როგორ გაიტაცა ქართველმა მზვერავმა ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი
1972 წლის 16 მაისს, მოსკოვის მახლობლად, ქალაქ ბალაშიხის საიდუმლო ბაზაზე, სადაც „კაგებე“ სირიელ და პალესტინელ ტერორისტებს ამზადებდა, ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 3 მილიონი მანეთის ღირებულების სპეცმოწყობილობა განადგურდა. ტერაქტი ბალაშიხაში, რასაც საბჭოთა ტერორიზმის ბუდეს უწოდებდნენ, შამილ ელ-მოჯერმა და ნოტარ იაფინ-ომანმა განახორციელეს. წარმოშობით ორივე პალესტინელი იყო და ბალაშიხაში პირადად იასირ არაფატის რეკომენდაციით მოხვდნენ, თუმცა ისინი „ცეერუს“ აგენტებიც აღმოჩნდნენ და ამ უწყების დავალებით მოქმედებდნენ. ბალაშიხაში განხორციელებულმა ტერაქტმა, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად, ისე დააზარალა საბჭოთა უშიშროება, რომ ანდროპოვმა საბჭოთა მზვერავებს არნახული ზომების მიღება და შეერთებული შტატების სამაგალითოდ დასჯა მოსთხოვა. მოსკოვმა პალესტინელი ტერორისტები ორ კვირაში მოძებნა და ორივე ნაკუწ-ნაკუწ აქნილი გაუგზავნა ამერიკელებს ლენგლიში, „ცეერუს“ შტაბ-ბინაში. თუმცა, მთავარი მოვლენები ჯერ კიდევ წინ იყო და იური ანდროპოვმა პოლკოვნიკ ზურაბ გოგლიძეს პირადად დაავალა სპეცოპერაციის მოწყობა.
გოგლიძე მხოლოდ 32 წლის იყო და ასეთი მაღალი სამხედრო წოდება განსაკუთრებული დამსახურებებისთვის მიანიჭეს. ის განსაკუთრებული ინტელექტით, სიმამაცითა და თავდადებით გამოირჩეოდა. ამიტომ მას განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის დავალებებს აძლევდნენ და ის პირადად ანდროპოვს ექვემდებარებოდა. გოგლიძე და მისი ჯგუფის 16 წევრი 1972 წლის 20 ივლისს, ანუ ბალაშიხაში განხორციელებული ტერაქტიდან 2 თვის შემდეგ, ამერიკაში არალეგალურად შევიდნენ. ჩვიდმეტივეს ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების თანამშრომლის სპეციალური საბუთი ჰქონდა.
ოპერაცია „კრუიზი“ დაიწყო: პოლკოვნიკმა თავისი ჯგუფის წევრები ორად გაყო და მეორე ჯგუფი ლეიტენანტ სვეტლანა თუმანიშვილს ჩააბარა, პირველს კი თავად ჩაუდგა სათავეში. ისინი გაემგზავრნენ ატლანტის ოკეანეში შეერთებული შტატების ¹3 საზღვაო ბაზაზე, რომელსაც დაცვის უმაღლესი დონე ჰქონდა და იქ შესვლა მხოლოდ საგანგებო საშვით იყო შესაძლებელი. იმ პერიოდში „კაგებეს“ პენტაგონში ძალიან ძვირფასი აგენტი, პოლკოვნიკი სამუელ ფინდი ჰყავდა და საშვები სწორედ მან გამოუწერა საბჭოთა სპეცაგენტებს. ფინდი იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რომ ანდროპოვის მოადგილეები მისი გამოყენების წინააღმდეგ წავიდნენ, რადგან, შესაძლო იყო, პოლკოვნიკი გაშიფრულიყო. თუმცა ანდროპოვმა სხვაგვარად გადაწყვიტა ეს საკითხი და თავის მოადგილეებს განუცხადა:
– ოპერაცია „კრუიზი“ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ფინდის გაქცევისთვის წინასწარ მოამზადეთ არხი და ოპერაციის დასრულების შემდეგ პოლკოვნიკი და მისი ოჯახი მოსკოვში ჩამოიყვანეთ!
