ვინ ჩააცვა თეონა თევდორაშვილს პარიზში მილიონ ევროდ შეფასებული კაბა და როგორ უწევდა ის სხვა მოდელებს კონკურენციას მილანში
„ვიცე-მის საქართველო“, მშვენიერი თეონა თევდორაშვილი რამდენიმე ხნის განმავლობაში მილანში ცხოვრობდა, სადაც საკმაოდ წარმატებულ სამოდელო საქმიანობას ეწეოდა. იანვარში თეონა სამუშაოდ პარიზში მიემგზავრება, სადაც დაახლოებით სამი თვე დარჩება.
თეონა თევდორაშვილი: როდესაც მილანიდან თბილისში ჩამოვედი, პარიზიდან მოწვევა დამხვდა. იანვარში მივემგზავრები, თუმცა, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი არ ვიცი. იმ სააგენტოში ვიმუშავებ, სადაც ამჟამად ანა კოვაჩი მუშაობს – „ენჯელს ენდ დემონში“. მათ საიტზე ვიყავი შესული და ძალიან მომეწონა, კარგი სააგენტო ჩანს, თან, ძალიან კარგი გოგონები და ბიჭები ჰყავთ. ანუ, იანვარში პარიზში გავემგზავრები და მერე სად წავალ, ჯერ არ ვიცი.
– „მის საქართველოს“ კონკურსში მონაწილეობის შემდეგ, როგორც ვხვდები, შენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა.
– ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და წარმატებით განვაგრძობ ჩემს სამოდელო კარიერას. მიხარია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვაგრძელებ მუშაობას და, მინდა, კიდევ უფრო მეტი წარმატება მქონდეს. ჰონკონგით დავიწყე, შემდეგ იყო: ჩინეთი, მილანი, მალე კი პარიზში წავალ. ვერ ვიტყვი, რომ მუშაობის მხრივ აზიასა და ევროპას შორის დიდი განსხვავებაა. მე მიყვარს ჩემი საქმე და ნებისმიერი სამუშაო ძალიან მსიამოვნებს. აზიაში რასაც ვაკეთებდი, იმავეს ვაკეთებდი ევროპაშიც, უბრალოდ, მათ შორის განსხვავება გადახდილ თანხებშია, ასევე, ხალხია განსხვავებული, მაგრამ, რადიკალური სხვაობა არ ყოფილა. ევროპაში, რა თქმა უნდა, ანაზღაურება უფრო მაღალია, სამაგიეროდ, საყოფაცხოვრებო ნივთები, საცხოვრებელი პირობები აზიაში უფრო იაფია.
– როგორც ვიცი, სააგენტო მოდელებს ჩასვლისთანავე აძლევს გარკვეულ თანხას – ჯიბის ფულს.
– დიახ, ყოველკვირეულად გაძლევენ ჯიბის ფულს ტრანსპორტისთვის, საჭმლისთვის. ეს თანხა მერე შენი გადასახდელია, ხელფასიდან უნდა გადაიხადო. რადგან ფულს მუშაობის შემდეგ გაძლევენ, შეგიძლია წინასწარ სთხოვო გადახდა და უარს არ გეტყვიან. თან, წინასწარ უკვე იცი, რამდენს გიხდიან, იცი, სამუშაო რა ღირს. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც ბევრი გოგონა შეწინააღმდეგებია – თუ ბევრს არ გადამიხდით, არ მივიღებ შოუში და ჩვენებაში მონაწილეობასო და გადაუხდიათ. მე არ მქონია ასეთი შემთხვევა, ისეთი სამუშაო არ მქონია, რომ მეთქვა, არ მიღირს-მეთქი. თან, ჯერ კიდევ ბევრ რამეს ვსწავლობ. საერთოდ, ყველაზე მაღალი ანაზღაურება არის რეკლამებში და შოუებზე, „შოუ-რუმში” უფრო ნაკლებს იხდიან, თუმცა ეს ყველაზე შრომატევადი და დამღლელია, მაგრამ იმავდროულად სასიამოვნო. სამუშაოს თუ ვერ იშოვი, სააგენტო ვალდებულია, მოგცეს ჯიბის ფული, მათი ვალი თუ დაგრჩება, ეგ უკვე იმათი პრობლემაა. თუ მეორედ ჩახვალ იმ სააგენტოში სამუშაოდ, ვალს დაგაფარინებენ, მაგრამ, თუ იქ აღარ იმუშავებ, არაფერს გახდევინებენ.
