კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები



ჩუნთიშვილი

ამ გვარის წინაპარს სახელად უთუოდ ჩუნთა ერქვა (მნიშვნელობა უცნობია). საკუთარი სახელი რამდენიმე ქართველ მეცნიერს აქვს დაფიქსირებული. აკადემიკოს ალექსანდრე ღლონტის წიგნში „ქართველური საკუთარი სახელები”, ვკითხულობთ: „მამაკაცის საკუთარი სახელი ჩუნთ-ი; სერგი მაკალათიას ჩაუწერია ფშავში, ჩუნთა, ასევე თუშეთში, ალვანში, ახმეტის რაიონი; ჩუნთია – აკაკი შანიძეს ჩაუწერია ხევსურეთში; ჩუნთო – გიორგი ცოცანიძეს თუშეთში; ჩუნო კახეთში, ჭიკაანელ კაცს ერქვა. მომავალშიც მოგიწევთ ხოლმე სადღეგრძელოში თქმა ჩვენი წინაპრის ჩუნთიას ხსოვნა-მოგონება იყოსო“.

ჩუნთიშვილები ცხოვრობენ გარე კახეთში. საგარეჯოს გარდა, ასევე ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში, გარდაბანში და ასე შემდეგ.

საქართველოში 83 ჩუნთიშვილი ცხოვრობს.

ხვადაგიანი-ხვადაგაძე

ერთი და იგივე ქართული გვარ-სახელია. გვარში ფუძედაა გამოყენებული ხვადაგ. ასე ეძახიან გარეულ მამალ ცხოველს. მისგან უნდა იყოს გადატანით მეტსახელი ხვადაგ-ი, რომელიც მოქნილს, ძლიერს, მოხერხებულს ნიშნავს.

ხვადაგიძე ხვადაგიანიდან წარმოშობილი გვარია. ეს მცირერიცხოვანი გვარია.

ჯემალ ხვადაგაძემ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა: ზაქარია ხვადაგიანი, ჩემი წინაპარი, დაბადებულა ლეჩხუმში 1820 წელს. ის და მისი ძმა გადმოსულან ქალაქ გორში. ძმა ისე გარდაცვლილა, რომ ოჯახი ვერ შეუქმნია. ზაქარიამ 1848-1849 წლებში გადაიკეთ გვარი ხვადაგაძედ. ქორწინების შემდეგ შეეძინა 9 შვილი, 3 ვაჟი და 6 ქალიშვილი. ამ სამი ვაჟის შთამომავლები არიან დღევანდელი ხვადაგაძეები. ხვადაგაძეები ნათესაობენ, ერთად არიან ლხინსა და ჭირში.

ხვადაგაძეები ცხოვრობენ გორში, თბილისში, ვაზიანში...

საქართველოში 1 218 ხვადაგიანი ცხოვრობს: ქუთაისში – 501, ცაგერში – 246, თბილისში – 216.

კორძაძე-კორძაია

1840-იან წლებში კორძაძეებს უცხოვრიათ იმერეთში, კერძოდ, სოფლებში: ბზვანი, გუბი, ვანი, ტობანიერი, ყუმური, შუამთა.

სულხან-საბას უწერია: „კორძა (ი) იღლიათა და საზარდულთა ჯირკუალი.

ამავე ფუძისაა გვარი კორძაია. კორძაიები ერთ დროს თავადები იყვნენ. იოანე ბაგრატიონი კორძაიებს ოდიშის თავადთა შორის მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ისინი არიან გვარად კურტნისძეები – „ქართლიდან მოსულნი და ამათნი რომელნიმე თავადნი არიან და რომელნიმე აზნაურნი (ახლა მათში თავადნი არ არიან).”

„კორძაია სეხნია, სანავარდოში მცხოვრები, მას თავის სახლიკაცებთან: მამუკა, აზნაგებ, თანდარუხ კორძაიებთან ერთად უნდა მიერთმია მთავარეპისკოპოსს სვიმონ ჩიჯვაძისთვის თითო ზუთხი, როცა იგი სანავარდოში ჩაბრძანდებოდა” (მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანების მინაწერი).

1750-1780 წლებშია შედგენილი სათავდებო წიგნი, რომელსაც ზალიკა კორძაია აძლევს ქუთათელ მიტროპოლიტ მაქსიმეს (მეჩვიდმეტე საუკუნის პირველი ნახევარი).

კორძ ფუძე უფრო ადრე გვხვდება სვანურ გვარში კორძიანი. „არღუნ კორძიანს ჰყავს ძმა კიმშონ (მოკლული), ძმისწული დუდილა. სეტის ხევს და მის „შესავალ” ფაჩიანს მოახსენა „გარდაწყვეტილების” დაწერილი თავისი ძმის, კიმშონის სისხლის დაურვების შესახებ” (მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეების მიჯნა).

