კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გავრცელდა ქეთა თოფურიას დანიშვნის ამბავი და რა ხდება რეალურად მის პირად ცხოვრებაში

მომღერალი ქეთა თოფურია, როგორც ყოველთვის, ჩვეულ რიტმში განაგრძობს ცხოვრებას. განსხვავება ის არის, რომ ქეთა შეყვარებულია და მან ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რომ თავისი მეორე ნახევარი იპოვა. წყვილი დაქორწინებას ახლო მომავალში არ გეგმავს და ჯერ არც ნიშნობა ჰქონიათ, როგორც თბილისში ამტკიცებდნენ. ინტერვიუდან „თბილისელების“ მკითხველი პირველი შეიტყობს, თუ რეალურად რა ხდება ქეთას პირად ცხოვრებაში, ვინ არის მისი მეორე ნახევარი და რა გეგმები აქვთ მათ. ექსკლუზიური ინფორმაციისთვის კი, ქეთას დიდ მადლობას ვუხდით.

– დავიწყოთ იმით, თუ რა სიახლეა შენს შემოქმედებაში.

– გადავიღეთ ახალი კლიპი, რომელიც ახლახან გამოვიდა. ეს ჩვენი ახალი ალბომიდან არის და ჰქვია „ფეშენ გერლ.“ ძალიან ბევრი კონცერტი გვაქვს, ვემზადებით ახალი წლისთვის, გვაქვს წინა საახალწლო გადაღებები, მერე კი ერთთვიანი შვებულება მექნება, დასასვენებლად ამერიკაში ვგეგმავ წასვლას.

– როცა ქართულ შოუ-ბიზნესში იყავი, ახალი წელი იყო ისეთი დღე, სადაც ქეთა თოფურიას რამდენიმე საათის განმავლობაში ძალიან ბევრგან ნახავდი. კარგად მახსოვს, ერთ ახალ წელს 12 კონცერტი გქონდა.

– საიდან გახსოვს? მაგ წელს 13 კონცერტი მქონდა დაგეგმილი, მაგრამ 12 მოვასწარი. ახლა რომ მეუბნებიან ჩემი ქართველი კოლეგები, რომლებიც მანდ მღერიან, კონცერტები არ გვაქვსო, მიკვირს. ჩემს დროს უამრავი კონცერტი იმართებოდა.

– ისიც მითხარი, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, რომელზეც ყოველთვის ბევრს ჭორაობენ, რადგან გასაიდუმლოებულია.

– მყავს შეყვარებული და ვართ ასე შეხმატკბილებულად. რატომღაც, ხმა გავარდა, რომ ვთხოვდები, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ამაზე ლაპარაკი არ გვქონია და, საიდან მოიტანეს, არ ვიცი. თებერვალში ერთი წელი გახდება, რაც ერთად ვართ. რატომღაც, ყველა წერს, რომ ჩემი შეყვარებული ქართველია და ჰქვია ლევანი. ის არც ქართველია და არც ლევანი ჰქვია.

– ვინ არის ის?

– ჩემი საყვარელი ადამიანი რუსი ებრაელია და ლევ ჰეიხმანი ჰქვია.

– სექტემბერში დაბადების დღე თბილისში აღნიშნე, რის შემდეგაც გავრცელდა ხმა, რომ იუბილესთან ერთად ნიშნობაც გქონდა. ეს მართალია?

– არა, რა ნიშნობა! უბრალოდ, რადგან დაბადების დღეზე ჟურნალისტები არ იყვნენ, ეგონათ, რაღაც გასაიდუმლოებული ხდებოდა და გადაწყვიტეს, რომ ნიშნობა მქონდა.

– როგორი რეაქცია გქონდა, როცა შენი ფარული დაბადების დღე გახმაურდა და ბევრი რამეც დაიწერა?

– ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. თბილისში რაც არ უნდა გააკეთო, მაინც გახმაურდება. ჟურნალისტების დაპატიჟება იმის გამო არ მინდოდა, რომ ბოლო დროს ბევრია გაბოროტებული ადამიანი, რომლებსაც რაღაც საშინელების დაწერის გარდა არაფერი უნდათ. დაბადების დღეზე ბევრი ისეთი სტუმარი იყო, ვინც გაცილებით კარგად გრძნობდა თავს ფოტოკამერების გარეშე.

– ერთმანეთს ძალიან უხდებით და კარგი წყვილი ხართ. მაინტერესებს, როგორია შეყვარებული ქეთა?

– შეყვარებული ქეთა დიდად არ შეცვლილა, ისეთივეა, როგორიც მანამდე იყო. მასთან ურთიერთობაში, შეიძლება, უფრო ბავშვურიც ვიყო, ვიდრე სხვა ადამიანებთან.

