარ, სიყვარულს ვუხსნი და ამ დროს სტალინზე ველაპარაკებიო. რასაც თამაშობდა, ბოლომდე უნდა დახარჯულიყო. ბოლოს თეატრში საკმაოდ სერიოზული სტენოკარდიის ფონზე, ერთ-ერთ სცენაში თხუთმეტი წუთი შეუჩერებლად იცეკვა.