ღამის საჩუქარი
თუ ხვდები, რომ რაღაცას დაუმსახურებლად იღებ, მერე სინდისმა და იმის შიშმა რომ არ შეგაწუხოს, რაც არ მერგებოდა, არც შემერგებაო, ჯობია, თავიდანვე თქვა ამ „რაღაცაზე“ უარი. რა თქმა უნდა, იოლი არ არის, შეეგუო ამქვეყნიურ სიკეთე-სიამეთ, მაგრამ ორიდან ერთი უნდა აირჩიო. ბევრს სულაც არ აწუხებს პრობლემა, დამსახურებულად გაუმართლა ცხოვრებაში, თუ დაუმსახურებლად. მაინც სულ კმაყოფილია და გახარებული, უსარგებლო კომპლექსებით თავს არ იტანჯავს და ამიტომ, ცხოვრებაც გაცილებით მარტივია...
***
სოფო ზანტად წამოდგა და კარის გასაღებად ნელი ნაბიჯით გაემართა. ზუსტად იცოდა, ვინ შეიძლებოდა, მოსულიყო ამ დროს. ამიტომ ზღურბლზე აღმართული კაცის დანახვა არ გაჰკვირვებია.
– შემოდი...
– მარტო ხარ? – ჰკითხა ანდრომ. დარწმუნებულმა იმაში, რომ ბინაში მათ გარდა არავინ იყო.
– არ გინდა ახლა ყალბი ფამილარობა. ძალიან კარგად იცი, რომ მარტო ვარ.
– და, როგორც ვხედავ, გაბრაზებულიც... – ანდრომ შემრიგებლურად გაუღიმა და მოზრდილი კოლოფი გაუწოდა, – აი, შენი საყვარელი შოკოლადის ნამცხვარი წამოგიღე, კრუასანებიც... ყავას დამალევინებ?
სოფომ ალმაცერად შეხედა:
– ეს რომ ჩვენს მოლაპარაკებაში არ შედიოდა? შენ მე კაცის „შესაბმელად“ დამიქირავე, ყავის მომდუღებლად კი არა... არც შენ ხარ ვალდებული, ტკბილეულით გამანებივრო.
– სოფო, რა მოგივიდა, ვეღარ გცნობ! ზღარბუნასავით ეკლები სულ მზად გაქვს ჩემს დასაჩხვლეტად. არ გინდა, რა... ისედაც სულ გაღიზიანებული და აფორიაქებული ვარ.
– და დაჩხვლეტილიც, ხომ?!
ანდრომ მაგიდაზე მდგარი თასიდან ვაშლი აიღო და ჩაკბიჩა.
– ძალიან დავიღალე, – თქვა და სავარძელში ჩაეშვა, – ოღონდ, მართლა. თავს საშინლად ვგრძნობ... და ეს ფიზიკური დაღლა არ არის.
– კარგი... მოგიდუღებ ყავას, – გადაჭრით ჩაილაპარაკა სოფომ, – დალიე, ცოტა დაისვენე და მერე ანგარიშსაც ჩაგაბარებ – აქ ხომ ამისთვის მოხვედი...
ანდრომ ვაშლი მაგიდაზე დადო, სოფოს ხელი დაუჭირა და ტუჩებთან მიიტანა. ქალი არ ელოდა ამას, დაბნეულობისგან ნაბიჯი ვეღარ გადადგა, მხოლოდ ნამცხვრიანი ყუთის დადება მოახერხა სავარძლის სახელურზე...
***
ამბობენ, ძალად სიყვარული არ არსებობსო... ძალიანაც ცდებით, თუკი ამის არ გჯერათ. სწორედ სიყვარულის იძულებაა ყველაზე ადვილიც და ფართოდ გავრცელებულიც. ნებაყოფლობითია მაშინ, როცა შენ თვითონაც არ იცი ვინ გიყვარს და რატომ გიყვარს. მაგრამ, როცა ორივე კითხვაზე გაქვს პასუხი, აქ უკვე სხვანაირად არის საქმე. კიდევ ის, რომ სიყვარულში ერთს უყვარს ისე, როგორც ამას სიყვარულის კანონები მოითხოვს, მეორე კი ამის უფლებას აძლევს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, სიყვარული მაინც მაგარი რამეა, მნიშვნელობა არ აქვს, ფული გაქვს თუ არ გაქვს... ერთი კი ფაქტია: ფული, თანაც ბევრი ფული, სიყვარულს ხელს არანაირად არ უშლის.
***
სოფოს დაბნეულობამ მხოლოდ რამდენიმე წამს გასტანა, მალევე მოეგო გონს და კაცის ხელი უხეშად მოიშორა:
– სენტიმენტების გარეშე, ძალიან გთხოვ! ეს არც მე მჭირდება და, მით უმეტეს, არც შენ. მოლაპარაკება – მოლაპარაკებაა... საქმიანი გარიგება საქმიანი შეხვედრისა და საქმიანი საუბრის საზღვრებს არ უნდა გასცილდეს, თორემ, ეს ისევ საქმეს დააზარალებს.
ანდრომ თავი დახარა და მხრები აიჩეჩა, მერე ისევ ქალს შეხედა:
– რა უცნაურია, როცა სურვილი მიჩნდება, ვიყო ის, ვინც ვარ, ყოველთვის რაღაც მიშლის ხელს, ზოგჯერ კი – ვიღაც... შენი ნახვა მარტო იმიტომ არ მინდოდა, რომ ანგარიში მომესმინა შენგან. მაგრამ ახლა უკვე აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. აღარც ყავა მინდა.
