კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ნათესაური კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან ილიას და აკაკის

ქართველი ერის უდიდესი მამულიშვილის, ილია ჭავჭავაძის გვარის გენეალოგია და საგვარეულოს ისტორია, გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიკოსებისა და ლიტერატორების მიერ წარმატებით არის ნაკვლევი. საწინააღმდეგო სურათი გვხვდება მისი დედის – ბებურიშვილის ქალის გვარის ისტორიის შესწავლის მხრივ.

ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე გასული საუკუნის 80-იან წლებში დავით გურამიშვილის ბიოგრაფიას იკვლევდა. დღეს იგი ილიას სათაყვანებელი მეუღლის – ოლღა გურამიშვილის ნათესავებსა და მეზობლებზე ისაუბრებს.

გელა გარაყანიძე: სულმა წამძლია და მეთვრამეტე საუკუნეში ვერ გავჩერდი, მეცხრამეტეშიც გადმოვყევი გურამიშვილებს... ოღონდ, ეგ არის, მას შემდეგ ოც წელზე მეტი გავიდა და, თუ არ დავბერდი და რამე არ შემეშალა...

ილია ჭავჭავაძემ (1837-1907) ოლღა გურამიშვილი (1842-1927) 1863 წელს შეირთო ცოლად. ჯვარი 10 აპრილს (ძველი სტილით) დაიწერეს თბილისში, სამების ეკლესიაში (ეროვნული ბიბლიოთეკის უკან მდებარეობს).

– ვინ იყვნენ ოლღას მშობლები?

– ოლღას დედის შესახებ ძალზე მწირი ცნობებია შემონახული – ერქვა ელისაბედ გიორგის ასული, გარდაიცვალა მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში. მისი ქალიშვილობის გვარის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება...

მამა გახლდათ თადეოზ გურამიშვილი (1800-1875), რომელსაც ქალიშვილის გათხოვებისას უკვე სხვა ცოლი ჰყავდა – მარიამ დავითის ასული დიასამიძე.

– ვინ იყვნენ ოლღას დედმამიშვილები?

– ოლღას ჰყავდა თავისზე უფროსი ღვიძლი და – ეკატერინე. დედინაცვლის მხრიდან კი, (მამით ერთნი იყვნენ) ნახევარი და-ძმა – ხორეშანი (ცაცო) და ზალიკო.

– ოლღას პაპა-ბებიაზე რას გვეტყვით?

– დედის მხრიდან, ბუნებრივია, ვერაფერს! მამის მხრიდან ოლღას პაპა გახლდათ ზაალ გურამიშვილი, ბებია – ნინო ანდრონიკაშვილი.

ზაალი 1904 წელს გარდაიცვალა, ასე მიუთითებს პლატონ იოსელიანი, თუმცა, შესაძლოა იგი ცდებოდეს, როდესაც თადეოზი (ყველაზე უმცროსი ვაჟი) მხოლოდ 4 წლის იყო.

რაც შეეხება ბებიას – ნინო ანდრონიკაშვილს, ოლღას გათხოვებისას, ის ჯერ ისევ ცოცხალია, თუმცა ას წელს არის გადაცილებული.

ნინო ძალზე კოლორიტული კაცის შვილია – მამამისი, ზაალ ანდრონიკაშვილი, მარტყოფის მოურავია, მხნეობითა და ვაჟკაცობით განთქმული მეომარი.

„თავადი ზაალ ანდრონიკაშვილი (კუზიანი), თავადი ზაალ ბარათაშვილი (მდივანბეგი), თავადი ზაალ მაჩაბელი (ბოროტი) და თავადი ზაალ ორბელიანი (ყაფლანიშვილი) ხლებიან ირაკლის და ლევან ბატონიშვილს... ირაკლი იტყოდა თურმე: „ოთხი ზაალ ჩემთან რომ იყოს, ოთხი ათას მტერს არ დავერიდებოდიო“, – წერს ალექსანდე ორბელიანი – მეფე ერეკლეს შვილიშვილი.

