რამდენ დღეში ერთხელ ირწყვება პუერარია ზამთარში და რომელ მცენარეს სჭირდება ქვიანი ნიადაგი
დეკემბრის დადგომისთანავე მცენარეებს მეტი ყურადღება და ზამთრისთვის მომზადება სჭირდება. თუმცა, არის ოთახის ისეთი მცენარეებიც, სულაც რომ არ სჭირდება განსაკუთრებული შემზადება ამ სეზონისთვის და არც თქვენგან მოითხოვენ დამატებით მოვლას. თუ რომელია ასეთი უპრეტენზიო, ამას „ფლორა ინტერნაციონალის”, ბიოლოგიის მეცნიერ მუშაკისგან, ბატონ ამირან ბიწაძისგან შევიტყობთ.
– მცენარე, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ, ძალიან ლამაზი, ამყოლი და ნახევარ-ბუჩქოვანია ანუ ლიანისებური. მისი ყვავილი ულამაზესი და იშვიათია, ედემის ბაღის ყვავილს მოგაგონებთ. მას პუერარიას უწოდებენ.
– იოლია ამ მცენარის გახარება ბინაში?
– ის ძალიან უპრეტენზიო მცენარეა. მისი გახარება ოთახის პირობებში ყველასთვის შესაძლებელია. მცენარე განსაკუთრებით ლამაზია ყვავილობისას.
– ნიადაგის მიმართ თუ არის მომთხოვნი?
– მცენარე არც ნიადაგის მიმართაა პრეტენზიული და არც დამატებით მოვლას ითხოვს. მისთვის მთავარია, არ მოაკლოთ შუქი და წყალი.
– რა ტემპერატურაზე უნდა ვამყოფოთ მცენარე?
– ზაფხულში ამ მცენარეს ტემპერატურული რეჟიმის დაცვა არ სჭირდება. სასურველია, თუ აივანზე გაიტანთ, დადგით განათებულ ადგილას და მოარიდეთ ძალიან მწველ მზეს. რაც შეეხება ზამთარს, ამ დროს სასურველია 20-25 გრადუსი სითბო, ხოლო ნესტიანობა 45-60 პროცენტი.
– როგორ რეაგირებს ჩრდილზე პუერარია?
– მას უყვარს ნახევრად დაჩრდილული ადგილი და ჩვეულებრივი ნიადაგი. ამიტომ, ბინაშიც ეცადეთ, ეს პირობები გაითვალისწინოთ. პუერარია უპრეტენზიოა, თუმცა უკეთ გასახარებლად, სასურველია, შეურჩიოთ ზემოთაღნიშნული ადგილი.
– რით მრავლდება მცენარე?
– ეს მცენარე მრავლდება თესლითაც და კალმითაც. თუმცა, უმჯობესია, თუ თესლით გაახარებთ. მცენარე ყვავილობის დასრულებისას იკეთებს თესლს. გაითვალისწინეთ, რომ თესლი აღებამდე არ ჩამოსცვივდეს. სიმწიფის დროს შესაძლებელია, ძირს დაიყაროს და ამის შემდეგ მისით გახარება შეუძლებელი იქნება.
– რაც შეეხება მორწყვას?
– ზაფხულში მცენარეს რეგულარული მორწყვა სჭირდება. როდესაც მაღალია ტემპერატურა, ამ დროს მეტ წყალს ითხოვს. ხოლო ზამთარში კი მორწყეთ ხუთ დღეში ერთხელ.
– რას გვირჩევთ, როდის მივაწოდოთ მინერალური სასუქი?
– პუერარია თავის სიცოცხლის განმავლობაში თითქმის სულ ყვავის. ამიტომ, არ არის საჭირო მინერალური სასუქების მიცემა.
– რა შემთხვევაში შეიძლება, დასცვივდეს ფოთლები და ხომ არ იმოქმედებს ეს პროცესი მცენარის ჯანმრთელობაზე?
– მცენარე ყოველთვის იცვლის ფოთლებს რიგ-რიგობით. ეს ბუნებრივად ხდება და ცუდი მოვლის მანიშნებელი სულაც არ არის. ამიტომ, ნუ შეწუხდებით, თუ თქვენს მცენარეს ფოთლები დასცვივდა.
