სტრესის სქესი
შეუძლიათ კი მამაკაცებს საერთოდ განიცადონ რამე? თუ, ეს გრძნობა მათთვის უცხოა?! რაზე ნერვიულობენ ისინი, გარდა იმისა, რომ უფინანსობა აწუხებთ. გამოირკვა, რომ მამაკაცებსაც შეუძლიათ განცდა, მაგრამ ეს ქალების განცდისგან აბსოლუტურად განსხვავებულია.
გაინტერესებთ, როგორია მამაკაცის შფოთვის რეიტინგი? მაშინ, მოუსმინეთ ფსიქოლოგებს: ჯერ ერთი, ქალს ყველაფერი სახეზე „აწერია“. მაშინვე გვეტყობა, როცა რაღაცას განვიცდით... და, რას განვიცდით? – იმას, რომ მამაკაცს ჩვენი არ ესმის, ჩვენ კი – მისი. მამაკაცს კი შეუძლია, გარეგნულად მაშინაც შეინარჩუნოს სიმშვიდე, როცა ნერვიულობს. დაძაბულობას მას ძნელად თუ შეამჩნევ.
მამაკაცს, როცა მშვიდად არის, მაშინაც უჭირს საჭირო სიტყვების შერჩევა ქალთან კამათისას. მით უფრო, თუ ნერვიულობს. ამიტომაც დუმს.
იქნებ, არ იცით, მაგრამ, მამაკაცი ძალიან განიცდის თავისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობას და, რომ შეეძლოს, მათ სიცოცხლეს აუცილებლად დააზღვევდა. მამაკაცი სტრესშია, როცა არ იცის, რით მიეხმაროს საყვარელ ადამიანს, რომელიც ავად გახდა. იგი ქალზე გაცილებით მწვავედ განიცდის საკუთარ წარუმატებლობას, თანაც, წარუმატებლობას ყველაფერში. წუხს და შფოთავს, თუკი გრძნობს, რომ გამარჯვებული სხვაა.
მამაკაცი (თითქმის ყველა) აუცილებლად ფიქრობს და განიცდის თავისი მამაკაცური შესაძლებლობების გამო. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლისაა. მათი ეს შფოთვა, ლამის კაცობრიობის დასაბამიდან მოდის. ძალიან ბევრი ტომი და ხალხი მამაკაცის სასქესო ორგანოს განსაკუთრებულ მაგიურ თვისებებსა და ძალას მიაწერდა, რაც, ალბათ, შემთხვევითი არ იყო. ფალოსის სკულპტურული გამოსახულება თაყვანისცემის ობიექტიც იყო – მას მოსავლის დამცველად. სიუხვისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ აღიარებდნენ. მოკლედ, თუ ჩვენ ვშფოთავთ აწეწილი ვარცხნილობის გამო და გვინდა, რომ მამაკაცს ეს ესმოდეს, იმედი ნუ გვექნება. უკვე გავარკვიეთ, რომ ჩვენი და მათი სტრესების მიზეზი, მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ერთნაირი: თუკი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას საფრთხე შეექმნება.