ჩასძახეს – ამოსძახა
მადლიერი ქართველი ხალხისგან!
რაკი „მეგობარი ნაწილია ჩვენი სულისა“, სავსებით ბუნებრივია, რომ ამერიკელი დიპლომატის – რიჩარდ ჰოლბრუკის გარდაცვალებას საქართველოს ხელისუფლებაც გამოეხმაურა. თანაც მხოლოდ სამძიმარს არ დასჯერდა და პატივისცემისა და ღრმა მწუხარების გამოსახატავად კონკრეტული ღონისძიებებიც გაატარა. კერძოდ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკელი დიპლომატი „მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისა და დემოკრატიის განვითარების ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ქართველი ერის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, სიკვდილის შემდეგ წმიდა „გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით“ დაჯილდოვდა! მეტიც, პრეზიდენტსვე ეკუთვნის ინიციატივა, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას რიჩარდ ჰელბრუკის სახელი ეწოდოს. მართალია, ფორმალურად ამგვარ გადაწყვეტილებებს დედაქალაქის საკრებულო იღებს, თუმცა, რაკი პრაქტიკა მოწმობს, რომ რეალურად, დედაქალაქის საკრებულო, რასაც მმართველი გუნდი ჩასძახებს, ზუსტად იმას ამოიძახებს ხოლმე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მტკიცედ სჯერათ, რომ საკრებულო ამ საკითხზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს და, ბუნებრივია, დადებით გადაწყვეტილებასაც მიიღებს (მე ის მიკვირს, შაბათ-კვირას რატომ არ შეიკრიბნენ?!).
მეორე მხრივ, რადგან მოყვრის (თანამედროვე ენაზე – პარტნიორის) პატივისცემა უცხო არ არის ქართული ტრადიციისთვის, ცხადია, პრეზიდენტის ინიციატივები მხოლოდ მისასალმებელია (მით უფრო, როდესაც ცოცხალი ამერიკელის სახელობის ქუჩა გვაქვს, გარდაცვლილს რატომღა უნდა დავამადლოთ?!). ამიტომაც არც ვამადლით, ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ პრეზიდენტმა რიჩარდ ჰოლბრუკი „წმიდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით“, მათ შორის, დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა, დემოკრატიისადმი თაყვანისცემის ორდენების მინიჭებით გამოხატვას, ვითომ, არ ჯობდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას www.opendata.ge-სთვის ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია მიეწოდებინა, უფრო არ დაადგებოდა ნათელი რიჩარდ ჰელბრუკის ხსოვნას?!