რა საფრთხეები გვემუქრება რეგიონის კეთილგანწყობილი მეზობლებისგან და რატომ არ თანამშრომლობენ ეკონომიკურად საქართველოსთან ჩვენი ევროპელი პოლიტიკური პარტნიორები
ის, რომ გეოპოლიტიკური მდებარეობა ჩვენი შემოსავლებისა და უსაფრთხოების წყაროა, არც ჩვენი პოლიტიკური მტრებისთვისაა აღმოჩენა და არც მოყვრებისთვის. ამ გეოპოლიტიკურ მდებარეობაში კი საკვანძო ადგილი ჩვენს პორტებს უჭირავს, მაგრამ ახლახან გავარკვიეთ, რომ ფოთის პორტის 100-პროცენტიანი მფლობელი არაბული „რაკიაა“, რომელიც აქციების ნაწილის გაყიდვას აპირებს. სავსებით ცხადია, რომ ყიდვა-გაყიდვის ოპერაციისას კერძო კომპანია ნაკლებად იხელმძღვანელებს საქართველოს უსაფრთხოების პრინციპებით. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, დგება თუ არა ეჭვქვეშ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია და უსაფრთხოება საკვანძო ობიექტების კერძო კომპანიებისთვის გადაცემის შემთხვევაში? თემაზე ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა გვესაუბრება.
– როდესაც პორტი, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად, ფოთის პორტი კერძო კომპანიის ხელშია, ინარჩუნებს თუ არა სახელმწიფო თავის სტრატეგიულ ფუნქციას?
– უპირველესად, დავაზუსტოთ, რა ხდება „რაკიასთან“ დაკავშირებით, რადგან იმდენად ბუნდოვანია სიტუაცია, რომ მეც მიჭირს მასში გარკვევა. თავდაპირველად, „რაკიას“ მიეცა ფოთის პორტის აქციების 51 პროცენტი მართვის უფლებით, მოგვიანებით, გაირკვა, რომ, თურმე, მას დანარჩენი 49 პროცენტიც უყიდია. ახლა, მართალია, „რაკია“ აკონტროლებს ფოთის პორტის აქციების 100 პროცენტს, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ის არ უნდა იყოს აქციების 100 პროცენტის მფლობელი, მას მხოლოდ 49 პროცენტი უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ ის 51 პროცენტი მას მართვის უფლებით გადაეცა. ამდენად, თუკი ის ჰყიდის თავის წილს, წესით, მას აქვს უფლება, გაყიდოს მხოლოდ ის 49 პროცენტი, რაც მის საკუთრებაშია და არა ის 51 პროცენტი, რომლის მართვის უფლებაც აქვს.
რაც შეეხება სტრატეგიულობას: ობიექტის კერძო კომპანიისთვის მიყიდვა უშუალოდ არ ახდენს გავლენას ობიექტის სტრატეგიულობაზე, ანუ ვერ ვიტყვით, რომ ობიექტი კარგავს სტრატეგიულობას, თუკი ის გადავა კერძო კომპანიის ხელში, თუკი, ჯერ ერთი, ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება და, მეორე, თვითონ მესაკუთრე არის ცივილიზებული და განვითარებული კომპანია და ექვემდებარება ბიზნესის საერთაშორისო ნორმებს. მაგრამ, თუ ეს ასე არ არის, მაშინ, რა თქმა უნდა, სტრატეგიულობის საკითხი საფრთხის ქვეშ დგება. საკუთრივ ეკონომიკური თეორია სტრატეგიული ობიექტის ცნებას არ იცნობს: ეკონომიკისთვის ცნობილია მომგებიანი და წამგებიანი ობიექტები. სტრატეგიულობის ცნება ეკონომიკაში შემოდის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ხედვიდან გამომდინარე. რადგანაც საქართველო ჩამოყალიბდა, ობიექტურად და არა ვინმეს ძალისხმევით, ტრანზიტულ ქვეყნად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისი, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის, ფუნქციის განვითარებას. აქედან გამომდინარე, ქართული სახელმწიფო უნდა ფლობდეს ბერკეტებს, რომლებიც მის ამ სატრანზიტო ფუნქციასთან არის დაკავშირებული. ის უნდა აკონტროლებდეს ძირითად სატრანსპორტო არტერიებს და იმ პუნქტებს, რომლებსაც აქვთ საკვანძო მნიშვნელობა ამ სატრანსპორტო ფუნქციის განხორციელებაში.
– ჩამოვთვალოთ ეს პუნქტები კიდევ ერთხელ?
