რომელ ბარონესასთან ჰქონდა რომანი ბელგიის მეფე ალბერტ მეორეს და თავისი რომელი სასახლე დაუთმო მან უსახლკარო ბელგიელებს
სამეფო ტახტი ამ ევროპელ მონარქს უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ ერგო და მისი აღმატებულობა, ალბერტ მეორე ბელგიელი ეწოდა. ალბერტი ბელგიის სამეფოს მეექვსე მეფეა და სამეფო ტახტი მას 1993 წელს, ძმის, მეფე ბოდუენის გარდაცვალების შემდეგ ხვდა წილად. ხშირად ხდება, რომ ალბერტ მეორე მონაკოს პრინც ალბერ მეორეში ეშლებათ. ჩვენი ჟურნალის ამ ნომრის საინტერესო ფაქტების წაკითხვის შემდეგ, ბელგიელი მონარქის შესახებ მკითხველისთვის ბევრი რამ გახდება ცნობილი.
* ბელგიის მეფე ალბერტ მეორე განთქმული ევროპული სამეფო საგვარეულოს – საქსენ-კობურგების წარმომადგენელია. ეს საგვარეულო დამოუკიდებელი ბელგიის სამეფოს დაარსების დღიდან, ანუ 1832 წლიდან მართავს ქვეყანას, ანუ მას შემდეგ რაც სამეფო ტახტზე მეფე ლეოპოლდ პირველი ავიდა. ბელგიის ამჟამინდელ მეფეს ნათესაური კავშირი აქვს: დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ მეორესთან, ბულგარეთის ყოფილ მეფესა და შემდგომში ექს პრემიერ-მინისტრ სიმოენ მეორესთან; ნორვეგიის მეფე ჰარილდ მეხუთესთან და მის დებთან ნორვეგიის პრინცესებთან – ასტრიდსა და რანგჰილდთან.
* თავისი ძმის, ბოდუენის მსგავსად, ალბერტიც 1940 წლის მაისში გერმანელების მიერ ოკუპირებული ბელგიიდან გაიქცა, თუმცა აგვისტოში უკანვე დაბრუნდა. 1944 წელს, იგი ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო შემდეგ – შვეიცარიაში, სადაც დაასრულა კერძო სკოლა „როზას ინსტიტუტი”. მოგვიანებით, ალბერტმა დაამთავრა სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი ბრიუგეში. იგი ატარებს გენერალ-ლეიტენანტისა და ბელგიის საზღვაო-საჰაერო ძალების ვიცე-ადმირალის წოდებებს. 1962-1993 წლებში მას ბელგიის საგარეო ვაჭრობის ბიუროს პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. ამ თანამდებობაზე მუშაობისას იგი მთელ მსოფლიოში მოქმედ ბელგიურ სავაჭრო კომპანიებს აკონტროლებდა. გარდა ამისა, ტახტზე ასვლამდე ალბერტი ბელგიის წითელი ჯვრის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
* 1958 წელს პრინცი ალბერტი ბელგიის წარმომადგენლის სტატუსით ესწრებოდა რომის პაპ პიუ მეთორმეტის დაკრძალვის და ახალი პაპის, იოანე ოცდამესამის გამოცხადების ცერემონიალებს. ამ სამგლოვიარო ღონისძიებაზე ალბერტმა გაიცნო ესპანეთის პრინცესა – პაოლა რუფო დი კალაბრია, რომელზეც დაქორწინდა 1959 წელს ბრიუსელში. აღსანიშნავია, რომ მისი ძმის, ბოდუენის მეუღლეც, ესპანური სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელი – პრინცესა ფაბიოლა მორა-ი-არაგონი იყო. ალბერტს და დედოფალ პაოლას სამი შვილი ჰყავთ, ტახტის მემკვიდრე – პრინცი ფილიპი, პრინცესა ასტრიდ საქსენ-კობურგელი და პრინცი ლოურენ საქსენ-კობურგელი. დედოფალი პაოლა დაკავებულია საზოგადოებრივი საქმიანობით და გატაცებულია ლანდშაფტის დიზაინით. მისი პროექტით არის მოწყობილი სამეფო ბაღი სასახლეში. ასევე, იგი ხელმძღვანელობს სამეფო პარკებისა და ბაღების მართვას.
* ალბერტი და პაოლა სამაგალითო წყვილად ითვლებოდა ბელგიაში, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ 60-იან წლებში მათ გამზადებული ჰქონდათ განქორწინების საბუთები. იმ პერიოდში ალბერტი ბევრს მოგზაურობდა სამსახურის გამო და პრესაში ხშირად იწერებოდა მისი გაუთავებელი სასიყვარულო ინტრიგების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გახმაურებულ სკანდალის სახელად იქცა. 60-იან წლებში ალბერტს რომანი ჰქონდა ბარონესა სიბილ დე სელის-ლონგშანთან, რომელთანაც 1968 წელს ქალიშვილი დელფინ ბოელი ეყოლა. მეფე ალბერტს დღემდე არ უღიარებია დელფინი თავის კანონიერ შვილად. თუმცა, ახსნა-განმარტებების გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით და ტელევიზიით ბელგიის მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდა მას მაინც მოუწია. ერთ-ერთ ინტერვიუში დედოფალი პაოლა იხსენებდა – „ჩვენ მართლა გადავიტანეთ კრიზისული პერიოდი. თუმცა, ამჟამად ყველაფერი იდეალურად არის და მე და ალბერტი ვგრძნობთ, რომ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები”.
