როგორ შეუნარჩუნა სიცოცხლე დედის პორტრეტმა ტყვედ ჩავარდნილ ნიკო ბაგრატიონს და როგორ გახდა ის ბური
ნიკო ბაგრატიონი ინგლისელებისა და ბურების ომის აქტიური მონაწილე გახლდათ. ლომებზე ნადირობის სურვილით შეპყრობილი ქართველი პრინცი აფრიკაში გაემგზავრა. სწორედ ამის შემდეგ მრავალი საინტერესო ამბავი გადახდა ბაგრატიონთა ამ წარმომადგენელს და მრავალჯერ შეიცვალა მისი გეგმები. თუ როგორ გადაურჩა დახვრეტას, სად შეესწრო უინსტონ ჩერჩილის დატყვევებას და რატომ გადაასახლეს წმიდა ელენეს კუნძულზე, სადაც თავის დროზე ნაპოლეონმა უკანასკნელი დღეები გაატარა, ამას ჩვენს ინტერვიუში ივანე ჯავახიშვილის ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს.
– ნიკო ბაგრატიონი, რომელიც „ბურის“ შერქმეული სახელით უფროა ცნობილი, მეცხრამეტე, და მეოცე საუკუნის დამდეგის მოღვაწეთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ. ზედწოდება „ბური“ მან იმასთან დაკავშირებით მიიღო, რომ მოხალისედ იბრძოდა ინგლის-ბურების 1900-1901 წლის ომში.
– რა არის ცნობილი ნიკო ბურის წარმომავლობის შესახებ?
– ნიკო ბაგრატიონი არჩილ მეორის შთამომავალი იყო. იგი ბაგრატიონ-მუხრანელთა საგვარეულო რეზიდენციაში, მუხრანში დაიბადა 1868 წელს. მისი მშობლების ვინაობაც ცნობილია: მამამისი რუსეთის არმიის ოფიცერი – გიორგი ბაგრატიონი გახლდათ. დედა კი – ანა ბაგრატიონი, მის მრავალრიცხოვან დედ-მამიშვილს შორის ერთადერთი ქალი იყო.
– როგორ იზრდებოდა ნიკო ბაგრატიონი?
– ნიკო კარგ მეომრად და მსროლელად აღზარდეს. განათლების მისაღებად და ფრანგული ენის სასწავლებლად უფროს ძმასთან – ლევანთან ერთად სამი წლით, თბილისის ფრანგ დალაქ ბერლემონთან გაამწესეს. მართალია, ნიკოს და ლევანს მადამ ბერლემონი, კარტოფილს, რომელიც არ უყვარდათ, ძალით აყლაპებდა, მაგრამ ძმებმა მასთან მოისმინეს პირველად ჰანს ქრისტიან ანდერსენის ჯადოსნური ზღაპრები და ბრწყინვალედ დაეუფლნენ ფრანგულ ენას. განათლების მისაღებად პლატონ იოსელიანის ოჯახშიც მიავლინეს ერთხანს ნიკო. იგი იგონებს, რომ მამიდა ანა პლატონზე 30 წლით უმცროსი ყოფილა და ქმარს „ბატონობით“ მიმართავდა.
ბაგრატიონთა შთამომავლებს, თითქოს უშფოთველი ცხოვრება ელოდათ, მაგრამ როგორც იტყვიან, ბედის ბორბალი სხვაგვარად დატრიალდა.
– რა მოხდა ბაგრატიონების ოჯახში ისეთი, რამაც მათი ცხოვრება არია?
– ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გამოჩნდა ვინმე ავანტიურისტი – ხასკინი, რომელმაც ოჯახი მოატყუა და მთელი ქონება ერთ-ერთ ახლად დაარსებულ „პრიკაზში“ (უწყებაში) დააგირავებინა. შედეგად, გიორგი ბაგრატიონმა მთელი ქონება დაკარგა და ხაზინის 600 000 მანეთი ვალად დაედო. ამ თანხის მხოლოდ პროცენტის გადახდას პირამდე დატვირთული ორი ურემი ოქრო-ვერცხლი დასჭირდა. თავზარდაცემული ოჯახი დიდი ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდა. ამ უზარმაზარ ვალს ისინი ვერასდროს გადაიხდიდნენ. საბედნიეროდ, გიორგიმ არზა მიართვა იმპერატორ ალექსანდრე მესამეს და თანხის ჩამოწერა სთხოვა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც.
