„განტვირთვის“ დღე
გლობალური კონფლიქტები წვრილმანებით იწყება... არ ვიცი, ეს პოლიტიკაშიც ასეა თუ არა, მაგრამ ოჯახში ძირითადად ძალიან სასაცილო და უმნიშვნელო წვრილმანების გამო ჩხუბობენ. შორიდან ეს მართლაც სასაცილო ჩანს, მაგრამ ისეთი ვნებათაღელვის გამომწვევია, შეიძლება ქვა ქვაზე აღარ დატოვოს.
* ნუ აიკლებთ საყვედურებით საყვარელ მამაკაცს და ნუ დასდებთ მას ბრალს უპასუხისმგებლობასა და უსაქმურობაში, მარტო იმიტომ, რომ სახლის დალაგება და აბაზანა-ტუალეტის დასუფთავება ყელში ამოგივიდათ. ხომ უკვე შევთანხმდით იმაში, რომ მამაკაცების პასუხისმგებლობა სხვანაირია და სხვა ფაქტორებით გამოხატული.
* ნუ მოითხოვთ მამაკაცისგან კატეგორიული ტონით აღიაროს თქვენი „დამსახურებები“ ოჯახში. რა გინდათ, რამდენჯერაც ჭურჭელს დარეცხავთ, იმდენჯერ კომპლიმენტებით აგავსოთ? ამით რა შეგემატებათ? როცა ქალი იმუქრება და მბრძანებლობს, ის „კაცია კაბაში“. ჭკვიანი ქალი იღიმება და დუმს. სამაგიეროდ, ყოველთვის იმას აკეთებს, რისი გაკეთებაც თავად სურს და გამოსდის კიდეც.
რაც შეეხება უამრავ საქმეს და „განტვირთვის“ დღეს, თავად შეგიძლიათ საკუთარ თავს უშველოთ. შეუძლებელია, ყველა საქმე უკიდურესად მნიშვნელოვანი და გადაუდებელი იყოს. პრიორიტეტების განსაზღვრას თქვენ კარგად შეძლებთ. გარდა ამისა, ნუღარ გააკეთებთ იმას, რასაც თქვენი მეუღლის მაგივრად აკეთებდით და რასაც თავადაც მშვენივრად გაართმევს თავს. მაგრამ, ამის შესახებ წინასწარ და მით უმეტეს, კატეგორიული ტონით, ნუ გამოაცხადებთ. ამით კონფლიქტის მომზადებას შეუწყობთ ხელს. უბრალოდ, მეტისმეტს ნუღარ მოინდომებთ. როცა სხვის გასაკეთებელსაც შენ აკეთებ, თანაც ისე, რომ ამას არავინ გთხოვს, გულისწყრომას ნუღარ გამოთქვამ. დღე თქვენია და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, როგორ და რით დატვირთავთ მას.