* ბელგიის მეფე ალბერტ მეორე მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მონარქების კატეგორიაში შედის. ყოველწლიურად მისი შემოსავალი 13 მილიონ 858 ათას ევროს შეადგენს. თავისი დიდძალი ქონება მან ჯერ კიდევ სავაჭრო ბიუროს ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში დააგროვა. საინტერესოა, რომ ბელგიის სამეფო ოჯახის შენახვა ბელგიის მოქალაქეებს ნიდერლანდების სამეფო ოჯახის შენახვაზე სამჯერ ნაკლები უჯდებათ.
* 2009 წელს ბელგიის მეფემ, ალბერტ მეორემ ახალი, 27-მეტრიანი იახტა 4,6 მილიონ ევროდ შეიძინა და სახელად „ალპა” უწოდა, თავისი და დედოფალ პაოლას სახელების პირველი ორი ასოსგან შემდგარი აბრევიატურა. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ეს რიგით მეორე იახტაა მეფის კოლექციაში. ერთი წლით ადრე მან, იტალიური საზღვაო კომპანიისგან, შედარებით მცირე გაბარიტების იახტა – „ქუატური” 1,5 მილიონ ევროდ შეიძინა. აღსანიშნავია, რომ მეფის ნაყიდმა იახტებმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვიეს ბელგიის მოსახლეობაში. ხალხი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ მძიმე ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, მეფე, მოსახლეობის ხარჯზე, ასეთ ძვირად ღირებულ შენაძენს აკეთებდა.
* ბელგიის მეფემ ალბერტ მეორემ საკუთარი საცხოვრებელი ფართი უსახლკარო ბელგიურ ოჯახებს დაუთმო. საუბარია ორ ბინაზე სასახლე სერნიონში, რომელიც პროვინცია ნამიურში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივით ბელგიელი მონარქი პირველად გამოვიდა. უსახკლარო ოჯახების შერჩევა ბელგიის სოციალური ინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მდივანს ფილიპ კურარას დაევალა. საინტერესოა, რომ სერნიონის სასახლე არ ეკუთვნის ბელგიის სამეფო ოჯახს. თუმცა, მეფე ლეოპოლდ მეორის მოთხოვნით, სასახლის მართვა სამეფო ოჯახის დაქვემდებარებაშია და მეფე ალბერტ მეორეს „უიკენდების” გატარება სწორედ ამ სასახლეში უყვარს. იქ მოინათლნენ მისი შვილები და შვილიშვილები.
* ბელგიის მეფე ალბერტ მეორე და დედოფალი პაოლა „საპირველაპრილო ხუმრობის” მსხვეპლნი გახდნენ. წამყვანმა ბელგიურმა გაზეთმა „სუარმა” თავის გვერდებზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ლაკენის სამეფო რეზიდენციის კატაკომბებში აღმოჩნდა ადრეკრომანიონული ეპოქის უძველესი ადამიანის სხეულის ნაწილები. ამ ინფორმაციის გაგებისთანავე სამეფო ოჯახი, არქეოლოგებს რომ ხელი არ შეშლოდათ მუშაობაში, ახლომდებარე სასტუმროში გადასახლდა, თუმცა, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ეს მხოლოდ საპირველაპრილო ხუმრობა იყო. საინტერესოა, რომ ალბერტ მეორის რეზიდენცია პირველად არ მოხვდა პრესის ფურცლებზე. რამდენიმე ხნით ადრე, გაზეთმა „ლე დერნიერ ჰეურემ” თავის გვერდებზე სკანდალური მასალა გამოაქვეყნა. მასზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის მეფე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, გეგმავდა, ბრიუსელის ცენტრში მდებარე რეზიდენცია რუსი მილიარდერისთვის, ვინმე ვლადიმირ ლაზარევისთვის მიეყიდა. გარიგების თანხად 465 მილიონი ევრო სახელდებოდა, ხოლო რეზიდენციის ადგილზე, ჟურნალისტების ვერსიით, რუსები ტურისტული ცენტრისა და ცირკის აშენებას გეგმავდნენ. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
* ბოლო პერიოდია, დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელგიის მეფე – ალბერტ მეორე ოფიციალურად იტყვის უარს მეფის ტიტულზე და საკუთარი შვილის სასარგებლოდ სამეფო ტახტიდან გადადგება. ფრანგული გაზეთის „ლე მონდის” ვერსიით, მეფის გადადგომა დეკემბერში უნდა მომხდარიყო. თუმცა, ბოლო პერიოდში ბელგიაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით, ეს თითქმის გამოირიცხა. სამეფო ოჯახს ამ ინფორმაციაზე არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და გავრცელებულ ცნობას მხოლოდ ჭორი უწოდა.