სოფო დაიძაბა. ლამის ინანა, რომ ანდროს რაღაცაში ხელი შეუშალა, მაგრამ შინაგანმა სიჯიუტემ სძლია.
– აღარ გინდა? ყავა მართლა აღარ გინდა? ძალიან კარგი, მაინც მეზარებოდა. ძნელი ყოფილა ქარაფშუტა, უდარდელი და თავდაჯერებული ქალის როლის თამაში.
– ჰო, არ არის ადვილი იმ როლის თამაში, რომელსაც ძალად მოგახვევენ თავზე, თორემ ჩვენ ჩვენს როლს ყოველთვის ვთამაშობთ, რადგან, რატომღაც, გვგონია, რომ ჩვენი რეალური სახით არავის მოვეწონებით.
– არ მითხრა, რომ ლიკასთან საუბარმა ფილოსოფოსობის ხასიათზე დაგაყენა. თუმცა, რა არის ამაში გასაოცარი, ის ხომ ყველასგან განსხვავებულია და უნიკალური.
– სოფო, ლიკა ერთი ჩვეულებრივი ქალია, ვერაფერი განსაკუთრებული მასში ვერ ვიპოვე. თუმცა, ერთი აღმოჩენა ნამდვილად გავაკეთე, მაგრამ ამაზე საუბარი ახლა არ მინდა – შეიძლება, უნებლიეთ გაწყენინო...
– ოჰო?! ძალიან საინტერესოა... დიდი ხანია, უნებლიეთ წყენინებაზე ასეთი მგრძნობიარე გახდი? ძალიან მაოცებ... ასე მხოლოდ შეყვარებული მამაკაცები იქცევიან.
– შეყვარებული არ ვარ, თუ ეს გაინტერესებს, – მოიღუშა ანდრო, – რა გინდა, სოფო, რატომ მეჩხუბები?
– მე რა მინდა? – განცვიფრებით დაახამხამა სოფომ წამწამები, – არაფერიც არ მინდა. სრულიად არაფერი. რაღაც ხომ დამავალე? ჰოდა, გეტყვი, როგორ ვასრულებ შენს დავალებას – სულ ეს არის.
ანდრომ ამოიოხრა:
– ეჰ, ტყუილად მეგონა, რომ შენი სახით მაინც მყავდა ადამიანი, რომელიც მართლა გამიგებდა. ალბათ, რკინის გგონივარ, მაგრამ, ზოგჯერ მეც ძალიან მიჭირს.
სოფომ იგრძნო, რომ მამაკაცი ახლა მართლა გულწრფელი იყო, მაგრამ მაინც ირონიულად ჰკითხა:
– ეს რა მესმის? ყოვლისშემძლე მამაკაცი მე, სუსტ, დაუცველ ქალს მეწუწუნება...
– კარგი, რა, სოფო, მოიშორე ეგ ეკლები! შენ ჩემთვის განსაკუთრებული ხარ, ისევე, როგორც მე – შენთვის.
– აჰა, აი, კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც არ ველოდი. არა, დღეს შენ რაღაც გჭირს. ამისთანა რა გითხრა ლიკამ?
– ისეთი არაფერი. შენ რას ფიქრობ მის ქმარზე?
სოფომ მხრები აიწურა:
– მე უკვე ყველაფერი ვიცი ლაშას შესახებ, რაღა უნდა ვიფიქრო? თან მე ადრეც არ მჯეროდა იმის, რომ საყვარელი ჰყავდა, მით უმეტეს – ერთდროულად ორი – ქალი და კაცი. ასეთი სისულელე მარტო ლიკას თუ მოუვიდოდა თავში.
– ჰო. შეიძლება... ცოტა უცნაური ვინმეა. მეც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
– როგორი? რომ სულელია?
– რომ თვითონ არ იცის, რა უნდა.
– ლიკას პრობლემა ის არის, რომ საერთოდ არ იცნობს კაცს, რომლის გვერდითაც ამდენი წელი გაატარა და რომელიც, როგორც თავად ამბობს, ძალიან უყვარს.
– მგონი, მართლა უყვარს, ეგ მეც შევნიშნე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რომ შემეთავაზებინა, სიხარულით ჩამიწვებოდა ლოგინში.
სოფო გაფითრდა და ტუჩები აუკანკალდა:
– არა, მაინც როგორი იდიოტი ხარ...
ანდრო განცვიფრდა:
– მე ვარ იდიოტი, მე?! ეს რა, ქალური სოლიდარობის გამოვლინებაა თუ, იმიტომ ვარ იდიოტი, შენს დაქალს ისე რომ არ მოვექეცი, როგორც იმსახურებდა? გეუბნები, ყველაფერზე თანახმა იყო-მეთქი.
– და, შენც, დაზოგე, არა?
– ჰო, აბა?! მაშინ აქ ხომ არ მოვიდოდი!
– არ მჯერა, შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა! – გაცხარდა სოფო, – თავს იკლავდი მის ხელში ჩასაგდებად და ასეთ ვარიანტს ხელიდან გაუშვებდი? უსინდისო ხარ. მოხვედი აქ და მეტრაბახები! ახლავე ადექი და წადი...