– ერთმანეთი სად გაიცანით?

– საერთო მეგობრები გვყავს და მათ წრეში გავიცანით ერთმანეთი.

– ძალიან ბევრი მამაკაცისთვის სასურველი ქალი ხარ და შენზე დაქორწინებაზე ბევრი ოცნებობს. მას თუ ჰქონდა იმის იმედი, რომ შენს ყურადღებას დაიმსახურებდა და შეყვარებულები გახდებოდით?

– სანამ ჩვენი ურთიერთობა დაიწყებოდა, მანამდე წელიწადზე მეტხანს ვიცნობდით ერთმანეთს და რამდენჯერმე მყავდა ნანახი. მართალია, ჩვენი ურთიერთობა მეგობრობას არ გასცილებია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ის ჩემს მიმართ გულგრილი არ იყო. თუმცა, ეს დიდად არ გამოუხატავს, რადგან მაშინ მასაც და მეც სხვა ურთიერთობები გვქონდა. მერე მეც დავშორდი, ისიც დაშორდა და, ისე მოხდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ერთმანეთს შევხვდით და მივხვდით, რომ ერთმანეთი მოგვწონს, ანუ, ფარული გრძნობა გამჟღავნდა.

– მაშინ, როცა დაბადების დღე თბილისში საყვარელ ადამიანთან ერთად აღნიშნე, ეს მისი პირველი ვიზიტი იყო შენს სამშობლოში თუ მანამდეც იყო ნამყოფი?

– მას ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი და ნაცნობი ჰყავს, მაგრამ თბილისში პირველად იყო ჩემთან ერთად ჩამოსული და ძალიან მოხიბლული დარჩა.

– რა პროფესიის არის?

– ბანკირია, პარალელურად – ბიზნესმენი, თავისი პატარ-პატარა ბიზნესები აქვს. ის თანამედროვე ადამიანია და შარვალ-კოსტიუმიანი ბანკირი ნამდვილად არ არის, ბუნებით ხელოვანია და მასთან ურთიერთობა ძალიან მიადვილდება. ერთმანეთს ძალიან ვუგებთ, ზუსტად ჩემნაირია. პირველად ვგრძნობ, რომ ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე.

– რამდენი წლის არის?

– 36-ის.

– ალბათ, ერთმანეთს სასიამოვნო სიურპრიზებსაც უწყობთ.

– დიახ, ძალიან გვიყვარს ერთმანეთისთვის სიურპრიზებისა და საჩუქრების გაკეთება.

– შენ რით გაგიოცებია ის?

– ვცდილობ, ორიგინალური საჩუქრები გავუკეთო. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ძაღლი ვაჩუქე – ინგლისური ბულდოგი. ისიც ძალიან ხშირად მიკეთებს სიურპრიზებს.

– როგორც ვიცი, ნატასთან (ქეთას დედა) კარგი ურთიერთობა აქვს.

– ლევს დედაჩემთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, შეიძლება ითქვას, მეგობრობენ კიდეც.

– შენ თუ იცნობ მისი ოჯახის წევრებს?

– დიახ, ისინი მოსკოვში ცხოვრობენ და მათ ვიცნობ. ძალიან კარგი ხალხია და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

– საყვარელი ადამიანისთვის თუ მიგიძღვნია სიმღერა, ანუ, მისთვის თუ გიმღერია?

– ჯერჯერობით ისეთი რამ არ ყოფილა, მისთვის რომ მემღერა, მაგრამ, სიურპრიზის სახით ვამზადებ რაღაცას, რომელიც ამ ეტაპზე არ მინდა ვთქვა. ვინმე წაიკითხავს ამ ინტერვიუს და გაიგებს ამის შესახებ, მერე კი სიურპრიზი აღარ გამომივა.

– როგორ ფიქრობ, რამდენ ხანში შეიძლება ოჯახი შექმნა?

– პრინციპში, თუ ყველაფერი კარგად იქნება, შეიძლება ერთ წელიწადში უკვე ვიფიქროთ დაოჯახებაზე.

– როგორც ვიცი შენი კონტრაქტი დაოჯახებას არ გიკრძალავს.

– „ა სტუდიოსთან“ ჩემი კონტრაქტი თითქმის ორი წელია, დამთავრდა. ჩვენ შორის დიდი ნდობა და პატივისცემაა, ამიტომ, უკონტრაქტოდ ვმუშაობთ.

– ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, ამის გამო ცოტას ხომ არ ეჭვიანობს შენი საყვარელი ადამიანი?