1884 წელს ოჯახის უფროსი გარდაიცვალა, შვილებმა კი მეურნეობის სათანადოდ გაძღოლა ვეღარ შეძლეს. ნიკომ ოჯახი მიატოვა და სამსახური დაიწყო. ჯერ მატყლის შემსყიდველ ინგლისურ ფირმაში ჩაირიცხა, შემდეგ ყარსის რკინიგზის იჯარების საქმეს მოჰკიდა ხელი.
1896 წელს ნიკოლოზ მეორეს მეფედ კურთხევის ცერემონიაზე დასასწრებად, სხვა არისტოკრატებთან ერთად, ნიკოც მიიწვიეს. ასე მიეცა მას საშუალება, ეხილა რუსეთის ძველი დედაქალაქი, მოსკოვი, სადაც მეფედ კურთხევის ცერემონია იმართებოდა. სხვათა შორის, თავის მემუარებში, პოლიტიკური მიზეზების გამო, ნიკოლოზ მეორეს არსად ახსენებს. ამიტომაცაა, რომ ქართულ ლიტერატურასა და ინტერნეტ-საიტებზე არასწორადაა მოყვანილი, იმპერატორის სახელი, ვის კურთხევასაც ნიკო დაესწრო იმ პერიოდში.
– როგორ გრძელდება ნიკო ბაგრატიონის ცხოვრება მოსკოვში?
– მოსკოვში ნიკო ქართველ თავადიშვილს, კოლა ორბელიანს დაუახლოვდება. მასთან ერთად ნიკომ ვოლგაზე გაცურა ნიჟნი-ნოვგოროდის სანახავად. ახალგაზრდა დიდგვაროვნებს აზრად მოსვლიათ, აფრიკაში წასულიყვნენ ლომებზე სანადიროდ. ნიკოლოზ ბაგრატიონი სამშობლოში ამ აკვიატებული აზრით დაბრუნდა.
– ამის შემდეგ რა ხდება?
– 1899 წელს ამ იდეის სისრულეში მოსაყვანად ნიკო პეტერბურგს გაემგზავრა. დაათვალიერა რუსეთის იმპერიის დედაქალაქი, დაესწრო დედოფალ მარიას სახელობის ოპერის თეტრის სპექტაკლს, რომელშიც განთქმული მომღერალი მრავინა (ევგენია მრავინსკაია) მღეროდა. პეტერბურგიდან ნიკო ბაგრატიონი, კოლა ორბელიანთან ერთად, პარიზს გაემგზავრა. საფრანგეთმა და პარიზმა, განსაკუთრებით კი ახლად აგებულმა ეიფელის კოშკმა, მუხრანელი პრინცი აღფრთოვანებაში მოიყვანა. მას მოუნახულებია ლიონის განთქმული გობელენების ფაბრიკაც. საინტერესო ფაქტია, რომ ნიკო ბაგრატიონის თქმით, ლიონში მის პატივსაცემად საგანგებოდ დაამზადეს აბრეშუმის გობელენი თამარ მეფის პორტრეტით, რომელიც მას სიცოცხლის ბოლომდე სახლში ჰქონდა. სამწუხაროდ, სადღეისოდ მისი ნაშთიც არსად ჩანს.
საფრანგეთიდან ნიკომ მარტომ გასწია ალექსანდრიისაკენ, რადგან კოლამ ლომებზე ნადირობა გადაიფიქრა.
– რა ხდება ალექსანდრიაში?
– პირველად ნიკო ბაგრატიონმა ალექსანდრიაში გაიგო, რომ აფრიკის სამხრეთით გადმოსახლებულა ჰოლანდიელთა გარკვეული რაოდენობა, რომელთაც პატარა რესპუბლიკა დაუარსებიათ. ტრანსვაალსა და ინგლისს შორის ომი დაიწყო. ტრანსვაალი და ორანჟი, რამდენიმე საუკუნის წინ, ჰოლანდიელმა მოახალშენეებმა დააარსეს. მათ შეუერთდნენ საფრანგეთიდან დევნილი პროტესტანტები – ჰუგენოტებიც. მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე, ინგლისის იმპერიას სურდა სამხრეთ აფრიკის რეგიონის სრული დაუფლება (მით უფრო, რომ იქ უმდიდრესი ალმასის საბადოები აღმოჩნდა), მაგრამ ამ საქმეში იმპერიას ჰოლანდიელთა შთამომავლები – ბურები გადაეღობნენ. ამიტომაც, დაიწყო ინგლის-ბურების მეორე ომი (პირველი 1880 წელს იყო).
