როგორ ეძებენ ქართველები და ესტონელები 1955 წელს გაშვილებულ გოგონას და რით დასრულდა დნმ-ის ანალიზი
78 წლის ჰერტა პრიემი (პევგოგენი) ეძებდა 55 წლის ოლღა გრიგოლის ასულ გელიტაშვილს (ეს გვარი და სახელი ერქვა გაშვილებამდე. მისი ამჟამინდელი სახელი და გვარი უცნობია).
ისტორია: ვეძებ დისშვილს – 55 წლის ოლღა გრიგოლის ასულ გელიტაშვილს. ჩემი და, საიმა პევგოგენი, 1954 წელს საქართველოში გათხოვდა. 1955 წლის სექტემბერში კი მას შეეძინა გოგონა, ოლია. საიმას მეუღლე გრიგოლ გელიტაშვილი იყო. იმ წლებში (დაახლოებით 1954-1956 წლებში) ისინი ცხოვრობდნენ ლოტკინის მთაზე, ასურეთის ქუჩაზე. საიმა ესტონეთში გარდაიცვალა, მისი შვილი ოლიკო კი საქართველოში, მამის ოჯახში დარჩა, შემდგომში კი მამამ გააშვილა. ძალიან გთხოვთ, გვაპოვნინოთ იგი, ის ხომ ჩემი სისხლი და ხორცია. არც ისაა გამორიცხული, რომ ოლიამ დღემდე არაფერი იცის თავისი ესტონური ფესვების შესახებ, თქვენ ჩვენი ბოლო იმედი ხართ. დამოუკიდებელმა ძებნამ, რომელიც უკვე 50 წელია გრძელდება, შედეგი ვერ გამოიღო და ამჟამად ვიმედოვნებთ, რომ იქნებ ფოტოსურათით მაინც იცნოს ვინმემ, გამოგვეხმაუროს და ეს ისტორია, რომელიც ათეული წლებია, გრძელდება, კარგად დამთავრდეს.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულების“ მკითხველს „თბილისელების” ¹7 (477) თებერვლის ნომერში დაიბეჭდა. ხანგრძლივი ძებნის შედეგად ვიპოვეთ გრიგოლის ძმა – ვლადიმერ გელიტაშვილი, რომელმაც ისტორიასთან დაკავშირებული წვრილმანები გაიხსენა: ვლადიმერი მთელ საქართველოში ერთადერთი თვითმხილველი აღმოჩნდა 1955 წელს (ოლღას გაშვილების თარიღი) მომხდარი მოვლენებისა. მან გაიხსენა, თუ როგორ დაავადმყოფდა და ფსიქიკურად შეირყა საიმა, როგორ თქვეს ექიმებმა მის გამოჯანმრთელებაზე უარი, როგორ წაიყვანა საიმას დედამ ის ესტონეთში და როგორ გააშვილა მისმა ძმამ, გრიგოლმა, თავისი შვილი. სამწუხაროდ, გრიგოლის ნათესავებიდან არავინ იცოდა, რომელ ბავშვთა სახლში, ვის და რა პირობებით ჩააბარა ბავშვი, მაგრამ 2000 წელს გრიგოლი გარდაიცვალა, მანამდე კი, 1989 წელს გარდაიცვალა გრიგოლის დედა, ანუ, დაკარგული ოლიკოს ბებია. ნაპოვნი ვლადიმერი შემოუერთდა ესტონელ დეიდას და მანაც მოისურვა დაკარგული ძმისშვილის მოძებნა (რუბრიკა „დაკარგულების“ ¹9 (479) 1-7 მარტის ნომერი), დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმრები არიან: ესტონეთიდან ჩამოსული ქალბატონი ჰერტა, ესტონელი ჟურნალისტი მარგეტ კილუმენტსი და ვლადიმერ გელიტაშვილი). ისინი თავად უამბობენ მკითხველს ამ უცნაურ ისტორიასაც და იმასაც, თუ რატომ გაგრძელდა ასე დიდხანს 1955 წელს დაბადებული და გაშვილებული ოლღა გრიგოლის ასულ გელიტაშვილის ძებნის ისტორია.
