სად შეხვდა ვაკო ავალიანი ბარაკ ობამას მრჩევლებს და ვისი დამსახურებით შედგა მან ფეხი ამერიკაში თეთრ სახლში
ალბათ, ყველას ახსოვს ვაკო ავალიანის სატელევიზიო პირდაპირი ჩართვები, დატვირთული დღის რეჟიმი და გადარბენები. ახლა, ის, ირაკლი ალასანიას პარტიაში, პრეს-ცენტრის უფროსია და მიუხედავად დატვირთული სამუშაოსი, როგორც თავად ამბობს, თავისუფლი დრო მაინც რჩება, რომელსაც თავის ოჯახთან, შვილებთან ერთად ატარებს. ახლახან ვაკო ამერიკაში იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით და, თუ ადრე თავად ცდილობდა, კამერის ობიექტივში მოეხვედრებინა პოლიტიკური ფიგურები, ახლა თავად აღმოჩნდა ამ ამპლუაში.
ვაკო ავალიანი: მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ, მაინც დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს. ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მინდა, რომ ვაკეთო. სულ ვამბობ, ტელევიზია კი დავტოვე, მაგრამ არც მისგან შორს წავსულვარ-მეთქი. ახლაც ხშირად მიწევს, ჩემს კოლეგებთან ურთიერთობა. მათგან განსხვავებით კი, მეტი თავისუფლება მაქვს, არც პირდაპირი ჩართვები მიწევს და არც პირდაპირი ეთერი. მეტ დროს ვატარებ მეუღლის და შვილების გარემოცვაში და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ჩემი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– ამბობენ, პოლიტიკა ბინძური საქმეა და ერთხელ თუ გაისვარე, მას ვერასდროს ჩამოირეცხავო. ამაზე რას ფიქრობ?
– პოლიტიკა იმდენადაა ბინძური, რამდენადაც შენ, ადამიანი, ხარ თავად ბინძური. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ არც მე ვარ ბინძური ამ მხრივ და არც ის ადამიანები, ვისთანაც მუშაობა და საქმის კეთება მიწევს.
– აღნიშნე, რაც ტელევიზიიდან წამოვედი, მეტი თავისუფალი დრო მრჩებაო. ვისთან ერთად ატარებ უმეტესწილად, ამ დროს?
– თავისუფალი, ძირითადად კვირას ვარ და მთელ დღეს ბავშვებთან ვატარებ. მათი ნებისმიერი სურვილი უნდა შევასრულო. ხანდახან ყირაზეც ვდგები (იცინის). მგონი, ყველა მშობელი ასეა. შვილებთან დათმობებზეც წავსულვარ და მათი სურვილებიც დაუყოვნებლივ შემისრულებია. აი, ასეთი მამა ვარ.
– ახლახან ამერიკაში იმყოფებოდი. ვიცი, ამ ქვეყანაში ჟურნალისტის სტატუსით არაერთხელ ყოფილხარ ჩასული. თუმცა, ბოლო ვიზიტის დროს, თავად გახდი ჟურნალისტების სამიზნე. ხომ არ ვცდები?