გადმოცემით, იფარსა და წვირმში მცხოვრებ კორძაიათა ერთი შტო სამეგრელოდან მიგრირებულთა შთამომავალია, ხოლო მეორე შტო წარმოშობით გვარად კვერზიანები არიან. ძველად კორძაიები ჭილაძეების აზნაურები იყვნენ.

ჯერ კიდევ დასადგენია კორძაია-კორძაძეთა ნათესაობა.

საქართველოში 1 613 კორძაძე ცხოვრობს: ვანში – 646, თბილისში – 269, ქუთაისში – 240.

1 131 კორძაია: თბილისში – 288, ხელვაჩაურში – 158, მესტიაში – 125.

559 – კორძახია.

მირიანაშვილი

გვარის ფუძეა სახელი მირიან. სპარსულად ეს სახელი ნიშნავს „მითრახი” ანუ „მზისა” – „მითრა” მზის ღვთაების სახელია. მისგანვეა ნაწარმოები სახელი მითრიდატე. სახელი მირიან ქართულში უძველესი ხანიდან გვხვდება. მირიანი ერქვა ვახტანგ გორგასლის პაპას, ქართლის მეფეს.

სახელი მირიანისგან ნაწარმოებია გვარი მირიანაშვილი.

ქართულ სამართლის ძეგლებში ასეთი ინფორმაცია გვხვდება: „მირიანაშვილი გიგოლა, რუხს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან სამ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა” (მეჩვიდმეტე საუკუნე). „მირიანაშვილი დათუნა იყო შვილი გახარა მირიანაშვილისა. ჰყავს შვილი ოთარ, მან მიჰყიდა თევდორე რაზმაძეს მიწა კლდის თავს, რაზმაძის მიწის გვერდით და იქვე, თავისი განაყოფისგან დახსნილი მიწა. (1960-იანი წლები)“.

ოთია მირიანაშვილს გამოჰყოფია შტო-გვარი ბეჟანიშვილი. ეს მოხდა 1678 წელს.

საქართველოში 1 570 მირიანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 610, სიღნაღში – 498, გურჯაანში – 138. ცხოვრობენ სხვაგანაც.

მახვილაძე

მახვილაძეები ამირეჯიბთა გვარისანი არიან და ისინი იოანე ბაგრატიონს შეყვანილი ჰყავს „საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა” სიაში. ის წერს: „აზნაურ მახვილაძეთა წინაპარი იყვნენ მონათესავენი ამირეჯიბთა და ესახლდნენ ჯავახეთის კერძო მთისა, მახვილად წოდებულსა, რომლისა გამო გაუგვარდათ ესე სახელი მახვილეობა და დროსა ერეკლე მეფისასა, წელსა 1621-სა ცედანს სოფელს მოვიდნენ და დაეშენნენ სურამის, კერძოდ და მუნიდგან გაუგვარდათ გვარი მისი სახელსა გამო და არიან მოხსენებული ტრაქტატსა შინა. ხოლო რომელნიმე ამათ გვარი ჰსცხოვრობდენ როსიისა შინა და სხვანი ქართლს.”

„მახვილაძე ბათიაშვილების გაყრის დროს ერგო გერმანოზსა და მის ძმებს” (1523 წელი).

1840-იან წლებში მახვილაძეები ცხოვრობდნენ იმერეთის შემდეგ სოფლებში: გეგუთი, გოდოგანი, მანდიკოსი, ღვანკითი, ჭყეპი, ხონი, ჯონია.

საქართველოში 547 მახვილაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 175, თბილისში – 144, ტყიბულში – 125. ცხოვრობენ სხვაგანაც.

ლელუაშვილი

გვარის ფუძედაა გამოყენებული ქალის საკუთარი სახელი ლელა. ამავე ძირისაა გვარები ლელაშვილი, ლელაძე.

ლელა „სწორთმიანს” ნიშნავს, ასევე მცენარის სახელისგან არის წარმოშობილი. მეჩვიდმეტე საუკუნიდანაა ცნობილი თეიმურაზ მეფის ასული ლელა ბატონიშვილი.

„ლელუაშვილი ნადირა, გარეჯვარს მცხოვრები, ის და მისი სახლიკაცი ქრისტესია ლელუაშვილი მამულებით წილში ხვდნენ მანუჩარ და ჯიმშიტა თუმანიშვილებს“ (1656 წელი).

„ლელუაშვილი, ერთი კომლი, კათალიკოსმა იოვანე დიასამიძემ ის მამულით უწყალობა არქიმანდრატ ნიკოლოზ გაბადაძეს” (1698 წელი).

საქართველოში 276 ლელუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 138, მცხეთაში – 73, გორში – 31.



აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

მოამზადა ნონა დათეშიძემ


скачать dle 11.3