მამადავიწყებულთა გზაზე
„თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი…“
გასულ კვირას დიდოელი მოგამედ გამზათოვი ჩვენს პარლამენტს ეწვია, თანაც ხელდამშვენებული: მან საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თანამემამულეთა წერილი ჩამოიტანა, რის მიხედვითაც, რაკი დიდოელები რფ-ში ადამიანის უფლებების შელახვას უჩივიან, ზედაც იმას, რომ მშობლიური ენისა და ისტორიის შესწავლის საშუალება არ ეძლევათ, საქართველოს სთხოვენ, თქვენს იურისდიქციაში მიგვიღეთო. ეს ამბავი ფართო საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა აცნობა, რომელიც, ძირითადად, ჩრდილო კავკასიის მიმართულებით აქტიურობს: ხან ჩერქეზების გენოციდის საკითხებს ამუშავებს, ახლა კი, როგორც ჩანს, დიდოელთა მოსარჩლის მანტიის მორგებასაც ცდილობს. მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი დევნილებისთვის ვერ მოგვივლია (შესაძლოა, ამ პრობლემის გადაჭრაში ბ-ნ წიკლაურს თანამდებობაც უშლიდეს ხელს: ის ხომ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობას არეგულირებს და, ამ ფონზე, აბა, არაუცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები რა მოსატანია თავიანთი უუფლებობებით?!).
ასეა თუ ისე, საქართველოს პარლამენტს კავკასიურ მარაქაში გარევის კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცა (და მერე რა, რომ ჩერქეზთა გენოციდის საქმე ადგილიდან ვერც კი დაძრეს, სამაგიეროდ, რფ-ის ხელმძღვანელობას ნერვებს ხომ მაინც უშლიან?!) და იმის თქმისაც, რომ საერთაშორისო ტრიბუნიდან პრეზიდენტის მიერ თქმული „მშვიდობიანი კავკასიის“ იდეა ისევ ტოკავს. ტოკავს თუ ატოკებენ, ჩვენი უმაღლესი კანონმდებლები მოგამედ გამზათოვს კიდეც შეხვდნენ და, ეჭვიც არ მეპარება, დახმარებასაც აღუთქვამდნენ (მაგათი გულმოწყალების ამბავი რომ ვიცი!). ამ გულითადობის მიუხედავადაც, ეჭვი მაქვს, რომ დიდოელთა მოთხოვნაც იმავე ბედს გაიზიარებს, რაც ორიოდე წლის წინათ ინგუშების თხოვნას ერგო (შეგახსენებთ, ინგუში ოჯახები საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეობასა და თანადგომას სთხოვდნენ). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ უკვე შევუდექით მამადავიწყებულების გზას, დიდოელებს ჯერ ინგლისურის შესწავლა არ უნდა მოვთხოვოთ?!