– მოიცა, არ გინდა ისტერიკა. ისეც არ არის საქმე, შენ რომ გგონია. ჯერ ისე არ მიჭირს, პოტენციური მტრის ცოლი ჩავიწვინო ლოგინში – ეგ სულ სხვა რამეა და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი. შეგიძლია, მენდო, ლიკას თითსაც არ დავაკარებ. პირიქით, ვურჩიე, ქმარს შეურიგდეს.
სოფომ ხმამაღლა გაიცინა:
– შენ და – ოჯახების გადამრჩენი?! ფეხებზე არ გკიდია, ლიკა და ლაშა შერიგდებიან თუ არა?!
– წარმოიდგინე, რომ არ მკიდია. რა თქმა უნდა, ნაკლებად მაინტერესებს სხვისი ოჯახის ამბები, მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ამბები უშუალოდ მე მეხება. ახლა ხვდები ჩემი განზრახვის მიზეზს? – ხმაში ირონია გამოირია ანდრომ.
– გეშინია, რომ გაგაკოტრებენ და შენი მრავალრიცხოვანი საყვარლებისთვის ფული აღარ გეყოფა?
ანდრომ ამოიოხრა:
– არა. შენ აშკარად რაღაც გჭირს. იმ ტიპმა გაგაბრაზა? ან, იქნებ, ხომ არ შეუყვარდი უკვე...
– რა, არ შეიძლება?
ანდრომ წარბები მრავალმნიშვნელოვნად ასწია:
– რა ვიცი, აბა! პრინციპში, გამორიცხული არაფერია. თუმცა...
– თუმცა, ჩემს შემთხვევაშია გამორიცხული, ხომ? იცი, მაინც როგორი არამზადა ხარ?
– მდაა... – ჩაილაპარაკა ანდრომ, – როგორც ვხედავ, დღეს შენთან ლაპარაკი შეუძლებელია... მჩხავანა კატასავით ხარ ატეხილი.
– რას იზამ, როცა შენნაირ... – სოფო გაჩუმდა.
– მიდი, მიდი, განაგრძე... როცა ჩემნაირ ძაღლთან გექნება საქმე, გაანჩხლდები, აბა, რას იზამ... მაგრამ, საყვარელო, მომისმინე? მე ხომ ერთგულიც ვარ?! დაფიქრდი, როგორი ერთგულებით გამოვირჩევი?!
– ჰო, როცა რამე პრობლემა ან „შავი“ საქმე გაქვს გასაკეთებელი, მაშინვე ჩემკენ გამორბიხარ, – ირონიულად თქვა სოფომ.
– ისევ უსამართლოდ მექცევი. ვერ ხვდები, რომ ყველაზე სანდო ადამიანად შენ მიმაჩნიხარ? სოფო, ნუ მეჩხუბები, რა! – ანდრომ ქალის წელისკენ გააპარა ხელი, მაგრამ სოფომ სწრაფად დაიხია უკან და შედარებით „მიუწვდომელი“ პოზიცია დაიკავა.
– წავიდე? – მოწყენილი ხმით ჰკითხა ანდრომ და მორჩილი ბავშვივით გაუღიმა.
– შენი ნებაა. მოსვლის ნებართვა ხომ არ აგიღია ჩემგან და წასვლითაც საკუთარი ნებით მიბრძანდი.
– ვერ გავიგე, რა დავაშავე. მართლა ვერ გავიგე... საერთოდ, ამ ბოლო დროს ქალების ცუდად მესმის.
– და ეს ძალიან გაწუხებს?
– მაწუხებს, აბა, რა... მაგალითად, დღეს შენს დაქალს რა უნდოდა, ვერ გავიგე.
– შენთან დაწოლა – ასე არ თქვი წეღან?
ანდროს გაეღიმა:
– რა, მაგან გაგაღიზიანა?
– არა. აბა, ეგ რატომ გამაღიზიანებდა, რა ჩემი საქმეა, ვინ ვისთან დაწვება? ლიკა ჩემი მეგობარია, მაგრამ ვერც მას ვურჩევ, ვინ გაიხადოს საყვარლად.
– დამშვიდდი, მის საყვარლობას არ ვაპირებ. ხომ გითხარი, პოტენციური მტრის ცოლთან ინტიმური ურთიერთობა არ მექნება-მეთქი.
– ვინ იცის, ვინ იცის... შენგან ვისწავლე, არასოდეს თქვა – „არასოდეს“...
– მოკლედ, წავედი. როცა ცოტა გამოგიკეთდება გუნება, შემატყობინე და მოვალ.
– ყავა არ გინდა?
– არა, უკვე „ავიმაღლე“ ტონუსი... – უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი ანდრომ და ადგა, – როგორ კარგად გესმოდა ჩემი და აუცილებლად, – ახლა უნდა გადასულიყავი ჭკუიდან? ესეც ჩემი ბედია, რა...
– ნუ წუწუნებ. კიდევ მოიგო?
– ვინ? ა, იმან? არა, ამჯერად წააგო, მაგრამ – ცოტა.
სოფოს გაუკვირდა:
– მართლა?! ესე იგი, არავითარ თაღლითობას არა აქვს ადგილი, უბრალოდ, ერთი-ორჯერ გაუმართლა საწყალს. შეგიძლია, დამშვიდდე და ჩვეულ რიტმში განაგრძო ცხოვრება.