– თუ გასტროლები არ მაქვს და ქალაქში ვარ, სულ ერთად ვართ. ამიტომ მას არანაირი საბაბი არ აქვს, ვინმეზე იეჭვიანოს. ჩემი აზრით, თუ ადამიანს ეჭვიანობის საბაბს არ მისცემ, საეჭვიანოც არაფერი იქნება. მეც ვარ ეჭვიანი და, თუ საბაბი მომეცა მეც ვიეჭვიანებ. საბედნიეროდ, ჩვენ ერთმანეთს ვენდობით.

– მოკლედ, ძალიან ბედნიერი და შეყვარებული ხარ.

– დიახ, შეყვარებულიც ვარ, ბედნიერიც და ღმერთს მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის.

– არ ვიცი, იცი თუ არა, მაგრამ, თბილისში ცოტა ხნის წინ შენი ოჯახისთვის არცთუ სასიამოვნო ამბავზე დაიწყეს ლაპარაკი – ითქვა, რომ ქეთა თოფურიას ნამდვილი მამა ზურა ბიბილეიშვილიაო.

– მითხრეს, რომ ასეთი რამ დაიწერა. „პრაიმ თაიმს“ რისი დაწერა უნდოდა, ვერ გავიგე. მე მათთვის არანაირ კომენტარს არასდროს არ გავაკეთებ. თუ რაღაცის დაწერა გინდა, მაშინ, ისე უნდა დაწერო, რომ ფაქტი გქონდეს და ვიღაცამ დაადასტუროს. რაც დაწერეს, ის არავინ არ დაუდასტურა და არც მე ვუდასტურებ, რადგან სისულელეა. დავუშვათ, ეს მართალი იყო და მე ამის შესახებ მცოდნოდა. ამ დროს, მირეკავენ და მეკითხებიან: „თქვენ იცით, რომ თქვენი ნამდვილი მამა ესა და ეს არის?“ უცხოეთში რომ ვცხოვრობდე, ამის გამო შემეძლო, მეჩივლა მათთვის. ჯერ მამაჩემის ნათლულის მამაზე ამბობდნენ, რომ მამაჩემი იყო, მერე სხვაზე მოიგონეს, ახლა ეს ამბავი დაწერეს. მინდა, ერთი კომენტარი გავაკეთო, „პრაიმ თაიმის“ ჯურნალისტი თამუნა გონგაძე რომ წერდა, ქეთას ბავშვობიდან ვიცნობ, ჩემი მეგობარი იყო და, მიუხედავად ამისა, დაბადების დღიდან გამაგდოო. მინდა გითხრათ, რომ მე მისი მეგობარი არც არასდროს ვყოფილვარ და იქიდან არავის გამოუგდია. თუ ჩემი მეგობარი ხარ და გეუბნებიან, კამერით არ მოხვიდეო, მაშინ, რაღას მოდიხარ? ასე რომ, ჩემი მეგობარი ეგ ქალბატონი არასდროს ყოფილა და ტყუილად ნუ იბრალებს.

– ზურა ბიბილეიშვილს, ანუ ეგრეთ წოდებულ შენს „ნამდვილ მამას“ თუ იცნობ?

– ის ჩემი მეგობრების მამაა, მაგრამ პირადად არ ვიცნობ.

– მას რა რეაქცია ჰქონდა ამ ამბავზე?

– კომენტარი გააკეთა, სადაც ამბობდა, ქეთა ჩემი მეგობრების შვილია და მეტი არაფერიო.

– ნატას როგორი რეაქცია ჰქონდა? საკმაოდ მძიმე პერიოდს დაემთხვა ეს ამბავი, რადგან მამაშენის ორმოცი რამდენიმე დღის გასული იყო, ან არც იყო.

– უსინდისო ხალხია, რადგან მამაჩემი ახალი გარდაცვლილი იყო და ეს ჭორი დაწერეს. დაურეკეს ნატას და ეკითხებიან – მართალიაო?! მართალიც რომ ყოფილიყო, რა, ეტყოდა, მართალიაო თუ რა?! გაზეთში გამოქვეყნება რომ დასჭირვებოდა ჩვენ თვითონ ვიზრუნებდით ამაზე. ძალიან არ ესიამოვნა, რადგან არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ სიამოვნებს, როცა მის პირად ცხოვრებაში ერევიან, მით უმეტეს, ისეთ რამეზე ლაპარაკობენ, რაც არ ყოფილა. რაც უნდათ, ის დაწერონ, ნაკლებად მაინტერესებს და ყურადღებას არ ვაქცევ. მე პირადად, არასდროს არავის ცხოვრებაში არ ვერევი.


скачать dle 11.3