„გავძეხი“
მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტი ისეთი დიადი იდეებითაა შეპყრობილი (დავძენდი, აღფრთოვანებულიც-მეთქი), როგორიც აქეთ – ჩერქეზთა გენოციდის აღიარებაა, იქით – რფ-ის ტერიტორიაზე დიდოელთა უფლებების დაცვაა, თბილისის ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებულ ჩვენებურ დევნილთა გამოსახლების პროცესი შეუქცევადად გრძელდება. ხოლო, თუ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შეუვალ პოზიციას გავიხსენებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ დედაქალაქში არც ერთი კომპაქტურად დასახლებული დევნილი არ დარჩება! მეტიც, ბ-ნი სუბელიანის უწყება დევნილების ნაწილს (მათ, რომლებიც კომპაქტურად ჩასახლების ადგილებიდან ნებით გამოსახლებას არ აპირებენ) ბინების უსამართლოდ მოთხოვნაში ადანაშაულებს (ეს არცაა, ალბათ, გასაკვირი, რადგან იერი „გავძეხი“ მხოლოდ სახჩინოვნიკების პრეროგატივაა). თავის არგუმენტებს ზემოაღნიშნულმა უწყებამ სპეციალურ განცხადებაშიც მოუყარა თავი. კერძოდ, სამინისტრო იუწყება, რომ, ჯერ ერთი, დევნილები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საპროტესტო აქციებს მართავენ, საცხოვრებელი ფართებით უკვე დაუკმაყოფილებიათ და, რაც მთავარია, „მათ რამდენიმე საცხოვრებელი ბინაც გააჩნიათ.“ სამინისტრო თავის განცხადებაში ოდენ თეორიულ მსჯელობას არ სჯერდება და ფაქტობრივ მასალასაც იშველიებს, სავარაუდოდ, მეტი დამაჯერებლობისთვის. სახელდობრ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ, მაგალითად, ლიკა ჩხეტიანი (რომელიც ყოფილი სააღმსრულებლო ბიუროს შენობაში ცხოვრობს) დევნილი არ არის, მაშინ, როდესაც, თურმე, მამასთან ერთობლივად ქუთაისში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ფართს ფლობს (დედამისი კი არადევნილიაო), მისი ბაბუა და ბებია კი გლდანში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობენ (კარტოგრაფიის ყოფილ შენობაში). ლიკა ჩხეტიანის მამამთილს კი, კოდორიდან დევნილს, სახელმწიფოსგან 10 000 აშშ დოლარი მიუღია. შესაბამისად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ასკვნის, რომ ლიკა ჩხეტიანს ორი საცხოვრებელი ფართი გააჩნია. ამიტომაც გვარწმუნებს, რომ ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახები რამდენჯერმე ვერ დაკმაყოფილდებიან. მომყავს ციტატა განცხადებიდან: „სამინისტრო უნდა იყოს სამართლიანი და ვერ შეეგუება იმ ფაქტს, რომ ზოგ დევნილს არაფერი ჰქონდეს, ზოგს კი – რამდენიმე ბინა.“
დღესავით ნათელია, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს „სამართლიანობაზე“ მეტად ორიგინალური წარმატება ჰქონია (განსაკუთრებით, სამინისტროს მესვეურთა ხელფასების ფონზე). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე არაგამჭვირვალე სახუწყებაა და უარს აცხადებს თანამშრომელთა სახელფასო და საპრემიო ფონდის განსაჯაროებაზე (მაგრამ, თუ სხვა სამინისტროების ხელფასებსა და პრემიებს გავითვალისწინებთ, შავი დედლებივით უნდა იყვნენ გაკეთებული), უნდა ვივარაუდოთ, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიდგომა ჭეშმარიტად „სამართლიანია“: მაძღარს დევნილიც მაძღარი ეგონაო.