– უწინარესად, ეს არის საზღვაო პორტები, აეროპორტი. ეს ის ობიექტებია, რომლებსაც საქართველოსნაირი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
– რკინიგზა?
– მე ჩამოვთვალე საკვანძო პუნქტები, თორემ არტერია რკინიგზაც არის, მილსადენებიც, ავტომაგისტრალებიც და საჰაერო სივრცეც, რომელსაც, ასევე, სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს. მაგრამ აქ ამას ემატება გეოპოლიტიკური ფაქტორი, რადგან, როგორც გითხარით, სტრატეგიული ობიექტის განხილვა აუცილებლად მოითხოვს გეოპოლიტიკურ კონტექსტს. საქმე ის გახლავთ, საქართველო ევროპის შუაგულში, მშვიდობიან გარემოში რომ იყოს და მხოლოდ კეთილმოსურნეები ჰყავდეს მეზობლად, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, რომელიღაც ევროპულ ან ამერიკულ კომპანიას რომ გაეკონტროლებინა, გნებავთ, საზღვაო პორტი, გნებავთ, მაგისტრალი.
– თუმცა ჩვენ ვიცით, რომ პანამის არხის ხელში ჩასაგდებად ძალიან არაცივილიზებულად იქცეოდა ამერიკის შეერთებული შტატები?
– ამიტომაც არ მითქვამს ამერიკის კონტინენტზე, ვთქვი, შუაგულ ევროპაში რომ ვიყოთ-მეთქი. მაგრამ იმ გეოპოლიტიკური პირობების გათვალისწინებით, რაშიც საქართველოს უწევს ყოფნა, ამ ობიექტების კერძო კომპანიებისთვის გადაცემა საკმაოდ დიდ ეჭვს იწვევს. დავიწყოთ ყველასთვის კარგად ცნობილი ფაქტორით: საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია. მართალია, რუსის ჯარი მანამდეც იდგა აქ, თუმცა მხოლოდ ფორმალურად ერქვათ ცისფერჩაფხუტიანები, სინამდვილეში დამპყრობელთა ჯარი იყო, ახლა უბრალოდ იმ ჯარის რიცხოვნობა გაიზარდა. ცისფერი ჩაფხუტები მოიხსნეს და არიან ოკუპანტები. მაგრამ, გარდა ამისა, დგება საკითხი: ჩვენ სხვა მეზობლებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არსაიდან არ გვემუქრება. დღეს რეგიონში ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორი არის აზერბაიჯანი. მოდი, გავიხსენოთ, სახმელეთო საზღვრის რამდენი მონაკვეთი გვაქვს მასთან სადავო?!
– ყველაზე მტკივნეული – დავით გარეჯი?
– ესეც ერთ-ერთი სერიოზული თემაა. ასე, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე მდგარი ქვეყანა ვართ: ჯერ არ ჩაგვიტარებია სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამუშაოები. მხოლოდ თურქთთან გვაქვს დადგენილი საზღვარი, ისიც იმიტომ, რომ იქ საბჭოთა კავშირის საზღვარი გადიოდა. ასეთ პირობებში სტრატეგიულია სატრანსპორტო დერეფნის ობიექტები და მათზე სახელმწიფოს მიერ კონტროლის დაკარგვა ძალიან ცუდია.
ახლა შევხედოთ იმას, თუ რა კომპანიებია ფოთის პორტში? საჯარო ვერსიით, იქ არის არაბული კომპანია, თუმცა არავინ იცის, მართლა არაბულია თუ არა ეს კომპანია და ვინ დგას რეალურად მის უკან, შესაძლოა, ქართველებიც იყვნენ გარეული. მეტიც, ჩვენ ისიც არ ვიცით, არაბული კომპანია 100 პროცენტის მესაკუთრეა თუ არა. იმავდროულად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გამოთქვა აზრი, რომ, თუ „რაკია“ გაყიდის თავის წილს, პოტენციური მყიდველები არიან ჩინეთი და ინდოეთი. ჯერჯერობით ჩვენ არ გაგვიგია, რომ ფოთის პორტში შემოდიოდეს ევროპელი ან ამერიკელი ინვესტორი, ანუ ისევ მესამე სამყაროდან მოდის კაპიტალი, რომელიც ხშირად არაგამჭვირვალე და ისეთი კაპიტალია, რომელიც შეჩვეულია კორუმპირებულ სივრცეში საქმიანობას და, ამდენად, მისი შემოსვლა მისასალმებელი არ არის, როდესაც საქმე ეხება სტრატეგიულ ობიექტებს.
