ბინების ფასების კლების მხრივ რიგა, თბილისი და კიევი ლიდერობენ
2008 წლის სექტემბრის შემდეგ საცხოვრებელი ბინების ფასები ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში დაეცა. ყველაზე მეტად ეს ტენდენცია ლატვიის, საქართველოსა და უკრაინის დედაქალაქებს შეეხო – რიგაში ბინების ფასები 53 პროცენტით შემცირდა, თბილისში – 42 პროცენტით, კიევში კი 39 პროცენტით. ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრი „გედ ანალიტიკსი“ აცხადებს. მისი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დედაქალაქებში ბინების ფასების შემცირების განსხვავებული დინამიკა არა მხოლოდ გლობალური ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენით არის განპირობებული, არამედ ლოკალური პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორებითაც. ყველაზე ნაკლებად საცხოვრებელი ბინების ფასები ყირგიზეთის, სომხეთისა და მოლდოვის დედაქალაქებში შემცირდა: ბიშკეკში 16 პროცენტით, ერევანში – 19 პროცენტით, კიშინიოვში კი – 21 პროცენტით. ფასების კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოსახლეობის შემოსავლების შემცირებამაც. ექსპერტები იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ ზოგიერთ ექს საბჭოთა რესპუბლიკაში უძრავი ქონების გაიაფება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ასე, მაგალითად, რიგაში ბინების ფასებმა მაქსიმუმს 2007 წელს მიაღწია – კვადრატული მეტრი 2 200 დოლარამდე ღირდა, 2008 წლის სექტემბრისთვის მისი ფასი 1 600 დოლარამდე შემცირდა, ახლა კი ის 750 დოლარამდე დაეცა. კონსალტინგური კომპანიის, „ნაით ფრანკის“ მონაცემებით, 2008-დან 2009 წლამდე მსოფლიოში საცხოვრებელი ბინების ფასები ყველაზე მეტად ლატვიაში შემცირდა – 36 პროცენტით. პირველ სამეულში ასევე შევიდნენ დუბაი (32 პროცენტი) და სინგაპური (23,8 პროცენტი). გარდა ამ ქვეყნებისა, ბინების ფასების კლების მხრივ მოწინავე პოზიციებზე ამერიკის შეერთებული შტატები (16,9 პროცენტი), დიდი ბრიტანეთი (16,5 პროცენტი), ჰონკონგი (15,7 პროცენტი), პოლონეთი (13 პროცენტი), დანია (11,6 პროცენტი) და ირლანდია (10 პროცენტი) არიან.