კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი სპეციალობების დაფინანსებაზე თქვა უარი სახელმწიფომ და რატომ ურჩევნია დაბალი შედეგის მქონე აბიტურიენტების დაფინანსება მაღალი შედეგის მქონე აბიტურიენტების დაფინანსებას

საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2011-2012 სასწავლო წლისთვის სასწავლო გრანტები განსხვავებულად გადანაწილდება. კერძოდ, „… თანხების 25 პროცენტი გადანაწილდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობით (100 პროცენტი) დაფინანსებისთვის, მიუხედავად მიმართულების ან დარგის/სპეციალობისა, ხოლო 75 პროცენტი თანაბრად განაწილდება ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობით (70 პროცენტი), ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობით (50 პროცენტი), ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობით (30 პროცენტი) დაფინანსებისთვის, გარდა შემდეგი მიმართულებების ან დარგების/სპეციალობებისა: სამართალი; ჯანდაცვა; ბიზნესის ადმინისტრირება, გარდა ტურიზმისა; მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა; საერთაშორისო ურთიერთობები; საჯარო მმართველობა.“ ტრადიციულად, ეს ცვლილებაც ცოტა უხეირო ქართულითაა დაწერილი. ამიტომაც მარტივად გეტყვით, რომ, მიუხედავად არჩეული სპეციალობისა, 100-პროცენტიანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ყველა აბიტურიენტს აქვს (ბუნებრივია, მას მხოლოდ მცირე რაოდენობა მიიღებს), ნაწილობრივ დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის აბიტურიენტები, რომლებიც ზემოჩამოთვლილ სპეციალობებს აირჩევენ. შესაბამისად, ეს თანხა იმ აბიტურიენტებს შორის გადანაწილდება, რომლებიც ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დაუფლებას გადაწყვეტენ. სახელმწიფომ ამ ცვლილებით თავისი პრიორიტეტები გამოხატა – ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაძლიერება, მაგრამ, რაკი ბიუჯეტი სწორედ საზოგადოების მიერ ფინანსდება, ცხადია, საზოგადოებას აქვს უფლება, გაიგოს, აქვს თუ არა ეს სტრატეგია კარგად გათვლილი და გაანალიზებული ხელისუფლებას, რადგან, განსაკუთრებით, განათლების სისტემის რეფორმირებისას, ჩვენც და რეფორმატორებიც, ხშირად აღმოვჩენილვართ გაბზარულ ვარცლთან. კომენტარი ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს ვთხოვეთ.

– ვიცი, რომ თქვენ არ მიგიღიათ ეს გადაწყვეტილება და ის მხოლოდ უნდა აღასრულოთ, მაგრამ რა მიზანს ხედავთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ახლებურ გადანაწილებაში?

– თავისთავად, არაფერია ცუდი იმაში, როდესაც სახელმწიფოს აქვს გარკვეული პრიორიტეტები. მსგავსი მიდგომა უკვე განხორციელდა სამაგისტრო პროგრამებზე, რასაც მხარს ვუჭერდი და ახლაც ვუჭერ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა არ უნდა დაიჩაგროს, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა ფუნდამენტური მეცნიერებების მიმართულებით და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ, როდესაც სახელმწიფო ხელს არ უწყობს ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებას, ასეთ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ამიტომაც ბუნებრივია, როდესაც ასეთი პრობლემა იქმნება ქვეყანაში, სახელმწიფო ადეკვატურად პასუხობს კონკრეტული ინიციატივებით. ეს ღონისძიება ერთ-ერთია და ნამდვილად არ არის ერთადერთი, რაც უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით.

– მაგრამ ასეთი არათანაბარი და მე ვიტყოდი, უსამართლო გადანაწილება გამოიწვევს იმას, რომ ნაწილობრივ, 70-50-30-პროცენტიან დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის აბიტურიენტები, რომლებიც უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, რადგან არ ექნებათ არჩეული სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული სპეციალობები? ანუ სახელმწიფომ წინასწარ იცის, რომ დააფინანსებს უფრო ცუდად მომზადებულ აბიტურიენტებს. რა გარანტიაა, რომ მათგან კარგი სპეციალისტები დადგება?