– მართალია, ამერიკაში განსხვავებულ ამპლუაში ჩავედი. ადრე, გარეთ ველოდებოდი ხოლმე რესპონდენტებს, ახლა კი თეთრ სახლში, თავად ვესწრებოდი შეხვედრებს. მერწმუნეთ, სულ სხვაა, როცა თავად ხარ პროცესების მონაწილე და არ ელოდები, როდის გამოვა იქიდან სხვა და გეტყვის რა მოხდა შიგნით. იმასაც გეტყვით, რომ, რაც შიგნით ხდება, ის გარეთ არასდროს გამოდის. არ დამავიწყდება ის დრო, როცა თეთრი სახლის მიმდებარე მინდორზე, კამერებისა და კოლეგა ჟურნალისტების გარემოცვაში ველოდებოდი, პრეზიდენტების გამოსვლას და მათ კომენტარებს. ახლა კი დახურული შეხვედრების თანამონაწილე და დამკვირვებელი გახლდით. იქ გადაღებები არ ხდებოდა და იმყოფებოდა ამერიკის პრეზიდენტის – ბარაკ ობამას ორი თანაშემწე, ერთი, მრჩეველი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, მეორე კი ობამას მრჩეველი რუსეთის საკითხებში. ორივე საკმაოდ გამორჩეული ფიგურაა და ისინი, ჩვენთან შეხვედრის შემდეგ, ესწრებოდნენ ლისაბონში ობამა-სააკაშვილის შეხვედრას. მათ პირადი ურთიერთობები აქვთ ირაკლი ალასანიასთან, საკმაოდ თბილი და სასიამოვნო მოსაუბრეები არიან. მათ, ირაკლიმ ჩემი თავი გააცნო, არა როგორც ჟურნალისტი, არამედ, როგორც პრეს-სპიკერი. ასე რომ, წელს შეცვლილი ამპლუით ჩავედი ამერიკაში და თეთრ სახლშიც, პირველი, ოფიციალური ნაბიჯი შევდგი (იცინის). ამერიკაში ცოტა უძილობის პრობლემამ შემაწუხა სამი დღის განმავლობაში. თორემ, სხვა მხრივ ყველაფერი რიგზე იყო. ახლა, ვიცი, რომ თვითმფრინავში უნდა გამოიძინო კაცმა, რომ საღი თვალით შეაფასო მერე მოვლენები უცხო მხარეში ჩასულმა (იცინის). ირაკლის თვითმფრინავში, მთელი ცხრა საათი ეძინა და ამიტომ, მას უძილობის პრობლემა არ ჰქონია ამერიკაში. ბევრს ჰგონია, რომ ირაკლი ძალიან ჩაკეტილი პიროვნებაა. ეს ასე არ არის. ძალიან ღია ადამიანია და ნებისმიერ დროს შემიძლია, მასთან გულახდილი საუბარი. ისიც ვიცი, რომ ბრძოლის ველზე არავის დატოვებს მარტო. ამიტომაც, ვდგავარ დღეს მის გვერდით. ერთხელ, მიუნხენიდან ვბრუნდებოდით. უცებ, პანიკა ატყდა. თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. არც კი შეგვიმჩნევია მე და ირაკლის ეს ამბავი, არადა ხალხი, უკვე გამოსათხოვარ ბარათებს წერდა (იცინის).
– თქვენ რატომ იჯექით მშვიდად?
– ორივეს გვეძინა (იცინის). მერე, გაგვაღვიძეს და უკან გადაგვსვეს. გადარეულები გვიყურებდნენ მგზავრები, რა მშვიდად არის ეს ორი ადამიანიო. ისე, ირაკლის ემოციების მოთოკვა ეხერხება და არასდროს მინახავს მან ემოცია გადაჭარბებული დოზით გამოხატოს. მიშასგან განსხვავებით, ირაკლის ემოციის მოთოკვა ეხერხება. სამსახურში მე და ირაკლი ანუ თავმჯდომარე და პრეს-სპიკერი მეგობრები ვართ. სამსახურის გარეთ კი, ძმაკაცები. სხვანაირად, არც გამოვა.
– პირად საკითხებზე თუ არის ის შენთან გახსნილი?
– პირად თემებზე არც ირაკლის და არც მე არ გვიყვარს საუბარი. თუმცა, არის მომენტები, როცა ამაზეც ვლაპარაკობთ. ისეთი ოპტიმისტია, ყოველთვის ასეთ ტალღაზე გადამაწყობს ხოლმე, თუ რაიმე პრობლემაზე შევჩივლე. მეც მიმიცია მისთვის რჩევა და ეს ბუნებრივიცაა.
– როგორი თანამოსუფრე და თამადაა? „შალახოზე“ ერთად თუ გიცეკვიათ?
