რატომ აუკრძალეს ინდოელ მძლეოსან სანტი სუნდარაჟანს სპორტული კარიერის გაგრძელება და რის გამო შეეპარათ ეჭვი კასტერ სემენის ქალობაში
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მოწინავე თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებს დღემდე უჭირს მკვეთრი ხაზის გავლება მამრობითსა და მდედრობით სქესს შორის. დღემდე ჭირს იმის დადგენა, ზოგიერთი ქალი-სპორტსმენი მართლა ქალია, თუ მასში მამაკაცური საწყისი სჭარბობს. ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მძლეოსნობაში, 800-მეტრიან მარათონულ სირბილში სამხრეთ აფრიკელმა კასტერ სემენიმ გაიმარჯვა. მის ქალობაში შეჯიბრების მონაწილეებმა გარბენის დაწყებისთანავე შეიტანეს ეჭვი. ჩემპიონატის მსვლელობის და შემდგომ პერიოდშიც მთავარი კითხვა იყო – ვინ იყო კასტერი? – ქალი, კაცი, ჰერმაფროდიტი, ტრანსსექსუალი... უამრავმა ექსპერტმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, ხოლო მთელი მსოფლიო გენდერული ტესტის პასუხის მოლოდინში იყო. საბოლოოდ დადასტურდა, რომ კასტერი ჰერმაფროდიტია და მას როგორც ქალის, ისევე კაცის სასქესო ორგანო აქვს. თუმცა, მისი ფენომენალური სპორტული შედეგის გაუქმება არ გახდა აუცილებელი, რადგან მდედრობითი ჰორმონების სიჭარბემ, კასტერის სპორტულ კარიერას წერტილი არ დაუსვა და 2010 წლის ზაფხულში სპორტსმენი მძლეოსნობას დაუბრუნდა. ახლა კი, იმ გახმაურებულ სპორტულ ისტორიებზე მოგითხრობთ, რომელთა მონაწილენი, კასტერ სემენის მსგავსად, გენდერული დისბალანსის მსხვერპლნი გახდნენ.
მესამე რაიხის ტუტსი –
დორა რატიენი
ბერლინის ოლიმპიადაზე 1936 წელს, გერმანიის წარმომადგენელმა დორა რატიენმა მეოთხე ადგილი დაიკავა სიმაღლეში ხტომაში. მისი კონკურენტები გაოცებულნი იყვნენ დორას დაბალი ხმის ტემბრითა და იმ ფაქტით, რომ დორა საშხაპეში სხვა ქალ-სპორტსმენებთან ერთად არ შედიოდა. 1938 წელს დორამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო და კონტინენტის რეკორდი დაამყარა. თუმცა, სამშობლოში მის საიდუმლოს ფარდა აეხადა. რკინიგზის სადგურში ორმა ქალბატონმა შეამჩნია, რომ კაბაში გამოწყობილი სპორტსმენი გაუპარსავი იყო. დორას სქესის დადგენას მხოლოდ რამდენიმე წამი დასჭირდა, მხოლოდ კაბის აწევა აღმოჩნდა საკმარისი, რომ ყველა დარწმუნებულიყო – სინამდვილეში დორა რატიენი, ჰერმან რატიენი გახლდათ. იგი ნაცისტური მთავრობის დავალებით ქალად ასაღებდა თავს. რა თქმა უნდა, დორა რატიენის სპორტული კარიერა დასრულდა, და მისი შედეგებიც გაუქმდა. 1957 წელს მიცემულ ინტერვიუში, ჰერმანმა აღიარა, რომ იგი „ჰიტლერიუგენდის“ ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო. მათ კი, დავალება ჰქონდათ მიღებული, რომ ბერლინის ოლიმპიადაზე სპორტის ყველა სახეობაში წარმატებისთვის მიეღწიათ, თუნდაც ამისთვის სქესის შეცვლა დასჭირვებოდათ. სამი წლის განმავლობაში ქალის ცხოვრებით ვცხოვრობდი და ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი ჩემს ცხოვრებაშიო – იხსენებდა ჰერმან (დორა) რატიენი.