– დაფინანსების ეს სისტემა არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, მოტივაცია გაუჩინო ახალგაზრდას, ამ მიმართულებით წავიდეს. საქმის მხოლოდ ბაზარზე აწყობა არ ვარგა, რადგან მივიღებთ იმას, რაც მივიღეთ. და, მართლაც, ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგას, თუნდაც, ჩვენი ორგანიზაცია, რადგან ახალგაზრდას, რომელსაც ჰუმანიტარული მიმართულებით უნდა სწავლის გაგრძელება, ძნელია, გააგებინო, რაში სჭირდება ფიზიკა და ქიმია. ეს კი მცდარი წარმოდგენაა. ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სახელმწიფოს უნდა, რომ ხელი შეუწყოს საინჟინრო, აგრარული მეცნიერებების განვითარებას.

– აგრარული მეცნიერების ხელშეწყობისთვის სახელმწიფო, ალბათ, სოფლის მეურნეობას უნდა დაეხმაროს და შემდეგ აბიტურიენტები თავად დაინახავენ, რომ ამ სპეციალობებს პერსპექტივა აქვს?

– ამიტომაც მოგახსენეთ, რომ ეს ერთ-ერთი ღონისძიებაა და არა ერთადერთი, ასე რომ, ნუ ვიკამათებთ.

– არც გეკამათებით, აზრს გამოვთქვამ.

– ქვეყანას ინჟინერი ჰაერივით სჭირდება. როგორ შეიძლება, ქვეყანა ვერ უზრუნველყოფდეს საინჟინრო კადრების მომზადებას?! ეს სრული ნონსენსია, მაგრამ ფაქტია, რომ აქამდე მივედით. სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია საინჟინრო მიმართულებები. აქ ის ცვლილებაც შემოვიდა, რომ აბიტურიენტმა აუცილებლად მათემატიკა და ფიზიკა უნდა ჩააბაროს, იმისდა მიხედვით, თუ რომელ სპეციალობას აირჩევს. შესაბამისად, სახელმწიფო თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ გადაუხადოს ასეთ აბიტურიენტს სწავლების საფასური. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს სჭირდება ეკონომისტიც, ბიზნესმენიც და იურისტიც, მაგრამ ამჟამად მისი პრიორიტეტული მიმართულება ზუსტი და საბუნებისმეტყველო სპეციალობებია. ამიტომაც ის თანაბრად აფინანსებს კარგ ინჟინერსა და კარგ ეკონომისტს. მით უმეტეს, როდესაც სამაგისტრო პროგრამებში ჩანს ეს პრიორიტეტები, ეს აუცილებლად უნდა ჩანდეს ბაკალავრიატის დონეზეც.

– მაგრამ ეს, უპირველესად, უნდა ჩანდეს ზოგადი განათლების დონეზე. თუ სკოლაში არ ასწავლე ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები, რაც უნდა წაახალისო ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში, შედეგს ვერ მიიღებ. ქვემოდან არ ჯობდა საქმის დაწყება?

– ჩვენ ახლა ბაკალავრიატზე ვსაუბრობთ. შეუძლებელია, ის, რაც სამაგისტრო პროგრამებზეა პრიორიტეტი, არ გაითვალისწინო პირველ საფეხურზე, ანუ ბაკალავრიატში. საუბარია იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, არაპრიორიტეტული მიმართულებებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ მიმართულებებზე ქვეყანას ახლა მხოლოდ ძალიან კარგი კადრები სჭირდება, ამიტომაც მხოლოდ მათ დააფინანსებს, რომლებიც 100-პროცენტიან გრანტს მოიპოვებენ. უბრალოდ გარკვეული პრივილეგია მიენიჭებათ თანადაფინანსებისას მათ, რომლებიც ზუსტსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს აირჩევენ.

– გასაგებია, რომ სახელმწიფომ გამოაცხადა თავისი პრიორიტეტები, მაგრამ ერთია განათლების მიღება და მეორე – დასაქმება. სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება ემყარება კვლევებს, რომელთა საშუალებით დადგინდა, რომ ქვეყანაში არის მოთხოვნა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მცოდნე კადრებზე? რატომ უნდა გამოვიდე ფიზიკოსი, მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო დამაფინანსებს? მერე რა უნდა ვქნა?

– ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ბევრი სხვა ცვლილებაც მოჰყვება. ჯერჯერობით კერძო უმაღლესი სასწავლებლები გამოთქვამენ ინიციატივებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებიც მიჰბაძავენ. მაგალითად, საქართველოს უნივერსიტეტი სექტემბრიდან უკვე მიიღებს სტუდენტებს ფიზიკის ინსტიტუტში. ანალოგიურს აპირებს თავისუფალი უნივერსიტეტიც. რამდენადაც ვიცი, ამ უნივერსიტეტებში ამ სპეციალობებზე სწავლების გადასახდი იქნება იგივე, რაც სახელმწიფო უმაღლესებში, ანუ ჭერი იქნება 2 250 ლარი, ხოლო, ვინც გრანტს მოიპოვებს, უფასოდ ისწავლის. ეს ინიციატივა, თავისთავად, ძალიან კარგია. როდესაც დასაქმებაზე ვსაუბრობთ, ღმერთმა ქნას, ფიზიკოსებს ისეთი ხელფასები ჰქონდეთ, რომ აბიტურიენტებისთვის პრიორიტეტი იყოს ამ ფაკულტეტებზე ჩაბარება. მით უმეტეს, რომ კერძო უმაღლეს სასწავლებლებს არანაირი ინტერესი არ აქვს ამ თვალსაზრისით, რადგან ისინი უფრო ბაზარზე არიან ორიენტირებული და ვერც ერთ კერძო სასწავლებელში ვერ იპოვით საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს.

– იმიტომ რომ იქ სწავლისთვის არავინ გადაიხდის ფულს, რადგან ფიზიკოსი ახლა აპრიორი უმუშევრობისთვისაა განწირული?

– კი ბატონო, მაგრამ გაჩნდა კონკრეტული ინიციატივა და ახლა ამაზე ვსაუბრობთ. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, უმაღლესი სასწავლებელი არ უნდა იყოს დაინტერესებული საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ჩამოყალიბებით, მაგრამ ვიცი, რომ ამას აპირებს როგორც თავისუფალი უნივერსიტეტი, ისე საქართველოს უნივერსიტეტი.

– სახელმწიფო ძალიან მოულოდნელად სთავაზობს ინიციატივებს მომავალ თაობას: მეთორმეტეკლასელებს საატესტატო გამოცდები დაუდგინა, ახლახან დაამატა უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო გრანტის ახლებურად განაწილების სქემა. გამართლებულია ასეთი სტრესი? ოჯახები ხომ წინასწარ საზღვრავენ თავიანთ ბიუჯეტს?

– არავინ იცის, ვინ რამდენ დაფინანსებას აიღებს.

– მეტ-ნაკლებად მაინც იციან. მომზადების დონის მიხედვით.

– არავინ იცის. დაფინანსება გაიცემა ოთხი გამოცდის შედეგით. თითოეულ საგანს თავისი ჯიბე აქვს და არავინ იცის, ვის რამდენი დაფინანსება შეხვდება.

– არ გეთანხმებით, მაგრამ სხვაგვარად გკითხავთ: უკვე იციან აბიტურიენტებმა, რა საგნების ჩაბარება მოუწევთ ამა თუ იმ სპეციალობებზე მოსახვედრად თუ?

– ამას სახელმწიფო გრანტთან არანაირი კავშირი არ აქვს.

– ანუ სპეციალობებზე საგნების დასახელება იგივე დარჩა, რაც შარშან იყო?

– შესაძლოა, გამოჩნდეს ახალი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც დაამატებს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს. ეს მონაცემები 25 დეკემბერს გვექნება.

– ესე იგი, ჯერჯერობით იმის იმედად ვართ, რომ იმ დროისთვის, როდესაც ეს ახალგაზრდები, რომლებიც აირჩევენ პრიორიტეტულად მიჩნეულ სპეციალობებს, ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას დაამთავრებენ, სამუშაო ადგილებიც შეიქმნება?

– ეს კომპლექსური პრობლემაა, რა თქმა უნდა, რაც უნდა გადამიხადო სწავლის საფასური, აქეთაც რომ მომცე ფული და ფიზიკის ფაკულტეტი დამამთავრებინო, თუ მხოლოდ სახლში ჯდომის პერსპექტივა მაქვს, რად მინდა?! იმ კერძო უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებზეც ვისაუბრე, იგეგმება გაცვლითი პროგრამები. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, წავიდნენ უცხოეთში რაღაც პერიოდის განმავლობაში.

– თუ არსებობს რაღაც კვლევა, რომ პრიორიტეტული სწორედ ესა და ეს სპეციალობებია?

– იმდენად ნათელია, ინჟინრები რომ არ გვყავს, ამას კვლევა არც სჭირდება.

– ყველაფერს სჭირდება დასაბუთება, მიუხედავად იმისა, რომ გეთანხმებით: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება აუცილებელია.