სამწუხაროდ, არ აქებენ, ნინოს ძმას, ზაზას – თადეოზის ბიძას. მართალია, მან 1800 წელს გამართულ ნიახურას ბრძოლაში თავი ისახელა, მაგრამ, მოგვიანებით, როცა საქართველოში რუსები დამკვიდრდნენ, მათთან ურთიერთობაში რამდენჯერმე „ჩაიჭრა“ სამშობლოს საზიანოდ.

ზაზას პიროვნებაზე თვალსაჩინო აზრის შესაქმნელად, მოვიყვან ფრაგმენტს მისი წერილიდან თავის ძმისადმი – ივანესადმი. წერილი გამოგზავნილია პეტერბურგიდან საქართველოში 1806 წელს: „ეცადე, რომ რუსებთან თანაშაკრულობა გქონდეს. სხვებმა რა იშოვეს მაგათის წინააღმდეგობით. როგორც ერთგულად ყოფილხარ, უფრო მეტად ეცადე. ამათგან სიმშილი სჯობს სხვისგან სიმაძღრეს...“

– ბატონო გელა, საქართველოს უკანასკნელი დედოფლის, მარიამ ციციშვილის დედა – ელენე, ხომ ზაალ გურამიშვილის და გახლდათ, თადეოზის მამიდა? არც ეს ფაქტი დავივიწყოთ.

– მხოლოდ თადეოზის არა, მისი და-ძმებისაც. ელენემ თავისი ძმის – ზაალ გურამიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 13 წელი კიდევ იცოცხლა და 1817 წელს წავიდა იმქვეყნად. ისე კი, სულ რამდენი შვილი ჰყავდა მამამისს – გიორგის, ზუსტად ვერ გეტყვით.

ელენე გურამიშვილის მეუღლე, გიორგი ციციშვილი, 1806 წელს გარდაიცვალა. მას მეტსახელად „ხათაგოგიას“ ეძახდნენ. ალექსანდრე ორბელიანი მის შესახებ წერს, რომ „ღალატობისთვისა ყურები დასხეპილი ჰქონდა და ხელსახოცით ახვეული იყო ხოლმე.“

თადეოზს, მარიამ დედოფლის გარდა, ჰყავდა კიდევ ორი მამიდაშვილი – ედიშერი და თეიმურაზი. ედიშერი გიორგი ავალიშვილის სიძეა, თეიმურაზს კი, ცოლად ჰყავს დავით ორბელიანის (სარდლის) ქალიშვილი – ქეთევანი. სხვანაირად რომ ვთქვათ, მეფე ერეკლეს შვილიშვილი თამარ ბატონიშვილისაგან. თამარი კი გიორგი მეფის (გიორგი მეთორმეტის) ერთადერთი ალალი და გახლდათ.

ზაალ გურამიშვილის სახლში, ქვემო ავჭალაში, გიორგი მეფემ ორი ზაფხული გაატარა თავისი ცოლ-შვილით.

– თუ სწორად მივხვდი, გამოდის, რომ გიორგი მეფის დის შვილი გათხოვილა გიორგი მეფის ცოლის ძმაზე, ასე არ არის?

– ასეა, მაგრამ ამაზე საუბარი ჩვენს ძირითად თემას გადაგვახვევინებს...

– წეღან თქვენ თადეოზის და-ძმები ახსენეთ. მათაც დარჩათ შთამომავლობა? ანუ ოლღას ბიძაშვილები ან მამიდაშვილები ჰყავდა?

– თადეოზს ჰყავდა თავისზე უფროსი ორი ძმა და ორი და (დები, შეიძლება, მეტიც).

სამ ძმას პირობა დაუდევს ერთმანეთთან: თუ ერთი მათგანი ცოლს მოიყვანდა, დანარჩენი ორი უცოლოდ უნდა გადაგებულიყო. ამ წესით გურამიშვილთა მამული აღარ დანაწევრდებოდა. რადგან თადეოზმა ძმებს დაასწრო ქალის შერთვა, მათაც პირობა აღარ გატეხეს.

