ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: ჩემმა მულმა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე თავისი კუთვნილი ბინა ნოტარიუსით, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დაუტოვა ჩემს ვაჟიშვილს. ჩემი ქალიშვილი ძმისგან ითხოვს, უარი თქვას მშობლების ბინის წილზე მის სასარგებლოდ, ან მისცეს წილი მამიდისგან საჩუქრად მიღებული ბინიდან. გთხოვთ, განმიმარტოთ, რამდენად კანონიერია ჩემი ქალიშვილის საქციელი?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენი ქალიშვილის მოთხოვნა არ არის კანონიერი. არავის აქვს უფლება, მოსთხოვოს პირს, უარი თქვას მემკვიდრეობაზე.
კითხვა: ვარ 70 წლის ქვრივი. ჩემი კუთვნილი ბინა, რომელიც ნოტარიუსთან მემკვიდრეობის ფურცლის საფუძველზე მქონდა, ხელშეკრულების საფუძველზე ვაჩუქე ჩემს ქალიშვილს. ჩემმა ქალიშვილმა მასთან საქორწინო რეგისტრაციაში არმყოფი პირის (ჰყავთ წლინახევრის საერთო შვილი, რომელიც მამამ აღიარა და მისცა გვარი) პირადობის მოწმობა აიღო ჩემგან გაჩუქებული ბინის მისამართზე. მე სხვაგან ბინა არ მაქვს, ვცხოვრობ ამ ბინაში 1955 წლიდან. გთხოვთ განმარტებას, ჰქონდა თუ არა ამის უფლება ჩემს ქალიშვილს?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ უძრავი ქონება აჩუქეთ თქვენს ქალიშვილს და იგი აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში, მას ჰქონდა უფლება, ნებისმიერი პირისთვის მიეცა ბინაში რეგისტრაციის უფლება.
კითხვა: სად შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქონებასთან დაკავშირებით?
პასუხი: უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და მასში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს ამ მონაცემების საფუძველზე ამონაწერის თუ სხვა სამართლებრივი აქტის გაცემას.
კითხვა: ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ჩემი კუთვნილი მიწის ნაკვეთი სხვა პირზე. შესაძლებელია თუ არა რეგისტრირებული მონაცემების გასაჩივრება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენით?
პასუხი: საჯარო რეესტრის მონაცემების კანონიერების შესახებ დავის არსებობის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენას მარეგისტრირებელი ორგანოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და დავის გადაწყვეტის უფლებამოსილებას ანიჭებს მხოლოდ სასამართლოს.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა არის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზი?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლებია:
* სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება;
* საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;
* უცხოეთში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქისათვის ორი წლის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით საკონსულო აღრიცხვაზე არდადგომა; საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შესვლა სხვა სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის, მმართველობის ან სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებში;
* საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხის განხილვისთვის კანონით დადგენილია სამთვიანი ვადა.
კითხვა: ვარ უცხო ქვეყნის მოქალაქე. მსურს, მივიღო საქართველოს მოქალაქეობა. გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ხდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება იმავდროულად მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. პირი, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების განცხადებით, მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს პირადად ან საკონსულო დაწესებულების საშუალებით.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ვიყო იმ პირის მემკვიდრე, რომელსაც ქონება ჰქონდა საქართველოში, მაგრამ გარდაცვალების მომენტისთვის იგი იყო სხვა სახელმწიფოს მოქალაქე?
პასუხი: იმ ქვეყნის ნოტარიუსის მიერ, რომლის მოქალაქეც გარდაცვალების მომენტისთვის იყო გარდაცვლილი (მამკვიდრებელი), უნდა მიეცეს სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნული დოკუმენტი მემკვიდრის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს საქართველოს ნოტარიუსთან საქართველოში მდებარე უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, რომლის შემდეგაც გაიცემა სამკვიდრო მოწმობა საქართველოში არსებულ, მამკვიდრებლის კუთვნილ კონკრეტულ ქონებაზე.
კითხვა: რა დოკუმენტებია საჭირო ნოტარიუსთან წარსადგენად მემკვიდრეობის მიღების განცხადებასთან დაკავშირებით?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნოტარიუსთან წარდგენილი უნდა იქნას: მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ, მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა, მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგალითად, ანდერძი), პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მემკვიდრისა და მამკვიდრებლის ნათესაური კავშირის დამდგენი დოკუმენტი. ნოტარიუსის მიერ მემკვიდრეს მიეთითება, სხვა დოკუმენტების წარდგენის შესახებ კონკრეტული სამემკვიდრეო საქმიდან გამომდინარე, ნოტარიუსის საზღაური.
კითხვა: როგორ შეიძლება, მიიღონ სამკვიდრო ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირებმა?
პასუხი: სამკვიდროს მიღება შეუძლია ქმედუნარიან პირს. ქმუდუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირები სამკვიდროს იღებენ მათი კანონიერი წარმომადგენლების მეშვეობით.
კითხვა: ჩემი და ცხოვრობს რუსეთში. ბინის რეგისტრაციის მიზნით მიგზავნის მინდობილობას. უნდა თუ არა ლეგალიზაცია ამ მინდობილობას? თუ არა, რა ფორმით უნდა იყოს შედგენილი, რომ ის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღოს?
პასუხი: დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში (რომლის წევრი რუსეთის ფედერაციაა) გაცემული მინდობილობის ლეგალიზაცია არ მოითხოვება. საკმარისია მხოლოდ თარგმანის სანოტარო წესით დამოწმება.
ადვოკატი
ქეთი უტიაშვილი