ანდრომ თავი გააქნია:
– მე ვერ ვიქნები ასეთი დარწმუნებული. არც ისეთი საწყალია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოს. ჰო, მართლა, მაგათ რა, პრობლემები ჰქონდათ? ფინანსურს ვგულისხმობ.
– ვალი ჰქონდათ. მაგან, ანუ ლაშამ, ძმაკაცს ბინა ჩაუდო ბანკში და თავდებადაც დაუდგა. იმან კი ფული აიღო და „მოტყდა“.
– მოიცა, ბინა ვისი იყო?
– ვისი და ლაშასი. მოკლედ, ის ბანკის ვალი ამათ შეეტენათ და ლიკა იხდიდა თავისი ხელფასიდან ამ ფულს. ძირითადად, ამის გამო ჩხუბობდნენ, თორემ, მანამდე, ლიკასგან ყურები მქონდა გამოჭედილი – ჩემი ქმარი და ჩემი ქმარიო...
– ნიშნს გიგებდა?
– არა, ამას ვერ დავაბრალებ, მაგრამ, სულ იმას მიმტკიცებდა, ქმარზე კარგი არაფერია. შენ ცუდად ცხოვრობ, რაღაც უნდა შეცვალო. ასე ბედნიერი ვერ იქნებიო.
– მაშინ ერთად ვიყავით?! – ანდრო რაღაცაზე ჩაფიქრდა.
– რა მნიშვნელობა აქვს? შეიძლება – არა... შენ სულ ასე ხარ: როცა მოგინდება, მაშინ გამოჩნდები ხოლმე და ცხოვრებას მირევ, ისედაც თავდაყირა მაქვს ყველაფერი.
ანდრომ დაკვირვებით შეხედა ქალს:
– ქალებს უცნაური თვისება გაქვთ – პრობლემებს იქ ქმნით, სადაც ისინი რეალურად არ არსებობს. სამაგიეროდ, თუ არ გინდათ, გლობალურ პრობლემასაც კი ხედავთ. შენ მაინც რამ დაგიყენა ცხოვრება თავდაყირა, აბა, მითხარი.
– ყავას მოგიდუღებ.
– მართლა? იქნებ, არ ღირს.
– რატომ, ხომ გინდოდა?
– უკვე იმდენჯერ დამპირდი, დაგალევინებო, მგონია, რომ დამალევინე.
– ათ წუთში სამზარეულოში შემოდი. თუ, აქ გამოგიტანო?
– სამზარეულოში მირჩევნია. მიყვარს, როცა ოჯახურ გარემოში ვსვამ შენს მოდუღებულ ყავას, თავს კარგად ვგრძნობ ხოლმე.
– უცნაურია, – გაეცინა სოფოს.
– რატომ არის უცნაური?
– იმიტომ, რომ მე შენი ცოლი არ ვარ.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, შენ ჩემთვის უცხო არ ხარ. იცი, რა მოვიფიქრე? – უცებ თქვა ანდრომ, – აი, დაწყნარდეს ყველაფერი და ერთ მაგარ სიურპრიზს მოგიწყობ.
– ვერ ვიტან, მძულს სიურპრიზები, მით უმეტეს, ისეთი ადამიანებისგან, შენ რომ ხარ.
– მე როგორი ვარ?
– ცუდი. ძალიან ცუდი, ეგოისტი და აუტანელი. მხოლოდ საკუთარ სიამოვნებასა და გეგმებზე ფიქრობ, სხვა არავინ და არაფერი გაღელვებს. ამას ეგოიზმი ჰქვია. მაგრამ, ეს, ალბათ, ჩემი საქმე არ არის.
– სოფო, არ გინდა, დავზავდეთ? დროებით მაინც. ორივემ დავივიწყოთ, თუ რამე წყენა და გულისწყრომა გვქონია – ეს ძალიან კარგი იქნება და ორმხრივად სასარგებლო.
– სასარგებლო შენთვის.
– ორმხრივად-მეთქი, ორმხრივად, საყვარელო. თუ, ჩემგან იმის მოსმენა გინდა, რომ ძალიან საჭირო და აუცილებელი ხარ ჩემთვის?
– ვიცი, ვიცი... მაგრამ, ცოტა უცნაურად გამოხატავ ხოლმე.
– რა ვქნა, ასეთი ვარ.
სოფომ ამოიოხრა:
– ათი წუთი და შემოდი.
ანდრომ სავარძლის სახელურიდან ყუთი აიღო და ქალს უკან გაჰყვა...
***
ადამიანების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ერთმანეთის გაგება უნდათ, მაგრამ ერთმანეთის მოსმენა – არა... თქვენ გგონიათ, არ იციან, რომ გაგებას მოსმენა სჭირდება? მაგრამ შინაგან სიჯიუტეს ვერ ერევიან. ფიქრობენ, ჯობია, იმან მისმინოს, თორემ, სათქმელი ისე დამრჩება და გავსკდები კიდეც გულზეო. რატომ ჰგონიათ, რომ მათი სათქმელი უფრო მნიშვნელოვანია?.. ჰი, ჰი, ჰი!.. ჰა, ჰა, ჰა... კომედიაც აქედან იწყება... ოღონდ, ამ კომედიას ფორმატი აქვს ისეთი, არასოდეს რომ აღარ დამთავრდება... ძალიან გთხოვთ, არ მკითხოთ, რა შუაშია კომედია... ზოგჯერ მაინც, თქვენც იფიქრეთ, რა...