რაც შეეხება დებს, ერთ-ერთი, სიდონია, თავად ლეონტი სავარსამიძეზე გათხოვდა, მაგრამ შვილი არ ეყოლა და თავისი სახლები (ქვემო ავჭალაშიც და თბილისშიც) თავის ძმისწულს – ოლღას უანდერძა. ამავე ანდერძიდან ჩანს, რომ ოლღას სხვა მამიდისგან (რომლის ვინაობა ჯერჯერობით ასევე, ვერ დგინდება) ორი მამიდაშვილი ჰყოლია – გიორგი და ერეკლე.

– როგორი ბედი ხვდათ ოლღას დედმამიშვილებს?

– უფროსი და გათხოვდა დიმიტრი სტაროსელსკიზე, რომელიც მოგვიანებით გენერალი გახდა და რამდენიმე სერიოზულ თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმმართველობის უფროსის პოსტზე. ქვისლებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

ნახევარდა ხორეშანი ხვედურეთელ ლევან ციციშვილს გაჰყვა ცოლად. თადეოზმა მათ თავისი ქონების სამი მეხუთედი მიაკუთვნა.

სხვათა შორის, ლევან ციციშვილის დამ, მარიამმა, იქორწინა აკაკი წერეთელის უფროს ძმაზე – დავით წერეთელზე. ასე რომ, აკაკის რძალი და ილიას ქვისლი ღვიძლი და-ძმანი გახლდნენ – გამოდის, აკაკი და ილიაც ნათესავები ყოფილან!

ოლღას ძმას, ზაალს, ოჯახი არ შეუქმნია. როგორც მისი თანამედროვენი იგონებენ, მას ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ ჰქონდა პრობლემები და ქმედუუნარობის გამო მეურვე ჰყავდა მიჩენილი.

– კიდევ რომელი ნათესავები ჰყავდა ოლღას? მსმენია, ნიკო ნიკოლაძეც ქვისლად ერგებოდაო ილიას.

– დიახ, ნიკო ნიკოლაძის (1843-1928) მეუღლეც გურამიშვილი გახლდათ, თან, ოლღას სეხნიაც. ნიკოსა და ილიას პირობითად ეთქმოდათ ქვისლობა, რადგან ნიკოლაძის ოლღა (1855-1940) ილიას ოლღას გარე ბიძაშვილად ეკუთვნოდა.

ბუნებრივია, ასევე გარე ბიძაშვილი იყო ილიას მეუღლისა ნიკოს ცოლისძმა, დავით გურამიშვილიც (1857-1926). დავითი ცნობილი მხატვარი და საზოგადო მოღვაწეა. განსაკუთრებულია მისი ღვაწლი კახეთში რკინიგზის გაყვანის საქმეში. დავითის მეუღლე გახლდათ ცნობილი საოპერო მომღერალი კლარა ტიტელი. დავით გურამიშვილი საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.

– რადგან სიტყვა პანთეონზე ჩამოვარდა, იქნებ, არცთუ უადგილოა იმის აღნიშვნა, რომ ორივე ოლღა გურამიშვილი – ერთი გვარის ორი წარმომადგენელი – მთაწმინდაზე განისვენებს;

– მთაწმინდაზე განისვენებს ორი ნიკოლაძეც – ნიკო და, ცნობილი მოქანდაკე – იაკობი (1876-1951).

– რადგან ჩვენ ილიას მეუღლის სანათესაოს შესახებ საუბარი უკვე ამოვწურეთ, შეგვიძლია, გადავიდეთ...

– ამოწურვით არ ამოგვიწურავს, ვინც შედარებით ცნობილები იყვნენ, იმათ შევეხეთ. ოლღას კიდევ ბევრი სხვა ნათესავიც ჰყავდა, რომელთა ვინაობა ჯერ კიდევ დასადგენია.