– ბათუმის პორტში რა ხდება?
– არ ვიცი. როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ბატონი კახა ბენდუქიძის ინიციატივით ამოაგდეს სტრატეგიული ობიექტების ცნება, ამან ძალიან ბევრი რამ იმსხვერპლა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეკონომიკაში სტრატეგიული ობიექტის ცნება არ არსებობს, მაგრამ მხოლოდ ეკონომიკა არ არის სახელმწიფოს არსებობის მხარე და გეოპოლიტიკური კონტექსტის მოშორება დიდი შეცდომაა, განსაკუთრებით, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. წარმოიდგინეთ, შვეიცარია, გარშემორტყმული ევროპის ქვეყნებით, რა საფრთხე ემუქრება მას?! უფრო მეტიც, მეორე მსოფლიო ომის დროს ყველა ქვეყანაში ბომბები ცვიოდა, ხალხი იღუპებოდა, მაგრამ ამ ომში მონაწილე არც ერთ მხარეს არ აძლევდა ხელს შვეიცარიის ომში ჩართვა, ანუ შვეიცარია შუაგულ ევროპაში შეინარჩუნეს ოაზისად. ჩვენ რომ ასეთ მდგომარეობაში არ ვართ, ხომ ვიცით?!
– ჩემი ვარაუდით, ბათუმის პორტისადმი შეუდარებლად მოკრძალებული დამოკიდებულება იმით აიხსნება, რომ ამ პორტისადმი თურქეთს აქვს გარკვეული უფლებები, განსაკუთრებით, სავაჭრო კუთხით ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე?
– ყველაზე ცუდი ამ ისტორიაში გახლავთ ის, რომ საქართველოს მთავრობას არ სჩვევია გამჭვირვალე ქმედება, განსაკუთრებით, სტრატეგიულ ობიექტებთან მიმართებაში და ეს შემდეგ ბადებს სხვადასხვა ეჭვს. რით ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა ბათუმის პორტთან მიმართებაში, არ ვიცი, თუმცა რევოლუციის შემდეგ ითქვა, რომ ბათუმის პორტში დანიური კომპანია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ისტორიაც ბურუსითაა მოცული.
– ვერა ქობალიამ, მართლაც, ასე თქვა, რომ ფოთის პორტის მყიდველად ელის ინვესტორებს ჩინეთიდან და ინდოეთიდან. რა გამოდის? ქვეყანას აქვს პროდასავლური ორიენტაცია; მთელი მსოფლიო მიიჩნევს ამერიკის სატელიტად; მზადდება ხელშეკრულებები ევროკავშირთან დასაახლოებლად და ამ ფონზე, ამ ქვეყნის კარიბჭეებს შესაძლოა, აკონტროლებდნენ აზიური ქვეყნები?
– ძალიან საინტერესო კონსტრუქციაა: საქმე ის არის, როდესაც ვაცხადებთ, რომ ქვეყანა ღიაა ინვესტიციებისთვის, ვხედავთ, რომ შემოდის მხოლოდ და მხოლოდ არაბული, რუსული, ისიც შემოვლითი გზით ან ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების კაპიტალი და მას შეიძლება, დაემატოს ინდური და ჩინური, მაგრამ რატომ არ გვაქვს ამერიკული ინვესტიციები და მხოლოდ ხელზე ჩამოსათვლელია ევროპული ინვესტიციები?! იმიტომ რომ, მხოლოდ შიგა კანონმდებლობის ლიბერალიზაციით, საგადასახადო წნეხის შემცირებით, კარგი ფიარით შენთან ინვესტორი არ შემოვა. არ არის საქართველო ის ქვეყანა, რითაც დაინტერესებული არიან ამერიკელი ბიზნესმენები. წარმოიდგინეთ, ამერიკა ოფიციალურად ამბობს, რომ არის ჩვენი პარტნიორი. მეტიც, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველო წარმოაჩინოს თავის ნომერ პირველ პარტნიორად და, ამასთან, ამერიკა არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორიც. ამ ფონზე ხომ მართლაც იბადება კითხვა, რატომ არ შემოდიან ქვეყანაში ამერიკელი ინვესტორები?! მით უფრო, რომ არაერთხელ გაკეთებულა განცხადება ბუშის ადმინისტრაციის დროს, ჰილარი ქლინთონსაც არაერთხელ მოუწოდებია ამერიკელი ბიზნესმენებისთვის, რომ წამოვიდნენ საქართველოში. მაგრამ ეს არ ხდება, იმიტომ რომ ამერიკელი ბიზნესმენები მიჩვეულები არიან ბიზნესსაქმიანობას ცივილიზებულ გარემოში და, რაც მთავარია, მათ სჭირდებათ სტაბილურობის განცდა, რადგანაც საქართველოში არ არის სტაბილურობის განცდა, ისინი არ მოდიან. მეორე მხრივ, ამას ბევრი სხვა რამეც უშლის ხელს. პირველი: რა თქმა უნდა, ის, რომ რუსეთის არმია დგას საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე.