***
ვახომ დივანიდან ბალიშები აიღო და წამოწვა, მაგრამ დიდხანს არ დასცალდა ნებივრობა – ოთახში შემოსულმა ლაშამ მაშინვე შენიშნა და დაუყვირა:
– სად წამოწოლილხარ? ადექი, რა, დასაჯდომის მეტი რა არის ამ ოთახში? თუ გინდა, აი, ლიკას საყვარელ შეზლონგზე იკოტრიალე.
ვახომ ჩაიხითხითა.
– ნუ იცინი სულელივით.
– სულელი შენ ხარ. გითხრა, რატომ?
– არა, არ მინდა. ახლა შენი დემაგოგიის თავი ნამდვილად არ მაქვს.
– ჰო, არ გაქვს. როგორ გექნება, როცა წააგე. ხომ გეუბნებოდი, სისულელე იყო ეგ შენი იდეა. ხვალ რომ დაგჭირდეს ფული სათამაშოდ, რამე დაიტოვე?
– ორასი დოლარი.
– ჰმ, როგორ დაგარიგო ჭკუა, ექვსი წლით ჩემზე უფროსი ხარ, თანაც – გამოცდილი.
– მორჩი დაცინვას, უნდა ვიფიქრო.
– დავრჩე დღეს აქ?
ლაშამ მხრები აიჩეჩა:
– როგორც გინდა, ოღონდ, თუ დარჩები, ჩუმად უნდა იყო.
– რა, დავმუნჯდე?
– დაახლოებით...
ვახო ზანტად წამოდგა. სავარძელში ჩაჯდა და ფეხები უდარდელად დააწყო მაგიდაზე. ლაშამ უკმაყოფილოდ გახედა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
– ახლა რომ იმ გოგომ დამირეკოს, რა ვქნა, – დავემალო? მთელი ფული რომ წააგე და აღარაფერი დამიტოვე...
– ათ ლარს მოგცემ და ყავაზე დაპატიჟე, – გულგრილად გასცა პასუხი ლაშამ.
– ჰმ, დოლარიანი მარტო კბილის ჩხირი სჭირდება სადილის შემდეგ. ათლარიანი ყავა რა, გამომცემლობის ბუფეტში შევიყვანო?
– რატომ ბუფეტში, სახლში მიიყვანე და ათი ლარიც არ დაგიჯდება.
– რაა?! – ვახომ წაუსტვინა, – სად მივიყვანო, ბიჭო? სახლში? ჩემთან? დედაჩემი დაგავიწყდა?
– არა, მახსოვს, მაგრამ, რა ვქნა, აქ ნამდვილად ვერ მოგაყვანინებ. შევდივარ შენს მდგომარეობაში, მაგრამ, რა ვქნა, არ შემიძლია. ჩემს სახლს გასართობ დაწესებულებად ვერ გადავაქცევ, ვერც პაემნების ადგილად.
– აქ მოყვანა არც მიფიქრია, – ეწყინა ვახოს, – ვერც გავუბედავ, ვუთხრა, ჩემი მეგობრის სახლში წამომყევი-მეთქი. ნეტავი დღეს არ დამირეკოს...
– მოეშვი მაგ გოგოზე ფიქრს. მე დღეს, იცი, რა წარმოვიდგინე?! როგორ ვხსნი დიდ „კუშს“ და მე და შენ როგორ ვითესებით აქედან, – ლაშა ოცნებებში წავიდა.
– კარგი, რა! დიდი „კუში“... თითქოს სულ შენს სურვილზე იყოს დამოკიდებული, რამდენს მოგცემენ „ფორას“.
– რა „ფორას“... რას ბოდავ?
– ჰო, ასე არ არის? „იმან“ უნდა გადაწყვიტოს, რამდენს მოიგებ ან, საერთოდ, მოიგებ თუ არა.
– მოვიგებ, – დარწმუნებით ჩაილაპარაკა ლაშამ, – ზუსტად ვიცი, რომ მოვიგებ.
– ჰო, ისე, შენ არ მოინდომე, თორემ, წუხელაც რომ „დანებებოდი“ ამ შენს დივანს, დღეს ასე ჯიბეგაფხეკილი არ ვიქნებოდი... აუ!.. – ვახო წამოხტა და ცალ ფეხზე დაიწყო ხტუნვა, თან მობილურს იქნევდა.
– რა გჭირს, ტო, დაწყნარდი! – გადაირია ლაშა.
– ვაიმე, მირეკავს, ბიჭო, ის ნაშა მირეკავს! რა ვქნა ახლა? – ვახო ერთიანად გაწითლდა, გაყვითლდა და ბოლოს ხელებიც აუკანკალდა.
– უპასუხე, შე უბედურო, სხვა რა უნდა ქნა?
– მერე რა ვქნა, მერე?
– მერე რამეს მოვიფიქრებ. ჯერ უპასუხე, მიდი, უპასუხე...
***
... სოფომ მობილური დადო და ანდროს შეხედა:
– აი, ასე... კმაყოფილი ხარ?
