კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაატარა მერაბ სეფაშვილმა დღე-ნახევარი რკინიგზის სადგურზე მაგნიტოფონით ხელში და როდის იმოგზაურა მან კოსმოსში “კატაობა-კატაობით„

მომღერალი მერაბ სეფაშვილი ძალიან მეგობრული და უკონფლიქტო ადამიანია. ხალისიანი ბუნების გამო მის გვერდით არ მოიწყენთ, სასიამოვნოდაც გაატარებთ დროს და, თუ მის თავს გადახდენილ ისტორიებს მოისმენთ, ბევრსაც იცინებთ.

– მერაბ, ხშირად თუ ჩავარდნილხართ ცხოვრებაში კურიოზულ და სასაცილო სიტუაციებში და როგორ იქცევით ამ დროს – იბნევით თუ, პირიქით, ოპერატიულად მოქმედებთ, რომ თავი ადვილად დაიძვრინოთ შექმნილი სიტუაციიდან?

– ჩემი აზრით, ეს ცხოვრება ერთი დიდი კურიოზია და ნებისმიერი სიტუაციიდან შეგიძლია, თავი დაიძვრინო, მთავარია, არ დაიბნე. როცა სცენაზე დგახარ, კურიოზული სიტუაცია არ არის გამორიცხული და ხშირადაც ხდება. თავი რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდო, მაგალითად, არც მიკროფონის გათიშვა უნდა შეიმჩნიო და არც შუქის ჩაქრობა, რომელიც ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე ადრე.

– ხშირად გიწევთ თვითმფრინავით მგზავრობა. თუმცა, როგორც ვიცი, ძალიან გეშინიათ და ეს შიში ვერც დამაწყნარებლებით და ვერც ალკოჰოლის დახმარებით დაძლიეთ. თავადვე თქვით ერთხელ, ცაში ბედი მწყალობსო. მაშ, რიღასი გეშინიათ?

– მართლა არ მიყვარს თვითმფრინავით მგზავრობა, რა იცი, კაცს შუბლზე რა გაწერია? (იცინის). სანამ ტრაპზე ავალ, დამამშვიდებლებს ვსვამ, ვერა და ვერ მოვიცილე ფრენის დაძაბულობა. ადრე, სანამ თვითმფრინავის სალონში შევიდოდი, ალკოჰოლს გადავკრავდი ხოლმე „აბი გლუკოზასავით“, ახლა კი დამამშვიდებლებს ვამჯობინებ. ხომ იცით, ფხიზელი კაცი უფრო კარგად აკონტროლებს სიტუაციას (იცინის). ერთხელ ჩემს მეგობართან ერთად მომიწია ფრენა. იმასაც პანიკური შიში აქვს და ისე დათვრა, ფეხზე ვერ იდგა. ვერ ზომავდა და ისე ხმამაღლა მელაპარაკებოდა თვითმფრინავის სალონში, ყველა მგზავრს ესმოდა. შიშის გამო უწევდა და უწევდა ხმას. ვაწყნარებდი, ნუ გეშინია, ბიჭო, არაფერი მოგვივა, რა დაგემართა-მეთქი. ამ დამშვიდებაში ვარ და, ტურბულენტურ ზონაში შევარდა თვითმფრინავი?! ისე შეირყა, რომ ის საცოდავი ფეხზე წამოხტა, თავი ვერ შეიკავა, გავარდა და თავით სკამებს შუა გაიჭედა. ჩემი თავი მახსოვდა? გავვარდი, დავექაჩე და თან სიცილით ვიგუდებოდი. ისე ლაღად ვიფრინე მისი გადამკიდე, ჩემი შიში სულ გადამავიწყდა. მგზავრებმა იმდენი იცინეს... მთელი სალონი ხარხარებდა ჩვენი შემხედვარე. რაც შეეხება ბედისწერას, ამ თემასთან დაკავშირებით ერთი ანეკდოტი გამახსენდა და უნდა მოგიყვეთ. მოკლედ, თვითმფრინავში ზის ორი ებრაელი კაცი. აფრინდა თუ არა, ერთმა ფერი დაკარგა. მეორემ ჰკითხა, რა იყო, ცუდად ხომ არ ხარო? იმან უპასუხა: ფრენის მეშინიაო. გაეცინა მეგობარს და დააწყნარა: რა იყო, შე კაი კაცო, შუბლზე რაც გაწერია არ აგცდებაო. გაბრაზდა მეორე და დაუყვირა: რა ვიცი, მე რა მაწერია, მთავარია, პილოტს რა აწერია შუბლზე და მაგის ბედისწერა უნდა გავხდეო? (იცინის). სხვათა შორის, პილოტებთანაც ვმჯდარვარ კაბინაში და სტიუარდესებთანაც „ჩამიწყვია“ საქმე.

