კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს ნაშვილები ქალბატონი თავის ბიოლოგიურ მშობლებს და რას პატიობს იგი მათ



39 წლის მანანა ჩუბინიძე ეძებს 60 წლის როზა ბენიამინის (ვენიამინის) ასულ ჩამულაევას და 68 წლის თემურ (დემურ) ვასილის ძე ქურდაძეს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს: დედას – 60 წლის როზა ბენიამინის (ან ვენიამინის) ასულ ჩამულაევას და მამას – 68 წლის თემურ (ან დემურ) ვასილის ძე ქურდაძეს. მათ შესახებ ის ვიცი, რომ როდესაც დედაჩემმა მე გამაჩინა, 21 წლის იყო, მამაჩემი კი – 29 წლის. მე მათი პირველი შვილი ვიყავი. გავიგე ასევე, რომ ისინი ცხოვრობდნენ ოქტომბრის ¹220-ში, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ქუჩის ნუმერაცია მთავრდება არმისული ამ ციფრამდე. დამოუკიდებელმა ძებნამ შედეგი ვერ მომიტანა, ამიტომ, დიდი თხოვნით მოგმართავთ: დამეხმარეთ მათ პოვნაში, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჟურნალისტის შენიშვნა: რესპონდენტის თხოვნის გათვალისწინებით, მისი ფოტო არ იბეჭდება, რადგან მას არ სურს, გული ატკინოს, აღმზრდელ დედას, რომელიც ამჟამად საკმაოდ ასაკიანია. შესაბამისად, გვარიც და სახელიც გადაკეთებულია.

– როგორ გაიგეთ, რომ თქვენ ნაშვილები ხართ და რა რეაქცია გქონდათ, როდესაც ეს შეიტყვეთ?

– დაახლოებით 10 წლის ვიყავი, როდესაც შემთხვევით მოვისმინე ჩემი აღმზრდელი დედისა და დეიდის ლაპარაკი. ისინი ერთ ქალბატონზე საუბრობდნენ, რომელმაც ბავშვი იშვილა და დეიდამ ჰკითხა დედას: მანაც ყველაფერი ისევე ოფიციალურად გააკეთა, როგორც შენო? რა თქმა უნდა, ჩემთვის ამის გაგონება დიდი დარტყმა იყო. ნამდვილად არ ველოდი. თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემი აღმზრდელი მშობლები ყოველთვის კარგად მექცეოდნენ, უფრო დაუჯერებელი და მტკივნეული იყო. ამ ამბის გაგონების შემდეგ სულ დავკარგე მოსვენება, ყოველთვის მაინტერესებდა, ვინ ვიყავი, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები, რატომ მიმატოვეს და გამაშვილეს და ასე შემდეგ. პატარა ასაკის გამო, რა თქმა უნდა, ძებნას და გარკვევას ვერ დავიწყებდი, მაგრამ ეს კითხვები ყოველთვის მიტრიალებდა თავში. ამდენი წელია, ამ სურვილით მოვდივარ, რომ გავიგო, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები და გავიცნო ისინი. აღმზრდელი მამა რამდენიმე წელია, რაც გარდამეცვალა, დედა კი უკვე მოხუცი მყავს. მან არ იცის, ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს რომ ვეძებ, არ მინდა, გული ვატკინო. ჩემმა აღმზრდელმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს ჩემთვის: გამზარდეს, აღმზარდეს, მომცეს განათლება და სამსახური; ამჟამად დედა ჩემს შვილსაც ზრდის. ვფიქრობ, გული ეტკინება, თუ გაიგებს, რომ მე ბიოლოგიურ მშობელს ვეძებ. როგორც კი წამოვიზარდე, მათი ძებნა დავიწყე – გულით მინდა, ვიპოვო.

– რა იცით თქვენი ბიოლოგიური მშობლების შესახებ და საიდან ფლობთ ამ ინფორმაციას?

– რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ჩემმა ნამდვილმა მშობლებმა მე მიმატოვეს, რადგან უდღეური დავიბადე – შვიდთვიანი ვიყავი და 1 კილოსა და 600 გრამს ვიწონიდი. ყოვლად შესაძლებელია, მათ იფიქრეს, რომ ვერ გადავრჩებოდი და ეს იყო მათი მხრიდან ჩემი მიტოვების მოტივი, მაგრამ სინამდვილეს მხოლოდ მათი პოვნის შემდეგ გავიგებ. ყველაფერი, რაც მათ შესახებ ვიცი, დამოუკიდებლად მოვიძიე. ცხოვრება ისე ამეწყო, რომ მეც იმავე სამშობიარო სახლში დავიწყე მუშაობა, სადაც დედაჩემმა იმშობიარა და მიმატოვა. ვინც მაშინ ამ სამშობიაროს არქივს ხელმძღვანელობდა ამჟამადაც ცოცხალია და სწორედ მისი დახმარებით შევძელი ჩემი დაბადების ისტორიის ნახვა, სწორედ იმ საბუთიდან გავარკვიე დედაჩემისა და მამაჩემის ასაკი და გვარები, მაგრამ, საქმე ისაა, რომ სხვადასხვა საბუთში სხვადასხვანაირად წერია: ზოგან წერია როზა ბენიამინის ასული, ზოგან – ვენიამინის. მამაჩემიც ზოგან მოხსენებულია როგორც თემური ზოგან – დემური. ამიტომ ორივე ვარიანტს ვითვალისწინებ. დაბადების ისტორიაში დაფიქსირებულია ერთადერთი მისამართი – ოქტომბრის ქუჩა ¹220. უამრავჯერ ვეძებე ეს ნომერი, მაგრამ უშედეგოდ. საპასპორტოშიც ვიყავი და მამაჩემი (ანუ მსგავსი სახელისა და გვარის) ადამიანი ამოვაგდებინე, მაგრამ ის პიროვნება ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ჩაწერილი, ანუ, ეს ყველაფერი დაუზუსტებელი ინფორმაციაა.

– პირადად თქვენ რას ფიქრობთ, რა იყო მათი მხრიდან თქვენი მიტოვების მიზეზი?

– სხვათა შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, ცუდი არასდროს მიფიქრია. როგორც უკვე გითხარით, შეიძლება, შეეშინდათ, რომ ვერ გადავრჩებოდი, რადგან უდღეური ვიყავი, ან, ეგონათ, რაიმე გართულება მექნებოდა. გამორიცხული არც ის არის რომ დედის ან მამის ოჯახს არ უნდოდა ბავშვი. ჩემი აღმზრდელი დედისთვის არასდროს მიკითხავს მათ შესახებ, რადგან, ზუსტად ვიცი, გული ეტკინება, მათ რომ ვეძებ. ამის შესახებ მხოლოდ ჩემმა შვილმა იცის, რომელიც მგულშემატკივრობს.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.



ნატალია მახარაშვილი


скачать dle 11.3