გავიხსენოთ, თუნდაც სოფიო გურამიშვილი. ეს ქალბატონი ელენე გურამიშვილის სიძის – გიორგი მეფის ნათლულია. გათხოვილია, მხატვარ ნიკოლოზ აფხაზზე, რომელთან შეძენილი სამივე ვაჟის გარდაცვალებას მოესწრო:

1826 წელს ლეკებმა მოუკლეს შანშე – ქართველ გრენადერთა პოლკის შტაბს-კაპიტანი.

1831 წელს გენერალ-მაიორი ივანე გარდაიცვალა ქოლერისგან, ქალაქ ბრესტ-ლიტოვსკში.

1837 წელს ყველაზე ნაბოლარა – 31 წლის ანტონიც (პოდპორუჩიკი) მოუკვდა.

ანტონი და შანშე უცოლშვილოდ გადაეგენ, გენერალ-მაიორ ივანეს ქვრივი, სალომე წერეთელი კი თერთმეტწლიანი მარტო ცხოვრების შემდეგ, იესე ანდრონიკაშვილს მისთხოვდა.

სოფიოს მამას ნიკოლოზი ერქვა. ნიკოლოზის ნათესაობის ხარისხიც თადეოზისადმი ასევე ზუსტად ვერ დგინდება.

– დღეს თუ არიან კიდევ გურამიშვილთა გვარის შთამომავალნი?

– არიან, ოღონდ, არა საგურამოში ან მის მიმდებარე სოფლებში, სადაც გურამიშვილები ტრადიციულად ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი მათგანი პირადად მეც შემხვედრია გასული საუკუნის 70-იან წლებში. სამწუხაროდ, მაშინ გურამიშვილთა გვარის ისტორიის შესწავლით არ ვიყავი დაინტერესებული და მისი წინაპრების შესახებ არაფერი გამომიკითხავს.

– ახლა გადავიდეთ არანაკლებ საინტერესო საკითხზე – რომელ მამულებს ფლობდნენ გურამიშვილები?

– გურამიშვილთა დასახლების ადგილებმა სხვადასხვა სახის ცვლილება განიცადა. ამიტომ, ჩვენც ამა თუ იმ ტოპონიმთა ძველ და ახალ სახელწოდებებზე მოგვიწევს მსჯელობა.

დავიწყოთ იმით, რომ თვითონ ტოპონიმი „საგურამო“ გვიან ფეოდალურ ხანაში იმგვარივე ტიპისა იყო, როგორც ტოპონიმები საბარათიანო, სამაჩაბლო, საამილახვრო, საციციანო და ასე შემდეგ.

მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნიდან „დაპატარავდა“ ეს ტოპონიმი და მაშინდელი გორისუბნისა და მისი მიმდებარე სოფლების – აჩხოტის, ღუროს, ძველღუროს, მარავის აღმნიშვნელ (გამაერთიანებელ) დასახლებულ პუნქტად გადაიქცა.

გორისუბანი კი, ვის აღარ გაუგია – მეთექვსმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში ძალზე ხშირად გვხვდებოდა ეს სახელწოდება ისტორიულ დოკუმენტებში. პოეტის დავით გურამიშვილის ამ სტრიქონს ხომ სკოლაშიც ასწავლიან: „მე ვიყავ ერთი თავადი, მოსახლე გორისუბანსა.“

საგურამოს გარდა, გურამიშვილები მამულებს ფლობდნენ წიწამურშიც, ქვემო ავჭალაშიც, ახალსოფელშიც, არაშენდაშიც და შანკევანშიც.

მათი მეზობლები იყვნენ აზნაურები: გარაყანიძეები და წინამძღვრიშვილები.

წინამძღვრიშვილები ჯიღაურასა და არჯაკელას ფლობდნენ (წინამძღვარიანთკარის ძველი სახელწოდება), გარაყანიძეები კი ბოკოწინს, ბიწმენს, აძვს, (დღევანდელი გალავანი, ბიწმენდი, ნავდარაანთკარი), ზემო ავჭალას, აგრეთვე წიწამურსა და ზემო ავჭალას შორის მდებარე პატარა სოფლებს – ფოსვს, ჯვარასა და ჯაჭვს.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ არაშენდას ადრე ბაღნიანთკარი ერქვა, შანკევანს კი – შანკავერი.

