ჩაპრემიებულები
ფულები არის ჩემი გამხარებელი“
თავის დროზე, ბევრი ვაკრიტიკეთ თუ ცოტა, აშკარაა, რომ ამ ჩვენს ისეთ დემოკრატიულ ქვეყანაში, გარედან მტერს რომ უკლავს გულს, შიგნით კი – მოყვარეს, თითქმის ყველა დემოკრატიული პროექტი სწორედ „ფონდ: ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ ფინანსდება. გამონაკლისი არც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა “ და ზემონახსენები ფონდის ერთობლივი პროექტია. კერძოდ, ახალი ვებ-გვერდი შეიქმნა (www.opendata.ge), რომელზეც წვრილადაა მოცემული სახელმწიფო უწყებების სახელფასო ფონდები, მინისტრებისა და მათი მოადგილეების პრემიები, სამინისტროების ბიუჯეტებისა თუ სარეზერვო ფონდების ოდენობა. რამდენიმე სამინისტრომ, როგორც მოსალოდნელი იყო, თანამშრომლობაზე უარი განაცხადა (კერძოდ, შსს-მ, განათლებისა და მეცნიერების, ლტოლვილთა და განსახლების და თავდაცვის სამინისტროებმა. მათ მიჰბაძა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც).
მაგრამ, რაკი ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც საიტის ორგანიზატორებს შეკითხვებზე ნაწილობრივ მაინც უპასუხეს, ასეა თუ ისე, ჩვენს ჩინოვნიკთა ჯიბესავსეობისა და სიმაძღრის სურათი მეტ-ნაკლებად სრულია. მეტიც, ამ ჩვენს მრავალათასიან ჩინოვნიკებს, თურმე, ხელფპრემიებიც მრავალათასიანი ჰქონიათ (ვენაცვალე მადაში!). როგორც აღინიშნა, სახელდობრ, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაცემული პრემიების ოდენობა სახელფასო ფონდს აჭარბებს (ასე, მაგალითად, 2010 წელს ამ სტრუქტურის სახელფასო ფონდი 395 000 ლარით განისაზღვრა, საპრემიო – 675 000-ით). შესაბამისად, ბ-ნი ბაკურ კვეზერელის ყოველწლიურ ხელფასს მისმა ყოველწლიურმა პრემიამ გადააჭარბა. ჩვენ არ ვიცით, რით ხელმძღვანელობდნენ ამ ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის პრემიის პრემიაზე გაცემისას, მაგრამ, რაკი ვიცით, რომ ბ-ნ კვეზერელს ძროხა მამალიც ჰგონია, შესაძლოა, მისი ჩაპრემიება ორიგინალურ იდეებსაც უკავშირდებოდეს.