ახალგაზრდა პრინცმა ლომები უცბადვე დაივიწყა და ბურებისადმი სრული თანაგრძნობით აღივსო. იგი იგონებდა: „ბურების მდგომარეობა, როგორღაც მაგონებდა ჩემს სამშობლოს და მწამდა, თუ შევერკინებოდი ბურების მტერს, ეს იმასაც ნიშნავდა, რომ მე ამით სამაგიეროს გადავუხდიდი ჩემი ქვეყნის მტრებსაც“. აი, ასე, ამ გულუბრყვილო იდეით შეპყრობილი ქართველი პრინცი, პატარა ქვეყნის მოხალისეთა არმიის რიგებში გაერთიანდა და ბურების დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად გაემართა. ცოტა ხანში, სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე, ერთ პატარა ნავსადგურს მიადგა.
აქ ფრანგი კოლონისტის სასტუმროში დაბინავდა და ყველაფერი გაიგო, რაც აინტერესებდა. მან გადაწყვიტა, მეორე დღესვე სტუმრებოდა ტრანსვაალის რესპუბლიკის მოხუც პრეზიდენტ პავლე კრიუგერს.
– როგორ ჩაიარა ამ შეხვედრამ?
– მართლაც, პავლე კრიუგერმა ნიკო ბაგრატიონი მიიღო თავის უბრალო რეზიდენციაში და უცნობი ქვეყნის პრინცის საქციელით აღფრთოვანებული, თბილად გადაეხვია. ნიკო გულისტკივილით იხსენებდა, რომ პავლე კრიუგერი დარწმუნებული იყო, რომ მსოფლიო თანამეგობრობა, ევროპის განათლებული ქვეყნები, არ დაუშვებდნენ პატარა, მშვიდობისმოყვარე ქვეყნის დაჩაგვრას და ომში ჩაერეოდნენ, მაგრამ დრო გადიოდა და მსოფლიო სრულიად გულგრილად შესცქეროდა ამ უთანასწორო ბრძოლასო.
ნიკო ბაგრატიონი თავდაუზოგავად იბრძოდა, არ უშინდებოდა არც საშინელ კლიმატს: გაუსაძლის სიცხეს დღისით და საოცარ სიცივეს ღამით. უწყლობას, უვარგის საკვებს (ზოგჯერ საჭმელი საერთოდ არ ჰქონდათ). იგი დარწმუნდა, რომ ბურების არმიაში არ იყო ძლიერი დისციპლინა. ბური მეომრები, შაბათ-კვირას თვითნებურად სახლში მიდიოდნენ და ოთხშაბათს ბრუნდებოდნენ. ამას გარდა, ბურები ძალიან რბილად ექცეოდნენ ტყვეებს.
– მაინც როგორ?
– ბურები მათ დააპურებდნენ, მოასვენებდნენ და შემდეგ საერთოდ ათავისუფლებდნენ. საინტერესოა, რომ ბურების ტყვეთა შორის, იმხანად „მორნინგ პოსტის“ სამხედრო კორესპონდენტი, ახალგაზრდა – 25-30 წლის უინსტონ ჩერჩილიც აღმოჩნდა. იგი ბურებმა ზურგში, პრეტორიაში გააგზავნეს, საიდანაც ჩერჩილმა ადვილად მოახერხა გაქცევა. ბურთა არმიაში მდგომარეობა დღითი-დღე უარესდებოდა. აღარ იყო საკვები. ინგლისის არმიის მთავარსარდალი – კიტჩენერი კი, ბურებისგან განსხვავებით, ტყვეებსა და მათ ოჯახებს სასტიკად უსწორდებოდა. ერთ-ერთი მძიმე ბრძოლის შემდეგ, ქალაქ ბოსჰობთან, ბურების სარდალი, კრონიე იძულებული გახდა მტერს ჩაჰბარებოდა. ტყვედ ჩავარდნილთა შორის აღმოჩნდა საქართველოს სამეფო გვარის შთამომავალი – ნიკო ბაგრატიონიც.
– რა ბედი ეწია მას?
