ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: რა დრო სჭირდება სასამართლოში საქმის განახლებას? არის თუ არა დადგენილი საქმის განხილვის ვადები?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოები, როგორც წესი, საქმეებს განიხილავენ სასარჩელო განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებულად რთული კატეგორიის საქმეებზე განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, ეს ვადა შეიძლება, გაგრძელდეს არა უმეტეს 5 თვემდე. გამონაკლისია ალიმენტის გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე, მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებიდან და „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის შესახებ საქმეები, რომლებიც განხილულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 1 თვის ვადაში. საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმეები განიხილება საკასაციო საჩივრის შეტანიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში.
კითხვა: სასამართლომ დამაკისრა გირაოს გადახდა. ზუსტად ვასრულებ დაკისრებულ ვალდებულებას, დამიბრუნდება თუ არა გირაოს თანხა და თუ დამიბრუნდება, როდის?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით სხვა პირს. ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელის გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ან განსასჯელი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა აღკვეთის უფრო მკაცრი ღონისძიებით.
კითხვა: ვარ დაზარალებული. რამდენჯერმე ვიყავი დაბარებული სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის სტატუსით. მაინტერესებს, ჩემს გამოუცხადებლობას რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირები, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით იძახებენ გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ ზუსტად დანიშნულ დროს. გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პროცესის მონაწილე შეიძლება, იძულებით მიიყვანონ, როგორც წინასწარი გამოძიებისას, ასევე საქმის სასამართლოში განხილვისას. მოწმის ან დაზარალებულის იძულებით მიყვანა დასაშვებია მხოლოდ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების, განჩინების) საფუძველზე. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, პირს ეკისრება ჯარიმა.
კითხვა: მაინტერესებს, კანონმდებლობის თანახმად, რა დრო სჭირდება სააღმსრულებო ფურცლის მიღებას?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმის წარმოების დროს სააღმსრულებლო ფურცლის გაცემა უნდა მოხდეს მხარის მიერ მისი მოთხოვნიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
კითხვა: 2001 წელს გარდამეცვალა დედა. მისი მემკვიდრეობა დღემდე არ მიმიღია. ამჯერად, როდესაც მივმართე სასამართლოს, მემკვიდრეობის გაცემაზე უარი მითხრეს, იმ საფუძველზე, რომ გაშვებული მაქვს სამკვიდროს მიღების ვადა, და ამასთანავე, ჩემს დაბადების მოწმობაში დაშვებულია უზუსტობა. ნოტარიუსმა განმიმარტა, რომ უნდა დავადგინო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი სამემკვიდრო ქონების მიღებასთან დაკავშირებით და მაინტერესებს, როგორ ხდება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ, პირმა უნდა მიმართოს სასამართლოს განცხადებით თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განცხადებაში სავალდებულოა აღინიშნოს, რა მიზნისთვის სჭირდება მას ამ ფაქტის დადგენა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს, ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების, ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, რის გამოც, განცხადებას თან უნდა დაერთოს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებანი.
კითხვა: პირისგან ვისესხე თანხა. გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად ფული სამ თვეში უნდა დამებრუნებინა პროცენტთან ერთად, მაგრამ ორი თვის თავზე, მას მოუწია უცხოეთში გამგზავრება, სადაც დღემდე იმყოფება. შესაბამისად, თანხის დაბრუნება ფიზიკურად ვერ მოვახერხე. მაინტერესებს, მისი ჩამოსვლის პერიოდისთვის დამერიცხება თუ არა დანარჩენი თვის პროცენტები?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენ უნდა დააბრუნოთ თანხა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის დადების გზით, რათა არ დაგეკისროთ სესხის სარგებელი ან პირგასამტეხლო, შეუსრულებელი ვალდებულების გამო.
კითხვა: სასამართლოთი ცოლ-ქმარი განქორწინებულია, ჰყავთ 20 წელს გადაცილებული შვილები. სადავო ქონება მიღებული აქვთ ერთად ცხოვრების პერიოდში, ამხანაგური ბინათმშენებლობით (სრულად შვილების გათვალისწინებით). ქონების გაყოფის დროს ბინა მხოლოდ ცოლ-ქმარზე გაიყოფა თუ შვილებზეც?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ქონებრივი დავა მხარეებს შორის შეიძლება, იყოს განქორწინებიდან 3 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მხარეს მისი უფლება არ გამოუყენებია განქორწინებიდან 3 წლის განმავლობაში, კარგავს მეუღლისგან ქონების მოთხოვნის უფლებას.
კითხვა: 1975 წელს ჩემმა სამსახურმა მომცა ბინა 4 სულზე – მე, ჩემს ცოლსა და ორ შვილს გლდანის მეორე მიკრორაიონში. ერთი წლის შემდეგ მე და ჩემი ცოლი განვქორწინდით. სასამართლომ ერთი ოთახი მომაკუთვნა მე, ხოლო – ორი ჩემს ცოლ-შვილს. 1977 წელს წავედი ჩემს ოჯახთან ზესტაფონში, ვინაიდან დედა-მამა ავადმყოფი მყავდა და მოვლა ესაჭიროებოდათ. ბინიდან არ ვარ ამოწერილი. ზესტაფონში დავიწყე სამსახური. სოფელში შევედი კომლთა წიგნში. მშობლები დამეხოცნენ. ვარ 80 წლის. ამჟამად ვიმყოფები თბილისში, მაგრამ ჩემი ოჯახი არ მაძლევს ჩემი საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლებას. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სახელზე იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, უნდა მოგეხდინათ ბინის რეგისტრაცია თქვენს სახელზე. საქმის მასალებიდან და თქვენ მიერ მითითებული მისამართიდან კი ირკვევა, რომ თქვენს შვილს 17.031993 წელს მოუხდენია ბინის, კერძოდ კი, 69,97 კვადრატული მეტრის ფართის პრივატიზაცია მის სახელზე. ხოლო შემდგომ, 12.03.2010 წელს ბინის 69.97 კვადრატული მეტრის გაყიდვა მოქალაქე გიორგის (გვარი იგივე) სახელზე. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ მიიღეთ 69,97 კვადრატული მეტრი, უნდა მოახდინოთ საჯარო რეესტრსა და ნოტარიუსი პრივატიზაციის საფუძვლების მოკვლევა, და აღნიშნულის შემდგომ იდავოთ თქვენს დარღვეულ უფლებებზე. როგორ მოახდინა შვილმა პრივატიზაციის განხორციელება მის სახელზე მაშინ, როდესაც ბინა, როგორც თქვენ აცხადებთ, მიიღეთ თქვენ და თქვენმა მეუღლემ.