ძნელია, მაგრამ შესაძლებელი...
რამდენჯერ აღშფოთებულხართ და გითქვამთ, „ამასთან ლაპარაკი შეუძლებელიაო“... მერე კი, განაწყენებულს, დუმილით გაწამებულს, გისლუკუნიათ კიდეც... არა, ასე არაფერი გამოვა. ამ ნერვიულობას და ტირილს აჯობებს, მასთან ლაპარაკი ისწავლოთ. ეს კი, ნამდვილად შესაძლებელია.
ურთიერთგაგება მხოლოდ დიალოგით მიიღწევა, საკმარისია, რამდენიმე, არცთუ ძნელი წესი დაიხსომოთ და ყველაფერი გამოვა.
* ზოგჯერ დიალოგი არ გამოდის მხოლოდ იმიტომ, რომ პარტნიორს ეშინია, ვაითუ სწორად ვერ გამიგონო. ისე არ ვთქვა, როგორც საჭიროა და ყველაფერი კონფლიქტით დამთავრდესო. დაფიქრდით, შემთხვევით, თქვენ ხომ არ შეაშინეთ?! თუ ეს ასეა, მაშინ ახლა ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მას ეს კომპლექსი მოუხსნათ. თვითონ მიხვდებით, როგორ და რანაირად მიუდგეთ.
* საუბრისას ფრაზები მოკლე და თავისი შინაარსით ნათელი უნდა იყოს. მამაკაცებს საშინლად აღიზიანებთ მიკიბულ-მოკიბული, ორაზროვანი საუბარი მინიშნებებით. ისინი ამ დროს იძულებულები არიან, თან უსმინონ, თან ეცადონ, ჩასწვდნენ სიტყვების ჭეშმარიტ არსს. ამიტომ, წვალობენ. საუბარი ძალდაუტანებლადაც ადვილად გასაგები უნდა იყოს. მაშინ მამაკაცი უკან აღარ დაიხევს.
* როცა მამაკაცმა წინასწარ იცის, რაზე უნდა ელაპარაკოთ, თანაც იმიტომ, რომ ბოლო დროს სხვაზე არაფერზე ელაპარაკებით, ბუნებრივია, ამჯობინებს, როგორმე დაუძვრეს იმას, რამაც უკვე თავი მოაბეზრა. ნუთუ, საყოფაცხოვრებო წვრილმან პრობლემებზე საუბარი ასეთი მნიშვნელოვანია და სხვა აღარაფერი გაინტერესებთ?! გასაგებია, რომ ლაპარაკობთ იმაზე, რაც გაწუხებთ, მაგრამ ზოგჯერ მაინც, უბრალოდ, სავალდებულოა, შეცვალოთ საუბრის თემა და ის უფრო სასიამოვნო გახადოთ.
* არცთუ იშვიათად, გიჩნდებათ ეჭვი, რომ თქვენი სიყვარული და ერთადერთი ადამიანი, საერთოდ არ გისმენთ. პრეტენზიული საყვედურით პრობლემას ვერ მოაგვარებთ. ხუმრობით სთხოვეთ, გაიმეოროს ერთი ფრაზა მაინც, რომელიც საუბრისას წარმოთქვით და თუ ამას ვერ შეძლებს, სცადეთ, ორივემ ერთად გაიცინოთ. მერე კი აგრძნობინეთ, რომ ეს გწყინთ. ნელ-ნელა, თანდათანობით საუბარს ძალიან კარგად შეძლებთ.