ბარაკ ობამამ სახელმწიფო მოხელეებს ხელფასები გაუყინა
ბარაკ ობამამ სახელმწიფო მოხელეებს ხელფასები გაუყინა
ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უახლოესი ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო მოსამსახურეების ხელფასების ზრდა შეაჩერა. ამ გადაწყვეტილების ხარჯზე ამერიკის შეერთებული შტატები 5 მილიარდამდე დოლარს დაზოგავს. ამერიკის პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მძიმე იქნება ფედერალური მოხელეებისთვის. თუმცა, დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის. „მწარე სიმართლეა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ჩვენგან მსხვერპლშეწირვას მოითხოვს და სხვა გზა არ გვაქვს“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. აღსანიშნავია, რომ ხელფასების ზრდის შეჩერება სახელმწიფო სექტორის ყველა სამოქალაქო პირს შეეხება, მათ შორის თავდაცვის სფეროში. ამასთან, ხელფასების ზრდის გაყინვა არ შეეხება სამხედრო მოსამსახურეებს. ობამას ახალი ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში ამერიკის ბიუჯეტი ორი წლის განმავლობაში 5 მილიარდ დოლარს, ხოლო 5 წლის განმავლობაში 28 მილიარდს დაზოგავს. დღესდღეობით ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტი ერთი ტრილიონი დოლარია. ბარაკ ობამას ადმინისტრაცია სახელმწიფო მოსამსახურეების ხელფასების გაყინვით არ შემოიფარგლება და სხვა საგანგებო ღონისძიების განხორციელებასაც აპირებს. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ობამას ეს ნაბიჯი არა იმდენად ეკონომიკურ, რამდენადაც პოპულისტურ მიზნებს ემსახურება.