– რა საქმე?

– რა და, მწეველი ვარ ტუალეტში მიწევდა მოწევა, მერე სტიუარდესებს „ჩავუბრატდი“ და მათთან ერთად „ვაბოლებდი“ (იცინის). ერთხელ, ხმელთაშუა ზღვაში გემით ვიყავით და დიდ ღელვაში მოვხვდით. საერთოდ არ შემშინებია. მაშინ რომ თვითმფრინავში ვყოფილიყავი, რომელი დამაწყნარებელი აბი მიშველიდა? მთელი ეკიპაჟი გადაყუდებული იყო, მე კი მშვიდად ვიჯექი, სახეზე ოლიმპიური სიმშვიდით. რა ვიცი, წყალში ბედი ნამდვილად მწყალობს და ამის მჯერა, თორემ, დღე-ნახევარი აკვანივით გვარწია წყალმა, მაგრამ შიში არ მიგრძნია. ეტყობა იღბლიანიც ვარ და ღმერთიც მწყალობს.

– ეგზოტიკური საკვები თუ გაქვთ დაგემოვნებული, მაგალითად, გველის მწვადი?

– მწვადისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, მოტყუებით მაჭამა ინდოეთში ჩემმა მეგობარმა რესტორანში ხორცის რულეტი. მითხრა, ქათმის ხორცისააო და მეც ისე გემრიელად გეახელით, ძლივს გამაჩერეს, კინაღამ ყურის გაჭრა დამჭირდა (იცინის). სასტუმროში რომ მივედით, ვუთხარი, შენ გაიხარე, ეს რა კარგი რამე მაჭამე, უგემრიელესი იყო ის ქათმის რულეტი-მეთქი. ისე ჩაეცინა, რაღაცას მივხვდი და არ გამოტყდა, ქათამი კი არა, გველი იყოო?! კი ავხტი და დავხტი, მაგრამ, უკვე მონელებული მქონდა და, რადგან კუჭმაც უპრობლემოდ შეირგო, რაღას ვიზამდი.

– ესე იგი, ეგზოტიკურ საკვებს კარგად ირგებთ, მაგრამ, სასმელთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ და პირველი დალევა და თავბრუსხვევა თუ გახსოვთ?

– ვისკის დალევა მიყვარს – კარგ განწყობაზე ვდგები. ერთხელ მკითხეს, ქალსა და სასმელს შორის რა კავშირიაო. დავფიქრდი და ვუპასუხე: ორივე საოცარ ემოციას იწვევს და ორივეს ტრანსში გადაჰყავხარ-მეთქი. (იცინის). რაც შეეხება ჩემს პირველ დალევას, 9 წლის ვიყავი და მეზობლად, მეგობარი ბიჭის დაბადების დღეზე ისე დავთვერი, პირველი სართულიდან მეორე სართულზე კიბე ფორთხვა-ფორთხვით ავიარე. ძლივს მივაღწიე საწოლამდე, ჩავწექი, მაგრამ, ისე დატრიალდა ირგვლივ ყველაფერი, თავი კოსმოსში მეგონა და წამოვხტი. დალაგდა ყველაფერი თავის ადგილას და ისევ დავწექი. ისევ დატრიალდა, ავდექი და ვიყავი ასე ორომტრიალში მთელი ღამე. მართალია, „კატაობის“ ფული არავის მოუთხოვია ჩემგან, მაგრამ...

– „კატაობის“ ფული რა შუაშია ამ ამბავთან?

– არ იცი ის ანეგდოტი, გურული რომ დათვრა? მოგიყვები: პატარა გურული დათვრა და მამას შესჩივლა: მამი, დედამიწა ტრიალებს და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს საქანელაზე ვზივარო. მამამ პირზე ხელი ააფარა: გაჩუმდი, შე მამაძაღლო, მაღლა არ გაიგონ, თორემ „კატაობის“ ფულს გადაგვახდევინებენო (იცინის).

– გურულობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, კახელ კაცს გინება რომ გეცოდინებათ, ამაში ეჭვი არ მეპარება. თქვენი მეგობრები იმასაც ამბობენ, თუ გაჯიუტდა, მაგის გინება მერე ნახეთო. მართლა ასეა?