კაცმა ყავის ცარიელი ფინჯანი დადგა და გაუღიმა:
– გადარევ შენ მაგას...
– შენც ხომ ეს გინდოდა...
– მინდოდა, მართლა. მაგრამ, მართლა რომ შეუყვარდე?
– ეგ უკვე აღარ იქნება შენი პრობლემა, როგორმე თავად გავარკვევ მასთან ურთიერთობას.
– ახლა, არ გაერთო შენ და არ დაგავიწყდეს, საერთოდ რისთვის შეხვდი მაგ ადამიანს...
სოფომ ისე შეხედა, ანდრომ მაშინვე ინანა თავისი სიტყვები:
– ჰო, კარგი. აღარ გაბრაზდე, ისედაც ძლივს შეგირიგე.
– მე შენთან არ მიჩხუბია.
– ვიცი, მაგრამ ახლა მშვიდად ხარ, წეღან კი ანჩხლობდი. რაო, სად შევხვდეთო?!
– ძალიან დაიბნა და მითხრა, ცოტა ხანში მე თვითონ გადმოგირეკავო.
– ფული არ ექნება მაგას, – მიხვდა ანდრო, – ვიცი, ვინც არის. ბიჭებმა მთელი დოსიე შეკერეს ორივეზე. კომპიუტერშჩიკია. იმავე გამომცემლობაში მუშაობს, სადაც შენი მეგობრის ქმარი. პედერასტი არ არის, – მრავალმნიშვნელოვნად და რიხით წარმოთქვა ანდრომ, – ამიტომაც, სრული საფუძველი მაქვს, ვივარაუდო, რომ ერთმანეთთან საქმე აკავშირებთ. ფაქტია, რომ ფულს ლიკას ქმარი აძლევს, მაგრამ, რისთვის?
სოფომ ფინჯანში საჩვენებელი თითით რაღაც ფიგურა მოხაზა და ყოყმანით თქვა:
– მგონი, ვხვდები, რისი თქმა გინდა.
– მიხვდები, აბა რა, შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ! აბა, დაუკვირდი: ეგენი ერთმანეთის საყვარლები არ არიან. ტიპი შენზე ისე დაფეთდა, ჰეტერია, წყალი არ გაუვა. რატომ არიან ასე სულ ერთად, ერთმანეთზე გადაბმულებივით? ლოგიკური იქნება, ვიფიქრო რომ, რაღაც ძალიან სერიოზული აკავშირებთ.
– ჰო, ალბათ... – უხალისოდ ჩაილაპარაკა სოფომ.
– ალბათ კი არა, ზუსტად ასეა. შენ ჩემი პატარა, ყოჩაღი გოგო ხარ, ჩემი „ოპერმუშაკი“ და, თუ მოინდომებ, ამ კავშირს გაშიფრავ.
– მე არ მინდა ოპერმუშაკობა და, მინდა გითხრა, რომ აბსოლუტურად ჩვეულებრივი ქალი ვარ. ჩვეულებრივი... ანდრო!
– ისევ თავიდან არ დაიწყო და არ გადამრიო, ძლივს ცოტა დავმშვიდდი.
– სულაც არ გაქვს საქმე დასამშვიდებლად. კომპიუტერში როგორი „მხეციც“ არ უნდა იყო, კაზინოსთან ამას რა კავშირი აქვს?
– პირდაპირი და აშკარა, შესაძლოა, არც არაფერი, მაგრამ... ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ ახლა თაღლითებიც აღარ არიან ჩვეულებრივი თაღლითები.
– კარგი ერთი, ლაშა და თაღლითი... საკუთარი ცოლისთვის ვერ მოუვლია.
– ეგ სხვა თემაა და არანაირ კავშირში არ არის თაღლითობასთან. რატომ არ გირეკავს? – აწრიალდა ანდრო, – რაღაც შევშფოთდი. იქნებ, შენ თვითონ დაგერეკა?
– რას მეუბნები? სახლშიც ხომ არ მოვიპატიჟო?
ანდრო შეხტა და თვალები გაუბრწყინდა:
– გადასარევი აზრია, აქ უფრო ადვილად „გაიხსნება“, მაგრამ, მე წავალ.
სოფოს სახე დაუსევდიანდა:
– მოკლედ, ყველასთვის და ყველაფრისთვის გემეტები...
– აბა, რას ამბობ? – ანდრომ ნიკაპზე ორი თითი მოკიდა და თვალებში ჩააშტერდა, – ყველასთვის ნამდვილად არ მემეტები, თანაც, ხომ გიცნობ, თავს დაიცავ. შემიძლია, შენი იმედი მქონდეს...
***
ვახო გადარეულივით დახტოდა ოთახში და ხელებს დირიჟორივით იქნევდა. ლაშას ნელ-ნელა ევსებოდა მოთმინების ფიალა და ბოლოს იყვირა:
– აუუ, ტო, ახლა გავგიჟდები!
– უნდა ამიტანო, ჩემო სიხარულო, და ბედნიერებავ... და კიდევ, მაგ ორასი დოლარიდან ასი მაინც უნდა მომცე.
– რაა?! – მთელი ხმით იბღავლა ლაშამ.
– ნუ ყვირი, ვერ შემაშინებ. ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, ვერაფრით შემაშინებ. აუ... შენ ხომ აზრზე არ ხარ, რა მაგარი ვინმეა. ცუდად გახდები, როცა დაინახავ.