– მომიყევი მილანური ამბები, როგორ ცხოვრობდი, ვისთან მოგიწია ამ ხნის განმავლობაში მუშაობა?
– როდესაც გავიგე, რომ მილანში მივდიოდი, თან, ორ ქართველ გოგონასთან ერთად, ძალიან აჟიტირებული, ბედნიერი ვიყავი. როგორც კი ჩავედი, მაშინვე ქასთინგის გარეშე დამახვედრეს სამუშაო და ძალიან გამიხარდა. რამდენიმე დღე ვიმუშავე. ძირითადად ერთ ძალიან ცნობილ ბრენდთან – „ემილიო პუჩისთან“ ვმუშაობდი, რომელსაც ძალიან ლამაზი სამოსი ჰქონდა და მასთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. მახსოვს, ერთი კაბა იყო, რომელიც 50 ათასი ევრო ღირდა. მეც მეცვა, სხვა გოგონებსაც, ყველანი ფოტოებს ვიღებდით, თან ვხუმრობდით. ასევე, მქონდა იტალიური ბრენდების – „ჰიჩისა“ და „სოლამარის“ „შოუ-რუმები.” ჩემი მუშაობით მილანში კმაყოფილები დარჩნენ, მთხოვდნენ, იანვარში ისევ ჩამოდიო. მილანში ყოფნისას ფოტოგადაღებები არ მქონია, არადა, ფოტოები ძალიან მჭირდება, ეს მოდელისთვის აუცილებელია. მილანის სააგენტოში მპირდებოდნენ, თუ ჩამოხვალ იანვარში, ფოტოებს აუცილებლად გადაგიღებთ, ყველაფერი იქნებაო. მაგრამ მე ამჟამად მირჩევნია, პარიზში წავიდე, მერე კი ვნახოთ.
– რა მოეწონათ შენში ყველაზე მეტად?
– როგორც ვიცი, მოსწონთ თეთრი კანი, ქერა თმა, ცისფერი თვალები. რა თქმა უნდა, მუქკანიანი გოგონებიც ჰყავთ სააგენტოში, მაგრამ ძირითადად მაინც ასეთი ტიპაჟები მოსწონთ. ევროპის ქვეყნებში ჩემნაირი გარეგნობის გოგონებს მეტი შანსი აქვთ, რომ იმუშაონ.
– როგორც ვიცი, რამდენიმე დღე პარიზშიც იმუშავე.
– პარიზში ფირმა „როშესმა“ ამირჩია ქასთინგით და სამუშაოდ გადამიყვანეს – „შოუ-რუმი” მქონდა და ერთი კვირა ვიმუშავე. სასტუმროში ვცხოვრობდი. პარიზი ძალიან მომეწონა, ბედნიერი ვარ, რომ ისევ მივდივარ. მილანიც ძალიან მომეწონა და, მეორედ რომ ჩავალ, ყველაფერს დავათვალიერებ. სხვათა შორის, ანა კოვაჩის ნახვაც მოვახერხე, ორივე დაკავებულები ვიყავით და ერთ დღეს, როგორც იქნა, გვიან შევხვდით ერთმანეთს. ეიფელის კოშკზე ავედით, მერე რესტორანში დავსხედით, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ და კარგი საღამო გავატარეთ. ვისთან ერთადაც ვმუშაობდი, ის გოგონებიც ძალიან კარგები იყვნენ. საქმეს რომ მოვრჩებოდით, მერე რესტორანში ან კაფეში მივდიოდით და ყოველდღე ფრანგულ კერძებს მივირთმევდით. პარიზში ერთ-ერთ „შოუ-რუმზე” გავიგეთ, რომ ერთი კაბა, რომელსაც გოგონები კლიენტებს ვაჩვენებდით, მილიონ ევროდ იყო შეფასებული. როდესაც გვითხრეს, რა ღირდა ეს კაბა, მერე ყველამ დავიწყეთ ჩაცმა, ფოტოს გადაღება.