ინტერვიუ ვლადიმერ გელიტაშვილთან:
– გვიამბეთ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც მე თქვენ გიპოვეთ და დამოუკიდებლად თუ გიძებნიათ ოლღა?
– მას შემდეგ, რაც მე ისევ გავიგე ეს ამბავი, კვლავ გამახსენდა ყველაფერი და, თუკი მანამდე სულ მახსოვდა დაკარგული ოლიკო, ახლა ისევ გადავწყვიტე მისი მოძებნა. დამოუკიდებლად ვიყავი მისული რამდენიმე ბავშვთა სახლში, მაგრამ ვერაფერი გავარკვიე. ერთხელ გამოგვეხმაურა ერთი ქალბატონი, რომელიც, ისევე, როგორც ოლიკო, ნაშვილები იყო, მაგრამ ეს ვარიანტიც გამოირიცხა, რადგან ასაკი არ ემთხვეოდა. მას შემდეგ ისევ ვეძებდი, თუმცა მაინც ვიკავებდი ხოლმე თავს, რადგან არ მინდოდა, ჩემი ჩარევით ოლიას ცხოვრება ამერია – ხომ შეიძლება, რომ მას არც კი სცოდნოდა თავისი წარმომავლობის შესახებ?! მაგრამ ახლა ოლია უკვე 55 წლის უნდა იყოს და, ვიმედოვნებ, სიმართლის გაგებით არაფერი დაუშავდება.
– როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც ოლიას დეიდა – ჰერტა ნახეთ, იცანით თუ არა? როგორც ვიცი, თქვენი ბოლო შეხვედრა 1966 წელს შედგა, როდესაც საქართველოში ოლიას სანახავად ჩამოსულმა ჰერტამ გაიგო, რომ მისი დისშვილი გაშვილებულია.
– ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა ჰერტას ნახვა. როცა დავინახე, მაშინვე ვიცანი, მიუხედავად იმისა, რომ ათეული წლებია გასული. რა თქმა უნდა, ცრემლიც მომერია, რადგან, რაც უნდა სასიხარულო ყოფილიყო ჩვენი შეხვედრა, არც ერთი წამით არ დამვიწყებია ამ შეხვედრის შინაარსი – ის, რომ ჰერტა ოლიკოს საძებნად არის ჩამოსული. მაშინ მე არც კი ვიცოდი, რომ თქვენ ამ ისტორიის კვლევას ისევ განაგრძობდით და უცნობი ქალბატონიც კი გყავდათ ნაპოვნი, რომლის ასაკიც, ისტორიაც (ანუ ის, რომ ნაშვილები ყოფილა) და, რაც მთავარია, ფსიქიკური მდგომარეობაც, ასე ჰგავდა საიმას ცხოვრებას. მე ვიცი, რომ ასეთ შემთხვევაში თქვენ ჯერ აზუსტებთ ინფორმაციას და მხოლოდ ამის შემდეგ აკავშირებთ ნათესავებს ერთმანეთთან ან ატყობინებთ იმის შესახებ, რომ ადამიანი ნაპოვნია. ჩემთვის დღემდე წარმოუდგენელია, როგორ აკეთებთ ამ ყველაფერს მარტო.
ინტერვიუ ჰერტა პრიემთან (პევგოგენთან):
– ჰერტა, დღემდე მეგონა, რომ საიმა თქვენი ღვიძლი და იყო, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ თქვენ დედით ერთნი ხართ, მამები კი სხვადასხვა გყავთ. ეს ამბავი ჩემი ესტონელი კოლეგებისგან გავიგე, მოგვიყევით, რამ გამოიწვია დისშვილის მოძებნის ასეთი სურვილი?
