კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში ინარჩუნებს „სპეცნაზელი“ ნიკიტა ქალურობას

„K-17-ში“ – სპეცდანიშნულების ჯგუფში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსი აგენტების ამოცნობითა და მათი ლიკვიდაციითაა დაკავებული, მხოლოდ ერთ სუსტი სქესის წარმომადგენელია, რომელიც ძალითა და გონებამახვილობით არც ერთ მამაკაცს არ ჩამოუვარდება. დღეს ნინო პატაშურს როგორც ქართველ ნიკიტას ისე იცნობენ. ეს შედარება იურისტ ნინოსაც ძალიან მოსწონს და სერიალში მიღებული მთელი გამოცდილების სრულყოფილად გამოყენებას უკვე მომავალ ფილმში აპირებს.

ნინო პატაშური: დავიბადე და გავიზარდე თბილისში, საბურთალოზე. დავამთავრე 102-ე სკოლა. ამის შემდეგ ჩავაბარე იურიდიულზე, პროფესიით იურისტი ვარ. თორმეტი წლის განმავლობაში „სუხიშვილების ნაციონალურ ანსამბლში“ ვცეკვავდი, სადაც ორი წელი გვასწავლიდნენ მსახიობის ოსტატობას – ეს იყო ჩემი ერთადერთი შეხება მსახიობობასთან. ამ შემთხვევაშიც უფრო სცენურობა, ცეკვის დროს არტისტიზმი იყო მთავარი და არა ის, რასაც ახლა ვაკეთებ. სხვა შეხება არ მქონია ამ სფეროსთან.

– შენი პროფესიით თუ გიმუშავია?

– არასდროს. მანამდე იყო პერიოდი, როდესაც მქონდა ფოტოსესიები, გადაღებები. მოდელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ამ სფეროსაც შევხებივარ შედარებით მსუბუქად. ამ ფილმში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. გიორგი კიკალეიშვილი, ფილმის რეჟისორი, ჩემი დიდი ხნის ნაცნობია. ძალიან დიდი კონკურსი ჩატარდა ჩემს როლზე, უამრავი გოგო გასინჯეს და, რატომღაც, დაიბლოკნენ. როგორც ჩანს, ვერ ნახეს ის ტიპაჟი, როგორიც სჭირდებოდათ. როდესაც მიმიყვანეს, უქასთინგოდ გავედი გადასაღებ მოედანზე.

– რატომ გადაწყვიტა რეჟისორმა, რომ ამ როლს მხოლოდ შენ შეასრულებდი?

– ალბათ, უფრო ხასიათიდან გამომდინარე. გიორგი კარგად მიცნობს და იცის, რომ ჩემი ხასიათი სცენართან ძალიან ახლოსაა.

– ანუ როგორი ხარ?

– საკმაოდ მებრძოლი, მტკიცე ხასიათი მაქვს. რა თქმა უნდა, ჩემი გმირისგან ძალიან შორს ვარ და არ ვიცი, შევძლებდი თუ არა სამხედრო ფორმაში მთელი ცხოვრების გატარებას და საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებას – ალბათ ვერა, რადგან იქ კიდევ სხვა სული, სხვა ფიზიკური ძალაა საჭირო. თუმცა, თუ ჩემი გმირი ფიზიკურად მებრძოლია, შინაგანად იმაზე არანაკლებ ძლიერი ვარ. ერთი სიტყვით, ჩემი მონაცემები მოეწონათ და იქვე ამიყვანეს. თავიდან, რა თქმა უნდა, ძალიან ვინერვიულე. ჩემთვის მსგავსი სამუშაო პირველია, უზარმაზარი პასუხისმგებლობა დამეკისრა და ბევრი ადამიანის იმედი უნდა გამემართლებინა. ყველა მეუბნება, რომ ვასრულებ ისე, როგორც საჭიროა, როგორც, ალბათ, პროფესიონალი ითამაშებდა.

– ხმაც საოცრად სახასიათო გაქვს – ოდნავ ხრინწით.