– როგორი დღის რეჟიმი გქონდა?
– დილით ყოველდღე ადრე ვიღვიძებდი და სამსახურში მივდიოდი, საღამოს კი ვბრუნდებოდი. ძალიან გამიმართლა, რომ ჩასვლისთანავე სტაბილური სამუშაო დამახვედრეს. ზოგადად სამოდელო სფეროში ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ, რადგან მე სამუშაო დამახვედრეს, ქასთინგებზე ბევრს აღარ დავრბოდი. „ემილიო პუჩის” სამოსელის სანახავად და საყიდლად „შოუ-რუმზე” ბევრი კლიენტი ჩამოდიოდა ამერიკიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან... მთელი დღე ვმუშაობდით, „შოუ-რუმი” მათ ოფისში იმართებოდა. ამ ბრენდს ძალიან ბევრი კლიენტი ჰყავს. ისინი არჩევდნენ სამოსს, ჩვენ კი ვიცვამდით და მათ ვაჩვენებდით. შეიძლებოდა, ერთი კაბა დღეში ხუთჯერ ჩაგვეცვა. ამ ბრენდის სამოსს ძალიან ბევრი ამერიკელი ვარსკვლავი იცვამს. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც სხვადასხვა დიზაინერთან გიწევს მუშაობა. „შოუ-რუმი” უფრო დატვირთული, დამღლელია, მაგრამ, როდესაც შენი სამუშაო გიყვარს, ყველაფრის მორგება გსიამოვნებს. მე არ გამჭირვებია, ყველაფერს კარგად გავართვი თავი. რაც შეეხება თავისუფალ დროს, გოგონები იმდენად დავახლოვდით, რომ საღამოს ან სახლში მოვდიოდი, ან რესტორანში. ერთად დავდიოდით, კარგად ვერთობოდით. ერთხელ, სამუშაო რომ დავამთავრეთ, „კარაოკე-ფართიზე” წავედით და ყველამ ვიმღერეთ. მე მარტო „ვაკა-ვაკა“ ვიძახე, სამაგიეროდ, ყველა ამყვა ცეკვაში, პატარა შოუ დავდგით და ძალიან კარგად გავერთეთ. ხანდახან, არსად არ მივდიოდი და სახლში ჩემს ქართველ გოგონებთან ერთად ძალიან კარგად ვერთობოდი: ვახშამს ვამზადებდით, მუსიკას ვრთავდით, ვცეკვავდით და ვგიჟობდით. ასეთი იყო ის დღე, როდესაც გოგონები წამოვიდნენ საქართველოში და მე მარტო დავრჩი: სახლში ვახშამი მოვამზადეთ, ვიცეკვეთ, ვიგიჟეთ, კარგად გავერთეთ.
– მილანში მოდელებს შორის კონკურენცია, ალბათ, ძალიან დიდია.
– დიახ, მაგრამ გამიმართლა. პირველად რომ წავედი, მაშინ ამდენი სამუშაო არ მქონია. მილანში ძალიან ვიყავი დაკავებული, სულ ვმუშაობდი. თანაც, როდესაც უცხოეთში მივდივარ, მინდა, რომ ვიმუშაო და უსაქმოდ არ ვიყო. იმედი მაქვს, პარიზშიც ასე იქნება.
– იქაური კერძები მოგეწონა?
– პარიზში ძირითადად სალათებს მივირთმევდი, ისეთ რაღაცეებს არ ვჭამდი, რომ გავსუქებულიყავი, მაგრამ მილანში პიცას როგორ არ გავსინჯავდი! მილანში ძალიან გამხდარი გოგონები არ უნდოდათ, მე ყველანაირ სტანდარტში ვჯდებოდი, არ მქონია წონის პრობლემა.
– ალბათ, ძალიან რთულია, როდესაც პროფესიის გამო რაღაცეებზე უარის თქმა გიწევს.
– კი, მაგრამ, მივეჩვიე. ადრე ვერ ვხდებოდი, მაინც წამიცდებოდა ხოლმე ხელი, ახლა კი უკვე ბევრი რამ ამოვიღე ჩემი რაციონიდან, ცომეული, ტკბილეული – ნელ-ნელა ვეჩვევი.