– იმედი მაქვს, დიდხანს ვერ ვნახავ. ფულის იმედი კი ნუ გექნება, ერთ დოლარსაც ვერ მოგცემ, ხვალ უნდა ვითამაშო.
– აუუ... მგელივით ავყმუვლდები, თუ არ მომცემ.
– არ მოგცემ, არა!
– აბა, რა ვქნა? უნდა დავურეკო, მელოდება.
– დაურეკე, მე დარეკვას არ გიშლი.
– მერე, რა ვუთხრა? ვერსად წავიყვან, თუ ფული არ მექნება, ქუჩაში ხომ არ ვიხეტიალებთ?
– ვახო, არასერიოზულად იქცევი. ძალიან არასერიოზულად. მგონი, გაგაფრთხილე: სიყვარულის უფლება გაქვს, მაგრამ, ამ სიყვარულით საქმის არევისა და რამის გაფუჭების – არა!
– მერე, რას ვაფუჭებ?! პირიქით, შენ გააფუჭე ყველაფერი, როცა მთელი ფული წააგე. ჩემზე რატომ არ იფიქრე?!
– ჩვენზე და ჩვენს მომავალზე რომ ვფიქრობ, იმიტომაც გეუბნები, დამშვიდდი და ცოტა რაციონალურად იაზროვნე-მეთქი.
– ლაშა! მელოდება...
– დაურეკე და უთხარი, რომ შეხვდები.
– მერე?
– მერე ერთად გადაწყვეტთ, სად წახვალთ და რას გააკეთებთ.
ვახომ რაღაც ჩაიბურტყუნა და მობილურში ქალის ნომერს დაუწყო ძებნა, რომ დაერეკა.
ლაშამ საყვედურით გადააქნია თავი:
– გაგიჟდი და მე ძალიან მეშინია ამ სიგიჟის.
– მორჩა, ვურეკავ! ჯანდაბა, უნდა ვნახო!.. მანქანა მაინც მათხოვე. ჰა, უარი არ მითხრა, თორემ, ჩემი გაგიჟება მერე ნახე! ცუდად გავხდები, აქვე, შენ თვალწინ.
– ხომ ჰყავს იმას მანქანა, თანაც, ძალიან კარგი. თუ, მომატყუე?
– რატომ უნდა მომეტყუებინე? ჰყავს, გეუბნები, ძალიან მაგარი ვინმეა-მეთქი. პრინციპში, ისეთ მაგარ ქალს უბრალო მანქანა ვერც ეყოლება.
– ვინ არის ამისთანა, მერლინ მონროა? – გაეცინა ლაშას.
– მერლინ მონრო და მისი ყვითელი თმა მოდაში აღარ არის. მე არც არასოდეს მომწონდა ეგეთი დიდბიუსტიანი და ტუჩებგადმობრუნებული ქალები.
– აჰა, დაახლოებით წარმოვიდგინე, როგორი შეიძლება იყოს, – დასცინა ლაშამ.
ვახომ შუბლი შეიჭმუხნა:
– გეუბნები, ნახავ-მეთქი. ძალიან, ძალიან მაგარია.
– ჰო, კარგი, კარგი... დაურეკე და წაიყვანე მანქანაც. ოღონდ, თუ გვიან დაბრუნდები, მეცი პატივი და კარი შენი გასაღებით გააღე. წკრიალ-გრიალი არ ატეხო, უნდა დავიძინო.
– ოღონდ შენ დაიძინე და... – ვახომ იპოვა, რასაც ეძებდა და მობილურით ხელში აივანზე გავიდა...
***
... აივანზე ვზივარ... ისეთი პეიზაჟია, სუნთქვა მეკვრის და ვრწმუნდები, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან გამიმართლა... შეიძლებოდა, სულ სხვა ადგილას და სხვა პირობებში ვყოფილიყავი, თანაც, სახარბიელოში და სასიამოვნოში – ნამდვილად არა... გაუგებრად ვლაპარაკობ? რას იზამთ, წეღან სწორედ იმის ახსნას ვცდილობდი, თუ გინდა, გაიგო რამე, ჯერ კარგად უნდა მოუსმინო-მეთქი. ჰოდა, თქვენც მომისმინეთ, სხვა რა საქმე გაქვთ?! თანაც, თუ მომისმენთ, შეიძლება, ჩემი ბედნიერების ფორმულასთან ერთად, საკუთარი ბედნიერების ფორმულასაც მიაგნოთ. დიახ, აი, ასე! მისმინეთ და გაიგებთ. არ თქვათ, რომ სასწაულები არ ხდება. მე რომ ახლა აქ, ამ აივანზე ვზივარ და შესანიშნავი პეიზაჟით ვტკბები, სწორედ სასწაულის დამსახურებაა. თუმცა, ცოდვა გამხელილი ჯობია და, დიდად არც მე მჯეროდა სასწაულების. ეტყობა, ამიტომაც „დავისაჯე“ და სასწაულთა შორის, ყველაზე დიდი სასწაული დამატყდა თავს...
***
... მანქანაში მსხდომთაგან ერთი აშკარად ვეღარ ინარჩუნებდა სიმშვიდეს – მოუსვენრად წრიალებდა და ნერვიულად ჭმუჭნიდა სიგარეტის ცარიელ კოლოფს.