– ნიკო ბაგრატიონს, 100 ტყვესთან ერთად დახვრეტა მიუსაჯეს. დახვრეტდნენ კიდეც, მაგრამ ნიკო დედის სურათმა იხსნა. დასჯის წინ მას ჯიბიდან ამოუღია დედის პორტრეტი, რომელიც ყველგან თან დაჰქონდა. ამჯერადაც, ნიკო უკანასკნელად დაემშვიდობა დედას. ინგლისელ ოფიცერს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და შეეკითხა ნიკოს (ნიკო მხოლოდ ფრანგულად ლაპარაკობდა), ვინ იყო ეს უცნაურ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი. როდესაც მან შეიტყო, რომ ნიკო შორეული საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო, გამოიყვანა მწყობრიდან და დახვრეტას გადაარჩინა. რამდენიმე დღეში, ის ინგლისელთა მთავარსარდალმა, კიტჩენერმა მიიღო და ჰკითხა: რა უნდოდა ქართველ პრინცს ბურების არმიაში. ნიკომ მტკიცედ უპასუხა: „ყველა ხალხს უნდა შეეძლოს თავისუფლად იცხოვროს ამ ქვეყანაზე. ამისთვის ისინი არ უნდა დაისაჯონ.“ მთავარსარდალს არ მოეწონა მისი ესოდენ თამამი პასუხი, მაგრამ დახვრეტა, მაინც წმიდა ელენეს კუნძულზე გადასახლებით შეუცვალა. წმიდა ელენეს ლეგენდარულ კუნძულზე, ნიკომ მოინახულა ნაპოლეონის უკანასკნელი საცხოვრებელი. იგი აქაც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მისი ინიციატივით, გაიმართა შეჯიბრება დოღში. ფრანგი ქალებისგან კი მიიღო უამრავი საჩუქარი და სურსათ-სანოვაგე. მისი გმირობის ამბავი მსოფლიოს მრავალმა გაზეთმა გაავრცელა. წმიდა ელენეს კუნძულზე ნიკო ბური განსაკუთრებით დაუახლოვდა ფრანგ გრაფ ბრედას, რომელმაც საბოლოოდ დაიხსნა კიდეც იგი. ბრედამ ნიკოს ფული ასესხა და საშუალება მისცა, მასთან ერთად ინგლისში ჩასულიყო. ინგლისიდან ისინი საფრანგეთში გაემგზავრნენ, სადაც პარიზს გარდა, გრაფმა ბრედამ საგვარეულო მამულშიც – ქალაქ ტურში უმასპინძლა ქართველ დიდგვაროვან სტუმარს.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საბოლოოდ, როდესაც ნიკო ბაგრატიონი პეტერბურგს ჩავიდა, იგი მაშინვე დააპატიმრეს და ჰაუპტვახტში ჩასვეს.
– საბოლოოდ, თუ დაბრუნდა ნიკო ბური სამშობლოში?
– დაბრუნდა. 1921 წელს ნიკოს ცხოვრება საქართველოში გაუსაძლისი გახდა. რაღაც სასწაულით გადაურჩა იგი ბოლშევიკთაგან ანგარიშსწორებას, თუმცა, მამულები და ქონება მთლიანად ჩამოართვეს.
– ასეთ თავგადასავლებში ოჯახის შექმნა თუ მოასწრო ქართველმა მეფის შთამომავალმა?
– საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ნიკო ბური თავადის ასულ ანა ბუჭყიაშვილზე დაქორწინდა. მათ 6 შვილი შეეძინათ, რომელთა უმრავლესობაც ადრეულ ასაკშივე დაიღუპა. უკანასკნელი მისი ასული ირინა (დაბადებული 1916 წელს) 2000 წელს გარდაიცვალა პარიზში. სწორედ მან შეინახა ბაგრატიონ-მუხრანელთა ოჯახის უძვირფასესი რელიკვიები და მათ შორის, ლუი მეთოთხმეტის მიერ სულხან-საბა ორბელიანისთვის ნაჩუქარი სამაჯური.
ზოგიერთი ცნობით, ბურებთან ომგამოვლილი დიდგვაროვანი, საბჭოთა დროს კი, გაღატაკებული პრინცი – ნიკო ბური, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში თავს თბილისის ბაზარში სიგარეტის გაყიდვით ირჩენდა – „ასე გარდავალს წარსული დიდება“.