– მე და საიმას საერთო დედა გვყავდა, მამები კი – სხვადასხვა, მაგრამ მე ის ისე მიყვარდა, როგორც ერთადერთი და შეიძლება გიყვარდეს. საიმას ჰყავდა ღვიძლი ძმა ალექსანდრე. მოგეხსენებათ, რომ საიმა გარდაიცვალა ესტონეთში, ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც, ესტონელი ექიმები, ისევე, როგორც მათი ქართველი კოლეგები, არანაირ იმედებს არ გვაძლევდნენ, რომ საიმა გამოჯანმრთელდებოდა – მედდას საიმას ოთახის ფანჯარა ღია დარჩენია, ჩემი და მესამე სართულიდან გადახტა და გარდაიცვალა. მთელი ოჯახი ვგლოვობდით, ძალიან რთული გადასატანი იყო ჩვენთვის ეს ამბავი, რადგან საიმას სრულიად მოულოდნელად დაემართა ეგრეთ წოდებული მშობიარობის შემდგომი შიზოფრენია. მე შევპირდი დედას, რომ ოლიას ვიპოვიდი და მას შემდეგ მთელი 50 წელია გასული. დამიჯერეთ, დღემდე ვეძებ მას. ნამდვილად არ მეგონა, რომ საქართველოში, ასეთ შორეულ ქვეყანაში, ვინმე ასე გულთან ახლოს მიიტანდა ჩვენს ისტორიას და დამეხმარებოდა. მეც და ჩემი ოჯახიც დიდ მადლობას გიხდით. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მიერ ამდენი ხნის ძებნის შემდეგ ნაპოვნი ქალბატონი არ აღმოჩნდა ჩემი დისშვილი, რაც დნმ-ის ანალიზმა დაამტკიცა, მე მაინც მადლობელი ვარ. მე ის ძალა მომეცით, რომელიც გამაძლებინებს და გამაგრძელებინებს ამ ძებნას. მე ვიცოდი, რომ ყველაფერი დნმ-ის ანალიზზეა დამოკიდებული.
ჟურნალისტის შენიშვნა: ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მივაგენი ადამიანს, რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ. ის გაოგნებული იყო დედამისისა და ფოტოზე აღბეჭდილი ქალის მსგავსებით (საიმასა და გრიგოლის ფოტოს ვგულისხმობ). მისგანვე გავიგე, რომ დედამისიც თურმე ნაშვილები იყო და დაბადებული ყოფილა 1955 წელს, ისევე, როგორც ჩვენ მიერ საძებნი ოლია. გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი ფაქტი, რამაც ძალიან დამაჯერებლად იმოქმედა, ნაპოვნ ადამიანსაც ჰქონდა მშობიარობის შემდგომი შიზოფრენია, მსგავსად დედამისისა. მე შევუთანხმდი ნაპოვნის შვილს, რომ მას არაფერი ეთქვა დედამისისთვის, სანამ ამ ამბავს ბოლომდე არ გავარკვევდი. ამის გარკვევა კი მხოლოდ დნმ-ის ანალიზის მეშვეობით თუ მოხერხდებოდა. სამწუხაროდ, დნმ-ის ანალიზმა არ დაამტკიცა ამ ადამიანების ნათესაური კავშირი და ოლღა გელიტაშვილის ძებნა გრძელდება. ამ ამბავთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსული იყო ჩემი ესტონელი კოლეგების ჯგუფი, რომლებიც ჰერტას ისტორიის გადასაღებად გვესტუმრნენ.
ინტერვიუ ესტონელ ჟურნალისტთან, მარგეტ კილუმენტსთან:
– მარგეტ, მე ვიცოდი, რომ თქვენ არ უნდა ჩამოსულიყავით, სანამ დნმ-ის ანალიზის შედეგს არ გაიგებდით, მოგვიყევით, რით არის განპირობებული თქვენი ასე ნაადრევად ჩამოსვლა.
