ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, რატომ ფიქსირდება ფილტვების ანთება უფრო ხშირად დიდი ზომის ძაღლებში?
პასუხი: ფილტვების ანთება დიდ ძაღლებში უფრო ხშირად იმიტომ შეინიშნება, ძირითადად, რომ, როგორც წესი, დიდი ზომის ძაღლი გარეთაა. შესაბამისად, გაციებისა და ავად გახდომის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ოთახის ფინია ძაღლებს. ამიტომ პატრონმა ყველა ზომისა და ჯიშის ძაღლს სათანადო ყურადღება და ენერგია უნდა დაუთმოს.
კითხვა: ჩემს ძაღლს 42 კბილი აქვს. მაინტერესებს ეს ნორმაა თუ პათოლოგია? როგორც ვიცი, მას ამდენი კბილი არ უნდა ჰქონდეს.
პასუხი: თქვენს ძაღლს ყველაფერი წესრიგში აქვს, რადგან ეს ნორმაა – ძაღლებს 42 კბილი აქვთ. რამდენიმე სიტყვით გეტყვით კბილების შესახებ. მათ წინა მხარეს მჭრელი კბილები აქვთ, 6 ზედა ყბაზე, 6 ქვედა ყბაზე. შემდეგ ეშვები, 2 ზევით და 2 ქვევით. ამის შემდეგ მოდის ეგრეთ წოდებული პრემოლარები, ზედა ყბაზე აქეთ-იქით ოთხ-ოთხი, ისევე როგორც ქვედა ყბაზე, სულ 16. შემდეგ მოდის მოლარები 3 წყვილი ქვედა, ხოლო 2 წყვილი ზედა ყბაზე. სულ გამოდის 42 ცალი, ანუ ეს არის ძაღლის კბილების კომპლექტი.
კითხვა: მყავს კოკერ-სპანიელი, რომელსაც, რამდენიმე ხანია, თვალებიდან ცრემლი სდის. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ცრემლდენა არასწორი კვების ბრალია. ძაღლის საკვები სამ კატეგორიად იყოფა: სუპერ-პრემიუმი, პრემიუმ-კლასი და ეკონომ-კლასი. ეკონომ-კლასით ძაღლის კვება ხშირად აღიზიანებს ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლს, რაც ცრემლდენის მიზეზი ხდება. როცა ხედავთ, რომ თქვენს ძაღლს თვალიდან ცრემლი სდის, უნდა იცოდეთ, რომ ის სასწრაფოდ მისახედია. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ ძაღლის განავალს, რომელიც უნდა იყოს ყავისფერი და არ უნდა ჰქონდეს ზედმეტად ცუდი სუნი. თუ მძაფრ სუნს იგრძნობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საკვები არ შეიცავს ხორცს. გახსოვდეთ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძაღლისთვის ბარკლის ძირის მიცემა, ხრტილოვანი თავები კი შეგვიძლია, მოვაჭრათ და ვაჭამოთ. თუ ორ კვირაში ერთხელ მას საქონლის ხრტილოვან ძვალს მივცემთ, ის მშვენივრად გაუწმენდს ნადებს და როგორც კბილის ჯაგრისი, ისე იმოქმედებს.
კითხვა: ჩემს ძაღლს კანზე გამონაყარი და სიწითლე გაუჩნდა. რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: ამის მიზეზი შეიძლება, ბევრი რამ იყოს, ამიტომ, ზეპირად პასუხის გაცემა არ მიგვაჩნია სწორად. ასეთ დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვითნებურად მკურნალობა, რადგან, თუ ვეტერინარი არ ხართ, ამას სწორ მიმართულებას ვერ მისცემთ და გარკვეულ გართულებებს გამოიწვევს. გახსოვდეთ, ცხოველის კანზე ნებისმიერი სახის გამონაყარის, სიწითლისა და ქავილის დროს საჭიროა, დაუყოვნებლივ ვაჩვენოთ ვეტერინარს, რომელიც დაადგენს, თუ რა სახის ალერგია აქვს ცხოველს, დაუსვამს დიაგნოზს და დაუნიშნავს შესაბამის მკურნალობასა და დიეტას.