– სიგარეტიც გაგვითავდა... – თქვა ბოლოს და გვერდით მჯდომს გახედა, – გადავალ, ვიყიდი.
– აქ ახლოს მაღაზია არ არის, – მკაცრად მიუგო პირველმა ისე, რომ მობილურის ეკრანისთვის თვალი არ მოუცილებია.
– შენ რა გენაღვლება, არ ეწევი და მოთხოვნილებაც არ გაქვს. ახლა მე მკითხე?! უკვე ხელები მიკანკალებს.
– მოითმენ, არაფერი მოგივა! ბევრი აღარ დარჩა.
– შენ რა იცი, რომ ბევრი აღარ დარჩა, ან საერთოდ, რამდენი დარჩა?
– ვიცი! – მოუჭრა იმან, საჭესთან რომ იჯდა, – ისიც ვიცი, რომ ხვალ უფროსთან შევალ და ვთხოვ, სხვაგან გადაგიყვანოს. მე აქ საბავშვო ბაღი არ მაქვს. საქმე ვაკეთო თუ საწოვარა ვეძებო, წუწუნით ყურები რომ არ გამომიჭედო?!
მეორე დააფიქრა ამ სიტყვებმა და ცოტა ხანს გაჩუმდა, მაგრამ მერე ისევ დაიწყო:
– სიგარეტი მინდა. მინდა და რა ვქნა! ეს რა, ციხეა? ჩემთვის მოწევა არავის აუკრძალავს.
– მე გიკრძალავ! სანამ შენი სამუშაო საათები არ დამთავრებულა, გაჩუმდი და ის გააკეთე, რასაც გეუბნები!
– სამუშაო საათებიო, ისე ამბობ, თითქოს გრაფიკი იყოს გაწერილი. ღამეა უკვე, მივიდა ის ხალხი სახლში და დაიძინა. წავიდეთ ჩვენც...
„იმან“ მაჯაზე დაიხედა:
– ჯერ მხოლოდ თერთმეტი საათია. უნდა ვნახოთ, კიდევ წავლენ თუ არა სადმე.
– შეგვიძლია, ტელეფონები ავიყვანოთ მოსმენაზე.
– ჰოო?! მაგას შენით მიხვდი თუ სადმე წაიკითხე?
– დამცინი?
– არა. გეკაიფები და, საერთოდ, შენ აქ, ამ „კამპოტში“ საიდან მოხვდი, მწიფე მსხალივით, პირდაპირ ხის ტოტიდან ჩამოვარდი?
– მე ყოველთვის მაინტერესებდა ამ უწყების საქმიანობა, – თავი გამოიდო „მწიფე მსხალმა“.
– ანუ, „ჯაშუშობანას“ თამაში გინდოდა და სახლში რომ არავინ გათამაშა, გულმა ჩვენკენ გამოგიწია? მერე, ვინმესთვის მაინც გეკითხა, სად მოდიოდი, გირჩევდნენ რამეს.
– ძალიან კარგად ვიცოდი, სადაც მოვდიოდი. დიახ, ვიცოდი. კარგად ვარ გათვითცნობიერებული... იმდენი ლიტერატურა წამიკითხავს, ფილმებიც მინახავს, – თავი გამოიდო „მწიფე მსხალმა“.
– ჰოდა, მაგან დაგღუპა სწორედ.
– ვითომ რატომ?
– იმიტომ და ახლა მართლა მოკეტე! ის პატარა გამოვიდა და მანქანისკენ მიდის.
– დავინახე. უნდა გავყვეთ?
– ჯერ არა. დაძრას მანქანა, ცოტა კიდევ მოგვშორდეს... კიდევ...
– დავკარგავთ, ძალიან დიდ მანძილზე გაუშვი.
– ნუ გეშინია, არ დაიკარგება, – გაიცინა პირველმა და ძრავა აამუშავა, – რა, სიგარეტი აღარ გინდა?
„მწიფე მსხალმა“ ხელები მოიფშვნიტა.
– რადგან დავიძარით, გავძლებ როგორმე... მაგრამ, იცი, რა არ მესმის? ვინ არიან, რომ ამდენს ვწვალობთ? ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი ეტყობათ.
– შენც მეორედ შეხედე, მერე მესამედ და ბოლოს ნელ-ნელა ისწავლი. ან, ვიღაცას შეეცოდები და გასწავლის...
„მწიფე მსხალს“ მთელი აღმაფრენა ჩაუქრა და მოიწყინა. პირველს გაეღიმა: – საბავშვო ბაღია, რა!.. ნუ იბერები, გეტყვი. აუცილებელი არ არის, ტიპი ერთი შეხედვით ჩანდეს მნიშვნელოვანი. არავინ იცის, რომელი ადამიანი რაშია მნიშვნელოვანი. მომისმინე და დაიხსომე: ჩვენს საქმეში, კითხვებს არ სვამენ, მხოლოდ ასრულებენ – ეს კანონია...
***
სოფომ სარკეში ჩაიხედა. თმა შეისწორა. პერანგის სახელო მოიღეღა და კარის გასაღებად გაემართა, ზღურბლზე ჭარხალივით გაწითლებული ვახო იდგა სკვერში მოგლეჯილი რამდენიმე ყვავილით ხელში...
გაგრძელება შემდეგ ნომერში