– საქმე ისაა, რომ ჰერტას ისტორიამ მთელი ჩვენი სამძებრო ჯგუფი შეძრა. ჩვენ გვაქვს სპეციალური გადაცემა ესტონეთის ტელევიზიაში, რომელშიც ვაჩვენებთ საინტერესო სიუჟეტებს, პოვნასა თუ ძებნაზე. სრულიად შემთხვევით გავიგეთ ჰერტასგან, რომ ის და საიმა ნახევარდები ყოფილან, არადა, ეს რომ არ გაგვეგო, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა. დნმ-ის ანალიზის დროს, ჯობია, უფრო ახლო ნათესაური კავშირის მქონე ადამიანებს შორის გაკეთდეს ანალიზი, ამიტომ, ჩვენ ავიღეთ თქვენ მიერ ასე ოსტატურად გამოგზავნილი სისხლი (ოსტატობაში ვგულისხმობ, რომ ჩვენ დღემდე გაოცებულები ვართ, როგორ მოახერხეთ, რომ სისხლი უჩუმრად აგეღოთ, ანუ, იმ ქალბატონს ეგონა, რომ სისხლს ჰემოგლობინისთვის უღებდნენ), ჩვენმა გენეტიკოსებმა გააკეთეს რთული ანალიზი, რადგან ალექსანდრე, საიმას ალალი ძმა, უკვე 80 წლის იყო და იგი სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა დნმ-ის ანალიზისთვის სისხლის აღების დღეს, ამიტომ, სხვა აღარაფერი დაგვრჩენოდა, სისხლი მიცვალებულისგან უნდა აგვეღო. მოგეხსენებათ, დნმ-ის ანალიზს დიდი დრო სჭირდება. ალექსანდრეს სისხლის გარდა, ჰერტას სისხლიც იყო საჭირო. გვეგონა, რომ ეს ისტორია, საბოლოო ჯამში, კარგად დასრულდებოდა და ის ქალბატონი, თქვენ მიერ ნაპოვნი, რომელმაც არც კი იცოდა, რომ მას ყველანაირად უფრთხილდებიან და დაუსაბუთებლად არ აწუხებენ, აღმოჩნდებოდა სწორედ ის, ვისაც ჩვენ ვეძებთ. მით უმეტეს, როდესაც ვნახეთ მისი შვილის მიერ თქვენთვის გამოგზავნილი დედამისის ფოტოები, კინაღამ შოკში ჩავცვივდით – ისე ჰგავდა ის თავის დედ-მამას, შეცდომა გამორიცხული იყო.
– როგორც ხედავთ, დნმ-ს ანალიზმა არ დაადასტურა ნათესაური კავშირი, ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, ღირდა კი ჰერტას ასე აქტიურად ჩაბმა ამ ისტორიაში?
– ჰერტამ ესტონეთიდანვე იცოდა, რომ საქართველოში ის იმიტომ არ ჩამოგვყავს, რომ მისი დისშვილი უეჭველად ნაპოვნია და ის მას ნახავს, მან ყველა პირობა იცოდა. მერწმუნეთ, მისთვის ეს ჰაერივით მნიშვნელოვანი იყო. მან დაინახა, როგორი მონდომებით ეძებდით თქვენ მის დისშვილს, როგორი გულმოდგინებით „იცავდით“ იმ ქალბატონს და არ გვაკავშირებდით მასთან, სანამ დნმ-ის ანალიზის პასუხს არ გაიგებდით. დამიჯერეთ, ეს ბევრად მეტია, ვიდრე დიდი ხნის უნახავი და დაკარგული ადამიანების შეხვედრების გადაღება, ეს არ არის შოუ, ეს არის ცხოვრება. ჰერტა დარწმუნებულია, რომ თქვენ არ შეწყვეტთ მისი დისშვილის ძებნას და, თუკი ამაში ღვთის ნება იქნება, იპოვით კიდეც. ყველაფრის მიუხედავად, თქვენ წარმოუდგენლად ბევრი შეძელით ამ ისტორიასთან დაკავშირებით, ამასთან მოხდა ჰერტასა და ვლადიმერის შეხვედრა, რაც, თუ არა თქვენ, არ მოხდებოდა. ახლა ოლღას ესტონეთიდან ეძებს დეიდა, საქართველოში კი – ბიძა.