– გაჯიუტება უკვირთ? კახელი ვარ, ბოლოს და ბოლოს და, თუ არ გავჯიუტდი, ისე როგორ იქნება? (იცინის). მართალია, მეც ვჯიუტდები, ვფეთქდები და მეც ვიგინები ხოლმე, მაგრამ, მარტო დამსახურებულად.

– მერე, ასეთი ჯიუტი და ფეთქებადი მამაკაცები ქალებს რომ არ უყვართ?

– ვა, რეალურად ასეთი ვარ და, თუ ვინმეს არ მოვწონვარ, ეს მისი პრობლემაა, ახლა ხომ ვერ გამოვიცვლები (იცინის). ქალში ვაფასებ შემდეგ თვისებებს: საღად შეაფასოს ესა თუ ის მამაკაცი, მასთან სწორი ურთიერთობა შეეძლოს. თუ ჯანსაღი ურთიერთობა უნდა ადამიანს, ქალი იქნება ეს თუ კაცი, უნდა იხსნებოდეს და არ უნდა იბოჭებოდეს.

– რადგან ქალებზე ჩამოვარდა საუბარი, გკითხავთ: ქალის „შებმა“ ადვილია?

– ახლა, თუ „ებმება“, ადვილია, თუ არა და ძნელი. აბა, რა გითხრათ, მე ამ საქმით აღარ ვარ დაკავებული, თუმცა, იყო დრო ეს ადვილად მეჩვენებოდა (იცინის). ერთხელ, კიშინიოვში ვიყავით გასტროლებზე. ერთი ლამაზი გოგონა იყო და მთელი ანსამბლის ბიჭები იმას დასდევდნენ. როგორც იქნა, მეგობრობაზე დავითანხმე და სასტუმროოში დავპატიჟე. თურმე მამამისი პროკურორი ყოფილა, მე რა ვიცოდი? მივედით სასტუმროსთან და არ უშვებენ. ვუხსნი დაცვას, არ იგებენ და... ამეშალა ნერვები. „გავიქაჩე“ ეს ქართველი ბიჭი, გავაქანე და დაცვას „ვგლიჯე“. ეს გოგო აქეთ მაწყნარებს, მე იმათ „ვექაჩები“ და ამასობაში მილიციაც დამადგა თავზე. მოგვკიდეს მე და იმ გოგოს ხელი, ჩაგვყარეს მილიციის მანქანაში და განყოფილებაში ამოვყავით ორივემ თავი. კიდევ კარგი, მამამისი პროკურორი იყო, დარეკა იმ გოგომ და გამოგვიშვეს, თორემ, ხომ ამოვყოფდით თავს მეგობრობის გამო ციხეში? (იცინის). ასე გადავურჩი დაჭერას უცხო მხარეში და ისიც ქალის გამო. კიდევ ერთი ისტორია გამახსენდა: დანიიდან მოვდიოდით მეგობრები და პოლონეთში მანქანით ჩავედით, იქიდან კი მატარებლით უნდა ჩავსულიყავით მოსკოვში და თბილისში გადმოვფრენილიყავით. ვიფიქრე, ჯერ დრო მაქვს-მეთქი და ასე უფულოდ და უსაბუთოდ, გავედი პოლონეთში ჩემი მეგობრის სანახავად. რომ მოვბრუნდი, სადაა მატარებელი? ჩავიყავი ჯიბეში ხელი, კაპიკი არ ჭყავის. წარმოვიდგინე, რა დღეში იქნებოდნენ ჩემი მეგობრები მატარებელში, მაგრამ, რა გინდა ქნა? დღე-ნახევარი ვიჯექი რკინიგზის სადგურში ასე უპატრონოდ. უცებ, გავიხედე, მატარებელი ჩამოდგა ბაქანზე და აწერია „პარიზი-მოსკოვი“. ვეცი გამცილებელს, ვეხვეწები: ბიძია, წამოგყვები, ფული არ მაქვს, მაგრამ მაგნიტოფონი მაქვს აგერ და იქნებ მოსკოვამდე გამიყოლოთ-მეთქი. გადაირია, საზღვარზე როგორ გადაგიყვანო, მაგნიტოფონი ვაჩვენოო? (იცინის). ბოლოს, იმდენი ვეხვეწე, მაინც „შევაბი“ და ტუალეტში დამმალა. ასე ჩამომიყვანა მოსკოვამდე ჯაყჯაყით, მაგრამ, ამას დავეძებდი, რადგან გზა გამოვიკვლიე?! (იცინის).


скачать dle 11.3