– (იცინის) კი, ამასაც ამბობენ. ერთი სიტყვით, ვასრულებ ექვსკაციანი დაჯგუფების წევრის როლს. ეს არის „სპეცნაზი“, რომელიც სრულიად გასაიდუმლოებულია. სცენარის მიხედვით, 2008 წლის ომია და ჩვენ გვევალება რუსი აგენტების გაშიფვრა, ამოცნობა და ლიკვიდაცია. გარდა თამაშისა, ძალიან სერიოზული ფიზიკური მომზადება გავიარეთ. ინსტრუქციები ჩაგვიტარეს „სპეცნაზელებმა“ და ზუსტად აგვიხსნეს, თვალთვალი, აყვანა, გაშიფვრა, როგორ ხდება იმის დაფარვა, რომ აგენტი ხარ. მოკლედ, ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც უნდა იცოდე, სხვა შემთხვევაში, საიდუმლო „სპეცნაზელს“ ვერაფრით დაემსგავსები. გარდა ამისა, ხშირად გვაქვს საველე გადაღებები, რაც საკმაოდ მძიმეა. ჯერ ერთი, გვაცვია „ბრონიჟილეტები“, რომელიც ოცდაათ კილოგრამს იწონის. ზუსტად ის ჟილეტებია, რომელიც „სპეცნაზელებს“ აცვიათ, არანაირი ბუტაფორია. გვიჭირავს თხუთმეტკილოგრამიანი ავტომატი. მეც, რა თქმა უნდა, უპრეტენზიოდ ვატარებ მათ (იცინის). თავიდან გამიჭირდა, იმდენად მოუხერხებელი იყო, რომ ძლივს დავდიოდი, მერე და მერე შევეჩვიე. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, გადაღებებზე გადასარევად ვერთობი – საოცარი ადამიანები არიან, მაგარი იუმორით და, ერთი სიტყვით, არ ვიწყენთ. ფილმის თორმეტივე სერია უკვე გადაღებულია, სულ პატარა დეტალებია დარჩენილი. სეზონი დავამთავრეთ. ახლა კი ვიწყებთ ფილმზე მუშაობას, რომელსაც ამავე სცენარის მიხედვით გადავიღებთ და გავა უკვე „რუსთაველსა“ და „ამირანში“.

– ფილმი, ალბათ, ბევრად უფრო მძაფრი გამოვა.

– ალბათ. გადაღებები გვქონდა კიევსა და ლონდონში. ახლაც უნდა გვქონდეს კიდევ გადაღება და ლონდონში მივდივართ. იმედი მაქვს, კარგი გამოვა.

– აღნიშნე, რომ ხასიათით მებრძოლი ხარ, კიდევ რით გგავს შენი გმირი?

– იმდენად სპეციფიკური ტიპაჟია, რომ ნაზი, სიფრიფანა გოგო ნაკლებად შეძლებდა მის განსახიერებას. ჩემი პერსონაჟი ახლოსაა ჩემთან. მთელი ცხოვრება მიყვარდა და მიყვარს გამოძიებები, სულ მაინტერესებს, რა ხდება იმ ამბის მიღმა, რომელსაც მალავენ.

– ბოლოს და ბოლოს, იურისტი ხარ.

– დიახ. პროფესიული ჩვევაა, როგორც ჩანს. თან გარდა ამ სიძლიერისა, ქალია და, გარკვეულ სიტუაციებში ინარჩუნებს ქალურობას.

– უკვე მთელი საქართველო „ქართველ ნიკიტად“ მოგიხსენიებს.

– დიახ, ასეა და ეს ძალიან მომწონს, თვითონ ფილმშიც გაიჟღერა. ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ სხვათა შორის მითხრა: „ვაა, ნიკიტა“?! – ამის შემდეგ აიტაცეს ეს სიტყვები. მივხვდი, რომ ამ შედარებას უკვე ხშირად გამოიყენებდნენ. თუმცა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს (იცინის), პირიქით, ძალიან მომწონს ეგ ქალი, ფიზიკურადაც მომწონდა და, თან, გადასარევად თამაშობდა.

– სხვა რა ხდება ნინოს ცხოვრებაში – გათხოვილი ხარ თუ აქვთ რაიმე შანსი შენს თაყვანისმცემლებს?

