აღმოაჩინეს „უცხოპლანეტური“ დნმ-ი
ამერიკული კოსმოსური სააგენტო „ნასას“ სწავლულებმა მსოფლიოს სენსაციური აღმოჩენის შესახებ მოუთხრეს, რომელსაც თვით ცნებების – „სიცოცხლე“ და „ცოცხალი ორგანიზმი“ – გადასინჯვამდე მივყავართ. ლაპარაკია მარილიანი ტბის ფსკერზე ნაპოვნი ბაქტერიის შესახებ, რომლისთვისაც შხამიანი, დარიშხანიანი ბუნებრივი გარემო ნორმალური სასიცოცხლო პირობაა.
როგორც აღმოჩნდა, მიკროორგანიზმები, რომლებიც, კალიფორნიის იოსემიტის ნაციონალურ პარკში, დარიშხანით მდიდარ ტბა მონოში ცხოვრობენ, დედამიწაზე არსებული ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმისგან დნმ-ის სტრუქტურით განსხვავდებიან. ასეთ უნიკალურ თვისებებს მეცნიერები არამიწიერ არსებებს მიაწერენ ხოლმე.
დედამიწაზე ყველა ცოცხალი ორგანიზმი ძირითადად 6 ქიმიური ელემენტისგან შედგება, ესაა: ჟანგბადი, ნახშირბადი, წყალბადი, აზოტი, ფოსფორი და გოგირდი. დანარჩენი ელემენტები დედამიწელ ორგანიზმებში მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი (1 პროცენტზე ნაკლები), ეს ექვსი ძირითადი ელემენტი კი შეუცვლელია და ყველა ორგანიზმის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.
სწორედ აქ არის მთავარი სენსაცია: ახალაღმოჩენილ ბაქტერიებში ფოსფორის ატომები ჩანაცვლებულია დარიშხანის ატომებით. შესაბამისად, ამ ორგანიზმებში ბიოლოგიური პროცესები სულ სხვანაირად მიმდინარეობს, ვიდრე „ჩვეულებრივ“ ორგანიზმში. დარიშხანიანი ნაერთები ჩვეულებრივ ტემპერატურაზე საკმაოდ არამდგრადია, სამაგიეროდ, დაბალტემპერატურულ გარემოში ამჟღავნებენ მდგრადობას. მეცნიერთა აზრით, ასეთი პირობები ძალიან ბევრ კოსმოსურ ობიექტზე შეიძლება, იყოს (შორეული პლანეტები, იუპიტერისა და სატურნის თანამგზავრები) და, შესაბამისად, ამ აღმოჩენის შემდეგ, შორეულ და ცივ კოსმოსურ ობიექტებზე არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენის შანსები ერთიორად იზრდება.