მთვრალი უნგრელი ფეხბურთელები პოლონეთის საკონსულოს თავს დაესხნენ
მსოფლიოში უკვე ყველამ იცის, თუკი რომელიმე ფეხბურთელი ზომაზე მეტ ალკოჰოლს დალევს, შემდეგ კი საჩხუბრად გაიწევს, იგი ეროვნებით აუცილებლად ბრიტანელი და თანაც, გვარად პოლ გასკოინი უნდა იყოს. თუმცა, სულ ახლახან, მსგავს ქმედებებში უნგრელი ფეხბურთელებიც გამოიჭირეს. კლუბ „დებრეცენის“ ფეხბურთელები ევროპის ლიგის გათამაშების ფარგლებში ხარკოვს ეწვივნენ და ადგილობრივ „მეტალისტთან“ დამარცხდნენ. თამაშის შემდეგ, ორი ფეხბურთელი, რომელთა გვარები არ სახელდება, უკრაინელმა სამართალდამცველებმა „ხულიგნობის“ ფაქტზე დააკავეს. ძიების თანახმად, მარცხით განაწყენებულმა 1977 და 1986 წელს დაბადებულმა ფეხბურთელებმა, ზომაზე მეტი ალკოჰოლური სასმელი მიიღეს. ამის შემდეგ კი, ხარკოვში მდებარე პოლონეთის საკონსულოს შენობას დაესხნენ თავს. ისინი მუშტებით და ფეხებით ცდილობდნენ საკონსულოს კარების შემტვრევას, რის ფაქტზეც დააკავეს კიდეც. გამოფხიზლების შემდეგ ფეხბურთელები ვერ აკონკრეტებდნენ მიზეზს, თუ რატომ სურდათ საკონსულოს კარების გატეხა.