– კონკრეტულად ვისთან მეზობლობდნენ გურამიშვილები და ილია?

– ილია წინამძღვრიშვილი ილიას მეზობელიც იყო და მეგობარიც; ასევე, მეზობლობდა და მეგობრობდა ილია ჭავჭავაძე ბოკოწინელ კოტე გარაყანიძესთანაც, რომელსაც თავისთან ამუშავებდა სათავადაზნაურო ბანკში. შემორჩენილია მათი ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტოსურათი, რომელიც დაინტერესებულთ შეუძლიათ, იხილონ გურამ შარაძის ცნობილ ნაშრომში.

– კოტე გარაყანიძე თქვენი წინაპარი ხომ არ იყო?

– კოტეს მამა – ალექსანდრე და პაპაჩემის პაპა – დიმიტრი, ძმები იყვნენ. მათ მესამე ძმას ლუარსაბი ერქვა, რომლის შვილიშვილია ცნობილი ჰაერნაოსანი, დირიჟაბლების კონსტრუქტორი, მსოფლიოს რეკორდსმენი ვალოდია გარაყანიძე. ვალოდიას თვითონ კოროლიოვი მიიჩნევდა თავის მასწავლებლად...

ვალოდიას ძმისშვილია ჩვენგან ნაადრევად წასული, ტრაგიკულად დაღუპული (41 წლის ასაკში) ფოლკლორული ანსამბლ „მთიების“ ხელმძღვანელი, ედიშერ გარაყანიძე.

– კიდევ ვისთან მეზობლობდნენ ილიას ცოლოურები?

– გურამიშვილები მეზობლობდნენ აგრეთვე ახატნელ თავადებთან – ტუსიშვილებთანაც, რომლებიც მათი განაყრები იყვნენ. ტუსიშვილთა გვარი პირველად მეთექვსმეტე საუკუნიდან მოიხსენიება და ამის შემდეგ ჩანან ისინი კახეთის სამეფო კარზე.

– რატომ კახეთის და ქართლის არა?

– ახატანი, ისე, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სოფლები, კახეთის სამეფოს ფარგლებში შედიოდა და მათი მფლობელნიც კახეთის მეფეს ემორჩილებოდნენ. ქართლსა და კახეთს შორის საზღვარი (ამ მონაკვეთზე) არაგვზე გადიოდა.

– ილიას ერთ-ერთი მკვლელიც ხომ ახატნელი იყო – გიგოლა (გიგლა) ბერბიჭაშვილი.

– ბერბიჭაშვილი დაქირავებული ქილერი გახლდათ. ილიას ნამდვილ მკვლელებზე კი მხოლოდ ბოლო ხანებში დაიწყეს საუბარი – იმათზე, ვინც ბერბიჭაშვილისნაირებს ილიას მოკვლა შეუკვეთა – სოციალ-დემოკრატიული პარტიის მაშინდელ მესვეურებზე.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო ერთი ფაქტი: როცა ილიას მკვლელობას იძიებდნენ, ერთმა „ჭკუათმყოფელმა“, რომელიც მოწმის სტატუსით დაიკითხა, კითხვაზე – მისი აზრით, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო დაინტერესებული ილიას მკვლელობით, ვის შეეძლო მისი მოკვდინება შეეკვეთა, ურცხვად უპასუხა – ილიას მისი მეზობელი თავად-აზნაურები მოკლავდნენო და გვარებიც დაასახელა: ტუსიშვილები, წინამძღვრიშვილები, გარაყანიძეები.

ცნობისათვის: ამ საგვარეულოთა არც ერთი წევრი არ ყოფილა სოციალ-დემოკრატების აქტივისტი. პირიქით, ამ პარტიის „ბოსებისგან“ მათ მხოლოდ სასტიკი რეპრესიები განიცადეს.


скачать dle 11.3