– რით შეიძლება, დაავადდეს ეს მცენარე?
– ამ მცენარეს მავნებლები არ ეხვევა. ამიტომ, შეგიძლიათ, მშვიდად გაზარდოთ ზაფხულშიც და დაელოდოთ მის აყვავილებას.
– რთულია თუ არა ნორფლოკის გახარება?
– ეს მცენარეც საკმაოდ იოლად გასახარებელია. მისი წარმომავლობა ძირითადად ავსტრალიას უკავშირდება. ის იზრდება კლდოვან ადგილებში და ცნობილია, როგორც ყველაზე ამტანი მცენარე.
– როგორ მოვუაროთ ნორფლოკს ამ სეზონზე ბინაში?
– ახლა ტემპერატურა ნელ-ნელა მცირდება. ამიტომ, ეცადეთ, ბინაში ის 20-22 გრადუსზე ამყოფოთ. როგორც კი საგრძნობლად აცივდება, მაშინვე ჩართეთ გამათბობელი, რომ ნორფლოკმა კარგად გამოიზამთროს. ამ სეზონზე მცენარეს ბევრი წყალი არ დასჭირდება და არც უყვარს. დეკემბრიდან მორწყვა შეამცირეთ და წყალი მხოლოდ 10 დღეში ერთხელ მიაწოდეთ.
– სად გვირჩევთ ამ სეზონზე ნორფლოკის დადგმას?
– მცენარე აუცილებლად დადგით სარკმელთან ახლოს, რომ სინათლე კარგად მიიღოს. მისთვის მთავარია, ზამთრის სეზონზე, კარგად განათებულ ადგილას იდგას.
– რაც შეეხება წელიწადის სხვა დროს როგორ უნდა მოვუაროთ ნორფლოკს?
– ზაფხულში მცენარეს ინტენსიური მორწყვა სჭირდება. მისთვის სასურველი ნიადაგი სწრაფად იწოვს წყალს და ძალიან მალე შრება. ამიტომ, ეცადეთ, მაღალ ტემპერატურაზე წყალი არ მოაკლოთ. ზაფხულში მისი დანამვაც შეგიძლიათ, თუმცა, არა ყვავილობის დროს. ეს ცუდად აისახება ნორფლოკის შემდგომ განვითარებაზე.
– როგორია მისთვის სასურველი ნიადაგი?
– მცენარის ნიადაგში შეიტანეთ: ორ-ორი წილი ქვიშა და მიწა, თითო-თითო წილი ტორფი და ნაკელი. დამატებითი სასუქების მიწოდება ამ მცენარეს არ დასჭირდება. მისი ნიადაგი ქვიანი უნდა იყოს.
– რით მრავლდება ნორფლოკი?
– მცენარე მრავლდება თესლით, რომელიც ფოთოლსა და ღეროს შუა ამოაქვს დამწიფებისას. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამოდის და შემდეგ ხდება დასათესად ვარგისი. ეცადეთ, განსაკუთრებით ამ დროს, მცენარეს ნაკლები ჩრდილი ჰქონდეს.
– როდის ეხვევა ნორფლოკს მავნებლები და როგორ დავიცვათ მათგან მცენარე?
– მავნებლებისგან ამ მცენარეს მხოლოდ მწვანე ფარიანა ემტერება. ეს ხდება ნორფლოკის ყვავილობის დროს. სწორედ ეს მავნებელი ანადგურებს მის თესლს და ამიტომ, როგორც კი შეამჩნევთ ამ მავნებელს, ებრძოლეთ ქიმიური საშუალებებით. ორ ლიტრ წყალში გახსენით ერთი გრამი 0,5-პროცენტიანი აკტელიკი და დანამეთ მცენარე.
– და ბოლოს, კიდევ რას გვირჩევთ, ამ ორი მცენარის უკეთ გასახარებლად და ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი პირობის გათვალისწინებაა, რომ მცენარე არ გაგვიფუჭდეს?
– გახსოვდეთ, რომ სინათლე არ უნდა მოაკლოთ მთელი წლის განმავლობაში, ზაფხულში ნიადაგი ძალიან არ გამოუშროთ და ამ სეზონზე მცენარე ძალიან დაბალ ტემპერატურაზე არ ამყოფოთ.