– ჩვენ არ ჩაგვიტარებია ასეთი კვლევა, მაგრამ ეს მე აპრიორი ვიცი, ტექნიკურ უნივერსიტეტში ადგილები ივსებოდა ჰუმანიტარული ფაკულტეტების ხარჯზე. ამას რა კვლევა უნდა?! შეიძლება, ქვეყანას არ ჰყავდეს მეტალურგი, ჰიდროინჟინერი?!

– არ გეკამათებით, მაინტერესებს, აქვს თუ არა სახელმწიფოს კარგად გათვლილი, რა შედეგს ელის რამდენიმე წელიწადში საბუნებისმეტყველო მიმართულების წახალისებით?

– თქვენ იკითხეთ კვლევა თუ არსებობსო და გიპასუხებთ: ეს ეფუძნება სტატისტიკას: რამდენ მეტალურგსა თუ იურისტს უშვებს წელიწადში ქვეყანა.

– ურიგო არ იქნება, ვიცოდეთ, რამდენი იურისტი და მეტალურგი საქმდება ქვეყანაში?

– როდესაც ორი მეტალურგი გვყავს, არ სჭირდება კვლევა იმას, რომ მეტალურგები გვჭირდება. სტატისტიკა უნდა მოვიშველიოთ.

– და რას გვეუბნება სტატისტიკა?

– დიდი პრობლემაა საინჟინრო მიმართულებებზე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთად ცხრა ფიზიკოსი და ქიმიკოსი გვყავდა. როდესაც მე ვსწავლობდი, 160 სტუდენტი იყო ფიზიკის ფაკულტეტზე.

– თქვენ ეს არ გეხებათ, მაგრამ თსუ-ის ფიზიკის ლაბორატორია სარდაფში კი არ უნდა ჩაეტანათ რამდენიმე წლის წინათ, ტრადიცია უნდა გაეგრძელებინათ.

– გავიმეორებ, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრიორიტეტულად გამოცხადება მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა სახელმწიფოს მხრიდან.

– ხომ არ ჯობდა, სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებებისთვის დამატებით გამოეყო დაფინანსება? სულ ათი მილიონი ლარია სახელმწიფო გრანტებზე გამოყოფილი, დაემატებინათ რამდენიმე მილიონი? ბოლოს და ბოლოს, ეს ერთი კონცერტის თანხაა?

– მე ამ შედარებას არ გავიზიარებ.

– მე ვაკეთებ ამ შედარებებს.

– მაგრამ ცხადია, როცა გინდა მხარდაჭერა, უნდა დააფინანსო კიდეც, ამიტომაც მოვიყვანე კერძო უმაღლესი სასწავლებლების ინიციატივა. ისინი მოგებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმაზე, რომ სახელმწიფოს ფიზიკოსები და ქიმიკოსები სჭირდება.

– ძალიან ნუ შევიცოდებთ მათ, საკმაოდ დიდ გადასახადს ახდევინებენ სტუდენტებს.

– რაც უნდა მაღალი იყოს სწავლების გადასახადი, ბუნებრივია, ფიზიკის ინსტიტუტის შექმნა და სრულიად არამომგებიანი კონტინგენტის მიღება, მარტივი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს.

– უცნაურად გამოდის: სახელმწიფოს ინიციატივას უპირველესად ეხმაურება ის ორი უმაღლესი სასწავლებელი, რომლებშიც კახა ბენდუქიძე და პრეზიდენტის დედა მუშაობენ.

– ეს ორი წამყვანი კერძო უმაღლესი სასწავლებელია და ისინი ქვეყნის საქმეს აკეთებენ.

– რას ურჩევთ აბიტურიენტებს და მათ მშობლებს?

– ეს უნდა იყოს აბიტურიენტის და არა მშობლის გადაწყვეტილება. მშობელს ერთადერთ რამეს ვურჩევ: მოუსმინოს თავის შვილს და ხელი შეუწყოს მას. სპეციალობის არჩევისას კი გადაწყვეტილება აბიტურიენტმა უნდა მიიღოს. თუ ახალგაზრდა გადაწყვეტს, სწავლა განაგრძოს საბუნებისმეტყველო მიმართულებით, მას ექნება როგორც 100-პროცენტიანი, ისე 30, 50 და 70-პროცენტიანი სახელმწიფო გრანტის მიღების შესაძლებლობა.


скачать dle 11.3