– არაჩვეულებრივი თანამოსუფრე და თამადაა ირაკლი და დუეტში თუ პოლიტიკა კარგად გამოგვდის, „შალახო“ შეგვეშლება? (იცინის). მისი მოლხენაც მინახავს და სიმღერაც. სმენაც კარგი აქვს და ქალაქურ სიმღერებს, ჩემთან შედარებით, კარგად მღერის. სიმღერა კი, მაგრამ, ირაკლის ცეკვა არ მინახავს. აი, მე საერთოდ ვერ ვმღერი, მაგრამ „შალახო“ ჩემი შესრულებით, ცნობილი ფაქტია (იცინის). თუმცა, გამოგიტყდებით, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ვარ და ენა მიჭრის, ჩემგან თამადა ვერ დადგა. რაც არ გამომდის, არ გამომდის და ამაზე უარი ვთქვი. ყოველთვის ვიცი, ირაკლი სად არის და თუ ამერიკაშია, არ ვიძინებ აქ, ვიცი რომ დამირეკავს. ვზივარ ხოლმე ღამით და ვიცი, ზუსტად რომელ საათზე დამირეკავს. ბევრს, ის ეგონა მიშა სააკაშვილის ნათესავი და რეგიონებში შეხვედრები რომ გვქონდა, უკითხავთ მისთვის – კაცო, მიშას ნათესავი ხარ და ასე რატომ ლაპარაკობ მასზეო. ერთხელ, სამეგრელოში ვიყავით, მორიგი გასვლა და შეხვედრა გვქონდა მოსახლეობასთან. ერთი ქალბატონი მიუახლოვდა ირაკლის და ეუბნება: რა კარგია ჟურნალისტების გარეშე რომ მოხვედით, ასე უფრო გულახდილები ვართო. გავიხედე, მეორე ქალი ეუბნება: რა ჟურნალისტების გარეშე, ეს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი რომ დგას, აბა, რა უნდა აქო. (იცინის). მერე ვხუმრობდი, ეტყობა, იმ ქალს მიგზავნილი ვეგონე, კამერა სადღაც მქონდა დამალული და გადავურჩი მეგრელი ქალის „გაჩხრეკას“-მეთქი (იცინის). მერე, ჭკუა ვისწავლე და თავიდანვე ვაფიქსირებდი, რომ მე ჟურნალისტი არ ვარ, პრეს-სპიკერი გახლავართ-მეთქი. თორემ, მის გვერდით რომ მხედავენ, ამბობენ, ჟურნალისტი წამოუყვანია თანო. ახლა ცოტა შეეჩვივნენ იმ ფაქტს, რომ მე აღარ ვარ ტელევიზიაში, პირდაპირ ჩართვებში და არც ირაკლია მიშას ნათესავი. ბევრჯერ, კახეთში გასვლის დროს ჩურჩხელები და მოქსოვილი წინდებიც უჩუქებიათ ირაკლისთვის. სვანეთში კი, ისე მიმიღეს ეს ავალიანის კაცი სვანებმა და ისე მომაქციეს ყურადღება, რომ, რა გითხრათ...
– ესე იგი, სვანის და მეგრელის პოლიტიკური ტანდემი შედგა?
– შეიძლება ითქვას, შედგა. კიდევ გვყავს ერთი სვანი პარტიაში – თეა წულუკიანი და ვხუმრობთ, ორი სვანის გარემოცვაში გვყავს მეგრელი ირაკლი ალასანიაო (იცინის).
– საკუთარი თავი პოლიტიკაში უკვე აღმოაჩინე?
– შეიძლება ითქვას, რომ მე ჩემი თავი პოლიტიკაში უკვე აღმოვაჩინე. 2008 წლის ომის შემდეგ, ბევრი რამ განსხვავებულად დავინახე, ბევრი კითხვა გამიჩნდა, მივხვდი რაღაც-რაღაცეებს და გარდატეხის პერიოდიც დადგა ჩემთვის. ვიფიქრე, „ეს უნდა შეიცვალოს“ და ჩემს თავში ახალი მიმართულების გზაც დავსახე. ადრე, მხოლოდ ვაშუქებდი იმას, რასაც ვხედავდი, მაგრამ იმის იქით რა ხდებოდა, ვერ ვამჩნევდი და ახლა არ ვნანობ, რომ დღეს, მაყურებლის როლში აღარ ვარ და უშუალოდ ვხვდები იმ ხალხს, ვისაც სჭირდება ჩემი მხარდაჭერა.
– ვაკო, ხომ არ იყო ამის მიღმა ფინანსური დაინტერესებაც?
– ფინანსური დაინტერესება ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ტელეჟურნალისტიკა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურია. ბევრს ეს არ სჯერა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, მართლა ასე იყო და თუ გინდათ, ნუ დამიჯერებთ.