დამცირებული – სანტი სუნდარაჟანი
ინდოელი მორბენალი, სანტი სუნდარაჟანი აზიის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია თავის სახეობაში. მას არაერთი აზიური რეკორდი ეკუთვნოდა 800 მეტრ დისტანციაზე სირბილში. 2005 წელს აზიური თამაშების დასრულების შემდეგ, სადაც სანტიმ ვერცხლის მედალი მოიპოვა, სპორტსმენმა ქალებმა ეჭვქვეშ დააყენეს მისი ქალობა და ტესტის ჩატარება მოითხოვეს. შედეგი სკანდალური, აღმოჩნდა – სანტის ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონები სჭარბობდა. სპორტსმენს აეკრძალა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, ჩამოერთვა ლიცენზია, ხოლო მისი ღირსების დაცვა ინდოეთის მძლეოსნობის ფედერაციამ არ ისურვა. სანტიმ ორჯერ სცადა თავის მოკვლა, თუმცა უშედეგოდ. ის ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და მძიმე ფინანსური პრობლემები შეექმნა. მხოლოდ გასულ წელს მისცეს მას მწვრთნელობის უფლება და ამჟამად საკუთარი აკადემია აქვს და 68 სპორტსმენს ამზადებს მძლეოსნობაში.
კანონიერი ქალი – ედინანსი ფერნანდეს და სილვა
ბრაზილიელი ძიუდოისტი ედინანსი და სილვა ჰერმაფროდიტად დაიბადა. მას ორივე სასქესო ორგანო ჰქონდა. 90-იანი წლებში მან ოპერაცია გაიკეთა და ოფიციალურად გახდა ქალი. მას შემდეგ, ედინანსიმ ზედიზედ ოთხ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და 2008 წელს, პეკინში 78-კილოგრამიან წონით კატეგორიაში, მეხუთე ადგილი დაიკავა. მისი კონკურენტები ედინანსს ხშირად მამაკაცს უწოდებენ, თუმცა ის ამას ყურადღებას არ აქცევს და მომავალში ლონდონში, 2012 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლასაც გეგმავს.
სტეროიდების მსხვერპლი – ჰაიდი კრიგერი
აღმოსავლეთ გერმანიის წარმომადგენელი – ჰაიდი კრიგერი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას უშვრება ორგანიზმს სტეროიდების გადამეტებული მიღება. გერმანელი ბადროს მტყორცნელი – ჰაიდი ფენომენალურ შედეგებს აჩვენებდა და 1986 წელს ევროპის ჩემპიონატზეც კი გაიმარჯვა. თუმცა, სტეროიდების მიღებამ მის ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნა. დაეწყო ჭარბთმიანობა, მამაკაცივით წვერი გაეზარდა და 1997 წელს, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. ჰაიდი გახდა მამაკაცი, სახელად ანდრეასი. ამჟამად ანდრეას კრიგერი დაქორწინებულია ყოფილ მოცურავეზე უტა კრაუზეზე, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებდა. თუმცა, მან ვერ გარისკა სქესის შეცვლა და ამჟამად ბედნიერად ცხოვრობს ანდრეას (ჰაიდი) კრიგთან. სხვათა შორის გერმანიაში ხშირია, როცა სპორტსმენი ქალები სქესის შეცვლის ოპერაციას იკეთებენ. გასულ წელს, ცნობილმა გერმანელმა ჭოკით მხტომელმა ივონ ბუშბაუმმა, რუსი ელენა ისინბაევას ძირითადმა კონკურენტმა, სქესი შეიცვალა და გახდა ბალიან ბუშბაუმი.
ტრანსსექსუალების უფლებების დამცველი – რენე რიჩარდსი
რიჩარდ რასკინი მსოფლიო სპორტის ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელმაც სქესის შეცვლის შემდეგ, კანონიერი უფლება მიიღო სპორტული კარიერა გაეგრძელებინა. რიჩარდი იმედის მომცემ ჩოგბურთელად ითვლებოდა. დაქორწინებული იყო და ვაჟიც ჰყავდა. თუმცა, 1975 წელს რიჩარდმა სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და რენე რიჩარდსი გახდა. ამის შემდეგ რენემ პროფესიულ ჩოგბურთში, ამჯერად ქალთა ტურნირებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა. ხანგრძლივი სასამართლოებისა და სპორტსმენი ქალების უკმაყოფილების მიუხედავად, რენემ შედეგს მიაღწია და WTA ტურნირებში მონაწილეობის უფლება მიიღო. მიუხედავად სოლიდური ასაკისა, 1979 წელს 40 წლის რენე პლანეტის 20 საუკეთესო ჩოგბურთელ ქალს შორის იყო. იმავე წელს კი – ამერიკის ღია პირველობაზე, წყვილთა თანრიგში რენე რიჩარდსმა ფინალამდე მიაღწია. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, რენე რიჩარდსი ოფთალმოლოგად მუშაობდა და მარტინა ნავრატილოვას ავარჯიშებდა. გარდა ამისა, იგი ტრანსსექსუალების უფლების დამცველი ორგანიზაციის თავმჯდომარეც იყო.