¹3 ბაზაზე საბჭოთა ჯაშუშები მექანიკოსთა კორპუსში განთავსდნენ. საბუთებით ისინი წყალქვეშა ნავების შემმოწმებლები იყვნენ და ბაზაზე თავიანთი სამუშაოს შესასრულებლად ჩავიდნენ. 30 ივლისს მორიგ რეიდში უნდა გასულიყო იმ დროისთვის სუპერთანამედროვე წყალქვეშა ნავი „ციკლონი“, რომელზეც ამერიკელებს თორმეტი ატომური რაკეტა ეყენათ. მექანიკოსებს მისი ტექნიკური შემოწმება უნდა განეხორციელებინათ. სინამდვილეში „ციკლონს“ ოსკარ დაუნის მექანიკოსთა ბრიგადა ამოწმებდა, მაგრამ სვეტლანა თუმანიშვილის ჯგუფმა დაუნის ბრიგადა წინასწარვე გაანეიტრალა – ისინი ნიუ-იორკის ერთ-ერთი სახლის სარდაფში გამოკეტეს, თავად კი გოგლიძის ჯგუფს უკვე ბაზაზე შეუერთდნენ. 27 ივლისს გოგლიძის „მექანიკოსებმა“ „ციკლონის“ შემოწმება დაიწყეს და ეს საქმე 30-ში, ღამის 2 საათზე დაასრულეს, დღის 5 საათზე კი, ნავი რეისში უნდა გასულიყო.
„ციკლონის“ მეთაური, პირველი რანგის კაპიტანი, 52 წლის ნორმან ბერგოლი იყო, რომელიც თავის სამასკაციან ეკიპაჟთან ერთად უკვე გემზე იმყოფებოდა და გასასვლელად ემზადებოდა. ინსტრუქციის მიხედვით, ღამის 3 საათზე ეკიპაჟის წევრებს თავიანთი ადგილები უნდა დაეკავებინათ, მაგრამ 2 საათსა და 55 წუთზე მექანიკოსების ფორმებში გამოწყობილმა საბჭოთა აგენტებმა მთავარი კუბრიკი ჰერმეტულად ჩაკეტეს. შემდეგ ამერიკელ წყალქვეშელებს ყოველგვარი კავშირი გადაუკეტეს. ზუსტად 3 საათზე „ციკლონი“ ბაზიდან გავიდა. წესის მიხედვით, წყალქვეშა ნავის გადაადგილება ბაზის მორიგეს უნდა გაეკონტროლებინა, მაგრამ მაიორი სტივენ კოქსი უგონოდ იყო მთვრალი და ვერ გაიგო, როგორ გაიტაცეს უახლესი ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი საბჭოთა სპეცაგენტებმა.
„ციკლონს“ პირადად გოგლიძე მართავდა, რომელიც ამ საქმისთვის საგანგებოდ იყო მომზადებული. „ციკლონმა“ მშვიდობიანად გადაკვეთა ბაზის საზღვარი, სვლას უმატა და 48 საათის შემდეგ სევასტოპოლის პორტში შევიდა, სადაც საბჭოთა წყალქვეშა ნავების ბაზა მდებარეობდა. „ციკლონის“ გატაცებამ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია უკიდურესად აღაშფოთა. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რა მოხდა. „კაგებემ“ ამერიკული წყალქვეშა ნავის ეკიპაჟი საიდუმლოდ საფრანგეთში გადაიყვანა და მძინარეები ერთ-ერთ პროვინციულ ფერმაზე დატოვა. „ციკლონი“ კი საგულდაგულოდ გამოიკვლია. ბოლოს მას რაკეტები მოხსნეს, ნავი ავსტრალიის ნაპირებთან მიიყვანეს და იქ დატოვეს.
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად ვერანაირი პროტესტი ვერ გამოთქვა, თუმცა, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს აქცია საბჭოთა უშიშროებამ განახორციელა. ზურაბ გოგლიძეს ამ ოპერაციისთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდება და ლენინის ორდენი მიანიჭეს.