– გათხოვილი ვარ და მყავს ერთი შვილი, 5 წლის გოგონა. ჩემი მეუღლეა გიორგი გოდერძიშვილი, რომელიც თინეიჯერობის დროს გავიცანი. ისიც პროფესიით იურისტია, თან, ფეხბურთელი იყო. რვა წელია, რაც ჩემი მეუღლეა. მას დიდხანს ვუყვარდი, ჩემგან სასურველ პასუხს ვერ იღებდა. მეც ცოტა ისეთი გოგო ვიყავი, რაღაც პერიოდი ვაწვალე და მერე გავარკვიეთ, რომ მეც მიყვარდა. ცხრამეტი წლის ვიყავი, როდესაც ცოლად გავყევი. მართალია, ძალიან დიდი დრო, ენერგია და ფანტაზია დასჭირდა, რომ ჩემგან პასუხი მიეღო, მაგრამ ჯიუტად ცდილობდა ერთსა და იმავეს, უკან არ იხევდა, ყოველთვის მელოდებოდა. შედეგად, დღეს ძალიან კარგი ოჯახი გვაქვს.

– მას თუ მოსწონს შენი როლი?

– ძალიან. ისიც იმავეს ამბობს – ზუსტად შენ გგავს, შენი ხასიათი აქვსო. როგორც კი შემოთავაზება მივიღე, მაშინვე დამთანხმდა – თუ გაქვს სურვილი ითამაშეო. წინააღმდეგობა არ გაუწევია.

– „სპეცნაზელი“ სახლში როგორია?

– გაცილებით რბილი და თბილი. ოჯახის წევრების მიმართ ისეთი მკაცრი და დაუნდობელი არ ვარ, რა თქმა უნდა (იცინის). დიასახლისობასაც ვცდილობ და, შეძლებისდაგვარად, ვახერხებ. ყველას მოსწონს ჩემი როლი, მათ შორის ჩემს შვილსაც, მაგრამ, რომ უყურებს, მერე საშინლად ნერვიულობს და განიცდის. ამას წინათ სერიაში იყო მომენტი, სადაც დამჭრეს. საშინლად განიცადა, ტიროდა – ვაიმე, დედაჩემი მოკლესო – სისხლის დანახვაზე გადაირია. ერთხელ წავიყვანე გადაღებაზე და ვაყურებინე, რომ ეს ყველაფერი სინამდვილე არ არის და არ ინერვიულოს. არ სჯეროდა და ეშინოდა. რაც შეეხება ხასიათს, არც ურთიერთობაში ვარ უხეში. რთული პიროვნება არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ, ისე ხდება, თუ რამე პრობლემა მხვდება ცხოვრებაში არასდროს მეშინია, ფარ-ხმალს არ ვყრი და არ ველოდები, რა მოხდება. სულ ვიბრძვი, რა დაბრკოლების წინაშეც არ უნდა ვიდგე. შეიძლება, ვერ ვერევი პრობლემას ზოგჯერ მაგრამ, მაინც ჯიუტად ვცდილობ, არ დავნებდე და წინააღმდეგობა გავუწიო. არავის ცხოვრება არ არის ია-ვარდით მოფენილი და ლანგარზე მორთმეული. პრობლემა ყველას ხვდება, გააჩნია, ვინ რას მოერევა. თვითონ ვუქმნი ხოლმე საკუთარ თავს ისეთ პირობებს, რომ სირთულეების წინაშე ხშირად არ დავდგე და დღემდე ასეა – თავად ვუწყობ ხელს საკუთარ ცხოვრებას.

– გადაღებები დროში არ იწელება?

– ხანდახან ხდება ხოლმე, რომ ძალიან დიდხანს, მთელი დღე ვიღებთ, მაგრამ იმდენად მაგარი ჯგუფია, ისე გადის დრო, რომ საერთოდ ვერ ვგრძნობთ. რეჟისორი გვყავს ისეთი, რომ მასთან მოწყენა შეუძლებელია. არ არსებობს, ამ დროს საათს შეხედო – რამდენი დრო გავიდაო. სახლში ცოტა მიპროტესტებდნენ, რომ მთელ დღეს ვატარებდი გადაღებაზე, მაგრამ მერე ბედს შეეგუვნენ (იცინის). ახალი წლის შემდეგ ფილმზე მუშაობას დავიწყებთ და ოჯახში უკვე იციან, რომ არანაკლებ დატვირთული ვიქნები.


скачать dle 11.3