– ამერიკა ვერ ხედავს, რომ ამ საქართველოს შემოაქვს იმ ქვეყნების ინვესტიციები, რომლებიც ამერიკისთვის მთლად ხელსაყრელიც არ არის პოლიტიკურად?
– როდესაც 2006 წელს საქართველოს უნდოდა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერია და ჩაშალა ეს გარიგება საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომს“ შორის. ამერიკა ყველაფერს შესანიშნავად ხედავს, მაგრამ ნუ წარმოვიდგენთ, რომ მას დღეს საქართველოს გარდა საფიქრალი არ აქვს. ამერიკას არაერთი პრობლემა აწუხებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ: ერაყი, ავღანეთი, ირანი, ამ ფონზე ის დამატებით ვერ აიტკიებს თავს საქართველოთი.
– ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, აღმოაჩინონ, რომ ირანელებმა იყიდეს ფოთის პორტი?
– მეტსაც გეტყვით, ჩემი მინისტრობის დროს ჩამოდიოდნენ სხვადასხვა სამთავრობო დელეგაციები და მეც მიმიღია მონაწილეობა შეხვედრაში, როდესაც ირანის დელეგაცია პრეზიდენტ შევარდნაძეს სთხოვდა, ფოთის პორტში მიეყიდათ რამდენიმე ტერმინალი. ასევე, მიმიღია მონაწილეობა ისეთ შეხვედრებში, სადაც სომხეთის მხარე სთხოვდა, მათთვის მიეყიდა რამდენიმე ტერმინალი. იცით, როგორ უჭირდა მაშინ საქართველოს ბიუჯეტს?! შევარდნაძე არ აჰყვა ამ ცდუნებას, თორემ მაშინ ყველაზე მეტ დაინტერესებას სომხეთისა და ირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობები გამოთქვამდნენ ფოთის პორტის აქციების შესყიდვაზე და ეს, რაც ქვეყანას გაუვლია. შევარდნაძე მათ პასუხობდა, რომ საქართველო არ აპირებს გაყიდვას, მაგრამ, თუ დააპირებს, რატომაც არაო, ანუ დიპლომატიურ უარს ეუბნებოდა. ახლა კი ისიც არ ვიცით, ვის ხელშია ფოთის პორტი. ავიღოთ, თუნდაც, მაგისტრალური გაზსადენი: გილაურმა თქვა ნოემბერში, რომ გაყიდვას აპირებენ, მაგრამ ვინ არის პოტენციური მყიდველი?
– ითქვა, რომ 51 პროცენტს დაიტოვებენ და მხოლოდ 49-ს გაყიდიან?
– არავინ იცის, რას გაყიდიან, მაგრამ ვინ არის მაგისტრალური გაზსადენის პოტენციური მყიდველი? „გაზპრომი“ ან რომელიმე სომხური კომპანია, რომლის უკანაც რუსული ფული იქნება და, მესამე, „სოკარი“, რომელმაც ოფიციალურად გამოთქვა ეს სურვილი. აზერბაიჯანი ჩვენი პარტნიორია, მაგრამ, როგორც კი, „სოკარი“ იყიდის გაზსადენს, იმწამსვე შეიქმნება პრობლემები სომხეთთან: გაატარებს აზერბაიჯანი სომხეთისთვის რუსულ გაზს?! ესე იგი, თუ რუსებმა იყიდეს, ჩვენი მტრები არიან და ეს ჩვენთვის არ არის ხელსაყრელი; თუ სომხები იყიდიან, რუსების გამო ჩვენი მტრის საქმეს გააკეთებენ, ხოლო, თუ აზერბაიჯანელები შეიძენენ, კავკასიაში კიდევ ერთი დაძაბულობის კერა შეიქმნება და საქართველოზე გაივლის კონფრონტაციის ახალი კერის 225 კილომეტრი. აქედან გამომდინარე, არის კი საღი აზრი მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა?!